ნანახია: 693
მსოფლიოში საერთო სენი – უმუშევრობა გავრცელდა. მან განსაკუთრებით ევროპა და ამერიკა მოიცვა. უმუშევართა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მცირდება სამუშაო ადგილები და ადამიანები საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან. ბოლო დროს ცხოვრება აშშ-ს იმ ქალაქებშიც გაუსაძლისი გახდა, რომლებსაც ადრე "კრიზისგამძლეს" უწოდებდნენ. ექსპერტები კიდევ უფრო ნეგატიურ პროგნოზებს აკეთებენ. აშშ-ში უმუშევართა რაოდენობამ 26 წლიან მაქსიმუმს გადააჭარბა. 2009 წლის ივნისის მონაცემებით, აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა და 9.5%-ი შეადგინა. ეს მონაცემები გასულ კვირას შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები დაახლოებით იგივე მაჩვენებელს – 9.6%-ს – მოელოდნენ. გასაკვირია არაფერია: ეკონომიკაში მიმდინარე რეცესიას უმუშევართა რაოდენობის ზრდა ყოველთვის თან ახლავს. თუმცა ერთი რამ იქცევს ყურადღებას: უმუშევართა რაოდენობა რეკორდულად სწრაფად იზრდება. გასული წლის მონაცემებით, ვაშინგტონში 4.500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო 13.000 სამუშაო ადგილი შემცირდა. "2009 წელს უმუშევართა რაოდენობა, სავარაუდოდ, 10%-მდე გაიზრდება," -Aეს განცხადება სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა, თუმცა ზუსტი დრო არ დაუსახელებია. ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ანალოგიური განცხადება თეთრი სახლის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა – რობერტ გიბსმაც – გააკეთა და დააყოლა, რომ 10%-იან ზღვარს ისინი მოსალოდნელზე მალე მიაღწევდნენ. "იყო დრო, როდესაც ვაშინგტონს "კრიზის გამძლეს" უწოდებდნენ, თუმცა ახლა ვაშინგტონი, აშშ-ს სხვა ქალაქების მსგავსად, კრიზისს განიცდის," - განაცხადა ვაშინგტონის ხაზინადარმა ნატვარ განდმა. 2007 წლის დეკემბერში, როდესაც აშშ-ს ეკონომიკა რეცესიისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ვაშინგტონში უმუშევართა რაოდენობა 5.85-ს შეადგენდა. 2009 წლის მაისში ეს მაჩვენებლი 10.7%-მდე გაიზარდა. ექსპერტებმა ვაშინგტონში არსებული მდგომარეობისთვის დიაგნოზის დასმა მოახერხეს: კვლევების თანახმად, მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტს გამართულად წერა-კითხვა არ შეუძლია. აშშ-ს სხვა ქალაქებს შორის ვაშინგტონი წერა-კითხვის დაბალი დონის მხრივ ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. გასული საუკუნის 90-იან წლების ეკონომისტისა და პოლიტიკოსის რობერტ რეიჩს სიტყვები ახლა რეალობად იქცევა. მისი სიტყვებით, XXI საუკუნე მაღალი დონის თანამშრომლებზე იქნება გათვლილი. "მხოლოდ ისინი შეძლებენ გახდნენ ახალი ეკონომიკის ნაწილი," - რობერტ რეიჩი. "ბაზარზე ვაკანსიები ჩნდება, თუმცა უმეტესობა უმაღლეს განათლებას ითხოვს, ამერიკელთა უმრავლესობას მხოლოდ საშუალო სკოლის განათლების დიპლომი აქვს. უმუშევრად ვაშინგტონის ის მცხოვრებლები რჩებიან, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ ან ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ," - განაცხადა რეგიონალური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა სტივენ ფულერმა. მისი შეფასებით, ეს ტენდენცია არათუ შენარჩუნდება, არამედ გაუარესდება, ხოლო ვაშინგტონში მაცხოვრებელთა შორის უმუშევართა რაოდენობა გაიზრდება. ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს: გასულ თვეში თეთრკანიანთა შორის უმუშევართა ზღვარმა 9.7%-ი, ხოლო აფროამერიკელებს შორის - 18%-ი შეადგინა. პარადოქსი იმაშიც მდგომარეობს, რომ ვაშინგტონში ახალ სამუშაოს ვაშინგტონის მცხოვრებლები ვერ შოულობენ. "ჩვენი რეგიონის პრობლემა იმაშია, რომ სამუშაო ადგილებს სხვა ქალაქების მცხოვრებლები იღებენ," - განაცხადა ნატვარ განდმა. ექსპერტები აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მხოლოდ განათლებული ადამიანები დასაქმდებიან. უმუშევრობის სენი არანაკლებ სერიოზულად შეეხო ევროპასაც. უმუშევართა რაოდენობამ ევროპაში 2009 წლის მაისის მონაცემებით 9.5%-ს მიაღწია. ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის ცნობით, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევართა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2008 წლის მაისში ევროპაში უმუშევართა რაოდენობა 7.4%-ს შეადგენდა. ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობამ 2009 წლის მაისში აპრილთან შედარებით 0.2%-ით მოიმატა და 8.9%-ი შეადგინა. უმუშევრობის მხრივ შედარებით კარგი მდგომარეობაა ნიდერლანდებში (3.2%-ი) და ავსტრიაშია (4.3%), ხოლო ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ესპანეთსა (18.7%) და ესტონეთში (15.6%-ი). 2009 წლის მაისში უმუშევრად 273.000 ევროპელი დარჩა, ხოლო უმუშევართა საერთო რაოდენობამ მაისის ბოლოსთვის 15.000.000 ადამიანი შეადგინა. ევროპის მონაცემებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს მაჩვენებლები ანალიტიკოსების მოლოდინზე გაცილებით ცუდია. მაგ., ჩაპიტალ Eurostat-ის წარმომადგენელი ჯენიფერ მაკოენი თვლის, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ევროპაში უმუშევართა რაოდენობა 12%-ს შეადგენს. ამ აზრს Fortis-ის ექსპერტი ნიკ კუნისიც იზიარებს: "უმუშევართა რაოდენობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშნებს: შრომით ბაზარზე მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. უმუშევართა რაოდენობა ზრდას მიმდინარე და მომავალ წელსაც განაგრძობს. სრულიად შესაძლებელია, რომ 2010 წლის ბოლოსთვის უმუშევართა რაოდენობამ 11.5%-ს მიაღწიოს." ექსპერტები თანხმდებიან ერთ რამეზე, რომ კომპანიებმა რესტრუქტურიზაცია უნდა ჩაატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა სულ ფურო და უფრო გაჭიანურდება, რაც მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. უმუშევართა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე ყოველდღიურად ადამიანთა სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობა რჩება უმუშევარი. ექსპერტები თვლიან, რომ უახლოეს პერიოდში არავითარ დადებით რეზულტატს არ უნდა ველოდეთ, უფრო მეტიც, მდგომარეობის გაუარესება და უმუშევართა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი. მოამზადა ირმა ზარნაძემ
|