ნანახია: 461
"მოვალეთა რეესტრში" მოხვედრილებს უძრავი და მოძრავი ქონების ჩამორთმევის შემდეგ, გადაადგილებაც შეეზღუდებათ
2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული "მოვალეთა რეესტრი", რომელიც ბანკების მოვალეებისგან სესხების ამოღებისთვის შეიქმნა. შესაძლოა, რომ ეს სია, მასში მოხვედრილთათვის, კიდევ ერთი შეზღუდვის დაწესების საფუძველი გახდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარლამენტში შევა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც "მოვალეთა რეესტრში" მოხვედრილ პირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალებათ. კანონპროექტის ინიციატორები ფინანსთა სამინისტრო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები არიან. იმის მიუხედავად, რომ "მოვალეთა რეესტრი" ჯერ მხოლოდ 2 თვეა რაც არსებობს, მასში უკვე დაახლოებით 1000-მდე ფიზიკური და იურიდიული პირია მოხვედრილი. მკითხველს შევახსენებ, რომ ამ სიაში მოხვედრილებს, ანუ იმ პირებს, რომელთაც სახელმწიფოს ან ბანკების მიმართ დავალიანება აქვთ და ვერ ფარავენ, სამსახური 4 კვირის საჭმელ, სასმელ და სანათ საშუალებას დაუტოვებს. თითქოს ის არ იყოს საკმარისი ამ პირთათვის, რომლებიც ყოველგვარი ქონების გარეშე და საქართველოს მასშტაბით, ფაქტობრივად, უპერსპექტივოდ რჩებიან, რომ მათ ახლა ამ ახალი ინიციატივით შესაძლებელია საზღვარს გარეთ გასვლა აეკრძალოთ. რაც ფაქტობრივად მათთვის სრულ უპერსპექტივობას ნიშნავს. წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, რომელიც ამ სიაში მოხვდა, თუ საზღვარგარეთ გასვლასაც აუკრძალავენ? კაცს, რომელსაც სახელმწიფოს ან კომერციული ბანკის მიმართ დავალიანება აქვს, ჩამორთმეული აქვს უძრავ-მოძრავი ქონება და სამსახურის დაწყების შემთხვევაში, მთელი თანხა არსებული ვალის დასაფარად გადამისამართდება, თავის გადარჩენის და შესაბამისად, ცხოვრების გაგრძელების ერთადერთ შანსად სხვა ქვეყანაში წასვლა და იქ ცხოვრების ახლიდან დაწყების მცდელობა რჩება. მაგრამ თუ ზემოაღნიშნული კანონპროექტი შევა ძალაში, ამ ადამიანებს სუიციდის მეტი გზა აღარ დარჩებათ, თუ არ ჩავთვლით არსებული ვალების დასაფარავად სხვადასხვა არაკანონიერი გზით ფულის მოპოვების მცდელობას. ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არც სამსახური და ქვეყნის გარეთაც გასვლა აკრძალული აქვს, რა გზა რჩება, რომ ცხოვრება გააგრძელოს? ამ სიტუაციაში ადამიანი არცთუ დიდი არჩევანის წინაშეა - ან თავი მოიკლას, რაც უკიდურესი ფორმაა, ან ფულის არაკანონიერი გზით შოვნას შეეცადოს, რაც ასევე საკმაოდ სარისკო და, ფაქტობრივად, დასაჭერად განწირული საქმიანობაა. ამ ორ გზას შეიძლება დავუმატოთ კანონიერი გზით ფულის შოვნის შანსიც, მაგრამ თავად წარმოიდგინეთ, ადამიანს, რომელსაც ვალები აქვს, ძალიან ცოტა შანსი გააჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში სამსახური იშოვოს. ხოლო თუ მაინც მოხდა სასწაული და მოახერხა, მაშინ ყოველთვიური ხელფასის სრული რაოდენობით ვალის დასაფარავად გადარიცხვა მოუწევს, რაც მისი ფინანსური შემოსავლების კანონიერი გზით არსებობას კიდევ ერთხელ გამორიცხავს. ძალზედ სამწუხაროა, თუ აღნიშნული ინიციატივა კანონის სახეს მიიღებს და ის რეალობაში გატარდება. სახელმწიფომ უკვე ძალიან ბევრ შემთხვევაში დაიჭირა ბანკების მხარე, კომერციულ ბანკსა და მის მოვალეებს შორის ურთიერთობაში. ვგონებ, დროა, რომ მთავრობამ მკაცრი მიდგომა ვალებში ჩახრჩობის პირას მყოფი ხალხის მიმართ უფრო ლიბერალური მიდგომებით შეცვალოს, რადგან ისევე მთავრობის წევრებისვე განცხადებით, ჩვენ ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანას ვაშენებთ. ლიბერალიზმი კი მარტო ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებასა და გადასახადების შემცირებაში არ გამოიხატება. იგი უნდა იგრძნობოდეს როგორც მოვალეების, ასევე მოსახლეობის სხვა ფენებთან ურთიერთობაშიც.
მერაბ ჯანიაშვილი
|