ნატო რუსეთის გეგმას ეჭვის თვალით უყურებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : ნატო რუსეთის გეგმას ეჭვის თვალით უყურებს
ნანახია: 1019

ნატო რუსეთის გეგმას ეჭვის თვალით უყურებს

რუსეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა სამართავად "ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების" ლობირებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ნატო ცივი ომის რელიქტია.
ნატოს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მსგავსი შეთანხმება დაასუსტებს ალიანსს, ხოლო რუსულ აგრესიას ჯილდოდ მოევლინება. უილიამ ჰორსლი, რომელიც ევროპის რეგიონზე წერს, შესაძლო საფრთხეებს აანალიზებს.
ნატოს წარმომადგენლები და დიპლომატები იანვარში ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, ვილტონ პარკის საკონფერენციო ცენტრში ერთმანეთს შეხვდნენ. აპრილის სამიტზე ნატოს 60 წლის იუბილე უნდა აღინიშნოს. სამიტის წინ გამართულ ამ დისკუსიას ნატოს მომავალთან დაკავშირებული ეჭვები და არსებული განხეთქილებანი უნდა გადაეწყვიტა.
შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგში ავღანეთთან შექმნილი პრობლემები დასახელდა, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციის საფრთხის გამო ატეხილი განგაში ისმოდა.
შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტიც იყო მოწვეული, ოღონდ იმ პირობით, რომ გამომსვლელთა სახელს მათი თანხმობის გარეშე არ გაამხელდნენ. შეშფოთების ინტენსივობა თუნდაც ამ განცხადებებით ირკვევა:
"რუსეთის ქმედება საქართველოში აბერაცია არ ყოფილა. ასეთი რამ შესაძლოა ნორმად იქცეს".
"რუსეთმა ვერ უნდა დაადოს ვეტო ნებისმიერი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში. თუ ამას შევეგუეთ, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია".
"რუსეთი თავისი გავლენის სფეროების შექმნას და არსებული წესების რუსეთის ნაციონალური ინტერესების შესაბამისად გადაწერას აგრესიულად ცდილობს, საერთაშორისო ნორმების გაუთვალისწინებლად".
დიპლომატიური მარცხი
ნატოს სტრატეგიკოსები შეშფოთებით შეჰყურებენ რუსეთის აგრესიის დამადასტურებელ ქმედებათა სულ უფრო მზარდ ნუსხას:
- საქართველოს ტერიტორიის მიტაცება, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარება.
- მიმდინარე თვეს ბუნებრივი გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ქმედება, რომლის მიზანი, სულ ცოტა, უკრაინის, როგორც ნატოს შესაძლო წევრის, დისკრედიტაცია იყო.
- ის, რასაც აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები რუსეთის მიერ დემოკრატიაზე უარის თქმას უწოდებენ.
თითქმის ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ევროპამაც დაუშვა შეცდომები. "ევროპამ რუსეთთან გასაოცარი შეცდომები დაუშვა", - განაცხადა ერთმა მონაწილემ.
ნატოს ყველაზე დიდი თავის ტკივილი ის არის, რომ არ არსებობს პრობლემის მოგვარების ერთობლივი პოზიცია.
სანამ გახლეჩილი დასავლეთი მოვლენათა პირქუში მსვლელობის გამო მოთქვამს, რუსეთმა ევროპის უსაფრთხოების ახალი, ყოვლისმომცველი შეთანხმების იდეა წამოაყენა.
გასულ თვეს რუსეთმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) თავისი პროექტის ფართო ასპექტები წარუდგინა. რუსეთი აშშ-სთან და კიდევ 54 სხვა სახელმწიფოსთან ერთად ამ ორგანიზაციის წევრია.
რუსეთი ირწმუნებოდა, რომ მსგავსი ახალი ხელშეკრულება ჩააცხრობს ორმხრივ ეჭვებსა და შიშებს, გააუმჯობესებს კონფლიქტების მოგვარების უვარგის სისტემას ევროპაში და ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების თანაბარი პირობებით უზრუნველყოფს.
წუხილი თავისუფლების გამო
მაგრამ რუსეთის წინადადება შეიცავდა იმასაც, რასაც შენიღბული საფრთხე შეიძლება ვუწოდოთ. რუსეთს თამაშის ახალ, "ცხად" წესებზე შეთანხმება უნდა, რათა "თავიდან ავიცილოთ დამოკიდებულება მხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე ... უზრუნველვყოთ უსაფრთხოება".
რუსეთის კომენტარებმა ცხადყო, რომ მას უნდა შეასუსტოს ეუთოს ქვეყნების ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან მიმართებაში, მათ შორის არჩევნებისა და მედიის თავისუფლების მონიტორინგის პროცესში.
რუსულ პროექტში ახალი შეთანხმების ძირითადი საფუძვლებია ჩამოთვლილი, მათ შორის `სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემა~.
დასავლელი დიპლომატები ვილტონ პარკში გაღიზიანებით აღნიშნავდნენ, რომ თავისი სამხედრო ქმედებებით საქართველოში რუსეთმა უკვე გათელა საერთაშორისო ნორმები და ახლა დასავლეთისგან შემდგომი დიალოგის საფასურად ამ დარღვევებთან შეგუებას ითხოვს.
"ეს ძველ საბჭოთა ტაქტიკას მოგვაგონებს და ჩვენ ანკესზე არ უნდა წამოვეგოთ", - ამბობდნენ დიპლომატები.

