აღსრულების ეროვნული ბიურო შვედურ გამოცდილებას მიიღებს » ბანკები და ფინანსები

აღსრულების ეროვნული ბიურო შვედურ გამოცდილებას მიიღებს

მთავარისაზოგადოება 15.01.2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს წარმომადგენლები, საერთაშორისო კოორდინატორი ლარს კლიენტი და აღსრულების უფროსი სვენ კილჰგრენი იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობა მიმოიხილეს და სამომავლო მხარდაჭერის საკითხებზე შეთანხმდნენ. ქართულ და შვედურ მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევა მოხერხდა. შვედმა კოლეგებმა საქართველოს აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს სააღსრულებო სისტემის დახვეწასა და საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხთან დაკავშირებით, დახმარება აღუთქვეს. შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის შესახებ საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მაღრაძე გვესაუბრება.

- ბატონო ლაშა, რა იყო შვედეთის სააღსრულებო სისტემის წარმომადგენელთა ვიზიტის მთავარი მიზანი და რა საკითხები განიხილებოდა ამ შეხვედრებზე?

- 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. ამ მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ის, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაუკავშირდა შვედეთის აღმასრულებელთა გაერთიანებას და, აქედან გამომდინარე, შეირჩნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც უნდა იმუშაონ ჩვენთან ერთად სააღსრულებო სისტემის რეფორმის პროექტის შექმნაზე. ეს ადამიანები შვედეთის აღმასრულებელთა სააგენტოს წარმომადგენლები საერთაშორისო კოორდინატორი ლარს კლიენტი და აღსრულების უფროსი სვენ კილჰგრენი არიან. ისინი ჩვენთან ახლახანს იმყოფებოდნენ. შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იყო. შვედური მხარე ჩვენს სააღსრულებო სისტემას, დანერგილ სიახლეებს და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. ანალოგიურად, ჩვენთვის საინტერესო იყო შვედეთის სააღსრულებო სისტემა და, კონკრეტულად, მათი მოვალეთა რეესტრი. როგორც იცით, მოვალეთა რეესტრი ჩვენთან უკვე ფუნქციონირებს და ჩვენი მიზანი მისი განვითარება და შემდგომი სრულყოფაა. დასავლეთევროპული ქვეყნებიდან კი ყველაზე კარგად განვითარებული სისტემა, მოვალეთა რეესტრის სფეროში, შვედეთს აქვს. შესაბამისად, ამ სფეროსთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაციის მიღება სწორედ შვედური მხარისგან გვინდოდა. შეხვედრების შედეგად განისაზღვრა კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. პირველი სფერო, ესაა ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ჩამოყალიბება და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. აქ იგულისხმება ამ მიმართულებაში მომუშავე კადრების განათლების, კვალიფიკაციის ამაღლება და კონკრეტული სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა, რომლითაც განისაზღვრება ადამიანური რესურსების სამმართველოს ფუნქციები და მისი განვითარების სისტემა. ინტერესის მეორე სფეროა მოვალეთა რეესტრი, მისი მაღალ დონეზე ჩამოყალიბება და შვედური მოდელის გათვალისწინება. მნიშვნელოვანი საკითხი იყო აუქციონების პროცესის კიდევ უფრო გამარტივება და ამ საკითხში, მეტი გამჭვირვალეობის დამკვიდრება. აქ ჩვენს სააღსრულებლო სისტემაში ონლაინ-აუქციონების სისტემის დანერგვაც იგულისხმება. ვისაუბრეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტის გაძლიერების საკითხზეც. ამ მიმართულებით ვგეგმავთ ტრენინგების ჩატარებას, როგორც აღმასრულებლებისთვის, ასევე კანცელარიის თანამშრომლებისათვის. ვთვლით, რომ საჭიროა პრევენციული საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა ხალხმა მეტი გაიგოს ჩვენს შესახებ და მათი ინტერესი, აღსრულების ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული.

