ნანახია: 565
"ბანკები და ფინანსების" წინა (217) ნომერში დავინტერესდით, რა დაუჯდა სახელმწიფოს ?ვროპული ახალი წლის მოწყობა თბილისსა და ბათუმში. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მავანს პიარაქციად ქცეული საახალწლოდ ბათუმში ხოსე კარერასის მოწვევა და სხვა უამრავი ღონისღიების მოწყობა, რამდენიმე მილიონით შეუთხელებდა ჯიბეს. ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, თუ რომელი სახელმწიფო სტრუქტურიდან დაფინანსდა ეს ღონისძიებები და რამდენად მიზანშეწონილი იყო ასეთი ხარჯების გაწევა ქართული სახელმწიფოსთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ღონისძიებები არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ დაუფინანსებია, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არც ჩვენი გაზეთის რესპოდენტებს დაუდასტურებიათ და ვერც ქართული პრესის სხვა წარმომადგენლებმა მოიპოვეს სრულყოფილი პასუხი. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივნის და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლამაზად შეხვდა ახალ წელს. რაც შეეხება ხარჯებს, მელიქიშვილის განცხადებით, სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიებების ორგანიზატორებს უნდა ჰქონდეთ. ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც. "ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი დაიხარჯა საახალწლო ღონისძიებებში, ჯერჯერობით ხელთ არ გვაქვს. ისე კი, საშობაო–საახალწლო დღესასწაულებისთვის ბათუმის ბიუჯეტში 391 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხაში შედიოდა ქალაქის მორთვა, განათება, აქსესუარები, სადღესასწაულო ღონისძიებები. 50 ათასი ლარი კი ცალკე გამოიყო ფეიერვერკებისთვის. რაც შეეხება კონცერტს, პრეზიდენტმა კი თქვა, ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყოო, მაგრამ ბათუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაცილებით მეტი დაიხარჯა. ყველა სხვადასხვა ციფრს ასახელებს – 5 მილიონს, 7 მილიონს და ა.შ. ამ თვის ბოლოს საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარდეს და იმედია, ყველაფერი გაირკვევა”, – ამბობს ჩავლეიშვილი. საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით კი, გაწეული ხარჯები სრულიად ზედმეტი იყო. მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ამბობს, რომ "ერთი და ორი მილიონი ნამდვილად არ იქნებოდა". "მართალია, ბათუმში გამართული კონცერტი ძალზე თვალწარმტაცი იყო, მაგრამ არა მგონია, ეს კონცერტი ხალხის კეთილდღეობაზე ყოფილიყო გათვლილი. სახელმწიფოს, სადაც ერთ მილიონამდე კაცი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, საკონცერტოდ საქმე არ აქვს. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა ომი და დაკარგა ტერიტორიები. ვფიქრობ, ამ ქვეყნის მოსიყვარულე ხელისუფალს განწყობაც ადეკვატური უნდა ჰქონდეს". ოფიციალურად გამოქვეყნებულ ციფრებს ეჭვქვეშ აყენებს "რესპუბლიკური პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურმან დუმბაძეც.
"ექსპერტები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, ვინც ამ სფეროში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებებში ათჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული, ანუ დაახლოებით 12–15 მილიონი ლარი. ზუსტი ციფრი კი არავინ იცის იმიტომ, რომ ვერც ქალაქის ბიუჯეტში ამოვიკითხეთ, ვერც სახელმწიფოს ბიუჯეტში და ვერც ვერსად. ცხადია, ხოსე კარერასი აქ მუქთად არ ჩამოვიდოდა. როგორც ამბობენ, მისი ჩამოყვანა ჩვენს ბიუჯეტს სულ მცირე 100 ათასი ევრო დაუჯდა", – ამბობს დუმბაძე.
|