DataLife Engine > უცხოური პრესა > მსოფლიო პრესა

მსოფლიო პრესა


23 დეკემბერი 2008. : vale
საქართველოს რთული ზამთარი ელის - ასეთ დასკვნამდე მიდის ბრიტანული The Economist-ის ჟურნალისტი, რომელმაც ღრმად ჩაიხედა ომგამოვლილი საქართველოს საშინაო საქმეებში. ამ ავტორიტეტულ გამოცემაში ისე ზუსტად არის ასახული ქართული საზოგადოების განწყობები, რომ ბევრ ადგილობრივ გაზეთსაც კი შეშურდება. საქართველო ამერიკული The Wall Street Journal-ის წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი თემაც გახდა, გაზეთის რეპორტიორი, გრიგორი კარასინი თავის სტატიაში სათაურით - ‘რუსეთი საქართველოში გონივრულად მოქმედებდა", საქართველოს მთავრობას აგვისტოს მოვლენების შეფასებებში უწევს ოპონირებას. ამ ფონზე, საყურადღებოა ფრანგულ le monde-ში გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც საუბარია ევროპის პოზიციაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ავტორი ევროპას ურჩევს, ‘უკრაინელებსა და ქართველებს იმედი არ უნდა მოვუკლათ, მაგრამ ამასთანავე, რუსეთიც არ უნდა განვარისხოთ". სერიოზული გეოპოლიტიკური მსჯელობა შემოგვთავაზა ამერიკულმა The Christian Science Monitor -მა. ამ გაზეთში ავტორი აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებზე საუბრობს. ეს თემა რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში საქართველოსთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.


რთული ზამთარი საქართველოში
The Economist, ბრიტანეთი
საქართველოში, მკაცრი ზამთარი ნელა-ნელა ფეხს იკიდებს. ახალგორში რუსული ჯარები კვლავ რჩებიან. ის 30 ათასიDდევნილი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთი დატოვა, სახელმწიფოს მიერ აშენებულ კოტეჯებში სახლდება. საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, კახა ლომაია აცხადებს, რომ ხელისუფლების დროის 80-90%, რუსული ანექსიის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ხმარდება.
ბატონი ლომაია დიდ სამთავრობო გადანაცვლებებში სულ ახლახან მოჰყვა. საქართველოს ჰიპერ-ენერგიული პრეზიდენტი, ქვეყანაში მის ძალაუფლებას ანახლებს. მან ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები პოსტიდან გაათავისუფლა. სააკაშვილის მმართველობის მეხუთე წლის თავზე ქვეყანაში მეექვსე საგარეო საქმეთა მინისტრი დაინიშნა. ამჟამად, ის გრიგოლ ვაშაძეა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ახლაც ხელუხლებელია.
ოპოზიციას, რომელიც ახლა უფრო მიზანდასახული ჩანს, ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი შეუერთდა. აფხაზებისთვის სასურველი პარტნიორი და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ირაკლი ალასანია გადადგა. ალასანიას ამგვარი გადაწყვეტილება ოპოზიციისთვისაც ხელსაყრელია.
ყველაზე მეტი ხმები, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ირგვლივ ირხევა. ეს ქალბატონი 2003 წლის ‘ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემოქმედია. მასში ყველაზე მეტად გაწონასწორებულობა მოსწონთ. ქალბატონი ბურჯანაძე იმ ვირტუალურ საქართველოზე საუბრობს, რომელში ცხოვრებასაც ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს. ბურჯანაძის პოლიტიკური მიზნები ჯერ ბუნდოვანია. კითხვაზე, როგორ უნდა გააუმჯობესოს საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები, ის პასუხობს, რომ დიპლომატია, დიალოგი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პრობლემის მოგვარებაში დადებითი შედეგების მიღწევის ყველაზე კარგი საშუალებაა.
საქართველოს ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი, ხელისუფლებას სკანდალით ტოვებს. მან პარლამენტში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის წინაშე პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი დასდო, რომ ის ომისთვის წლის დასაწყისიდან ემზადებოდა და მან უარყო რუსი კოლეგის, დიმიტრი მედვედევის შემოთავაზება, მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით.
კიწმარიშვილის ჩვენება ხელისუფლებისთვის საზიანო უფრო იმიტომ აღმოჩნდა, რომ ის ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა (ეს ტელევიზია პროსამთავრობო საინფორმაციო მიმართულებას ატარებს).
ამჟამად, ოპოზიციის ლიდერები ახალ ვადამდელ არჩევნებს აღარ ითხოვენ. უფრო მეტად, ისინი იმ თავისუფალი მედიასივრცის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ დებატებს უზრუნველყოფს. ამასთან, მათი მოთხოვნით, საარჩევნო სისტემა, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილს არჩევნები ორჯერ მოაგებინა, სახელისუფლო კონტროლისგან უნდა განთავისუფლდეს.
ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერი, ივლიანე ხაინდარავა ამბობს, რომ ხალხს უფლება აქვს გამოხატოს თავისი აზრი აგვისტოს მოვლენების მიმართ და როგორც წესი, ეს არჩევნებზე უნდა მოხდეს. თუმცა, აქვე აკონკრეტებს: ‘თუ არჩევნები იმ მედიასაშუალებებით, საარჩევნო კომისიით და სასამართლოთი ჩატარდა, რომელიც ახლა გვაქვს სახეზე, ახალი არჩევნების ჩატარება ყოველგვარ აზრს მოკლებულია."
ამგვარად, საქართველოში პოლიტიკური ალიაქოთია. დედაქალაქს მიღმა, მთელს ქვეყანაში პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა ხალხის მხარდაჭერას კარგავს. თუმცა განწყობა უფრო დაბნეულია, ვიდრე რევოლუციური. მეჯვრისხევის ერთ-ერთი ფერმერი ამბობს, რომ წლის დასაწყისში, სოფლის 80% მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ აძლევდა ხმას. დღეს კი, ხალხში სიმართლის აღიარებისა და შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენის მოთხოვნაა.


