ნანახია: 518
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ექსპერტებისაგან მიიღო რჩევა, რომ გამოუშვას 100 წლის დაფარვის ვადის მქონე ობლიგაციები. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის სესხის გაიაფებას, რომელიც 14.3 ტრილიონ დოლარს აღწევს. Financial Times-ის მონაცემებით, სახაზინო ობლიგაციების დაფარვის ვადის 40, 50 და 100 წლამდეც კი გაზრდის შესახებ საკითხი ერთ-ერთმა სახაზინო სესხების საკონსულტაციო კომიტეტის (Treasury Borrowing Advisory Comittee — TBAC) წევრმა დააყენა, რომელიც ყოველკვარტლურად იკრიბება. ამჟამად სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვის მაქსიმალური ვადა აშშ-ში 30 წელს შეადგენს.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან კომპანიების - Goldamn Sachs, JP Morgan Сhase, Morgan Stanely, RBS Securities, Bank of America და საინვესტიციო კომპანიების: Soros Fund Management, Moore Capital და Tudor Investment Corp-ის 13 ტოპ-მენეჯერი. კერძოდ, ვინ წამოაყენა ინიციატივა, უცნობია.
ექსპერტების თქმით, ეს ქმედება აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საშუალებას მისცემს გამოუშვას ობლიგაციები გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით. აქამდე, არც თუ ისე ბევრი მთავრობა უშვებდა ხანგრძლივი ბრუნვის პერიოდის მქონე ობლიგაციებს. კერძოდ, ბონდებს 50 წლის ვადით უშვებდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ეს უკანასკნელი უშვებდა, აგრეთვე, 100 წლიანი დაფარვის მქონე სასესხო ვალდებულებებს. 2010 წლის ოქტომბერში 100 წლის დაფარვის ვადის მქონე ობლიგაციები გამოუშვა მექსიკამ. ბონდებზე იმდენად მაღალი მოთხოვნა იყო, რომ ხელისუფლებამ, თავდაპირველად გათვალისწინებული 0.5 მილიარდი დოლარის ნაცვლად, ორჯერ მეტი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. მექსიკური 100 წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი, რომლებიც Goldman Sachs-ისა და Deutsche Bank-ის მეშვეობით გაიყიდა, დაახლოებით წლიურ 6%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა შეიძნეს აშშ-ს ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ძირითადად კი სადაზღვევო კომპანიებმა.
როგორც ვარაუდობენ, აშშ-ს ახალი 100 წლიანი ობლიგაციები ინვესტორებში, რომლებიც სახელმწიფო ობლიგაციების შეძენაზე არიან სპეციალიზირებულები, დიდი მოთხოვნით ისარგებლებს. ანალიტიკოსები მყიდველებს შორის ასახელებენ, აგრეთვე, ბანკებს, საპენსიო ფონდებსა და სადაზღვევო კომპანიებს. ვარაუდობენ, რომ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5 წლის შემდეგ 2.4 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამ დროისთვის დაბალი რისკის მქონე აქციებზე მოთხოვნა გაიზრდება დოდი-ფრენკის კანონების ძალაში შესვლის, აგრეთვე, საბანკო რეგულირების "ბაზელ III" პრინციპზე შეთანხმების საფუძველზე.
გარდა ამისა, ბრუნვის უფრო დიდი პერიოდის მქონე ობლიგაციები გავრცელდება ინვესტორთა უფრო ფართო წრეში ვიდრე ახლა, როდესაც სახაზინო ობლიგაციების უდიდეს ნაწილს უცხოური ცენტრალური ბანკები და მსხვილი ინვესტორები ფლობენ. "ამჟამად, აშშ-ს ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთი მთელი ისტორიის განმავლობაში მინიმალურია. დაფარვის ხანგრძლივი პერიოდის მქონე ობლიგაციების გამოშვებით მათ სურთ შეინარჩუნონ ეს უპირატესობა ობლიგაციის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ტომას კიხმაიერმა.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს ეს ნაბიჯი ემსახურება უზარმაზარი ამერიკული ვალის მომსახურების გაიაფებას. ამჟამად აშშ-ს მაქსიმალური სახელმწიფო ვალდებულებების ზღვარი 14.3 ტრილიონი დოლარით არის განსაზღვრული, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს ზღვარი უკვე მიმდინარე წლის მაისში იქნება მიღწეული.
თემურ შანყულაშვილი
|