"ფორბსის" რუსულმა გამოცემამ ამ სათაურით "ქართული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების მამაზე" წერილი გამოაქვეყნა. "მთელ მსოფლიოში ძლიერდება სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში. შესაძლოა თუ არა შენარჩუნებულ იქნას მეწარმეობის თავისუფლება ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში?" - "ფორბსი" კითხვას სვამს და მასში, როგორც ამ ავტორიტეტულ გამოცემას ეკადრება, მეტია სარკაზმი. რაც მოუვიდა ერთ, ცალკე აღებულ ქვეყანაში კომუნიზმის აშენების შესაძლებლობის ისტორიულ მარქსისტულ თეზას, ყველას კარგად მოეხსენება. ახლა, როცა დასავლეთში ნეოლიბერიალიზმის კრახზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მთლად გონივრული გამოსავალი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება რეფორმების შედეგებს, საქართველოსთვის ის კატასტროფულია. წინა ნომერში "ბანკები და ფინანსებმა" შემოგთავაზათ ბენდუქიძის პასუხი კითხვაზე – კონკრეტულად რა რეფორმები გატარდა საქართველოს ეკონომიკაში 2004-2009 წლებში. რუსი ოლიგარქი ფაქტობრივად ვერაფერს ასახელებს საშემოსავლო გადასახადის შემცირების გარდა. "ფორბსმა" რა იცის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ რეფორმებს, ელიტარული კორუფციის გარდა, არაფერი მოუტანია. უმუშევრობამ შრომისუნარიანი მოსახლეობის 60-70% შეადგინა. წინა წლებში ქვეყნიდან გასულებს კიდევ ერთი მილიონი ინტელექტუალი და კვალიფიციური მუშახელი მიემატა, გაუმჭვირვალე პრივატიზაციის მეშვეობით უმსხვილესი ობიექტები ჩალის ფასად იგდეს ხელთ რუსმა, არაბმა, ყაზახმა და სხვა ოლიგარქებმა თუ შეიხებმა, ოფშორულმა კომპანიებმა, ლონდონში, რესტორნის მისამართზე დარეგისტრირებულმა ფირმებმა. ყველა მათ უკან სახელისუფლო ჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები მოიაზრებიან ექსპერტთა ნაწილის მიერ. ყველა შემოსავლიან ბიზნესს, ცრუმაგიერი პირების მეშვეობით, სახელისუფლო კლანები აკონტროლებენ. ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა და კონკურენცია, როგორც ასეთი, მოკვდა. სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს რიგით ქვედანაყოფად იქცა და ფალსიფიცირებული ინფორმაციის ტირაჟირებითაა დაკავებული, რომელზე დაყრდნობითაც საქართველო სხვადასხვა რეიტინგებში მაღალ ადგილებს იკავებს. სხვათაშორის, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, უკანასკნელ როლს ამაში არც ბენდუქიძის მილიონები ასრულებს.
ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ნაკლებად სარწმუნოა, რომ მან საშუალება მისცეს ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, რომელიც "ურალმაშისა" და "ატომური რეაქტორების" გაყიდვაშია გაწაფული, გოლიათს, რომელიც თავისი საქმიანობის ხასიათის გამო რუსეთში, სავარაუდოა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობდა იქაურ სპეცსამსახურებთან, საშუალება მისცეს თავისი ბოდვითი, ეგრეთწოდებული რეფორმატორული იდეები, არაორიგინალური, არამედ ძირითადად ავსტრიელი ეკონომისტის ლუდვიგ ფონ მიზესისა და მისგან მოპარული, საქართველოში გაატარებინოს. მით უმეტეს, როცა მათი განხორციელება უცილობელ პირობად შეიცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლას, მის დესუვერენიზაციას და მკვიდრი მოსახლეობის, ქართველებისგან ქვეყნის თანდათანობით დაცლას, რაც საქართველოს უბოროტესი მტრების ოდინდელი ოცნებაა.
"ფორბსი" ასე კარგად არ იცნობს ბენდუქიძეს. მაინც საინტერესოა საინტერესო ჟურნალის საინტერესო ხედვა.
ლევან მზიანიშვილი
გლობალური კრიზისი კი არ არის საშიში, არამედ ის, რომ მისგან გამომდინარე უეჭველად გაკეთდება არასწორი დასკვნები. ქართული ლიბერალური რეფორმების არქიტექტორი კახა ბენდუქიძე მომავლის გამო შეშფოთებულია, არადა, მისი ქვეყანა ახლახანს იწყებდა გამოძვრომას სოციალიზმის ნანგრევებიდან.
