მარიონეტების თეატრი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მარიონეტების თეატრი
ნანახია: 936

ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე არცერთი პარტია და გაერთიანება დამოუკიდებელ თამაშს არ თამაშობს
ვაჟა ბერიძე, პოლიტოლოგი

ჩვენი ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ კრიზისის ფსკერად შეაფასა. ამოყვინთვის პერსპექტივებზე მას არაფერი უთქვამს. ხელისუფლებას არანაირი კონცეფცია არ წარმოუდგენია, ოპოზიციური სპექტრი კი საარჩევნო ფაციფუცით არის გართული. რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, ისევე ბუნდოვანი და გაუგებარია, როგორც ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. არადა, პოლიტიკა ეკონომიკის სარკეა და პირიქით. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სუბიექტების სადღეისო სტრატეგიისა და ტაქტიკის შეფასება და წინასაარჩევნო ვნებების ეკონომიკაზე ზემოქმედების დახასიათება ჩვენ ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ.

სუფლიორები
ამერიკის შეერთებული შტატები განაგებს ყველაფერს, ყველა პოლიტიკური ძალა და აქტიორი მას უსმენს და ემორჩილება, ხელისუფლების ჩათვლით. მნიშვნელობით მეორე მოკარნახეა რუსეთი, რომელიც ძირითადად ყველა თავის მოქმედებას ათანხმებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. მას პირდაპირ ან ცრუმაგიერი კომპანიების მეშვეობით ხელთ უპყრია ქართული ეკონომიკის ყველა სტრატეგიული ობიექტი და სფერო, ჰყავს სერიოზული დასაყრდენი ოლიგარქ კახა ბენდუქიძის სახით, რომელსაც გარკვეული წრეები დასავლეთშიც ენდობიან. ის კი საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრია და ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი. ისეთი იძულებითი მცირედი დათმობები, როგორიცაა მის მიერვე გაუქმებული ანტიმონოპოლიური უწყების აღდგენა ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნით, ბენდუქიძის განუზომელ ფინანსურ-პოლიტიკურ გავლენას ვერ შეასუსტებს.
მნიშვნელობით მესამე სუფლიორია ევროკავშირი. მას ამ ეტაპზე არც ძალა შესწევს და არც დიდ სურვილს ამჟღავნებს დააჩქაროს კავკასიის სახელმწიფოების ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, მაგრამ აშშ და ვითარება აიძულებს უფრო მეტი გულმოდგინებით იმოქმედოს. ანგარიშგასაწევია ევროპის მისწრაფებაც შექმნას ენერგომატარებლების მიღების რუსეთისგან დამოუკიდებელი მარშრუტები, თუმცა, როგორც მათი ზოზინი ცხადყოფს, მაინცდამაინც ასეთი პერსპექტივა არ ეიმედებათ "ჩრდილოეთის ნაკადის", "სამხრეთ ნაკადის", "ნაბუკოს" და სხვა დიდი პროექტების დღევანდელი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
"მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო!". მართლაც რომ ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. აზერბაიჯანი და სომხეთი ისეთივე სრულფასოვანი სუფლიორები არიან ჩვენი პოლიტიკის, როგორც ზემოაღნიშნული გიგანტები. შესაძლოა, უფრო აქტიური სუფლიორებიც. ოღონდაც, მაინცდამაინც არ ჩანან პოლიტიკურ პოდიუმზე და სმენით კარნახს, გიგანტების მეშვეობით ან შემოვლითი გზებით ახორციელებენ. კიდევ უფრო შეუმჩნეველია ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი და სუფლიორი თურქეთი, რომელმაც, ფაქტობრივად, მიიბა საქართველოს ეკონომიკა, იპოვა რა აქ როგორც თავისი პროდუქციის გასაღების ბაზარი, ისე "დიდი კავკასიის" პროცესების კონტროლის პლაცდარმი. იგი ერთგულია სულეიმან დემირელის ამ უჭკვიანესი პოლიტიკოსის თეზის _ მოუფრთხილდეთ საქართველოს, მივეხმაროთ საქართველოს, რათა თურქეთის ავისმოსურნემ დიდ "თურანულ" სივრცეში ისე არ ჩაგვისვას საქართველო, როგორც არაბულ სამყაროშია ისრაელი. "თურანულ" სივრცეში, `დიდ თურანში~ იგულისხმება ისტორიული არეალი _ თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანის აზერბაიჯანი, შუა აზია, ჩრდილო კავკასია. ამიტომაა, რომ არც თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია იგრძნობა საქართველოში და არც დემოგრაფიული. საქართველოში ხომ ისედაც ნახევარი მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი და პერსპექტივაში მრავალი ათასი გამაჰმადიანებული მესხია, რომელთა ნაწილი თავს "თურქ მესხებს" უწოდებს.
ირანი თავშეკავებულია. შესუსტდა მისი საერთო მანევრები, რუსეთთან ერთად რომ აწარმოებდა. ახლა რუსეთ-სომხეთ-ირანის ღერძი მორყეულია, მაგრამ მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ირანიც სრულფასოვანი სუფლიორი და აქტიორი გახდება საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში.
უკრაინა აღარ იაქტიურებს, მაგრამ გეოპოლიტიკური ინტერესები აიძულებს ყველა სიტუაციაში დააფიქსიროს მხარდაჭერა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ. ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი აქტიურობით იანუკოვიჩის გამარჯვებაზე იმუშავა, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება. სხვა შემთხვევაში, უკრაინის ახალ ხელისუფლებას შეეძლო გაეხსნა "საიდუმლო" გრიფით დადებული სავაჭრო ხელშეკრულებები, მათ შორის უკრაინული იარაღის შესყიდვაზე.
მეორე რიგის სუფლიორებს მიეკუთვნებიან მდიდარი არაბები, რომლებიც ევროპისა და ამერიკისკენ მიიწევენ და უარს არ ამბობენ სტრატეგიული პლაცდარმების დაკავებაზე. ამ პროცესშია ყაზახები და ნურსულტან ნაზარბაევი, რამეთუ ყაზახური ნავთობი და გაზი დასავლეთისკენ საქართველოს გავლითაც უნდა დაიძრას, მათ შორის სუფსის ნავთობქიმიური ტერმინალის მეშვეობით, რომლის იდეის პროპაგანდასაც თბილისის მერობის კანდიდატი გია ჭანტურია ეწევა. ჯერ-ჯერობით მეორე-მესამე ხარისხოვან როლებს სჯერდებიან ვაჰაბიტები და სხვა ჯურის მუსლიმი ფუნდამენტალისტები. თუმცა, მათი ღია ან ფარული გააქტიურება საქართველოსთან მიმართებაში გამორიცხული სულაც არ არის. ისინი უბრალოდ, ერიდებიან აზერბაიჯანელების და ქართველების განაწყენებას, რათა ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეებს სამხრეთი ფრთა არ დაუხშონ.

