ნანახია: 656
საბაზრო კაპიტალიზაციით, კომპანია Apple-მ პირველად შეძლო მსოფლიოში რიგით მეორე გამხდარიყო. 23 სექტემბერს, ბაზარზე Apple-ს ღირებულებამ 267,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც ამერიკულ კოპმპანიას შესაძლებლობა მისცა ჩინურ PetroChina-სთვის გადაესწრო.
Nasdaq-ის ბირჟაზე ვაჭრობის დროს, კომპანიის აქციის ღირებულებამ 292,8 დოლარი შეადგინა, ხოლო დღის ბოლოს 288,9 დოლარამდე დაეცა. ამის გამო, ბირჟის საბოლოო შედეგებით, PetroChina-მ იმ უპირატესობის დაბრუნება მოახერხა, რაც მას Apple-თან მიმართებაში ჰქონდა. კაპიტალიზაციის მხრივ, მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიად ამერიკული ExxonMobil-ი ითვლება.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის მარტში Apple-ს აქციის ფასი მხოლოდ 85,3 დოლარი იყო, რაც ახლანდელ მაჩვენებელზე 3,5-ჯერ ნაკლებია. მას შემდეგ, Apple-მ კაპიტალიზაციის კუთხით Microsoft-საც გაუსწრო და მსოფლიოში უმსხვილესი IT კომპანია გახდა.
Apple-ს აქციების ფასების ზრდა, ბაზარზე Ipad-ისა და Iphone-ის სმარტფონების გამოსვლამ განაპირობა, რომელთა გაყიდვებსაც Apple-ს შემოსავლის 30%-ი მოაქვს.
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების აზრით, ერთი წლის განმავლობაში, Apple-ს აქციის ფასი შეიძლება 342,8 დოლარამდე გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, სტივ ჯობსის კომპანიის კაპიტალიზაცია 313,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
|