ნანახია: 1017
კინოთეატრ "აპოლოს" კინოას აცლიან და სართულს უმატებენ
რიყის რეკონსტრუქციის პროექტისა და აღმაშენებლის პროსპექტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით "ბ&ფ"-ს მოსაზრებას არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი უზიარებს.
- ქ-ნო ნესტან, გვაინტერესებს თქვენი შეფასება რიყისა და აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, რომელიც თავისთავად მოიცავს კონოთეატრ "აპოლოსაც". რამდენად მართებულად მიგაჩნიათ მისი გადარჩენისთვის შემუშავებული გეგმა, რომელიც გულისხმობს მასზე სართულების დაშენებას? საერთოდ, არსებობს თუ არა პროექტი ამ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით და როგორია მისი ინფრასტრუქტურული მოწყობა, თუ ფლობთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას? და მეორე თემა, რომელზეც დღეს თქვენთან გვინდა საუბარი, ეს არის რიყის პროექტი. რა ხდება დღეს იქ და რამდენად შეესაბამება ის რეკონსტრუქციის პირობებს?
- დავიწყებ რიყის პროექტით. მერიის საიტებზე ბევრი ძებნის მიუხედავად, რიყის პროექტი ვერ ვიპოვნე, ამიტომ, აბა, რა მოგიყვეთ. ეს ადგილი, ძველი თბილისის გული, თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, XX ს-ის 60-70-იან წლებში კომუნისტებმა გაანადგურეს. შემდეგ ბევრი იდეა არსებობდა მის მომავალზე, რამდენიმე პროექტიც გაკეთდა. დღეს კი რაც ხდება, ალბათ, მხოლოდ პრეზიდენტმა და თბილისის მერმა თუ იციან, რადგან ამას მათი სატელევიზიო გამოსვლები ადასტურებს. ერთი რამე კი ყველასთვის ცხადია - როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში (თუნდაც მირზა-შაფი), ყველაფერი არსებული კანონის სრული იგნორირებით ხორციელდება, რადგან თბილისის ისტორიულ დაცვით ზონებში მიმდინარე ნებისმიერი ჩარევა განხილულ უნდა იქნეს შესაბამის საბჭოზე და მხოლოდ ნებართვის მიღების შემდეგ უნდა დაიწყოს სამუშაოები. ამის ამსახველი ბანერი კი გამოკრული უნდა იყოს სამშენებლო ადგილას, თუმცა, რიყის მშენებლებმა ტელევიზიით გვითხრეს, რომ "ბანერი ქარმა წაიღო". რაც შეეხება "აპოლოს", ამ წლის იანვარში ინტერნეტით გავიგე 2009 წლის 2 დეკემბრის ოქმის შესახებ, სადაც აღმაშენებელზე არსებულ ბევრ სხვა შენობასთან ერთად, დადებითი დასკვნა მიეცა "აპოლოს" რესტარვაცია-რეკონსტრუქციის პროექტს. თავად სათაური "რესტავრაცია-რეკონსტრუქცია" უკვე მოწმობდა იმას (თან რა, ერთი და ორი ძეგლის განადგურების მომსწრე არა ვართ უკანასკნელ წლებში? რა გვაძლევდა დამშვიდების საბაბს?), რომ ბათუმიზაცია (ანუ ერთ და ორსართულიან სახლებზე მასიურად მანსარდიანი სართული ან უფრო მეტი, რამდენიმე სართულის დაშენება) აღმაშენებლის გამზირზე მყოფ სხვა შენობებივით, ალბათ `აპოლოსაც~ შეეხებოდა. სულ მალე ჩვენი ვარაუდი გამართლდა. 16 იანვარს გავაკეთე "ფეისბუქზე" აქცია, რომელსაც 10 დღეში უკვე 1200-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ამ დროს ინტერნეტში მერიის ვებ-გვერდზე დაიდო "აპოლოს" პირველი პროექტის ფოტოც, სადაც ფასადებზე კარგად ჩანდა დამატებული სართული-მანსარდით. რადგან სამართლებრივი გზით (ანუ ჯერ მოთხოვნა დოკუმენტაციაზე, შემდეგ მერიაში გაპროტესტება, მერე სასამართლოში წასვლა და ა. შ.) ვეღარაფერი მოესწრებოდა, ელ-ფოსტით წერილი გავუგზავნე პრეზიდენტს და აგრეთვე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა კვლევის ეროვნულ ცენტრის