რუსეთი საქართველოში გონივრულად მოქმედებდა

The Wall Street Journal, აშშ

2 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ‘საქართველოს მოქმედება თავდაცვა იყო", საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მსჯელობა დეზინფორმაციითა და ტყუილი ბრალდებებით იყო სავსე. ეს არის სიმართლის უარყოფის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომელსაც უკვე დამოუკიდებელი დამკვირვებლები ჰფენენ ნათელს. კონფლიქტის დაწყების მიზეზების ფაქტებმა უარყვეს ქართული მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ ცხინვალზე შეუბრალებელი თავდასხმა თავდაცვითი ზომა იყო. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (Amnesty International) ასევე რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეჭვქვეშ დააყენეს მიხეილ სააკაშვილის არგუმენტები, რითაც იგი სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას ამართლებს. ეჭვი არ არის, რომ ნებისმიერი საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაცია დაასკვნის: იმაზე, რაც აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა, პასუხისმგებელი თბილისის რეჟიმია.
რუსეთს სურს წინ წავიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ყველამ გააცნობიეროს კავკასიის რეალობა. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და საქართველოსათვის აუცილებელია მშვიდობა, სტაბილურობა და ნორმალური ურთიერთობები. აგვისტოს ტრაგედია არ უნდა განმეორდეს.
საქმე ეხება არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას: კონფლიქტმა აშკარა გახადა არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარობა უსაფრთხოების სფეროში. შედეგად პრეზიდენტი მედვედევი გამოვიდა შეთავაზებით, შეიმუშაონ ახალი შეთანხმება ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და უკვე მუშაობს კიდეც ამაზე. რუსეთი მზადაა ჩვენი საერთო, უფრო სტაბილური მომავლისათვის ფუნდამენტის შექმნისას ითანამშრომლოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, აშშ-ს ჩათვლით.