ნაციონალები
ესოდენ ვრცლად ქართული პოლიტიკის სუფლიორები იმიტომ დავახასიათე, რომ აქაური პოლიტიკური სუბიექტების მოკლე დახასიათებაც კი გახდეს საკმარისი იმისათვის, რათა ცხადვყოთ, ვინ ვის თამაშს თამაშობს, ამიტომ ვიტყვი მოკლედ, რომ ნაციონალები ანუ ხელისუფლება ამერიკელების და რუსების თამაშს თამაშობს. ძალიან იოლია ჩემი გამტყუნება იმ არგუმენტის მოშველიებით, რომ რუსეთი, რომელმაც მოახდინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და შემოიყვანა შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების მაპროვოცირებელი და მოკარნახე.
მეგობრებო! დიდი ხანია პოლიტიკაში წავიდა ის დრო, როცა პოლიტიკოსთა განცხადებებით ფასდებოდა მოვლენები და ვითარება. ჯერ კიდევ ტალეირანი ამბობდა _ ენა ადამიანებს იმიტომ აქვთ, რომ საკუთარი აზრები დაფარონო. ამიტომ ჩვენ როგორც ნაციონალების, ისე მისი ოპონენტების თუ მოკავშირეების შესახებ უნდა ვიმსჯელოთ მათი ნაბიჯების და ამ ნაბიჯების მეოხებით დამდგარი შედეგის მიხედვით. შედეგი კი ბოლოდროინდელი რუსულ-ქართული ურთიერთობების ის გახლავთ, რომ უზარმაზარი ძალისხმევით საქართველოდან გაყვანილი სამხედრო ბაზები საქართველოში ისევ დაბრუნდა. მომავალში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ეს ორი ბაზა საქართველოში, შესაძლოა, მაინც დარჩეს. ამ ბაზების გაყვანაზე რუსეთის დათანხმება საქართველოსა და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გაცილებით ძნელი იქნება, ვიდრე მათი დათანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. თუ ამ ორ უკანასკნელზე რუსების დათანხმება მე რეალურად მიმაჩნია, ბაზების გაყვანაზე მათთან საუბარი გაცილებით რთული იქნება, რადგან ამ შემთხვევაში რუსები მოითხოვენ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიებს ჩრდილო კავკასიისთვის. ამას კი ვერც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ და ვერც ჩვენი დასავლეთელი მეგობრები.
ამ შედეგს მიუმატეთ რუსების ღია და ფარული პრეზენსი ქართულ ეკონომიკაში და შემდეგ იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ არიან თითქმის თანაბარი სუფლიორები ჩვენი მმართველი პარტიის აშშ და რუსეთი.

