ნანახია: 711
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, ბოლო მოუღოთ მოსახლეობის ძარცვას დაუსაბუთებლად მაღალი ტარიფებით ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში
ბატონო პრეზიდენტო! არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) სწავლობს ვითარებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად ვაცნობთ საზოგადოებას, მასმედიას და ვუგზავნით ოფიციალურ სტრუქტურებს. თქვენმა განცხადებამ, წამლების სიძვირესთან დაკავშირებით, განაპირობა ჩვენი დაინტერესება ანალოგიური ვითარებით ბიზნესის ბევრ სხვა სეგმენტში. მათ შორის, ფიჭური კავშირგაბმულობის სექტორში. "აფბა" ამთავრებს კვლევას ამ ბიზნესში ტარიფებისა და მათი კანონზომიერების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ფასები ფიჭური კავშირის საშუალებით სარგებლობაზე, მარტივად რომ ვთქვათ, მობილურიდან მობილურზე, ან ჩვეულებრივი ქსელიდან მობილურზე და პირიქით დარეკვაზე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ასოციაციის წარმომადგენლებმა ბევრჯერ გააკეთეს განცხადებები ამის თაობაზე პრესითა და ტელევიზიით, რასაც ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენელთა გაღიზიანება მოჰყვა. ისინი ფაქტებს უარგუმენტებოდ უარყოფენ. ხოლო კონკრეტულ კითხვებს არ პასუხობენ და ჩვენთან არ თანამშრომლობენ ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. შედეგად, ერთ კომპანიას - "ჯეოსელს" შესაბამისმა უწყებამ 101 მილიონი ლარი დაარიცხა გადასახდელად, ხოლო მეორეს - "მაგთის" ამდაგვარიც ვერავინ გაუბედა, რამეთუ მისი ფაქტობრივი მეპატრონე (ჩვენ არ ვიცით რეალურად არის თუ არა ის მეპატრონე, არსებული კანონმდებლობის თანახმად, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია) ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძეა. აღნიშნული კომპანიები სარგებლობდნენ რა დღემდე უპირობოდ მონოპოლიური მდგომარეობით, ფაქტობრივად კარტელური ფასების მეშვეობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ტარიფით ბოლო თეთრებსა და ლარებს უღებენ ჯიბიდან ჩვენს ისედაც მძიმე სოციალურ ყოფაში ჩავარდნილ თანამოქალაქეებს. არადა, დღეს მობილური ტელეფონით სარგებლობა ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ავადმყოფისთვის წამალი. თქვენ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების გაიაფებისკენ მოუწოდეთ. გთხოვთ გაეცნოთ ვითარებას ამ სფეროში და ჩვეული პრინციპულობით დააყენოთ საკითხი, რათა საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ფიჭური კავშირგაბმულობის საშუალებებით რეალური და სამართლიანი ტარიფის საფუძველზე და შეწყდეს ამ გზით მოსახლეობის ძარცვა, მავანთა ჯიბეებში მილიარდების დალექვა. ბატონო პრეზიდენტო! ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები უარყოფენ თვალნათელ ფაქტებს. თუმცა, რადიო "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში კავშირგაბმულობის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტარიფები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში და დაუსაბუთებლად მაღალია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ მოსაზრებას იზიარებენ შესაძლებელია ბიზნესსტრუქტურებმა განახორციელონ ზეწოლა. გთხოვთ, დაიცვათ აღნიშნული სტრუქტურა მძლავრი და გავლენიანი ბიზნესორგანიზაციების ზეწოლისგან. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ორშაბათს 1 თებერვალს, მოაწყობს კავშირგაბმულობის ტარიფებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაციას. კვლევის შედეგებს დიდი პატივისცემით გაახლებთ. უღრმესი პატივისცემით "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია"
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) განცხადება
ამა წლის 1 თებერვალს, თბილისში თაბუკაშვილის #4-ში შედგება პროექტის -"ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში" - შედეგების პრეზენტაცია. მასმედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ.
აფბა
|