დასაბამიდან დღემდე, სილამაზის ცნება მუდმივად იცლება. ის, რაც სილამაზედ აღიქმებოდა გუშინ, დღეს უკვე შეიძლება სიმახინჯეცაა. მაგალითად, სულ რაღაც 30 წლის წინ, თუ თეთრი, პუტკუნა, საულვაშეზე ღინღლამობიბინებული ქალები იყო მოდაში, დღეს ყველაფერი პირიქითაა- ლამაზად ითვლება რაც შეიძლება გამხდარი, სოლარიუმში გაშავებული და რაც მთავარია ყოველგვარი თმისგან სახე-სხეულ გასუფთავებული ქალბატონი. ახლა არავინ დაგიწუნებთ, თუ ზომაზე დიდი პირი ან ასიმეტრიული თვალები გაქვთ. ის კი არა, შესაძლოა, უცნაურმა გარეგნობამ პოპულარულიც გაგხადოთ.
ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, სასურველი ნაკვთებისა თუ ფორმების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ პაჭუა ცხვირი დღეს მოდაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ინდივიდუალიზმია, პლასტიკური ქირურგია მთელ მსოფლიოში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობას. შეიცვალა წარმოდგენაც, რომ ამა თუ იმ ორგანოს გალამაზება მხოლოდ ქალებს სურთ. როგორც გაირკვა, ბოლო დროს მამაკაცებიც არანაკლებ ინტერესს იჩენენ პლასტიკური ქირურგიის მიმართ და არანაკლებ სურვილს ავლენენ, რომ უფრო მოხდენილად გამოიყურებოდნენ.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც პლასტიკური (თუ გნებავთ, ესთეტიკური) ქირურგიის ცენტრს აკითხავს, კომპლექსით არის შეპყრობილი და ყველაზე ნაკლებად ქირურგის დახმარება სჭირდება. თუმცა, ეს ფსიქოლოგების აზრია, ჩვეულებრივი ადამიანები კი, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ თბილისში პლასტიკური ქირურგიის ნებისმიერ ცენტრს მიაკითხავთ, სადაც მუდმივად რიგია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეიცვალა დამოკიდებულება ამ სახის ოპერაციების მიმართ. ადრე თუ თითით საჩვენებელი იყო ის, ვისაც პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ყველანაირად ცდილობდა ეს დაემალა, ახლა ეს ასე აღარ არის. თითქმის არავის თაკილობს იმის აღიარებას, რომ ხელოვნურად დაპატარავებული ცხვირი თუ გაზრდილი მკერდი აქვს.
როგორც გაირკვა, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, სხეულის კორექციისთვის ჩატარებულ ოპერაციებს შორის ყველაზე ხშირი ლიპოსაქციაა. მეორე ადგილს ცხვირისა და მკერდის ოპერაციები იყოფენ, მესამე კი იმ ქირურგიულ ჩარევებს უკავია, რომლებიც სახის გაახალგაზრდავების მიზნით კეთდება (მაგალითად, კანის დაჭიმვა). საქართველოში კი ყველაზე ხშირად ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას, ანუ რინოპლასტიკას იკეთებენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქართველი ერისთვის კეხიანი, ანუ კავკასიური ცხვირია დამახასიათებელი. მეორე ადგილზე კი ლიპოსაქცია და მკერდის გადიდება დგას, რომლებსაც ქართველი ქალები ასევე ხშირად მიმართავენ.
კლინიკა "მედი"-შიც ადასტურებენ, რომ ყველაზე ხშირად ცხვირის პლასტიკისთვის მიმართავენ. ამ სახის მომსახურეობით კი სარგებლობენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები. როგორც პლასტიკურმა ქირურგმა და განყოფილების ხელმძღვანემა ბატონმა მიხეილ გურგენიძემ გვითხრა, "მედი"-ში ტარდება ყველანაირი სახის პლასტიკური ოპერაცია, რაც კი პლასტიკურ ქირურგიაში არსებობს. მათი პაციენტების ასაკი 17-დან 70 წლამდეა. ბატონი მიხეილის განმარტებით, "მედი"-ში ყველაფერი პაციენტის სურვილისამებრ კეთდება, რათა შემდგომში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პრეტენზიის გაჩენისა და გამოთქმის რისკი: "სანამ პაციენტს ოპერაციას გავუკეთებთ, დეტალურად ვუხსნით, თუ რა მოყვება მას. ვაცნობთ მის როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებს. პაციენტი ინფორმირებულია და თავად წყვეტს, უღირს თუ არა ოპერაციის გაკეთება. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ პაციენტი აქედან კმაყოფილი წავიდეს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენთან ანონიმურობაც გარანტირებულია. თუმცა, ზოგჯერ ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ პაციენტს გადავუღოთ სურათები ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება, თუკი პაციენტი ამაზე თანახმაა".
