ნანახია: 924
ანუ როგორ ივსება "თაფლით" ქართული "ფიჭები"
გასულ კვირას საზოგადოებასა და საქმიან წრეებში ხმაური და მითქმა-მოთქმა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია `"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) მიერ მომზადებული კვლევის "ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში" პრეზენტაციას. "აფბას" ახალგაზრდა ექსპერტების აზრით, ეს ბაზარი ფაქტობრივად მონოპოლიზებულია და ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ძირითადად კარტელური ფასებით ოპერირებენ. კვლევის თანახმად, საქართველო მობილური კავშირის ტარიფების სიძვირით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძეს.
- "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" კვლევას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. მობილური კავშირგაბმულობის რიგი კომპანიები მას გაღიზიანებითა და პროტესტითაც კი შეხვდნენ. გამოითქვა უნდობლობაც კვლევაში მოყვანილ ციფრობრივ მასალასთან და მეთოდიკასთან დაკავშირებითაც. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ კვლევას?
- თავიდანვე აღვნიშნავ, რომ დადებითად. საზოგადოებას აქვს უფლება დასვას კითხვები. ეს ნორმალური ინსტინქტია და ბიზნესწრეები ან მარეგულირებელი ორგანოები ამაზე კი არ უნდა გაბრაზდნენ და გაღიზიანდნენ, არამედ პასუხები უნდა გასცენ დასმულ კითხვებს. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს მიერ დასმულ თემას და ქართული მობილური ოპერატორების გაღიზიანებას, მეც მოვისმინე მათი პრეტენზიები, ეს ბუნებრივი რეაქციაა და მოსალოდნელიც იყო. ბუნებრივია, არავის უყვარს, როცა შეცდომებზე მიუთითებენ, ფაქტების დაფარვასა და მიჩქმალვაში ამხელენ და არსებული მდგომარეობის შეცვლისკენ მოუწოდებენ. მითუმეტეს, როცა ეს მოსალოდნელი ცვლილებები, სავარაუდოდ, ამ კომპანიების შემოსავლებზე შემცირების თვალსაზრისით სერიოზულ გავლენას მოახდენს. თუმცა, რაიმეს გაღიზიანებული ტონით გაპროტესტება, თუნდაც ხმამაღლა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. კვლევა და ანალიზი, შესაბამისად, დასკვნებიც და რეკომენდაციებიც საკუთარი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის გარდა, ეფუძნება მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების Informa Telecoms & Media World Development Indicators Detabase კვლევებსა და კვლევის მეთოდიკას, რომელიც მიღებული და კარგად აპრობირებულია საერთაშორისო ბაზრებზე. მე, პირადად, ეჭვის შეტანის საფუძველი ამ ორგანიზაციების კვლევის მეთოდიკასა და ციფრობრივ მასალებში არ მაქვს. რაც შეეხება საქართველოში მობილური ოპერატორების ფასებს. ჩვენ დიდხანს შეგვიძლია ვიდაოთ კვლევის ჩატარების ამა თუ იმ მეთოდიკის ოპტიმალურობაზე ან ავკარგიანობაზე, მაგრამ თითოეული ჩვენგანი სარგებლობს მობილური კომუნიკაციით და ვფიქრობ, იგი მართლაც მაღალია. ბუნებრივია, ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის სიძვირეზე საუბრისას ჩვენი, როგორც მომხმარებლის სუბიექტივიზმი სჭარბობს ხოლმე შეფასებებში, მაგრამ ამჯერად ჩემი დასკვნები იმ ობიექტურ რეალობას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპულ განვითარებულ ქვეყნების ნაწილშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოსგან განსხვავებით გაცილებით მაღალია, მობილურ ტელეფონზე საუბარი უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩვენთან. ეს ხომ ფაქტია და ამას ვერ გავექცევით. არის სხვა, არანაკლებ კომპეტენტური და სანდო საერთაშორისო ორგანიზაციის "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით მობილურით სარგებლობის ფასი გამოკვლეულ 31 ქვეყნიდან 28 ქვეყანაში საქართველოში მოქმედ ფასზე უფრო მაღალია. ამდენად, "აფბა"-სადმი ქართული მობილური ოპერატორების პრეტენზიები ყოვლად უადგილოდ მეჩვენება. როგორც მახსოვს, პრეტენზიები "აფბა"-ს კვლევისადმი მხოლოდ კომპანია "მაგთიმ" გამოთქვა. დანარჩენი ოპერატორები კი ამ თემით უფრო მეტად ინტერესდებოდნენ და გარკვევას ცდილობდნენ, ვიდრე პრეტენზიებს გამოთქვამდნენ. "ბილაინის" წარმომადგენელმა კი კვლევა როგორც საინტერესო დოკუმენტი ისე შეაფასა. ხოლო მას, ვისაც სურვილი აქვს, პრეტენზიები და კვლევის მეთოდიკასთან დაკავშირებით შენიშვნები სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა წარუდგინოს. - მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები აცხადებენ, და ეს გასულ კვირას სატელევიზიო ეთერშიც გახმოვანდა, რომ ფასების არდაწევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფლაციაა. კომპანიები აცხადებენ, რომ მათი წუთობრივი მომსახურების ფასი ამის გათვალისწინებით დღეს 60 თეთრი უნდა იყოს.