ალიანსი
ალიანსი ამერიკულ თამაშს თამაშობს. მოვლენათა თანამთხვევის პირობებში ეს ძალა არც რუსებისთვის იქნება მიუღებელი. აი, აზერბაიჯანელები და სომხები კი მას, ალბათ, გარკვეული სიფრთხილით მოეკიდებიან. აქ რესპუბლიკელები იმის გარანტიაა, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, ხოლო ახალი მემარჯვენეები უზრუნველყოფენ ალიანსის მხარდაჭერას ტრადიციული ქართული ელიტარული წრეებისა და შეძლებული ფენის მხრიდან.

"დაიცავი საქართველო"
როგორც მოძრაობა, სუსტია. უნებლიედ თამაშობს ხელისუფლების თამაშს. მან დაასუსტა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ხოლო ლევან გაჩეჩილაძის კონფიდენციალურმა შეხვედრებმა მიხეილ სააკაშვილთან შავნაბადაზე, დაბადა ეჭვი მათ შორის გარიგების თაობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლევან გაჩეჩილაძე "თბილისის პრეზიდენტია" და დღესაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა, პოლიტიკურ სარბიელზე დაბრუნება გაუჭირდება. მას აშკარად აკლია პოლიტიკოსის თვისებები და ინტუიცია, რის გამოც ხელიდან გაუშვა ფაქტობრივად, 100%-იანი გამარჯვება. ლევან გაჩეჩილაძისგან განსხვავებით, სწორად მოიქცა მისი ძმა _ "უცნობი", გია გაჩეჩილაძე, რომელმაც აღიარა, რომ ხალხის სამებაში, პატრიარქთან წაყვანა დინამოს სტადიონიდან შეცდომა იყო. ლევან გაჩეჩილაძეს მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა, რომ აპრილ-ივნისის აქციები არა დამარცხებით და ოპოზიციის დაქსაქსვით, არამედ ხალხის განწყობის ნათელი დემონსტრირებითა და გამარჯვებით დამთავრდა და უნდა გაეგრძელებინა აქტიური პოლიტიკური ბრძოლა სხვა მეთოდებით და საშუალებებით. ის კი გაჩუმდა გაერიდა ბრძოლის ველს, რითაც კიდევ ერთხელ ითამაშა ხელისუფლების თამაში.
მცდარია მისი თეზაც, რომ ის მოერიდა სამთავრობო შენობებში შეჭრას და სისხლისღვრას. სისხლი რომ არ დაიღვარა ეს, რა თქმა უნდა, კარგია და სწორია, მაგრამ შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, რომელიც ყოველთვის არ მოქმედებდა კანონის ფარგლებში და სამთავრობო შენობების დაკავება არ მოხდა არა იმიტომ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ასე გადაწყვიტა, არამედ იმიტომ, რომ საპროტესტო მასის ძირითად ნაწილს 40-60 წლის ჭაღარა ადამიანების შეადგენდნენ, რომელთაც უბრალოდ ფიზიკურად არ შეეძლოთ სპეცრაზმელების წინააღმდეგობის დაძლევა.
ახლა საუბარია, რომ ლევან გაჩეჩილაძე, შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატად ვიხილოთ. ისევ რომ გაუყალბონ არჩევნები რას იზამს, ისევ მშვიდად წავა სახლში? მაშინ რა აზრი აქვს მის მონაწილეობას არჩევნებში? ეს ხომ ისევ ნაციონალების თამაშია.

