ნანახია: 779
როგორ ხარჯავს საბოუჯეტო სახსრებს სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი
ქრისტიან-დემოკრატები და ნაციონალები საბიუჯეტი სახსრებს შეხმატკბილებულად ინაწილებენ
ვინც სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის ფონდის საქმიანობის შესახებ გაზეთ ”ბანკები და ფინანსებში” (#208) გამოქვეყნებული მასალა წაიკითხა, ალბათ, ემახსოვრება ჩემი და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ბატონი ირაკლი ყიფშიძის კითხვა-პასუხი, ფონდის მიერ პირველი საგრანტო კონკურსის შემდეგ გაცემულ გრანტებზე და გამარჯვებულების გამოვლენისას სამეთვალყურეო საბჭოს ობიექტურობაზე. ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, რომ ფონდის მიერ პირველი საგრანტო კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა გამარჯვებულთა გამოვლენა და რამდენად ობიექტურად მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებზე გრანტების გაცემა. მაშინ ბატონმა ირაკლი ყიფშიძემ კატეგორიულად უარყო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველგვარი მიკერძოებულობა, შეურაცხყოფადაც კი მიიღო მოსაზრება, რომ შეიძლებოდა ფონდს ტენდენციური გადაწყვეტილება მიეღო და პირიქით, ბრალი მე და კიდევ ქართველების იმ ნაწილს დაგვსდო, რომლებიც, თურმე, ნებისმიერ კონკურსსა თუ შეჯიბრობითობის პრინციპზე აგებულ აქტივობებში წარუმატებლობის მიზეზებს გადაწყვეტილებების მიმღებთა უსამართლობაში ვეძებთ და არა საკუთარ შეცდომებში.
მას შემდეგ თითქმის 3 თვე გავიდა და ამ პერიოდში სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდმა მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადება და გამარჯვებულების გამოვლენაც მოასწრო. დავინტერესდით, ამჯერად მაინც, როგორ ჩატარდა კონკურსი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ ორგანიზაციების მცირე ნაწილის შესახებ, რომლებმაც პირველ თუ მეორე კონკურსში გაიმარჯვეს და შემდეგ მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად ობიექტურად ჩატარდა კონკურსები. ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით. კერძოდ, 2009 წლის 11 მაისის #233 ბრძანებულების საფუძველზე. ფონდი ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან. მიუხედავად ამისა, ფონდი დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, კერძოდ, ფონდის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურაა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც კომპლექტდება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. სამეთვალყურეო საბჭო შედგება წევრებისგან და თავმჯდომარისგან. ფონდი ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი და გამორიცხავს მის მართვაში გარეშე პირების ჩარევას. (ბარაქალა ამის დამწერს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბოლო წინადადებაა, - შ.ბ.)
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: დავით აფრასიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ნათია ანასტასიადი მაგდალინა ანიკაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილი ირაკლი ყიფშიძე
პირველ რიგში, რაც ორივე კონკურსში გამარჯვებულთა ჩამონათვალის ხილვისას თვალში მოგხვდებათ ისაა, რომ თუკი პირველ კონკურსში 65 გამარჯვებული გამოვლინდა, საიდანაც 42 საინიაციატივო, ხოლო 23 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, მეორე ეტაპზე მხოლოდ 26 პროექტი დაფინანსდა, აქედან 18 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო 8 არასამთავრობო ორგანიზაცია. ამასთან, თუკი პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების 65% რეგიონული იყო, მეორეზე ეს მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა და დანარჩენი პროექტები თბილისში ხორციელდება.
