DataLife Engine > უცხოური პრესა > რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ცოლ-ქმრის კინკლაობას გავს
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ცოლ-ქმრის კინკლაობას გავს17 ოქტომბერი 2008. : vale |
|
ომის შემდგომი საქართველო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უცხოელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ. საქართველოს თემას საკმაო ადგილი ეთმობა უცხოურ პრესაში. გავლენიანი უცხოური ჟურნალ-გაზეთების მთავარი თემა, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უფრო ნაკლები ემოციითა და ცივი გონებით უკეთებენ ანალიზს, ვიდრე ეს ჩვენთან ხდება. ასეთივე განწყობაა უცხოურ პრესაში. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები დასავლელი ანალიტიკოსების მოსაზრებებს მხოლოდ ცალმხრივად აცნობენ ქართულ საზოგადოებას. ამ ფონზე უნდა ითქვას, რომ უცხოურ პრესაში წარმოდგენილი პოზიციები ნამდვილად არაერთგვაროვანია.
პირველ რიგში გამოვეხმაურებით, The Independent -ში დაბეჭდილ სტატიას, რომელიც რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მოსაზრებებზე საუბრობს. რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ორიგინალური მოსაზრება აქვს ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს. მოსკოვის მერის იური ლუშკოვის საკმაოდ ახლო მეგობარი, რუსეთ-საქართველოს დღევანდელ დაპირისპირებას შეყვარებულთა კამათს ადარებს _ "ცოლი ძალიანაც რომ გიყვარდეს, ზოგჯერ, შესვენების აღება. სწორედ ასეთი რამ ხდება ახლა რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებში. მჯერა, ხვალ სიყვარული განახლდება და ის გუშინდელზე მგზნებარე იქნება". იმავე სტატიაში წარმოდგენილია რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველის, თინა კანდელაკის აზრი. სტატიის ავტორი, შონ უოლკერი აცხადებს, რომ ის გაოცებული დარჩა, როცა რუსეთის ტელევარსკვლავის, თინა კანდელაკის, საუბარში ვერ შეამჩნია წყენა მედვედევისა და პუტინის მიმართ, რომელთა საოკუპაციო ჯარებმაც მისი სამშობლოს დაპყრობა სცადეს. ქართველი ტელევარსკვლავის გულისწყრომის ერთადერთი ობიექტი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც, როგორც კანდელაკი აცხადებს, ისტორიაში მიხეილ დამანგრეველის სახელით შევა. "სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ ომის დასაწყებად. რა თქმა უნდა, რუსეთის პასუხი შეუსაბამო იყო. თუმცა, ყველაფერში დამნაშავე მაინც სააკაშვილია", _ აცხადებს კანდელაკი. იგი საქართველოს პრეზიდენტს დიქტატორობასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "რუსეთში მედია გაცილებით თავისუფალია, ვიდრე "დემოკრატიულ" საქართველოში". შონ უოლკერის სტატია ისევ თინა კანდელაკის კომენტარით სრულდება, _ "სააკაშვილის პროდასავლური ორიენტაცია, რასაკვირველია, დროებითია, რადგან რუსეთი საქართველოსთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ამერიკა. რუსეთ-საქართველოს ერთმანეთთან საუკუნოვანი კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. თუ ჩვენ გვინდა ბედნიერება, რუსეთთან უნდა დავამყაროთ კავშირი. ამას ყველა ხვდება, სააკაშვილის გარდა". უაღრესად საინტერესოა, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პოზიცია, რომელიც Financial Time-მა და The Independent-მა გაავრცელა. ბრიტანელი მკვლევარები ნატოს ურჩევენ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებით, აუტკივარი თავი არ აიტკიოს და ნატოს გამეზობლების შიშით გაღიზიანებული რუსეთი უფრო მეტად არ გააღიზიანოს. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო (!) ქმედებამ, როცა მან ძალის გამოყენებით მოინდომა სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლის აღდგენა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შანსი შეამცირა. რაც შეეხება უკრაინას, მისი ალიანსში მიღების მიზანშეუწონლობის არგუმენტად, ბრიტანელებს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ნატოსადმი არაერთსულოვანი დამოკიდებულება მიაჩნიათ. ანგარიშში ასევე საუბარია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების აზრთა სხვადასხვაობაზე. გასულ კვირას Washingtonpost-ის ფურცლებზე დაიბეჭდა კოსოვსოს ყოფილი პრემიერმინისტრის, რამუშ ჰარადინაის ვრცელი ანალიტიკური სტატია, რომელიც რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებასა და ქართულ-კოსოვურ პარალელებს მიეძღვნა. "რა არის საერთო კოსოვოსა და საქართველოს შორის?" – სვამს კითხვას სტატიის ავტორი და იქვე პასუხობს - "დიდ მეზობლებს სურთ მათი გაქრობა". ავტორი რუსეთის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და აცხადებს, _ "რუსეთის დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობისადმი მეტად ცვალებადია. დიახ _ სერბეთისთვის და არა _ საქართველოსთვის; დიახ _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის და არა _ კოსოვოსთვის." რუსეთისა და სერბეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ რამუშ ჰარადინაი წერს, _ "რუსეთი ახლა დაინტერესებულია, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის უგულებელყოფით, თუმცა იმავეს ვერ გააკეთებს სერბეთი. მისი, როგორც რუსეთზე პატარა და სუსტი ქვეყნის არჩევანი, მეტად მარტივია. მან უკვე მიმართა იმ მეთოდებს, რაც რუსეთმა გასულ თვეს საქართველოში გამოიყენა. ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ბელგრადის მიერ წარმოებულმა ომმა, რომელიც კოსოვოში ათი წლის წინ დასრულდა, იუგოსლავიის დაშლა გამოიწვია. საბოლოოდ, სერბეთმა უნდა აირჩიოს ევროპა და კოსოვოსთან თანამშრომლობის გზა, იგი მეტად აღარ უნდა ენდოს რუს მეგობარს. სტატიის ბოლოს ავტორი წერს, _ "საქართველო გამოცდაა დასავლეთისათვის, როდესაც რუსეთმა საქართველოში შეჭრა გადაწყვიტა, იგი უყურადღებოდ მოიქცა და, ისევე, როგორც თვითონ თბილისი, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ერთი რამ ნათელია _ ევროპა დიდხანს ორჭოფობდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ კი ბევრჯერ გვინახავს, რომ ყოყმანი მშვიდობის მტერია. ახლა დროა, დასავლეთი მტკიცედ დადგეს. მან ეს უნდა გააკეთოს საქართველოსთვის, კოსოვოსა და საკუთარი თავისთვის". საქართველო-რუსეთის ომია გავლენიანი ბრიტანული The Economist-ის ინტერესის საგანი. ამ გამოცემაში დაბეჭდილ სტატიაში მოცემულია ქართული მხარის პოზიცია, _ "სააკაშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ ომი მას არ დაუწყია. ქართველები ავრცელებენ სამხილებს, მათ შორის სატელეფონო ჩანაწერებს იმის საჩვენებლად, რომ დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცები როკის გვირაბით შევიდნენ სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს - დიდი ხნით ადრე, ვიდრე ქართველები დაიწყებდნენ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის დაბომბვას. სააკაშვილი ირწმუნება, რომ დაბომბვა განხორციელდა ოსური მხარის მიერ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მიესალმება გამოძიებას იმის დასადგენად, თუ როგორ დაიწყო ომი, იმასაც ამბობს, რომ პირველმა მოითხოვა ასეთი გამოძიების დაწყება", - წერს The Economist, თუმცა, სტატიის შემდგომ ნაწილში საუბრობს დასავლეთის პოზიციაზე, რომელიც ქართველებს შეიძლება ცოტა უცნაურად მოგვეჩვენოს, _ "დასავლეთში მაინც შეშფოთებული არიან საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯებით. უფრო ადრე რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთში შედიოდნენ?" ამ გამოცემის ინფორმაციით, ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ხაფანგში გაება - არასწორად გათვალა, რომ შეეძლო სამხრეთ ოსეთის აღება, ვიდრე რუსეთის ჯარები დამატებითი ძალით შეივსებოდნენ. საქართველოსა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საყურადღებო სტატია დაიბეჭდა ამერიკულ News Week - ში, საინტერესო სათაურით _ "დასავლეთი აქებს საქართველოს, როგორც დემოკრატიას. მაგრამ, არის კი ის დემოკრატია?”