- ეს მობილური კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან თქმული ერთ-ერთი, რბილად რომ ვთქვათ, სუსტი არგუმენტია. მე მოვისმინე ამის შესახებ. იმ საფასო კომპონენტებზე, რომლისგანაც მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების მომსახურების ტარიფის სტრუქტურა შედგება, ინფლაცია ყველაზე ნაკლებად მოქმედებს და რეალურ, მნიშვნელოვან გავლენას მობილურით სარგებლობის ფასზე არ ახდენს. როცა კომპანია საზოგადოებრივი "თავდაცვის" რეჟიმში გადადის და საზოგადოების წინაშე თავის მართლებას იწყებს, თავდაცვის ცოტა უფრო ეფექტური და დამაჯერებელი ინსტრუმენტები მაინც უნდა შეარჩიოს. "ინფლაციაზე" აპელირება კი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არასწორი ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. და რაც მთავარია, არამომგებიანი. ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს. ინფლაცია მარტო ქართული "ფენომენი" არ არის და ისევე, როგორც ევროპული, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელი მოვლენაა. სხვათაშორის, იქ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენთან. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში აშკარა ტენდენცია გამოიკვეთა მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასების კლების თვალსაზრისით. მარტო 2009 წლისთვის მსოფლიოში ფასები საშუალოდ 26-28%-ით შემცირდა. და ამ პირობებშიც კი, მობილური ოპერატორი კომპანიების მოგება სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით საშუალოდ 35-დან 40%-მდე გაიზარდა. ანუ, ყველგან ფასის საგრძნობი დაწევის მიუხედავად, მნიშვნელოვნად იზრდება კომპანიების მოგება. ჩვენთან პირიქითაა, ბაზარი რეალურად იზრდება, ფიჭური კომპანიების წლიური ბრუნვა დაახლოებით ერთი მილიარდი ლარია და მარტო ბოლო წელს ბაზარი დაახლოებით 150 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ხოლო ფასები უცვლელია და არ იკლებს და ამასთან, გვიმტკიცებენ კიდეც, რომ მომსახურება რეალურად თურმე 60 თეთრი უნდა ღირდეს და ქართული მობილური ოპერატორები ვითომდა ფასს არ ზრდიან. ეს რაღაც ახალი, "ინოვაციური" ზღაპრებია საზოგადოების გულის ასაჩუყებლად?! თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად რეალურია "მაგთის" ან "ჯეოსელს" ერთი წუთი სატელეფონო საუბრის მომსახურება 60 თეთრი უჯდებოდეს და 28 თეთრად ყიდდეს? ეს ხომ სასაცილო და არასერიოზულია. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის რომ "მაგთი" და "ჯეოსელი" ფიჭური მომსახურების სუბსიდირებას ახდენენ სხვა სერვისებიდან მიღებული შემოსავლებით.…ეს კი, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, უკვე კანონდარღვევაა.
- "აფბამ" ქართულ მობილურ საკომუნიკაციო ბაზარს მონოპოლიზმსა და კარტელური ფასების დადგენაში დასდო ბრალი. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, ბაზარზე ხომ რამდენიმე კომპანია საქმიანობს?