როგორც პირველ, ასევე მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა კავშირმა ”ქრისტიან დემოკრატი ქალები". მათ ჯერ განახორციელეს პროექტი სახელწოდებით, "ქალი ლიდერი _ პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები", ხოლო მეორე ეტაპზე პროექტი, "გურიის ქალთა რეგიონალური ქსელი". "ქრისტიან დემოკრატი ქალები" პოლიტიკური პარტიის ქრისტიან-დემოკრატების სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და ამ ორგანიზაციის გამარჯვება, თანაც ორივე კონკურსში იმ პირობებში, როცა გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაგდალინა ანიკაშვილი, პრინციპული ოპოზიციონერი უპრინციპო მმართველი ძალის წარმომადგენლებთან და მათ სატელიტებთან ერთად, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ტენდენციურობას ჰქონდა ადგილი. ჩნდება ეჭვი, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვა პარტიული და არა სახელმწიფოებრივი ინტერესების ნიშნით ხდება. კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, რომელმაც განახორციელა პროექტი "საქართველოს ახალგაზრდობის ნაციონალური კვლევა". თავისთავად, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ალეკო სილაგაძე, რომელიც არის სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, "საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს" ვებ-გვერდზე მითითებულია, როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრი. ამით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. როგორც ირაკლი ყიფშიძე იტყოდა, ეს ხომ საქართველოა და აქ უმრავლესობას, ვინც სხვადასხვა კონკურსსა თუ შეჯიბრობითობის პრინციპზე აგებულ აქტივობებში იღებს მონაწილეობას, წარუმატებლობის მიზეზებს გადაწყვეტილებების მიმღებთა უსამართლობაში ეძებს და არა საკუთარ შეცდომებში.
ორივე კონკურსის შედეგების ხილვისას მიიქცევს თქვენს ყურადღებას ის ფაქტი, რომ გამარჯვებულ ორგანიზაციებს შორის ჭარბობს ახალგაზრდული ორგანიზაციები და კერძოდ, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობები. საეჭვო ამაში ისაა, რომ, როგორც წესი, ჩვენთან, უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობები ნაციონალების ახალგაზრდული მოძრაობის ნაწილს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე, კონკურსებში მათი გამარჯვებაც არ უნდა იყოს გასაკვირი. კერძოდ, პირველ საგრანტო კონკურსში შემდეგმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა და პროექტებმა გაიმარჯვეს:
"ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომით გამოწვეული პრობლემების შემცირება სკოლაში" _ "სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი", რომლის გამგეობის თავმჯდომარე ქართული სამთავრობო ტელევიზიების თითქმის ყოველდღიური რესპოდენტი, ხელისუფლებასთან დაახლოებული ანდრო ბარნოვი. "ბავშვის უფლებათა სწავლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების "ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში''! "ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი". "ახალგაზრდული ცენტრი – "თანადგომა" _ საინიციატივო ჯგუფი "თემის ახალგაზრდობა – ტრადიცია, აწმყო, მომავალი" _ საინიციატივო ჯგუფი "საგანმანათლებლო დაწესებულება თვითმმართველობის როლის ზრდა" _ "გაერთიანებული სტუდენტური კავშირი" "სტუდენტური პორტალი" _ საინიციატივო ჯგუფი "საზოგადოებრივი ტრეინინგ ცენტრი" _ "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი" "სტუდენტური კუთხე" _ საინიციატივო ჯგუფი "წეროვანის ახალგაზრდული კლუბი" _ საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობები რეგიონებში" _ "საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი" "ახალგაზრდები რაიონის სამსახურში" _ საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება" – საინციატივო ჯგუფი ''საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი" _ საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდული საბჭო _ მედიატორი საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის" _ ახალგაზრდული მოძრაობა "ჩვენ თაობა" "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი" _ საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდები საქართველოს ნათელი მომავლისთვის'' _ საინიციატივო ჯგუფი ''ყვარლის მუნიციპალიტეტში ქართველი და არაქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია'' _ საინიციატივო ჯგუფი "ახალი ინიციატივა _ ახალგაზრდების განვითარებისთვის" _ საინიციატივო ჯგუფი ''თსუ ბიზნეს ოლიმპიადა" _ საინიციატივო ჯგუფი "საქართველოს ახალგაზრდობის ნაციონალური კვლევა" _ "საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო". რაც შეეხება მეორე საგრანტო კონკურსს, აქ შემდეგმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა და პროექტებმა გაიმარჯვეს:
''სტუდენტურ თარჯიმანთა კლუბი" _ საქართველოს ეკონომისტთა კლუბი ''კერძო უნივერსიტეტების თვითმმართველობის განვითარება" _ საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდა ჟურნალისტები" _ საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდული დისკუს კლუბი" _ საინიციატივო ჯგუფი "სტუდენტურ ორგანიზაციათა ცენტრი" _ საინიციატივო ჯგუფი "სტუდენტური განვითარების ცენტრი" _ საინიციატივო ჯგუფი "მედია სამართალი" _ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია"
განსაკუთრებული აქცენტი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ თვითმმართველობებზე კეთდება. გარდა თვითმმართველობების მიერ შეტანილი პროექტებისა, გამარჯვებულ პროექტებს შორისაა თვითმმართველობის წევრების მიერ სხვა ორგანიზაციების სახელით შეტანილი პროექტებიც. მაგალითად, ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის" პრეზიდენტი არის ირაკლი სამხარაძე, რომელიც, ამავდროულად, არის თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, მათი უმეტესობის განმახორციელებლები სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები არიან, რომელთა შესახებ ფონდის ვებ-გვერდი არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. აქ, ბუნებრივია, უფრო მარტივია ცალკეული პირებისთვის სასურველი პროექტების დაფინანსება, რადგან საინიციატივო ჯგუფების წევრი პირების ვინაობა უცნობია. რა სჯობს ახალგაზრდული ინიციატივების წახალისების ტენდენციას. მაგრამ არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ადამიანებია ძირითადად, ან ცოტა კიდევ ქრისტიან-დემოკრატების. ეს კი დაუშვებელია, ყველაზე ამაზრზენი ამდაგვარ ისტორიებში ისაა, რომ ახალგაზრდები ანგარებას არ უნდა მიაჩვიო ცხოვრების გზის დასაწყისში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონკურსში გამარჯვებული საინიციატივო ჯგუფების წევრების შესახებ საზოგადოებას არ მიეწოდა ინფორმაცია, ადვილად წარმოსადგენია, თუ რა ხდება "უსიერ ტყეში". მართალი იყო ბატონი ირაკლი ყიფშიძე, როცა ამბობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხშირად ვხვდებით ვითარებას, როცა სხვადასხვა კონკურსსა თუ შეჯიბრობითობის პრინციპზე აგებულ აქტივობებში მონაწილეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი წარუმატებლობის მიზეზებს ეძებს უსამართლობასა და გადაწყვეტილების მიმღებებში და არა საკუთარ შეცდომებში. დიახაც, შეცდომაა, როცა ჩვენს ქვეყანაში განაცხადი ვინმეს შეაქვს რომელიმე კონკურსში და არ არის მმართველი გუნდის, მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ან პირობითად ოპოზიციური პარტიის ან თავად ფონდის ადმინისტრაციის წევრი. რას იზამ, ეს ხომ საქართველოა. სადაც ყველაფერი ნაცნობობით და ჩვენიანის პრინციპით კეთდება, აბსულუტურად ყველაფერი. ბოლოს კი მინდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მივმართო, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა. ის, როგორც ბრძანებს, გაზეთებს არ კითხულობს, მაგრამ სარწმუნოდ ვიცი, რომ ეს ასე არ არის და ისედაც, მის გარშემო მყოფები ყველაფერს კითხულობენ. ბატონო პრეზიდენტო! თუ სწორად მახსოვს, თქვენ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის ფონდის შექმნის ინიციატივით დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში გამოხვედით და ფონდს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, მე კი დათა თუთაშხიასი არ იყოს, მოპარული და შენ რომ არ გეკუთვნის იმ ფულით გაკეთებული კეთილი საქმის არ მჯერა.
შოთა ბუჩუკური
|