ნანახია: 1230
ტელეკომპანია "რუსთავი 2" ყოფილ მფლობელებს შორის დავის საგანი ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილი მეწილე, ქიბარ ხალვაში, ტელეკომპანებში "რუსთავი 2" და "მზე", თავისი წილების, იძულებით და მუქარის გზით, სხვა პირთა საკუთრებაში გადაფორმების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. სიმართლის დასადგენად ხალვაშმა წინასწარი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურას საჩივრით უკვე მიმართა და ამავე ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე განცხადებაც შეიტანა. კომისიის მიზანი ორივე ტელეკომპანიაში ხალვაშის წილის სხვა პირთა საკუთრებაში გადაფორმების პროცესის გამოკვლევა უნდა გახდეს. ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დადგინდეს, თუ რა ფორმით მონაწილეობდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, ქალაქის მერი - გიგი უგულავა, იუსტიციის მინისტრი – ზურაბ ადეიშვილი (რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობასაც ასრულებს), ხალვაშისთვის საკუთრების ჩამორთმევის პროცესში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში აქციებს 2004 წლის 28 ივნისიდან 2006 წლის 17 ნოემბრამდე ფლობდა. ხოლო ტელეკომპანია "მზეში", 2006 წლის 6 იანვრიდან ამავე წლის 17 ნოემბრამდე. როგორც ჩანს, ხალვაში ორივე ტელეკომპანიაში საკუთარ წილს ერთსა და იმავე დღეს კარგავს. აღსანიშნვია, რომ ხალვაშის მხრიდან ტელევიზიებში წილის დათმობა, მისი თანაგუნდელების აზრით, იმ თარიღს ემთხვევა, როცა ოქრუაშვილი მინისტრობიდან გადადგა. ოქრუაშვილის პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშზე პოლიტიკური დევნა მას შემდეგ ხორციელდება, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა 2007 წლის 25 სექტემბერს ხელისუფლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილი მისამართით სერიოზული ბრალდებები წამოაყენა. თავად ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და თანამოაზრე, ამჟამად გერმანიაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. საქართველოს ფინანსურმა პოლიციამ ხალვაშის კუთვნილ კომპანიაში ფინანსური მაქინაციები აღმოაჩინა, რის შედეგადაც გენერალურმა პროკურატურამ ხალვაშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ოფიციალური ძებნა გამოაცხადა. ქიბარ ხალვაშის გარდა, "რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე პრეტენზიას შედარებით ძველი, მაგრამ ცნობილი მოწილე, ეროსი კიწმარიშვილიც აცხადებს. ხელისუფლების რიგებიდან ამოშლილი კიწმარიშვილი, "რუსთავი 2"-ის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა პროკურატურისთვის ჯერ არ მიუმართავს. ჯერჯერობით გაურკვეველია კიწმარიშვილი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" დროს გაწეული საინფორმაციო და არა მარტო საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, თავს "რევოლუციური ტრიუმვირატის" ლამის მეოთხე წევრად მიიჩნევდა, პროკურატურაში რა მტკიცებულებებს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის აქციებისთვის მას 6 მლნ დოლარი გადაუხადა. როგორც ამბობენ, კიწმარიშვილმა კომპანიაში საკუთარი წილი თავისი ნებით დათმო. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: როგორც ჩანს, "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები სათავეს ჯერ კიდევ 1994-95 წლებში იღებს. როგორც აღმოვაჩინეთ, ამ წლებში, "მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძე და მისი უნივერსიტეტელი "პრეს კლუბელი" მეგობრები, იმ სიხშირეს ფლობდნენ, რომლის საფუძველზე შემდგომში "რუსთავი 2" დაფუძნდა. "1994-95 წლებში, რუსთავში, "რუსთავი 1" მაუწყებლობდა. მაშინ, მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც უნივერსიტეტის "პრეს კლუბის" წევრები გახლდნენ, ყოფილი "თამარიონის" ბაზაზე, სიხშირეს ვფლობდით. თუ არ ვცდები, მას "მეთორმეტე მეტრული არხი" ერქვა. მე და ჩემი მეგობრები ძალების გაერთიანებას ვფიქრობდით და ერთობლივად "რუსთავი 1"-ის საფუძველზე ახალი სატელევიზიო ერთეულის დაფუძნება გვინდოდა. ამ პროცესებს თან ბევრი ნიუანსი ახლდა, რომლის გახსენებასაც ახლა არ ვაპირებ. შემდგომში ადამიანების გარკვეული ჯგუფი შეეცადა ამ საქმიანობისგან ჩვენს ჩამოშორებას, რაც მიხეილ სააკაშვილის აქტიური დახმარებითა და ლობირებით ძალიან კარგად გამოუვიდათ. იმ შემადგენლობამ, რომელმაც თავი "რუსთავი 2"-ად გააფორმა, რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ, ჩვენს საკუთრებაში არსებული სიხშირე დაიკანონა. სამწუხაროდ, ეს საქმე ასეთი გაუგებრობით დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებაში ყოველთვის მოიძებნებოდნენ ძალები, რომლებიც თავიანთი გავლენებიდან გამომდინარე, ტელეკომპანიას საკუთარი სურვილისამებრ, ერთიმეორეს ესტაფეტასავით გადასცემდნენ. სიმართლე გითხრათ, მაშინდელი ამბების დეტალები არ მახსოვს, მას შემდეგ რაც ხალვაში და კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-თვის ბრძოლას იწყებენ, ეს ამბავი ბევრს გაახსენდა. რატომღაც ჰგონიათ, რომ ადამიანები, ვისაც "რუსთავი 2"-თან უფრო ადრე ჰქონდა შეხება, ბრძოლას დაიწყებენ. ამ თვალსაზრისით, მე ნამდვილად არ ვაპირებ ბრძოლას წამოწყებას," - განაცხადა "ბანკები და ფინანსებთან" საუბარში ფიქრია ჩიხრაძემ. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ისა და "მზის" ახლანდელ მფლობელებს, თუ საჯარო რეესტრის მონაცემებს დავუჯერებთ, ეს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" და "კორპორაცია "გეომედია გრუპია". ამგვარად, გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, თავისი ახალი, მაგრამ ერთ დროს ყოფილი მეპატრონის მოლოდინშია. უცნაური ამბები ხდება საქართველოს ტელესივრცეში... აქეთ "იმედზე" დაობენ, იქეთ "რუსთავზე 2"...
მარიამ შონია
|