- ვიზიტის ფარგლებში რა კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა მოხდა?

- ჩვენ შევთანხმდით სააღსრულებო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის დახვეწის, სრულყოფის და მის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებთან დაკავშირებით. შეთანხმებას მივაღწიეთ აღმასრულებლებისთვის კონკრეტული სახელმძღვანელო წიგნის შექმნის საკითხზეც. აღნიშნულ სახელმძღვანელოში განისაზღვრება, თუ როგორ უნდა იმუშაოს აღმასრულებელმა, როგორ შეიძლება მსურველი ამ სისტემის თანამშრომელი გახდეს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ეთიკის რა ნორმები უნდა დაიცვას და ა.შ. შვედი კოლეგები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას მიაწვდიან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, ამ პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს. სანამ ჩვენსა და შვედურ მხარეს შორის ხელშეკრულებები გაფორმდება, ჩვენი შვედი კოლეგები საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებას გეგმავენ, რათა კიდევ უფრო კონკრეტულად დავილაპარაკოთ და ჩამოვყალიბდეთ ურთიერთთანამშრომლობის ძირითად სფეროებთან დაკავშირებით. უნდა განვსაზღვრეთ მათი განხორციელების მექანიზმები და ვისაუბრეთ წმინდა ტექნიკურ საკითხებზე. ხელშეკრულება შვედ კოლეგებთან და შვედეთს განვითარების საერთაშორისო სააგენტოსთან სწორედ ამ შეხვედრაზე გაფორმდება. აქედან გამომდინარე, უკვე მოხდება კონკრეტული პროექტის შექმნა და შვედური მხარე სწორედ ამის შემდეგ გამოყოფს თანხებს, რაც აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იქნება საჭირო. პროექტი აქტიურად 2010 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. იგეგმება ჩვენი საპასუხო ვიზიტი შვედეთშიც, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა უფრო ღრმად შევისწავლოთ შვედეთის სააღსრულებო სისტემა, გავეცნოთ მათ მოვალეთა რეესტრს და შვედეთის სააღსრულებო სისტემაში არსებული საინტერესო მოდელები დავნერგოთ ჩვენთანაც.

- ჰქონდათ თუ არა შვედ კოლეგებს სააღსრულებო სისტემასთან დაკავშირებით, რაიმე სახის შენიშვნები და თუ მიიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები?

- ჩვენთან და შვედეთში სააღსრულებო სისტემები სხვასდასხვაგვარადაა მოწყობილი. ფუნქციური თვალსაზრისით, აღმასრულებლების საქმიანობა იქ ჩვენის იდენტურია, თუმცა, პროცედურული თვალსაზრისით, შვედური მხარე რაიმე შენიშვნების ან კომენტარების გაკეთებას ერიდება. რეალურად კი ქართული მენტალიტეტი შვედურისაგან რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად, მოდელიც სხვაა. ჩვენთან აღსრულების ეროვნული ბიურო თუ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია და არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შვედეთის აღსრულების სააგენტო საგადასახადო სამსახურის შემადგენლობაში შედის. ანუ, იქ აბსოლუტურად სხვა ორგანოს დაწესებულებად ითვლება. შვედური გამოცდილების გაზიარების პარარელურადაც უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობის ევროპულ სისტემაზე გადასვლის პროცესს აგრძელებს. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ევროკავშირის, გაეროს პროექტებთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან. დანერგილია უამრავი სიახლე, რომელსაც ბიუროს თანამშრომლები მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის წარმოებისა და მოვალეთა რეესტრის ელექტრონული პროგრამა საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უკვე დანერგა. ასევე, შეიქმნება კანცელარიის, არქივისა და კადრების პროგრამები. მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ეროვნული ბიურო მასშტაბურ კონფერენციას გამართავს, რომელსაც აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანების წევრები, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან.

არჩილ კაიკაციშვილი


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}