ახალი მოსაზრებები
მაგრამ შესაძლოა რუსეთი ფლობს ისეთ ბერკეტებს, რომელიც გააღრმავებს განხეთქილებას ნატოში და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა გადაწერას მოანდომებს.
ზოგიერთი ევროპელი ლიდერი უსაფრთხოების ახალი სისტემის დაფუძნების რუსულ წინადადებას გაგებით მოეკიდა, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. გასულ ნოემბერს ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე, ნიცაში მან რუსეთის პრეზიდენტის იდეას, წინადადების განსახილველად სპეციალური საერთაშორისო სამიტის მოწვევის შესახებ, მხარი დაუჭირა.
სარკოზიმ კიდევ უფრო შეაგულიანა რუსები, როდესაც განაცხადა, რომ შესაძლოა აშშ-ს თავდაცვითმა სარაკეტო სისტემამ ევროპის უსაფრთხოებას დახმარების მაგიერ ავნოს კიდეც.
მოგვიანებით სარკოზიმ უკან დაიხია და საფრანგეთი, ისევე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებიც, სარაკეტო თავდაცვითი სისტემების მხარდამჭერთა რიგებს ოფიციალურად მიუერთდა.
მაგრამ ბევრ ევროპულ დედაქალქში გზავნილი ყურად იღეს - რუსეთი მათ საფრთხეს არ შეუქმნის, თუ ნატო შეცვლის პოზიციას თავდაცვით სარაკეტო სისტემებთან მიმართებაში და უარს იტყვის საქართველოსა და უკრაინის ნატოში საბოლოოდ გაწევრიანების გეგმაზე.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი, ალისონ ბეილი უსაფრთხოების ანალიტიკოსთა შორის ერთი იმათთაგანია, ვისაც მიაჩნია, რომ ახალი გონივრული კოდექსი, რომელიც რუსეთის მწვავე შიშებს ანგარიშს გაუწევს, სულაც არ არის "სულელური იდეა".
ის ამბობს, რომ ეს შექმნიდა რუსეთთან შეიარაღების კონტროლის ახალი პაქტის დადების შესაძლებლობას, რაც ბარაკ ობამას დაპირებებშიც შედიოდა. მისი აზრით, ევროპა ვერ დაამყარებს მტკიცე ურთიერთობებს რუსეთთან, თუ არ გაითვალისწინებს მოვლენების მისეულ აღქმას, რომლის თანახმადაც ნატოს ექსპანსია რუსეთის დასავლეთ საზღვრებისკენ, მოსკოვისთვის სახიფათოა.
მაშ, რა უნდა რუსეთს, სტაბილურობა თუ მუქარით ან ძალის გამოყენებით საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება? მისი გზავნილები ბუნდოვანია.