ბატონმა მიხეილმა არ ისურვა ჩვენთან მომსახურეობის ფასებზე საუბარი და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ოპერაცია მათთან არც ისე ძვირი ჯდება: `ჩვენთან მისაღები ფასებია. ჩვენი პროდუქტი ხარისხიანია,დაწყებული უახლესი აპარატურით და დამთავრებული უმნიშვნელო ატრიბუტიკით, ყველაფერს უმაღლესი ხარისხისას ვიყენებთ. ამასთანავე უმაღლესია მომსახურების ხარისხიც, ფასებს ექიმების პროფესიონალიზმიც განაპირობებს".
ოპერაციის ფასებზე ღიად გვესაუბრა კლინიკა "წოპეს" დამფუძნებელი, პლასტიკური ქირურგი ბატონი ვახტანგ ხუციძე. "წოპე"-ში ცხვირის ოპერაციის გაკეთება 1000-დან 3000 ლარამდე ჯდება, ყურის- 1000-დან 2000-მდე, მკერდის პლასტიკა- 2000 ლარი ღირს, ამ თანხას კი იმპლანტის საფასურიც ემატება, კანის გადაჭიმვა- 4200 ლარი, ლიპოსაქცია - 600 ლარი, ტუჩების გადიდება კი 900-დან 1700 ლარამდე დაგიჯდებათ. "წოპე"-ში პაციენტების ნაკლებობას არ უჩივიან, ამის მიზეზად კი პირველ რიგში იმას მიიჩნევენ, რომ ისინი საქართველოში პლასტიკური ქირურგიის დამფუძნებლები არიან. ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაციების კეთება თავდაპირველად მათ დაიწყეს და ხალხის ნდობაც ადვილად მოიპოვეს: "ჩვენთან მოდიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სხვაგან უკვე აქვთ გაკეთებული ამა თუ იმ ორგანოს ოპერაცია, მაგრამ შედეგით უკმაყოფილონი არიან, ჩვენ მათ დეფექტის გამოსწორებაში ვეხმარებით. ასევე ხშირად ჩამოდიან უცხოეთიდან, რადგან იციან, რომ ჩვენ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და შედეგით კმაყოფილნი დარჩებიან",- აცხადებს ბატონი ვახტანგ ხუციძე.
კიდევ ერთი კლინიკა, სადაც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევენ და ფიზიკური ნაკლის გამოსწორებაში დაგეხმარებიან, "კარაპს მედლაინია". აქ ტარდება ყველა სახის პლასტიკური ოპერაცია, რაც კი პლასტიკურ ქირურგიაში არსებობს. პლასტიკურმა ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა კონსტანტინე მათითაშვილმა გაგვიმხილა იმ ოპერაციების მიახლოებითი ფასებიც, რომლებსაც ყველაზე ხშირად იკეთებენ: "ფასები შეიძლება იწყებოდეს 1000 ლარიდან და 12 ლარამდე აღწევდეს. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული პაციენტის სურვილსა და ოპერაციის სირთულეზე. ცხვირის პლასტიკა, მინიმუმ, 1000 ლარიდან იწყება და იზრდება 3600 ლარამდე. ზოგჯერ კი ეს თანხა ზემო ნიშნულსაც სცილდება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ნაოპერაციები ან ტრამვირებული ცხვირია გასასწორებელი. მკერდის ოპერაცია უფრო ძვირადღირებულია - 3000 ლარიდან იწყება. ლიპოსაქციის ფასი კი 800 ლარიდან 3000 ლარამდეა". "კარაპს მედლაინში" პაციენტებს ანონიმურობის სრულ დაცვასაც პირდებიან და ამბობენ, რომ პლასტიკური ქირურგიის განყოფილება სხვა განყოფილებებისგანაც კი იზოლირებულია, რათა პაციენტების ვინაობა მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყოს. როგორც ბატონმა კონსტანტინემ გაგვიმხილა, შედეგით უკმაყოფილო პაციენტებს პრეტენზიებით იშვიათად მიუმართავთ. უკმაყოფილების შემთხვევაში კი ექიმები მზად არიან დაწვრილებით განიხილონ თითოეული პაციენტის პრეტენზიები.