დირექტორს მარიამ დიდებულიძეს. რამდენიმე დღეში, ალეკო ელისაშვილის ("ტფილისის ჰამქარი", თუ არ ვცდები, ასე ჰქვია მის ორგანიზაციას) დახმარებით, 4 თებერვალს შევხვდით "აპოლოს" დამკვეთებსა და შემსრულებლებს. როგორც ერთ-ერთმა ავტორმა, სოსო ნაგლაძემ თქვა, პროექტს დადებითი დასკვნა კი მიეცა, მაგრამ ის მხოლოდ ახლა მუშავდება. წარმოიდგინეთ, თუ პროექტი ახლა მუშავდება, მაშინ საბჭომ დასკვნა რას მისცა? თანაც პროექტის ის პირველი ვარიანტი ჩვენ ხომ არ მოვიგონეთ, ის ხომ ოფიციალურად დაიდო მერიის ვებ-გვერდზე. მოკლედ, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, და არავითარი სართულის დაშენება არ მოხდებაო. ჩემს კითხვაზე, მაშინ რატომ არის პროექტის მეორე ვარიანტის სახურავი ასე მაღალი – მან თქვა, რომ ეს სათამაშო ვარიანტია, ზუსტი ზომებით ახლა ვიწყებთ კეთებასო. ამ შეხვედრას ესწრებოდა ნინო ძანძავა, რომელმაც ინტერნეტგაზეთში გამოაქვეყნა სტატია: "კინოთეატრი კინოს გარეშე". "აპოლო" არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი. თუმცა, ეს, ანუ არქიტექტურულ ძეგლთა სია ინტერნეტში სად დევს, ვერ გავარკვიე. იქნებ თქვენ იპოვნოთ, არა მხოლოდ არქიტექტურით, არამედ თავისი თავდაპირველი ფუნქციით. ის კინოდ აშენდა 1909 წელს და მას მხოლოდ რესტავრაცია სჭირდება და არა რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რაც პირველ პროექტს ეწერა) ან რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია (და რაც მეორე პროექტის სათაურია) ზოგადად, რაც რიყესა თუ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე და სხვა ბევრ საბიუჯეტო დაფინანსებით მიმდინარე (თუნდაც "მზიურის" განადგურება და გმირთა მოედანზე ახალი, ამჯერად შუშის მონუმენტის აღმართვა) მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თითოეული ეს ფაქტი არ არის სიზმარი, ეს ჩვენი რეალობაა, ჩვენი აწმყოა და მას თვალი დროულად უნდა გავუსწოროთ. ჩვენ უკვე იმდენი კარგი არქიტექტურული ძეგლი, ქუჩა თუ უბანი დავკარგეთ, რომ ახლა დუმილი ნამდვილად არ შეგვეფერება. როცა ქვეყნის პირველი პირები შენობების ფერებიდან დაწყებული –მშენებლობისა და რესტავრაციის მთავარ ექსპერტებად გვევლინებიან, პრობლემა უფრო რთულდება და აშკარად დარგის პოლიტიზირებასთან გვაქვს საქმე. ყოველივე ეს, თავისთავად, იმის ცხადი ნიშანია, რომ ჩვენთან დემოკრატია კი არა ერთმმართველობა ძლიერდება. როცა კანონების სურვილისამებრ შეცვლასთან ერთად, პოლიტიკოსები გარემოსაც თავისი გემოვნების დარად ცვლიან – ეს გარემო ამას ყველაზე უკეთ აჩვენებს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ მათი ხუროთმოძღვრული "შემოქმედება" კოლოსალური რაოდენობის საბიუჯეტო ფინანსებით ხორციელდება. დაუთვლია ვინმეს ეს ხარჯები? აი, თუნდაც პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" – ხომ ცხადია, რომ ეს უბრალოდ სახელმწიფო ავანტიურაა? არქიტექტურაც და რესტავრაციაც, მშენებლობა და ზოგადად, ჩვენი გარემო, თუნდაც ქუჩის უმნიშვნელო ლამპიონი – ეს ყველაფერი ყველა დოკუმენტზე უკეთესად გვიყვება და დაუფარავად გვიჩვენებს ჩვენს აწმყოს და დღევანდელ მდგომარეობას. ამიტომ უფრო მეტი ყურადღება და აქტიურობა გვმართებს, რომ ჩვენი ქვეყნისა თუ ქალაქის გარემო და არქიტექტურა სწორედ ჩვენი იდენტობის გამომხატველი იყოს და არა ვინმე დროებითი პოლიტიკოსის სურვილისა თუ გემოვნებისა.
თათია ჩაფიჩაძე
|