DataLife Engine > პოლიტიკა > "ევროკავშირის ბაზრის ათვისება რთული, მაგრამ რეალური ამოცანაა"

"ევროკავშირის ბაზრის ათვისება რთული, მაგრამ რეალური ამოცანაა"


30 ივლისი 2009. : merabi
დეკემბერში მორიგი სამთავრობო კარუსელის შემდეგ მთავრობას ახალი მინისტრი შეემატა. პარლამენტის ჩუღურეთის მაჟორიტარმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.
ლაშა ჟვანიამ საზოგადოებას დანიშვნისთანავე დაამახსოვრა თავი ტყეების აუქციონების შეჩერებით.
მინისტრმა "ბ&ფ"-ს თავისი მოსაზრებები გაუზიარა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტთან, "იაფი კრედიტის" პროგრამასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, მცირე ბიზნესის განვითარებასთან, ტურიზმთან, სტატისტიკის სამსახურის რეფორმასა და ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან და მის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებასა თუ ალასანიას გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით.
ლაშა ჟვანია რეიტინგული მინისტრების რიცხვს ეკუთვნის. იურისტი, დიპლომატი და ქვეყნის მთავარი ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი, თავბრუდამხვევი კარიერა და საკმაოდ კარგი იმიჯი საზოგადოებაში - ეს ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პოლიტიკოსისთვის სახიფათო უფროა, ვიდრე ხელშემწყობი გარემოება.გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ბატონო ლაშა, რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა წარმოადგინა ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი. ამ პაკეტში ძირითადი დატვირთვა ეროვნულ ბანკზე, ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიაზე მოდის. შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაში, როგორ ხედავთ ეკონომიკის სამინისტროს როლს და ფუნქციას და რას უპასუხებთ იმ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, რომლებიც თქვენი მინისტრობის პერიოდში, ეკონომიკის სამინისტროს შეზღუდულ მნიშვნელობაზე საუბრობენ?

- ბედნიერი ვიქნები, თუ ახლო მომავალში ისე გვექნება საქმე, რომ ეკონომიკის სამინისტროს, და არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს, არამედ სხვა დარგობრივ სამინისტროებსაც, უფრო ნაკლები ფუნქციები ექნება. ცხადია, ეკონომიკა არ არის მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო. პირველ რიგში, ეს არის საფინანსო სექტორი და დარგობრივი ეკონომიკა და ამ ყველაფრის ერთობლიობა. ამიტომ, ვერაფრით გამოვყოფ ინფრასტრუქტურას ეკონომიკისგან. მითუმეტეს, რომ ბოლო წლების ჩვენი ეკონომიკური ზრდის დიდი ეფექტი მოდიოდა მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, ტელეკომუნიკაციაზე, ტრანსპორტზე და ა.შ. ის, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია უნდა იყოს. ის, რაც საფინანსო სექტორისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციაა, მათივე კომპეტენციაში უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ერთმანეთის ფუნქციებში ჩარევა გაცილებით მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე საკუთარი ფუნქციების თანმიმდევრულად და კოორდინირებულად შესრულება. რაც შეეხება პაკეტს, ცხადია, მასზე მსჯელობა გვქონდა ყველასთან, მათ შორის თბილისის მერიასთან, ფინანსთა სამინისტროსთან თუ ეროვნულ ბანკთან და ამ საკითხებზე ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ.