ნოღაიდელი და მისი ამქარი
ნოღაიდელი უდაოდ ნიჭიერი კაცია, შემართული და მებრძოლი. ისიც მიამიტობაა, სახელისუფლო პროპაგანდას აყოლილებმა რომ შეაჩვენეს, პუტინს როგორ დაელაპარაკაო. უფალმა უწყის, ჩვენი ხელისუფლების რამდენ ფარულ ემისარს, მოამბედ წარგზავნილს, უმასლაათია პუტინთან, პრიმაკოვთან და მისთანებთან. ეს საკითხის ფაქტობრივ მხარეზე.
შედეგის მიხედვით კი ნოღაიდელის ვოიაჟები მოსკოვში და აგორებული პროპაგანდისტული კამპანია მხოლოდდამხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მმართველ გუნდს სურს ოპოზიციური სიმძიმის ცენტრი ირაკლი ალასანიადან სხვაგან, სხვა პოლიტიკურ ძალაზე და ფიგურებზე გადავიდეს. ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე, ებრალიძე და სხვები საამისოდ აღარ ივარგებს. აი, ნოღაიდელი კი ეფექტური სვლაა. არაპოპულარული, არარეიტინგული ნოღაიდელი მშვენიერი საფრთხობელაა ობივატელისთვის. თუ "აკრიფა", რაღაცას გამოუჩხრეკენ, თუნდაც უიოლეს თემას _ სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობას მისი ფინანსთა მინისტრობის დროს. ამიტომ თამაშობს ნოღაიდელი სააკაშვილის თამაშს. ყოველ შემთხვევაში, არსითაც და შედეგითაც სადღეისოდ ასეა.

ლეიბორისტები _ პერმანენტული ფილტრი ხელისუფლებასთან
პოლიტტექნოლოგიების ღრმა ცოდნა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ყველაზე პროსახელისუფლო ნაბიჯი დღეს არის არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობა. ლეიბორისტების საჩუქარი ხელისუფლებას _ ესაა მათი მუდმივი 10%-იანი ელექტორატი, რომლის უმეტესობა საარჩევნო ურნებთან არ მივა, ესეც მორიგი საჩუქარი ხელისუფლებას, ხოლო ვინც მივა, ხმას ხელისუფლების მიერ შემოგდებულ უპერსპექტივო კანდიდატებს მისცემს და არა ნათელაშვილის მიერ არაერთგზის ნაგინებ ალასანიას.
ამ მზაკვრობას ბატონი შალვა შესანიშნავად ნიღბავს მაღალგალავნიანი სრა-სასახლეების პლაკატური დემონსტრირებითა და მათი პატრონების შეჩვენებით.

ეროვნული ფორუმი
ეს გონიერი და ღონიერი, სუფთა ხალხიც ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს. აბა, ფიქრს ვინ გაბედავს მათ მოსყიდვაზე ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან. მარტო კახა შარტავას, გუბაზ სანიკიძის, ირაკლი მელაშვილის, რეზო შავიშვილის, ნოდარ ჯავახიშვილის სახელები რად ღირს, მაგრამ რა ასეთი "გველი შეუწვეს" ფორუმელებს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა, რომ მათ ჯიბრზე კინაღამ "26 მაისის" აქცია ჩაშალეს, საპროტესტო ტალღის მუხტი დასცეს და რეგიონებს უშედეგოდ მიაშურეს.
ახლაც, მინიმუმ, 10-13%-ს ჩუქნიან არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას, ზოგი არ მისულებით და ზოგიც სხვადასხვა 2-3%-იან კანდიდატთა მხარდამჭერებად გაწირვით.

ქრისტიან-დემოკრატები
გიორგი თარგამაძე ნიჭიერი და გონიერი კაცია.

NO COMMENT

ნინო ბურჯანაძე
ერთადერთია, ვინც თავის თამაშს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ზურა ბიგვავას დიდ პატივს ვცემ, გულწრფელად უნდა ვთქვა - არ იგრძნობა, რომ ბურჯანაძეს ჰყავს პოლიტტექნოლოგები, მაღალი დონის პიარექსპერტები და უბრალოდ, უნარიანი მრჩევლებიც კი. სხვა შემთხვევაში ბურჯანაძის რეიტინგი, მიუხედავად მისი მედიდურობისა და არაკომუნიკაბელურობისა წარსულში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ასე დაბალი არ უნდა იყოს.