საქართველოსა და უკრაინისათვის გაწვდილი ხელი

le monde, საფრანგეთი


მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ‘ველიკაია დერჟავას" სტატუსი, მისი ურთიერთობა ევროკავშირთან საგრძნობლად გაუარესდა. კრიზისი საქართველოში მხოლოდ იმ ურთიერთობების გამწვავების ბოლო ეტაპია, რომლებიც კოსოვოში კონფლიქტის დროს გახდა აქტუალური. ამჟამად ყველაზე დიდი დაძაბულობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მომავლის საკითხთან დაკავშირებითაა, რომლებსაც სურთ გათავისუფლდნენ რუსეთის ზეგავლენისაგან, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინას, რომელთა მზერაც ევროპისკენაა მიპყრობილი. დემოკრატიული რევოლუციების შემდეგ, რომელთა შედეგადაც კიევსა და თბილისში პროდასავლური ხელისუფლება მოვიდა, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის დაიწყო რეგიონებში გავლენისთვის სასტიკი ბრძოლა.
რუსეთი ისწრაფვის ამ ორი სახელმწიფოს თავის კონტროლის ქვეშ დაბრუნებისთვის, ხოლო ევროპის ქვეყნები ცდილობენ მათ ევროკავშირზე ‘მიმაგრებას", რათა, როგორც ისინი ამბობენ, უზრუნველყონ მათი სტაბილურობა. ევროკომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ ბაროზო ამტკიცებს, რომ საქმე ეხება არა ‘გავლენის ზონის" პოლიტიკაში დაბრუნებას, არამედ ევროკავშირის ‘სტრატეგიული ინტერესების" დაცვას მეზობლებთან ურთიერთობების გამყარების გზით. რუსეთს ეს აღიზიანებს, რადგან მათ თავის უშუალო გარემოცვად მიიჩნევს.
ამ უთანხმოებათა ფონზე, იწყება არც თუ უმნიშვნელო მოლაპარაკებები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ანალოგიური აზრთა სხვადასხვაობაა საქართველოსა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დისკუსიაზეც. ორივე სახელმწიფო ამ ორ ოგანიზაციაში გასაწევრიანებლად მცირე ნაბიჯებით მიიწევს წინ, რაშიც მათ მხარს ვაშინგტონი უჭერს. თუმცა პერსპექტივა შორეული და განუსაზღვრელი რჩება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა იმედი არ უნდა დაკარგონ, მაგრამ ამავე დროს რუსეთი არ უნდა გავაბრაზოთ.
რაც შეეხება NATO-ში წევრობას, საქართველოსა და უკრაინას ჯერ მოცდა მოუწევთ. თანამშრომლობა გაძლიერდება, თუმცა გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი მექანიზმი ჯერ აქტიური არ არის. საბოლოოდ ეს საკითხი მოგვიანებით გადაწყდება. დიმიტრი როგოზინი ამაში ხედავს ნიშანს, რომ ალიანსი მოსკოვთან ურთიერთობებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის თავის რიგებში მიღებას. ეს უკანასკნელნი კი ამჯობინებენ ხაზი გაუსვან იმას, რომ პროცესი გრძელდება.
ევროკავშირმა გადალახა ახალი ეტაპი რეგიონის ექვსი სახელმწიფოსათვის ‘დასავლური პარტნიორობის" შეთავაზებით, ესენია: რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინა, ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და მოლდოვა. ეს ინიციატივა პოლონეთმა და შვეციამ წამოაყენეს, როგორც ხმელთაშუა ზღვის კავშირის დამატება. იგი ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მოიწონა და ახლახანს გააფორმეს კიდეც, როგორც ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტი. რამდენიმე თვის შემდეგ შედგება სამიტი, სადაც ამ პროგრამას ოფიციალურად აამუშავებენ.
ამ პროექტმა ევროპის კეთილმეზობლურ პოლიტიკას ახალი იმპულსები უნდა მისცეს. ბაროზოს სიტყვებით, მას სურს ამ ორმხრივი პრობლემის გადაჭრა ‘ეკონომიკურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ სფეროში ასოციაციური თანამშრომლობის" შექმნით, და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღწეული შეთანხმებით. ბაროზომ თქვა სიტყვა ასოციაცია და არა პარტნიორობა, რაც მნიშვნელოვანია. სწორედ ეს სიტყვა იხმარება ევროკავშირის ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობისას, ასევეა მომავალი ევროკავშირის წევრების, ბალკანეთის ქვეყნებთანაც. ეს იგი, ეს გამოხატავს დაახლოებისაკენ სწრაფვას.
დესტაბილიზაციის რისკი - რაზეც საქართველოს ომი და უკრაინის ქაოსი მეტყველებს – ცხადს ხდის, რომ რეგიონში ევროპის გავლენის გაზრდა აუცილებელია. თუმცა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, ევროპა ან უნდა დათანხმდეს ამ ორი რეგიონის ევროატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანებას, ან არა და ისინი მოშორებით უნდა ჰყავდეს.