ბოლო დროს, საქართველოში პოპულარობით სარგებლობს ოპერაციის საფასურის გადახდის სხვადასხვა ფორმა. მას, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი ერთიანად და პირდაპირ გადაიხადოს ოპერაციის საფასური, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ არცთუ მცირეა, შესაძლებლობა ეძლევა სადაზღვევო ბარათითა და განვადებითაც კი ისარგებლონ. მაგალითად, კუზანოვის კლინიკაში სადაზღვევო ბარათით გადაიხდის ის, ვინც სარგებლობს "იმედი"-სა და "ჯი პი აი"-ს დაზღვევით. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ "თი ბი სი"-სა და "საქართველოს ბანკის" განვადებით.
ჩვენ დავინტერესდით, კეთდება თუ არა საქართველოში სქესის შეცვლის ოპერაცია, რა ჯდება ის და მიმართავენ თუU არა ქართველები ქირურგებს სქესის შესაცვლელად. კლინიკა "მედი"-ში გვითხრეს, რომ მსგავსი სახის ოპერაცია მათთან არ კეთდება. ამ ოპერაციის გაკეთებაზე არც კლინიკა "წოპე"-ში უფიქრიათ. სქესის შეცვლა შესაძლებელია "კუზანოვის კლინიკასა" და "კარაპს მედლაინში". როგორც კონსტანტინე მათითაშვილმა გვითხრა, ამ სახის ოპერაციის ჩატარება მათთან კლინიკის გახსნის დღიდანაა შესაძლებელი და მისი ჩატარება მათთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს: "ჩვენთან სქესის შეცვლის ოპერაცია ტარდება, თუმცა, საქართველოში ასეთი პაციენტი ძალიან ცოტაა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ოპერაცია ურთულესია, მაგრამ ეს ასე არ არის. პლასტიკურ ქირურგიაში ბევრად უფრო რთული ოპერაციებიც არსებობს. სქესის შეცვლა სხვადასხვა ოპერაციების ჯამური შედეგია. ეს ერთი ოპერაციით არ ხდება. ეს არის ტექნიკური მხარე ქირურგიული ოპერაციის წარმოებისა და დაკავშირებულია ტექნიკურ დეტალებთან და არა ადამიანის სულიერ ცვლილებასთან. ანუ, ოპერაციის ტექნიკური მხარე არ წარმოადგენს სირთულეს. რაც ჩვენ პლასტიკურ ქირურგიაში ვმუშაობთ, მას შემდეგ მზად ვართ სურვილის შემთხვევაში გავაკეთოთ ეს ოპერაცია. სულ სამმა პაციენტმა მოგვმართა, მაგრამ არც ერთს არ გაუკეთებია, რადგან ის საკმაოდ ძვირადღირებულია. გარდა ამისა, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მხარესაც ვერ აგვარებენ. მათ ჭირდებათ ძალიან ბევრი მომზადება იმისთვის, რომ ოპერაცია ჩატარდეს. მათ თავიანთ თავსაც და ფსიქოლოგებსაც უნდა დაუმტკიცონ, რომ ამ ოპერაცის ნამდვილად საჭიროებენ. ამ ოპერაციის ძირითადი ეტაპის წარმოება 15-დან 20 ათას ლარამდე ჯდება".
როგორც გაირკვა, პლასტიკური ქირურგიის ქართულ კლინიკებს ძალზე ხშირად მიმართავენ უცხოელები. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომაა საქართველო ამ მხრივ უცხოელებისთვის მიმზიდველი. როგორც ბატონმა მიხეილ გურგენიძემ განგვიმარტა, ამის მთავარი მიზეზი დაბალი ფასებია: "უცხოელები პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად ხშირად ჩამოდიან საქართველოში, რადგან იციან, რომ აქ ხარისხიანი მომსახურეობაა და თან გაცილებით ნაკლებ ფასად. საქართველოში ფასები უცხოეთთან შედარებით ძალზედ დაბალია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოეთში უკეთესი სპეციალისტები ჰყავთ. ჩვენი ქირურგები არაფრით ჩამორჩებიან თუნდაც ევროპელ სპეციალისტებს. დაბალი ფასები კი მოსახლეობის ეკონომიკურმა შესაძლებლობებმაც განაპირობა".
კარგია, რომ საქართველო ამ კუთხით მაინც არის უცხოელებისთვის მიმზიდველი და რომ ამ სფეროში მაინც არის ფასები იმაზე დაბალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ნუ დაიშურებთ ფინანსებს, ნერვებსა და დროს იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი, როგორიც გსურთ. გახსოვდეთ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
თაკო მათეშვილი