"ბაზრის ჩავარდნების" გასწორების მიზეზით ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში დეგრადაციას განიცდის. "რეგულირება გამკაცრდება, ფინანსური ბაზრები კიდევ უფრო შეიზღუდება", - წინასწარმეტყველებს ბენდუქიძე. თუმცა, ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი "ბუშტუკების" გაჩენას, რადგან ამჟამინდელი კრიზისი – ეს არის ჩავარდნა, არა ბაზრის კრახი, არამედ სახელმწიფოსი.
აი, როგორ ჩამოაყალიბა ეს აზრი ბენდუქიძემ. ფინანსური სისტემის პირველი მარცხი გახდა წინამორბედი გლობალური მასშტაბის ეკონომიკური კოლაფსის – იპოთეკური კრედიტები – არასაიმედო მსესხებლებს, გვახსენებს ის. პრობლემა არ მიიღებდა ასეთ მასშტაბებს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, რომელიც შეეცადა "ფისკალური ან კვაზიფისკალური ზომების მეშვეობით მიეღწია კეთილდღეობის ზრდისთვის". 1992 წელს დემოკრატების ინიციატივით კონგრესმა დაავალდებულა ბანკები გამოეყოთ მეტი იპოთეკური სესხები ღარიბი რეგიონების მცხოვრებლებისა და არასახარბიელო საკრედიტო ისტორიის მქონე მსესხებლებისთვის.
კატასტროფის მარცვლები, დათესილი პოლიტიკოსების მიერ, ნოყიერ ნიადაგში მოხვდა. თანამედროვე ფინანსური სისტემა არამდგრადია და ციკლური დამბლების გამოწვევის მიზნით, იოლია მისი პროვოცირება. ეს ხდება საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის მეშვეობით, რომელსაც ცენტრალური ბანკები ატარებენ. ბენდუქიძის იდეალი – ესაა თავისუფალი ბენქინგის სისტემა რამდენიმე საემისიო ცენტრით, რომელიც არსებობდა აშშ-ში 1913 წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის შემოღებამდე. "ფული – ისეთივე კომპონენტია ეკონომიკური ცხოვრების, როგორც შარვალი ან მანქანა. აქ ასევე უნდა იყოს კონკურენცია, - მსჯელობს ის. იქნება კი სისტემა, დაფუძნებული ფულთა შორის კონკურენციაზე, დაზღვეული კრიზისებისგან? რა თქმა უნდა და არა. მაგრამ ეს კრიზისები არ იქნება ასეთი ხანგრძლივი და ღრმა და მათი დამარცხება გაცილებით იოლი, ხოლო მათი დამარცხება უფრო იოლად შეიძლება. თავისუფალი ბენქინგისადმი დაბრუნება ამერიკასა და ევროპაში ხილულ მომავალში მოსალოდნელი არ არის. მაგრამ, აი, საქართველო იმედოვნებს. ბენდუქიძე მალე დაადგება ამ გზას, დაუშვებს რა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი გადახდის საშუალებად არა მარტო ლარს, არამედ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებს. იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მივცეთ ინვესტორებს საშუალება თავი დაიზღვიონ საქართველოს ფულის გამგებლების შეცდომებისგან. "თუ თქვენ დაუშვებთ მხოლოდ ორი კონვერტირებადი ვალუტის - ევროს და დოლარის მიმოქცევას, მონეტარული თავისუფლების ხარისხით თქვენ მიუახლოვდებით იდეალურ სიტუაციას 95%-ის დონეზე," - ამბობს ის. ეს უნდა გაკეთდეს სწორედ ახლა. ამით ჩვენ უფრო სწრაფად დავიწყებთ გამოსვლას კრიზისიდან.
... თებერვალში ბენდუქიძემ დაკარგა ბოლო პოსტი მთავრობაში. თუმცა, ის კვლავინდებურად იკავებს თავის კაბინეტს სახელმწიფო კანცელარიაში, რომელსაც გადადგომამდე ხელმძღვანელობდა.