აშშ-ს და თურქეთს სტრატეგიული მიზნები აერთიანებს
The Christian Science Monitor, აშშ

ბარაკ ობამას გაპრეზიდენტებას შორეულ თურქულ სოფლებში 44 ცხვარი შესწირეს. ამერიკისთვის ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. თურქებმა ამით თქვეს, ვიმედოვნებთ, ამერიკასთან განახლებულ ურთიერთობებსო. თავის მხრივ, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მუსლიმანური დემოკრატიის ამ კერასთან კავშირები განამტკიცოს და წარმოაჩინოს მისი უდიდესი როლი იმ რეგიონში, სადაც ქვეყნების ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.
თურქეთის ჩრდილოეთით, ავტორიტარული რეჟიმის რუსეთი და ‘გაყინული თუ ცხელი" კონფლიქტებით სავსე კავკასიის ქვეყნებია. აღმოსავლეთით ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი კასპიის ზღვის რეგიონია. ახლოსაა ავღანეთი და ირანი, თავისი ბირთვული პროგრამით. პირდაპირ სამხრეთით, რეგიონის ორი ყველაზე ურთულესი ქვეყანა - ერაყი და სირია მეზობლობს.
ანკარა მეზობელთა კონფლიქტების მოგვარებაში თავისი როლის უპირატესობის წარმოჩენას ცდილობს. მაგალითად, აგვისტოში რუსულ-ქართულ დაძაბულობის განსამუხტავად, მან ორივე მხარეს დიალოგის წარმართვაში შუამავლობა შესთავაზა. თუმცა, საქართველომ ეს ინიციატივა უკუაგდო და რუსულ დათვს, რომელმაც კინაღამ რომ ერთიანად გადაყლაპა, დიალოგზე უარი უთხრა.
თურქეთმა სირია და ისრაელი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დაითანხმა. გასულ კვირას მან პაკისტანისა და ავღანეთის ლიდერებს ანტიტერორისტულ საკითხებზე სასაუბროდ უმასპინძლა. აი, სომხებთან ურთიერთობის მოგვარება, ცოტა დროში გაეწელათ, რადგან ჯერ კიდევ დავობენ 1915 წლის სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტაში თურქების მიერ განხორციელებული გენოციდის ნამდვილობის თაობაზე. თურქეთი ევროკავშირსა და ირანს შორის შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის მაძიებლის ერთ-ერთ ძალადაც გვევილნება.
თურქეთი ევროპას თურქული გაზსადენებით ახლო აღმოსავლური გაზის მიწოდებასაც სთავაზობს. ის ზრდის ვაჭრობას თავის მეზობლებთან და ხსნის ათობით საელჩოს აფრიკაში.
რაც გინდათ უწოდეთ: ეს თურქული დიპლომატიური და ეკონომიკური ექსპანსიაა!
შეერთებული შტატებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთის ამოტივტივება ხელსაყრელია, თუნდაც იმისთვის, რომ სირიასა და ისრაელთან მოლაპარაკება აწარმოოს. როგორც კი აშშ ერაყიდან გამოვა, რეგიონში თურქეთი მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩება. თავის მხრივ, ანკარა აშშ-ს ადანაშაულებს იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს, რათა თურქეთი ჩრდილოეთ ერაყელი ქურთი ტერორისტებისგან დაიცვას.
ამერიკული არჩევნების დროს, თურქები აშშ-ის კონგრესის რეზოლუციას შიშის თვალით უყურებდნენ. კონგრესი თურქების მხრიდან სომეხთა გენოციდს აღიარებდა და სხვათაშორის, აღიარებას ობამას დასტურიც თან ახლდა. თურქეთი მტკიცედ უარყოფს ამ ბრალდებას.
მიუხედევად აშშ-სა და თურქეთის საერთო ინტერესებისა, შეერთებული შტატები თურქეთის ავტომატურად მის მოკავშირედ გადაქცევას არ უნდა ელოდოს. თურქეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. თან თურქეთში მმართველი მუსლიმანური პარტიაა, რომელიც რეგიონალ მუსლიმან ძმებთან თავს მშვენივრად გრძნობს.
ისე კი თურქეთი მართლაც რომ მოწადინებულია, დასავლეთს მეზობლების მიმართ მოძალებული მზრუნველობით თავი მოაწონოს. ეს მოჩვენებითი როლია, მაგრამ ვაშინგტონი ამ როლიდან, ალბათ, რაიმე სარგებელს გამორჩება.