. ავტორი მაიკლ ფრიდმენი სტატიის დასაწყისში აქვეყნებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ სარა პეილინის და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ მაკკეინის განცხადებებს, საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის შესახებ, თუმცა, იქვე მიუთითებს განსხვავებულ შეფასებებზე. ფრიდმანს მაგალითად მოჰყავს "ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიულობის თვალსაზრისით იმავე ჯგუფშია მოხვედრილი, სადაც ვენესუელა და ნიგერია. სტატიის ავტორს ამერიკელი პოლიტოლოგის ლინკოლნ მიჩელის შეფასებაც მოჰყავს, რომ საქართველოში დემოკრატია სახელმწიფოსა და პარტიის ზედმეტი სიახლოვის გამო ზარალდება. მიუხედავად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიღწეული დიდი ეკონომიკური წინსვლისა, სასამართლო სისტემა სუსტია, აღმასრულებელი ხელისუფლება - ცენტრალიზებული". საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მასალებია ფრანგულ პრესაშიც. აქ, ძირითადად, განხილულია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ევროკავშირის პოლიტიკის გავლენა. ჟურნალი NOUVEL OBSERVATEUR 11 სექტემბრის საერთაშორისო მიმოხილვაში წერდა, - ,,შეიძლება თუ არა ევროკავშირის პოლიტიკის გამარჯვება ვუწოდოთ იმას, რაც სარკოზის ჩარევას მოჰყვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში? ალბათ, არა. მაშინ, როცა აფხაზეთისა და ოსეთის იურიდიული სტატუსი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ევროკავშირმა და მასთან ერთად საფრანგეთის სახელმწიფომ მშვიდობის გარანტის როლი იკისრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის სახელმწიფო პასუხისმგებელია საქართველოს მხრიდან ყოველგვარ აგრესიაზე. Aამ პასუხისმგებლობის აბსურდულობა კარგად ესმით პარიზშიც, ბრიუსელშიც და მოსკოვშიც... ევროკავშირს კი მოუწევს, ისეთი გამოსავალი იპოვოს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო პოლიტიკაში სიტუაციას დაასტაბილურებს". იმავე თემას ეხება პარტიკ ფლუკიგერი გაზეთ L'ALSACE -ში დაბეჭდილ სტატიაში. ,,ვინ დაიჯერა თითქოს ნიკოლა სარკოზი დიდი დიპლომატია? თავის ქვეყანაში იგი დინამიკური, კატეგორიული და ზოგჯერ დაბნეული პრეზიდენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი კი უფრო მოზომილ და ფრთხილ პოლიტიკას ატარებს. მოსკოვში ვიზიტისას, მან რუსული მხარე საქართველოდან ჯარების გაყვანის თარიღზე შეითანხმა. თუმცა, ეს ,,გამარჯვება" ბუტაფორიულია, რადგან საქართველოდან დადგენილ ვადაში არც ჯარები გასულან და აფხაზეთისა და ოსეთის მომავალიც ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული". ყოველდღიური ფრანგული გაზეთი le figaro პირველი იყო ფრანგულ პრესაში, რომელმაც რუს ნავთობმაგნატთან, მიხეილ ხაბარკოვსკისთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა. ხაბარკოვსკის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის მიტაცებისვის 7 წელი აქვს მისჯილი და სასჯელს ციმბირის ერთ-ერთ ციხეში იხდის. ვრცელ ინტერვიუში იგი შეეხო ზოგადად რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ასევე საქართველოს თემას. ხაბაროვსკი საქართველოში რუსეთის საომარ კამპანიას საკმაოდ საინტერესოდ აფასებს,- "ბოლო დროს, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხუთდღიანმა ომმა კავკასიაში და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას და ზოგადად, რუსეთის ლიბერალიზაციის პროცესს დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა, ამ მოსაზრების სისწორეში ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული. რუსეთსა და დასავლეთს შორის რკინის ფარდის დაშვება შეუძლებელია, რუსულ ელიტას ამის არც სურვილი და არც იდეოლოგია არა აქვს. პირიქით, ამ ნაბიჯმა რუსეთი და დასავლეთი შეიძლება კიდევ უფრო დააახლოვოს. კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირის პრეზიდენტის ჩარევაც არ იყო შემთხვევითი", _ განაცხადა ხაბაროვსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად მკაცრი პოზიცია დაიჭირა ევროპამ რუსეთთან მიმართებაში, ხაბარკოვსკიმ უპასუხა: ,,როცა რუსეთი დამნაშავეა, ევროპამ მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა მიუთითოს,Aარ უნდა შეეშინდეს იმის, რომ რუსეთს გაზი და ნავთობი აქვს. თავად რუსეთიც დაინტერესებულია, ჰყავდეს სტაბილური მომხმარებელი. გადაჭრით არ ვამბობ, რომ ამ ომში რუსეთი დამნაშავეა, თუმცა, ზოგიერთი ჩემი თანამემამულის ვაიპატრიოტული ღრიალის მოსმენა, უბრალოდ, აუტანელია" ნინო მაჭარაშვილი; თათია არაბიძე |