"ქართველ ჩუბაისს" არა მარტო სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები უტევდნენ. საერთაშორისო ეკონომიკური სკოლა, რომელიც თბილისის სახელობის უნივერსიტეტთან არსებობს და დაკომპლექტებულია დასავლეთელი სპეციალისტებით, ამტკიცებდა, რომ მთავრობამ ამაოდ თქვა უარი ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე. ეკონომისტებს მოჰყავდათ ორი მაგალითი არარეგულირების. ფიქსირებული კავშირის თბილისის ქსელის ახალმა კერძო მესაკუთრემ სერიოზულად გაუუარესა პირობები დამოუკიდებელ ინტერნეტ-პროვაიდერებს, ხოლო მობილური კავშირგაბმულობის დომინანტმა ოპერატორებმა "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" აწიეს ტარიფები ზარებზე მათ ქსელში ახალბედა "ბილაინისგან" შემავალ ზარებზე (ისე, როგორც ქართველმა ეკონომიკურმა ჟურნალისტებმა დიდი ხანია ვიცით, "ჯეოსელს" და "ბილაინს" ერთი და იგივე მეპატრონე ჰყავს შვედური "ტელია-სინერას" სახით, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც "გაზპრომია". ასე რომ, ბენდუქიძეს "ფორბსიც" გვარიანად დაუბოლებია. – ლ.მ.).
მთელი ცხოვრება ამბობს ბენდუქიძე, - ინსტიტუციონალური ეკონომიკაა განსხვავებით ეკონომისტი–ნეოკლასიკოსებისაგან, ინსტიტუციონალისტები სწავლობენ არა აბსტრაქტული რაციონალური აგენტების ქცევას, არამედ არასრულყოფილი ადამიანების ქცევას არასრულყოფილ სამყაროში.
რატომ არის მაგალითად, რომ ჩემს მიერ სასტუმროსთან ნაყიდი "ქინძმარაული" ისეთი გემრიელი, როგორც 20 წლის წინ, - გიჟდება "ფორბსის" რუხი ავტორი. ბენდუქიძის აზრით, რეცეპტორები უბრალოდ უგზავნიან ტვინს სიგნალს საკუთრების უფლების არაკეთილსაიმედოობის შესახებ. რეფორმატორებს სურდათ ღვინის 18 ტრადიციული მარკის პრივატიზება. თუმცა, "ჭკუამოკლე მეღვინეებმა" მათ ამის უფლება არ მისცეს (კიდევ კარგი, თორემ მიჰყიდდა ბენდუქიძე "ქინძმარაულს" ან "მუკუზანს" რომელიმე თავქარიან იტალიელ მილიონერს, რომელიც 2 წლის შემდეგ ამ სასაქონლო ნიშანს, შესაძლოა, მილანის რომელიმე სანაგვე ყუთში მოისვრიდა. რას ვართ გადარჩენილები, ან, ვაი და რა გველის?! – ლ.მ).
რუსეთმა ღვინის ბაზარი დაგვიკეტა, - ამბობს ბენდუქიძე. მთავარი კომერციული აზრი ძველი სასაქონლო ნიშნების არსებობის იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ცნობილი იყო რუსეთში. ახალი ბაზრებისთვის ამ ისტორიულ დასახელებებს, რომლებშიც საბჭოთა ხელისუფლების წლებში უზარმაზარი ფული ჩაიდო არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეიტანონ "საფერავი" ან "წინანდალი" ამერიკაში, დროს სულ ტყუილუბრალოდ ხარჯავენ (ჰაი გიდი, ქართულო ღვინოვ, ღვინის სამშობლოდან, ღვინის კეთების 50 საუკუნოვანი ტრადიციით, ვის ხელშია შენი ბედის გადაწყვეტა, თუ არა, არა მგონია, დახვეწილი გემოვნების ამერიკელმა "ხვანჭკარა" ან "მუკუზანი" არ დააგემოვნოს და არ მოეწონოს. - ლ.მ.) უფრო იოლია, ბრძანებს ბენდუქიძე, ახალი მარკის დარეგისტრირება. (რატომ? რატომ? ამიხსენით, თუ ღმერთი გწამთ, - ლ.მ.). მისი განსჯა ტრადიციული ქართული ღვინოების ხარისხის შესახებ, ჩემგან განსხვავებით, ამბობს "ფორბსის" რუსი ავტორი, ღრმად გონებისმიერია. სპირტიანი სასმელებისადმი ბენდუქიძის აბსოლუტური გულგრილობის შესახებ ყველამ იცის.