- ის, რომ ბაზარზე რამდენიმე კომპანიაა, ეს არ გამორიცხავს ბაზრის მონოპოლიზაციის მაღალ რისკს. მონოპოლიზმის გამოვლინება შეიძლება იყოს კარტელური გარიგება მონოპოლიურად მაღალი ფასების შესახებ ან ბაზარზე ახალი მოთამაშის დაშვების პირობების შეზღუდვა. ამის ნიშნები კი, დღეს ვფიქრობ, რეალურად არის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით უჩნდება კითხვები და ხშირად პრეტენზიებიც კი, საზოგადოების ნაწილს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებთან და ეს საკითხები მოითხოვს გარკვევას. როცა მონოპოლიის თემებზე ვსაუბრობთ, ორ ძირითად საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი, ესაა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე კონკურენტული ფასების არსებობა-არარსებობის საკითხი და მეორე, ესაა თავად ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მიმართება კავშირგაბმულობის სხვა, მაგალითად ფიქსირებული ქსელის კომპანიებთან, ანუ ბაზრის მოთამაშეების ბიზნესსაქმიანობის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა. შევთანხმდეთ, კონკურენციული ფასები დღეს ბაზარზე არ არის. ეს ფაქტია. და ეჭვები იმის შესახებ, რომ კომპანიები "გარიგებულნი" არიან და მონოპოლიური, კარტელური ფასების შესახებ შეთანხმებას აქვს ადგილი, ვფიქრობ, სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია. როცა კომპანია "ბილაინი" მომსახურების დაბალი ტარიფებით შემოვიდა ბაზარზე, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ "მაგთიც" და "ჯეოსელიც" მომსახურების ტარიფებს დაბლა დასწევდნენ. და რა მოხდა შემდეგ? მოხდა პირიქით. ასეთი მიდგომები, ზოგადად, ქართული ბიზნესისა და ბაზრისათვის დამახასიათებელია. ეს საქმის ქართულად კეთების ერთგვარი პარადიგმაა. ანალოგიური ტენდენციებით ხასიათდება აწ უკვე მონოპოლიურად სახელდებული ქართული ფარმაცევტული ბაზარი. ალბათ, სამომავლოდ ანალოგიურ "ხვედრს" გაიზიარებს ნავთობპროდუქტების ბაზარი. უახლოეს მომავალში კი, სავარაუდოდ, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარიც. აქვე მინდა ერთ ფრიად საყურადღებო დეტალზე შევჩერდე. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ურთიერთჩართვის ე.წ. ზღვრული ტარიფი ორჯერ დაწია. თავიდან, 22,8 თეთრიდან 19,8 თეთრამდე და მეორედ, 14,8 თეთრამდე. ამის მიუხედავად, არც "მაგთის" და არც "ჯეოსელს" თავისი ტარიფები არ შეუმცირებიათ. რამდენად ნორმალურია და სოციალური ან ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული და ახსნადია ეს ურთიერთმიმართება? როცა მარეგულირებელი კომისია რეალურად გიმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და შენ კი არც კი "კადრულობ" მოქალაქეებისთვის მომსახურების ტარიფის მცირედით მაინც გაიაფებას?! რაც შეეხება ზოგადად კომუნიკაციების ბაზარზე მობილური ოპერატორების "განსაკუთრებულ" სტატუსს. აქ მეტად საინტერესო დეტალია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისა და კავშირგაბმულობის ფიქსირებული ქსელის (ე.წ. ქალაქის ფიქსირებული ტელეფონი) ოპერატორების ურთიერთმიმართების თემა. ანუ, ისევ ყბადაღებული ე.წ. ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფის თემა. რეალურად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები კონკურენციის თვალსაზრისით არათანაბარ პირობებში, უპირატეს მდგომარეობაში არიან კავშირგაბმულობის სხვა კომპანიებთან შედარებით. მარტივად რომ ავხსნათ, მობილურიდან (მაგალითად, "მაგთიდან" ან "ჯეოსელიდან") ქალაქის ფიქსირებულ ტელეფონზე (მაგალითად, "ახალ ქსელებზე" ან "გაერთიანებულ ტელეკომზე") დარეკვისას მობილური ოპერატორი ფიქსირებულ ოპერატორს უხდის წუთში 4 თეთრს. ხოლო, "ქალაქის" ფიქსირებული ოპერატორიდან მობილურ ოპერატორზე დარეკვისას, ფიქსირებული ოპერატორი მობილურ ოპერატორს უხდია 14,8 თეთრს. ანუ, 3-ჯერ მეტს. გამოდის, რომ ერთი და იგივე მომსახურებაში "მაგთი" და "ჯეოსელი" სამჯერ ნაკლებ თანხას იხდიან, ვიდრე "ახალი ქსელები", "გაერთიანებული ტელეკომი" ან "ახტელი". არის თუ არა ეს არაჯანსაღი კონკურენცია და ბაზარზე განსაკუთრებული სტატუსი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისათვის? ვფიქრობ, არის.