მეოთხე დასი
ყველა სხვა პარტიისა და ლიდერის რეალური რეიტინგი 4%-ს ქვემოთაა. იქ არიან პატივსაცემი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის გულწრფელად იღწვიან და ომობენ, მაგრამ ვერც ხალხის გული მოიგეს და ვერც შედეგს მიაღწიეს. ეს 1-2%-იანი პარტიები დიდი სიამოვნებით ასრულებენ ხან სოლოს და ხანაც გუნდურ სიმღერებს სამშობლოს სადიდებლად, ოღონდ `სამშობლოში~ ხან ნაციონალური მოძრაობა იგულისხმება, ხან გრანტები, ხან აშშ ან რუსეთი, ხანაც თავად მიხეილ სააკაშვილი. არიან მათ შორის პროფესიონალი პოლიტიკოსები, განათლებული და პატრიოტი ადამიანები, მაგრამ ალღოიანი პოლიტიკოსი განა რამდენიმე წელი 1-3%-იან რეიტინგს მოითმენს? მითუმეტეს, პოლიტიკოსისთვის რა ბედენაა მთავრობის, უცხოელების ან მით უარესი, რუსების მიერ დაკრულზე ბუქნაობა და ტაშ-ფანდური.
განა, სხვა საქმე გამოილია ქვეყანაზე?

ეკონომიკა და პოლიტიკა
ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი პოლიტიკური სპექტრის პირობებში, რა დღეში იქნება ჩვენი ეკონომიკა. იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი ყველაზე კორუმპირებული სფეროა, ეკონომიკას რა პერსპექტივები აქვს? ამას დაუმატეთ მთავრობის მიერ კონტროლირებადი 10 საერთოეროვნული ტელევიზია, მართვადი სასამართლო, სამთავრობო არასამთავრობო სექტორი, ფარული მონოპოლიები და კარტელური ფასები ბიზნესის ყველაზე შემოსავლიან დარგებში და თქვენთვის ყველაფერი ცხადი გახდება.

"კრემლმა უკან დაიხია"
ევროკავშირის დაწოლით საქართველოს ხელისუფლება იძულებულია აღადგინოს ანტიმონოპოლიური უწყება, რომელიც 2005 წელს გააუქმა კახა ბენდუქიძემ. შედეგად მივიღეთ რეგიონსა და ზოგჯერ მსოფლიოში უძვირესი ფასები სურსათზე, რძის ნაწარმზე, კავშირგაბმულობის ტარიფებზე, მედიკამენტებზე, ნავთობპროდუქტებზე...
განა გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ეს 4 წელია რაზე იბრძოდა, რას ქადაგებდა, რისკენ მოუწოდებდა? განა მხოლოდ ჟურნალისტები და ეკონომისტები, ექსპერტები და ანალიტიკოსები! ყველა, ყველა ლოგიკურად მოაზროვნე და მოფიქრალი ადამიანი. დაიჩემეს _ გინდა თუ არა სინგაპური გვინდაო, შეზღუდული დემოკრატიით და ლიკუანიუთი. რა სინგაპურიც გვაქვს, კარგად ხედავთ.
ახლა თურმე კახა ბენდუქიძე ანტიმონოპოლიური უწყების აღდგენის წინააღმდეგი არ არის.
გმადლობთ, კახა!

საქსტატი - ისევ სიცრუის ფაბრიკა?
რეალური სტატისტიკის გარეშე ქვეყნის ცხოვრება წარმოუდგენელია და ჰგავს უკუნში ხელების ცეცებით სიარულს.
დღემდე სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიმართ, რომელიც ბოლო წლებში განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურად იქცა, ნდობა ძალიან დაბალი იყო. რაღაც ზეციური მანქანებით დამოუკიდებელი სტატისტიკის სტრუქტურის ჩამოყალიბება გადაწყდა. 5 წევრი სამეთვალყურეო საბჭოსი პარლამენტმა დაამტკიცა.
დაამტკიცა და დაამტკიცა.
მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ 5-დან, როგორც ამბობენ, 4 ბენდუქიძის პროტეჟეა.
ჩანს, ისევ დაიხატება მავანისთვის სასურველი ციფრები, რომელთა მიხედვითაც მრავალ საერთაშორისო რეიტინგში მაღალ ადგილებს დავიკავებთ და ყელსაც ღირსეულად მოვიღერებთ.






 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48