სარაკეტო "დათბობა?"
ამ კვირას რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა, როგორც ჩანს, სამშვიდობო იმპულსები გაამჟღავნეს. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთმა ნატოს ორ წევრ ქვეყანას შორის მდებარე რუსულ ანკლავში, კალინინგრადში, მოკლე დამიზნების რაკეტების განთავსების შეჩერება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება რუსეთმა იმ ვარაუდით მიიღო, რომ ობამა, სულ ცოტა, გადადებს მაინც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ინსტალაციის გეგმას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში თავისი სამხედრო ხომალდებისთვის ბაზის აშენებას აპირებს. ეს კი იმ საზავო შეთანხმების დარღვევა იქნება, რომელსაც ხელი შარშან მოეწერა.
გარდა ამისა, რუსეთი დღემდე, ომიდან ექვსი თვის შემდეგ, უარს ამბობს სამხრეთ ოსეთში ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა დაბრუნებაზე და აქ საერთაშორისო უსაფრთხოების წარმომადგენელთა მისიის შენარჩუნებაზე.
კულუარებში, მაღალ დიპლომატიურ წრეებში რუსების ტაქტიკამ დაძაბულობა გამოიწვია. ჩინოვნიკი, რომელიც დეკემბერში ჰელსინკში ეუთოს იმ სამიტს ესწრებოდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უსაფრთხოების გეგმა გამოამზეურა, ყვებოდა, რომ ასეთ გაავებულ კინკლაობას ცივი ომის შემდეგ თითქმის აღარ შესწრებია.
ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი პირდაპირ გაფრთხილებებს იძლევა - არ შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი არაფერზე ისეთზე, რაც ალიანსს, როგორც დასავლეთის უსაფრთხოების გარანტორს, ძირს გამოუთხრის.

პოლონეთის ეჭვები
მაგრამ ეუთო ცალკე სტრუქტურაა, მის კომპეტენციაში უსაფრთხოების ისეთი "მსუბუქი" საკითხები შედის, როგორიცაა სასაზღვრო კონტროლი, ბირთვული მასალის უსაფრთხო მართვა, სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის ჩარჩოების ფორმირება. საბერძნეთი, რომელიც მოცემულ მომენტში ეუთოს თავმჯდომარეობს, ამ წლის ბოლოს, რუსეთის სურვილისამებრ, მასთან მაღალი რანგის შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.
ეს საკითხი ნატოსთვის შესაძლოა პოლიტიკურად ფეთქებადსაშიში აღმოჩნდეს. პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის პოლიტიკური მრჩეველი, ვიტოლდ ვაშჩშკოვსკიმ ვილტონ პარკში განაცხადა, რომ რუსული უსაფრთხოების შეთანხმება მიზნად "ნატოს დაშლას" ისახავს. პოლონეთი, განაცხადა მან, დაბლოკავს მაღალი დონის შეხვედრებისა და საკითხის განხილვის ნებისმიერ მცდელობას.
პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკა აცხადებენ, რომ სარაკეტო თავდაცვითი სისტემების მათ ქვეყნებში განთავსების გეგმა დიდი სიფრთხილით განიხილეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს გეგმა ამერიკის პროტექტორატის ქვეშ მათი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ მკაცრად გააფრთხილეს ყველა, ვისაც გეგმის გაუქმება და მათ ზურგს უკან რუსეთთან გარიგება უნდა.
მაგრამ რუსეთი, როგორც ჩანს, იმითაა შეგულიანებული, რომ ევროპის კავშირმა ამ წლების განმავლობაში ვერც ხმამაღლა და ვერც ერთი ხმაში ლაპარაკი ვერ შეძლო. ის ვერ დაუპირისპირდა რუსეთის ვერც ერთ პროვოკაციულ ქმედებას - ვერც ევროპის გაზის მიწოდების კონტროლს, ვერც ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრები რუსების ნაციონალისტური განწყობების სტიმულირებას, ვერც პუტინის მუქარას, რომელიც სარაკეტო სისტემების განთავსების საპასუხოდ დასავლეთის ქალაქებს ბირთვული იარაღის გამოყენებით აშინებდა.
დასავლეთი დილემის პირისპირ აღმოჩნდა: რუსეთმა საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ არსებული არხებით კონტაქტები შეზღუდა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობითაც. ნატოს წევრ ქვეყნებს კონსტრუქციული დიალოგის განახლება უნდათ, მაგრამ მათ შორის აზრთა სხვაობაა - რამდენად დაყვნენ რუსეთის ნებას.
ცხარე დისკუსიის ასეთი მიქსი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან შემობრუნების წერტილს უახლოვდება. ყველა მხარისთვის აქ უამრავი რამაა სახიფათო.
ყველა ეს საკითხი მიუნჰენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი. დღის წესრიგის თავში ევროპის მომავალი უსაფრთხოების სისტემა იდგება.

საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის

ადამიანის უფლებათა დამცველმა ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ ამ თვის დასაწყისში პოლიტიკური თავისუფლებების მდგომარეობის მხრივ საქართველოს რეიტინგი დასწია. ზოგიერთი აქტივისტი გაკვირვებულია, რომ ამას ამდენი დრო დასჭირდა.
Freedom House-მა, რომელიც არაპარტიული ორგანიზაციაა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კამპანიას ეწევა, ახლახანს საქართველო "ელექტორალური დემოკრატიების" სიიდან ამოიღო. ჯგუფის ინფორმაციით, საქართველო დღეს შეიძლება მხოლოდ "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნად ჩაითვალოს. ეს შეფასება დარტყმა იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობისთვის, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის უსისხლო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა და აცხადებდა, რომ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოება სურდა.
მაგრამ Freedom House-ის რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის, სოზარ სუბარისთვის, რომელიც პარლამენტის მიერ მოსახლეობის უფლებების დასაცავად დანიშნული დამოუკიდებელი სახელმწიფო მოხელეა. სუბარი ამბობს, რომ 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციური საპროტესტო აქციის ჩახშობის დროს პოლიციამ მასაც სცემა.
"დღემდე საქართველო მაღალ რეიტინგს ინარჩუნებდა არა იმიტომ, რომ აქ ადამიანის საბაზისო უფლებების დაცვის მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, არამედ იმიტომ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მსოფლიო საზოგადოებას მის მიმართ დიდი მოლოდინი გაუჩნდა".
"ეიფორიამ ჩაცხრობა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციური პროტესტი ჩაახშვეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა".
საქართველო ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერით დიდხანს სარგებლობდა. ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, 2005 წელს საქართველოში ვიზიტის დროს მას "დემოკრატიის შუქურა" უწოდა. ამ თვის დასაწყისში ბუშის წარმავალმა ადმინისტრაციამ მის სამხრეთ კავკასიელ მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა.
მაგრამ სხვებს, საქართველოს მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების გამო, შეშფოთების საბაბი მიეცათ.
"საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო "ფერადი" რევოლუციების ბოლოდროინდელი ნაკადიდან და ერთ-ერთი ნათელი წერტილიც ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში", - ნათქვამია Freedom House--ის ყოველწლიურ ანგარიშში.
მაგრამ "მისი არასტაბილური კურსი, 2007 წლის საგანგებო მდგომარეობის და აგვისტოში რუსეთთან ომის ჩათვლით, (სამხრეთ ოსეთის გამო), ბოლო ორი წლის მოვლენათა შორის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ფაქტად ფასდება",- ასკვნის ანგარიში.
დასკვნა საქართველოს რეიტინგის დაწევის რამდენიმე მიზეზს გამოყოფს, მათ შორისაა "დარღვევები ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პროცესში,"მათ შორისაა უამრავი ცნობა დაშინების ფაქტების შესახებ.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი დიდი ხანია ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებით შეშფოთებულები არიან.
"რეალურად მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით გაუარესებას უშუალოდ რევოლუციის შემდეგ იწყებს, როდესაც სააკაშვილმა საკუთარ თავს თითქმის მონარქის ძალაუფლება მიანიჭა, რაშიც პარლამენტიც დაეთანხმა," - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა, ანალიტიკოსმა თბილისიდან.
"დაიწყო მედიის, ბიზნესის და რიგითი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა, რამაც აპოგეას 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის დროს მიაღწია. სამწუხაროა, რომ დასავლეთში ადამიანებს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ საქართველო როგორც "დემოკრატიის შუქურა"მალევე ჩაქრა," - თქვა მან.
მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა, რომელიც აგრესიულად მიისწრაფვის ნატოსკენ, დემოკრატიულ გზას მალე დაუბრუნდება.
"უკვე წელს შესაძლებელი გახდება დემოკრატიის მეორე ტალღაზე საუბარი, განსაკუთრებით მედიის სფეროში", - ამბობს შოთა მალაშხია, პარლამენტის დეპუტატი მმართველი ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან.
"პრეზიდენტის წინადადება, მისი ძალაუფლების შეზღუდვისა და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდაზე, უკვე წარდგენილია პარლამენტში," - განაცხადა მალაშხიამ. "მომავალ თვეში, ჩვენ უფრო სპეციფიკურ დეტალებზე საუბარს შევძლებთ".


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48