ნანახია: 1259
2010 წლის 1 იანვრიდან "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც რძის პროდუქტების მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის სავალდებულოა პროდუქტებზე მიუთითოს, იგი ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური რძის პროდუქტების ეტიკეტირების შიგთავსთან შესაბამისობის შემოწმებას 1 მარტიდან დაიწყებს. ამ სამსახურს "ბედი არ წყალობს", კანონები მიღებულია მაგრამ ძალაში არ არის შესული. ასე მოხდა სურსათის უვნებლობის სტანდარტის შესახებ კანონთან დაკავშირებით. კანონი 2006 წელს მიიღეს, მაგრამ მისი ამოქმედება 2014 წლისთვის გადაიდო. თუმცა, უფრო საინტერესო ვითარებაა შექმნილი ბოლოს მითებულ კანონთან მიმართებაში. `მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ~ კანონში ცვლილება 2010 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, ამ კანონის ამოქმედებას კი 1 მარტიდან იწყებენ, ისე რომ კამონში ამის შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური მოლაპარაკებებს აწარმოებს ლაბორატორიებთან. "ამ დრომდე საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებში არ არსებობს მეთოდი, რომლითაც რძისა და რძის ფხვნილის შემცველობის გარჩევა მოხერხდება," - განმარტავენ სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ახლო მომავალში იმ ლაბორატორიასთან, რომელიც ამ მეთოდს შეიმუშავებს, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. აღნიშნული კანონი მომხმარებელს არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება, ნატურალური რძის თუ მშრალი რძის პროდუქტი შეიძინოს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ნატურალური რძისგან დამზადებული რძის პროდუქტები ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით კი ზამთარში. ეს კიდევ უფრო გამოაშკარავდა ახალი კანონის მიღების შემდეგ, თუმცა დღეისათვის ქართულ ბაზარზე მოქმედი რძის პროდუქტების კომპანიების ნაწილი კანონის მოთხოვნებს სრულყოფილად არ ასრულებს. გაზეთი "ბანკები და ფინანსები" რძის პროდუქტების რამდენიმე მწარმოებელ კომპანიას დაუკავშირდა. კომპანია "სანდოში" აცხადებენ: "ჩვენ იანვრიდან ყველა პროდუქტზე მინიშნებული არ გვაქვს რძის წარმომავლობა, რადგან ეტიკეტები შეკვეთილი გვაქვს და ველოდებით შესაბამისი ეტიკეტების დამზადებას. ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა ჯერ არავის მხრიდან ყოფილა, მაგრამ მერძევეთა ასოციაციამ გვითხრა, რომ მალე გაგვეკეთებინა. თუმცა, მანმადე არაფერზე შევთანხმებულვართ იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვაგვიანდებოდა ახალი ეტიკეტების გაკეთება. ჩვენ ზამთარში რძის ფხვნილისგან მცირე რაოდენობით რძის პროდუქტებს ვაწარმოებთ, ზაფხულში კი ნატურალური რძისგან ვამზადებთ. ჩვენ ისედაც ყოველთვის ვუთითებთ პროდუქტებს, რძის ფხვნილისგან ვამზადებთ თუ რძისგან". "ბ&ფ" "ეკო-ფუდის" მარკეტინგის მენეჯერს შალვა ალავიძეს დაუკავშირდა, - "ჩვენთან არის პროდუქტები, რომელსაც უკვე ეტიკეტზე მინიშნებული აქვს შემცველობა. თუმცა, არის პროდუქტები, რომლებზეც ჯერ არაა მინიშნებული, რადგან ეტიკეტები დამზადების პროცესშია. დაახლოებით თებერვალში ყველა ეტიკეტი გვექნება. ამასთან მიმართებაში წინასწარი შეთანხმება იყო, რომ ეტიკეტების დამზადებას დრო დასჭირდებოდა და სამ თვეში მთლიანად შეიცვლებოდა. გარდა ამისა, გვაქვს გარკვეული რაოდენობის ტარა, რისი გახარჯვის შემდეგაც, დაახლოებით მარტის თვისთვის ეტიკეტები მთლიანად გვექნება შეცვლილი. კანონის მიღებამდე იყო ეს შეთანხმება, რომ ამას დრო დასჭირდებოდა და ჩვენ ნელ-ნელა უნდა შეგვეცვალა ეტიკეტები". "პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის საცალო შეფუთვაზე ყოველთვის დეტალური ინფორმაცია იყო დატანილი პროდუქციაში გამოყენებული ნედლეულისა და ინგრედიენტების შესახებ, მათ შორის საღი და მშრალი რძის გამოყენების თაობაზეც. კანონის აღნიშნული მოთხოვნა, რეალურად ამ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდების ფორმას ცვლის. კომპანიამ, ცხადია, გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. პირველ ეტაპზე შეიცვალა დიზაინი, გადამუშავდა სამარკეტინგო სტრატეგია. ამის შემდეგ მოხდა უკვე ახალი კლიშეების დამზადება და შემდგომ უკვე ახალ საცალო შესაფუთზე შეკვეთის მიცემა. ყველას ესმის, ალბათ, რომ მსგავსი ცვლილებები ეტაპობრივ მიდგომას საჭიროებს, რადგან აღნიშნული ციკლი, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. კომპანიის პროდუქცია ახალი შეფუთვით ბაზარზე ახლო მომავალში გამოჩნდება", - ამბობენ "სანტეში". "ჩვენი ფერმერის" პროდუქტებთან დაკავშირებით კი განსხვავებული მდგომარეობაა. როგორც პრეს-სამსახური ჩვენთან საუბრისას აცხადებს: "პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომ რძის პროდუქტების ეტიკეტზე წარმოდგენილი ყოფილიყო, პროდუქცია ნატურალური რძისგან არის დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან, შესაბამისად, ჩვენ დავბეჭდეთ ასეთი ეტიკეტები და იანვრის თვის განმავლობაში უკვე ყველა ჩვენს მიერ წარმოებულ რძის პროდუქტზე ასეთი ეტიკეტები არის. ჩვენი პროდუქტი უმაღლესი ხარისხის ირლანდიური რძის ფხვნილისგან მზადდება და ეს მინიშნებული გვაქვს". სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მაია მეტრეველის განცხადებით, ყველა კომპანია, რომლის პროდუქტებსაც დღეს სავალდებულო წარწერა არა აქვს, კანონს უხეშად არღვევს. მისი თქმით, მეწარმეებს ჰქონდათ მცდელობა სავალდებულო წარწერის გადავადებისთვის მიეღწიათ, თუმცა, ამაზე თანხმობა ვერ მიიღეს. ამიტომ, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები უკვე 1 იანვრიდან არიან ვალდებულები პროდუქტებზე მიუთითონ, იგი ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილისაგან. მაია მეტრეველის განცხადებით, სურსათის უვნებლობის სამსახური მსგავსი კანონდარღვევების აღმოსაჩენად ამ უახლოეს დღეებში მაღაზიებში ინსპექტირებას იწყებს. სამსახური შერჩევით შეამოწმებს რძის ნაწარმის შემცველობას და თუ ეტიკეტზე მითითებული წარწერა შიგთავსს არ დაემთხვევა, საქმეს ფინანსურ პოლიციას გადასცემს. კანონის მიხედვით, ხაჭოზე, რძეზე, მაწონზე, არაჟანზე, ყველეულზე, იოგურტის ჯგუფის პროდუქტებზე მწარმოებლებმა თუ დისტრიბუტორებმა პროდუქტის საცალო შეფუთვის ეფექტიან ფართობზე მკაფიო, კონტრასტული, ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა აღნიშნონ წარწერა "დამზადებულია ნატურალური რძისგან", ან "დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით".
ადა ექიზაშვილი
|