- არსებობს მოსაზრება, რომ კონკურენციასა და შესაბამისად, ფასებს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე თავად ბაზარი დაარეგულირებს.
- როგორ "არეგულირებს" ბაზარი ამ საკითხებს დღეს უკვე ვისაუბრეთ და აქამდე როგორც არეგულირებდა, აი, უკვე ათ წელზე მეტია ვუყურებთ. ბაზარი დამოუკიდებლად მაშინ დაარეგულირებს ფასებს და ურთიერთობებს კომპანიებს შორის, როცა ბაზარი რეალურად თავისუფალი იქნება და რეალური კონკურენცია იქნება ბაზრის სუბიექტებს შორის. კონკურენცია კი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა პირობები შეიქმნება ეფექტური და მოქნილი ანტიმონოპოლიური, ანტიტრასტული პოლიტიკის გასატარებლად. როცა, სახელმწიფოს რეალური ბერკეტები ექნება არ დაუშვას ბაზრის მოთამაშეებს შორის საფასო გარიგებები და რეალურად თავისუფალი გახადოს ახალი მოთამაშეების შესვლა კომუნიკაციების, მათ შორის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე.
- კვლევაში დამფუძნებლებისა და ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებში რუსული კაპიტალის მონაწილეობის თემებმაც გაიჟღერეს. "მაგთის" სახელთან ოფშორული კომპანიების International Telcell Celular LLC, Telcell Wirelss LLC-ს და რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის სახელმაც კი გაიჟღერა.
- ეს ძალიან საინტერესო თემებია. ბერეზოვსკისა და თქვენს მიერ დასახელებული ოფშორული კომპანიების შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული შინაარსის საკითხები ყოველთვის დაფარული და ბურუსით არის ხოლმე მოცული, საზოგადოების ცხოველი ინტერესი ამ თემის ირგვლივ, არც უნდა გაგვიკვირდეს. ინტერესი ოფშორული კომპანიებისა და ანგარიშებისადმი, "მითიური" ოლიგარქებისადმი საზოგადოებაში ყოველთვის იყო. ასევეა დღესაც. ფრიად აქტუალურია რუსული კაპიტალის თემაც. როგორც ამბობენ, ფულს სუნი არ აქვსო, მაგრამ რუსული ფული და კაპიტალი ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან "სურნელოვანი" გახდა, მათ შორის, საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზეც, რითაც განსაკუთრებულად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. საზოგადოებას, ბუნებრივია, აინტერესებს ვინ დგას ქვეყანაში მოქმედი გიგანტი კომპანიების უკან და, ვფიქრობ, მას იმის უფლება მაინც აქვს, მოითხოვოს ამგვარი ინფორმაციის საჯაროობა. ჩვენ ხომ ირანის მსგავს დახურულ საზოგადოებაში არ ვცხოვობთ?! ჩვენ გვსურს ავაშენოთ ღია და თავისუფალი საზოგადოება. საზოგადოება, რომელშიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და განცდა იქნება. საზოგადოება, რომელიც დაცული იქნება ყოველგვარი არასასიამოვნო "სიურპრიზებისა" და მოულოდნელობებისგან. ამდენად, ეს თემა, ვფიქრობ, ცალკე, საგანგებო კვლევის საგანი უნდა გახდეს და იმედი მაქვს, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" არ "დაიზარებს" და ამ თემისადმი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს დააკმაყოფილებს კიდეც.
მოამზადა ადა ექიზაშვილმა
|