ნანახია: 390
2010 წელს იმ კომპანიების საქონელბრუნვამ, რომლებიც ფუფუნების საგნებზე არიან ორიენტირებულნი, ახალ რეკორდს მიაღწია და 172 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 8%–ით აჭარბებს. მონაცემებს Bain & Company აქვეყნებს და დასძენს, რომ ასეთ ზრდას ხელი ჩინეთში, ბრაზილიასა და რუსეთში დაწყებულმა ეკონომიკურმა ბუმმა შეიწყო. ამ ქვეყნების მოქალაქეებში "ლუქსის" კლასის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. საათების, სამკაულებისა თუ აქსესუარების ძვირფასი მარკების მსოფლიო მწარმოებლები თანდათანობით გამოდიან ფინანსური კრიზისის შედეგებიდან. ასეთი ვითარების შექმნაში დიდი როლი შეასრულა ამა თუ იმ მარკის პროდუქციასა და მათი მყიდველის ასაკს შორის არსებულმა კავშირმა. საქმე ისაა, რომ მაგალითად ჩინეთში ფუფუნების საგნების ძირითადი მომხმარებელი 20–დან 25 წლამდე ადამიანები არიან. თავისი როლი ონლაინ–მაღაზიებმაც ითამაშა. ექსპერტების პროგნოზებით, 2014 წლისთვის "ლუქსის" კლასის პროდუქციის ბაზარი 220 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ევროპულ ბაზარზე ფუფუნების ლიდერი იტალიაა, სადაც ამ სეგმენტში საქონელბრუნვა 16,6 მილიარდ ევროს აღწევს.
|