- მინისტრობის პირველ დღეებში, თქვენს მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, საზოგადოების, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების ერთ ნაწილს აფიქრებინა, რომ ეკონომიკის სამინისტროში რეალურად შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისადმი კახა ბენდუქიძისეული მიდგომები. თუმცა, შემდეგ ბევრს ძალიან საყურადღებოდ ეჩვენა თქვენს მიერ, ტყეების გაყიდვის პოლიტიკასთან დაკავშირებით თავდაპირველად დაფიქსირებული პოზიციის შეცვლა. განსხვავდება თუ არა ბენდუქიძისეული მიდგომებისგან, თქვენი მინისტრობის პერიოდში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკა?
- ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ და გამოხატვის საშუალებაც სხვადასხვაგვარი გვაქვს, მათ შორის ხასიათიც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კურსი მინისტრის ცვლილებასთან ერთად უნდა შეიცვალოს. უბრალოდ, ზოგი შეიძლება მეტად აგრესიულია, როცა სრულ დერეგულირებასა და ლიბერალიზმზე საუბრობს. ვფიქრობ, და არა მხოლოდ მე, ამას ექსპერტებზე დაყრდნობითაც გეუბნებით, მათ შორის, უამრავ უცხოელ ექსპერტზე დაყრდნობით, და უცხოური ქვეყნების მაგალითებზე, რომ არის სფეროები, რომლებიც გამჭვირვალე და რეგულირებადი უნდა იყოს. რაც შეეხება ტყეებს, მე დანიშვნისთანავე განვაცხადე ამასთან დაკავშირებით, რომ ტყეებზე ლიცენზია არ გაიცემა მანამ, სანამ არ გვეცოდინება რას გავცემთ ანუ სანამ არ ჩატარდება ინვენტარიზაცია. როდესაც ჩვენ ინვენტარიზაცია ჩავატარეთ, გამოვიტანეთ კიდეც შესაბამისი ლოტები აუქციონზე. ის, რომ ტყე უნდა მოიჭრას, ეს არის აქსიომა და ფაქტი. ის, რომ ტყის მოჭრა დღეს ბრაკონიერულად ხდება და ლიცენზიის გარეშე, ისე რომ სახელმწიფო არაფერს იღებს და ბუნებაც ჩანაგდება, ესეც ფაქტია. და ფაქტია ისიც, რომ ვინც ამ ლიცენზიას მიიღებს, მას უნდა ჰქონდეს ზუსტად გაწერილი ვალდებულებები, თუ რა რეჟიმში უნდა იმუშაოს, რათა კომერციული საქმიანობაც აწარმოოს და ტყის რესურსიც შეინარჩუნოს და ეკოლოგიასაც პრობლემა არ შეუქმნას.
ჩემს დანიშვნამდე გამოცხადებული ტენდერი ამ პირობებს აბსოლიტურად არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მივიღე ტენდერის შეჩერების გადაწყვეტილებაც. დღესდღეობით, ჩვენ კარგად ვიცით, რა? გამო?ვაქვს აუქციონზე. ღა რაც მთავარია, სამართლებრივ ჩარჩოებშია ჩასმული ეს ყველაფერი და სახელშეკრულებო პირობები დეტალურად ითვალისწინებს ლიცენზიანტის ვალდებულებებს.

- "იაფი კრედიტი" - ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ გატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. 2008 წლის პროგრამით, როგორც ცნობილია, 117 ბიზნესი დაფინანსდა, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია დღეს ეს ბიზნესები, რამდენი ადამიანი დასაქმდა შარშანდელი პროგრამის შედეგად, და რამდენი ადამიანია დასაქმებული მათგან დღეს?
- ამ პროგრამით დაფინანსდა 100-ზე მეტი პროექტი, შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი. მე ამ პროექტს ცალსახად წარმატებულად ვთვლი. იყო ერთი მომენტი, როცა გასულ წელს გაცემულ კრედიტებზე შეიქმნა გარკვეული დაბრკოლება კრედიტის ათვისების კუთხით. ანუ, რამდენიმე კომპანიამ, რაც უნდა აეთვისებინა შარშან, აითვის? წელს. ეს თანხა შეადგენს 820.000 ლარს და საუბარია დაახლოებით 22 კომპანიაზე, ვინც კრედიტი ბოლომდე ვერ აითვისა. ამ რესურსის ათვისება მათ მიერ წელს ხდება. მაგრამ მათ დაუდგათ სხვა პრობლემა, კერძოდ, სანამ კრედიტი აითვისეს, მანამ გადახდების დაწყების პერიოდმა მოუწიათ. ჩვენ აქაც მეწარმეების ინტერესებს ვიცავთ და ამიტომ მთავრობაში დავაყენეთ საკითხი, რათა ამ კომპანიებისთვის გადახდის დაწყების გადავადებაც მოხდეს. ვფიქრობ, ეს საკითხი მალე დადებითად გადაწყდება. ცხადია, ამ პროექტის ფარგლებში აღმოჩნდა რამდენიმე წარუმატებელი ბიზნეს-პროექტიც, თუმცა ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ბიზნეს-გეგმები არ იყო ბოლომდე კონდიცირებული. ამ გარკვეულ ფორსმაჟორულ შემთხვევებში ჩვენ ვერთვებით და ამ პროექტების ხელშეწყობაც ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ვითარება სულ თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში გვაქვს.

- ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობაა, ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე სერიოზული პროექტის შესახებ გაჟღერდა. პირველ რიგში, გავიხსენოთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში, სადაც ეგვიპტური კომპანია `ფრეში~, თქვენი განცხადების თანახმად, რამდენიმე მილიარდ დოლარს ჩადებს, ანალიტიკოსების მოსაზრებით, პოტენციურ ინვესტორს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსი. რას უპასუხებთ ამ მოსაზრებას, როდის დაიწყება რეალურად ეს პროექტი და რეალურად რა იქნება ამ პროექტის ღირებულება?
- როდესაც დავასრულეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან და შევთანხმდით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასა და შედეგად მილიარდ 200 მილიონის ინვესტიციის განხორციელებაზე, ეს იყო უკვე მარტის ბოლო და განცხადების გაკეთება 1 აპრილს მიწევდა. კატეგორიულად უარი ვთქვი 1 აპრილს ამ განცხადების გაკეთებაზე, იმიტომ, რომ დარ?მუნებული ვიყავი, ეკონომიკური კრიზისისა და სკეპტიციზმის პირობებში, რომელიც ჩვენ მოსახლეობაში ჯერ კიდევ არის, ხალხი საპირველაპრილო ხუმრობად ჩათვლიდა. განცხადება გაკეთდა 2 აპრილს. თუმცა მას სერიოზულად ბევრმა არ შეხედა. სულ რამდენიმე თვეა გასული და ფაქტია, რომ დღეს ქუთაისში ქარხნის აწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ეს ქარხნები ძალიან მალე, აგვისტოს ბოლოსთვის, გამათბობლებისა და კონდენციონერების გამოშვებას დაიწყებენ. მეორე ეტაპზე ამოქმედდება კერამიკის ქარხანა. ინვესტორმა დაწვრილებით შეისწავლა საქართველოში არსებული თიხა და თუ მას ეგვიპტეში კერამიკის საწარმოებლად (ეგვიპტე კი, მოგეხსენებათ, განთქმულია მოსაპირკეთებელი კერამიკის წარმოებით) 12 მინარევი ესაჭიროება, საქართველოში მოპოვებულ თიხას ეს მინარევები ბუნებრივად გააჩნია. ამდენად, ჩვენთან მსგავსი წარმოება გაცილებით იაფი დაჯდება. მათთვის საინვესტიციო გარემოც მისაღებია, რამდენადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოებას ძალიან დიდ შეღავათს აძლევს. თამამად გეტყვით, რომ ჩემდა სასიხარულოდ, და, ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ პროექტისადმი სკეპტიკურად დამოკიდებულთა სასიხარულოდაც, "ფრეშის" პროექტი უკვე რეალობაა. ქარხანა ეწყობა. ჩვენ უკვე აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ვნახავთ პირველ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელსაც ექნება დამღა: "დამზადებულია საქართველოში".

- მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ბელიმ, საქართველოს მთავრობის მიმართ მიცემულ რეკომენდაციაში გააჟღერა, რომ ჩვენ ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორში უნდა მოვიზიდოთ, ამით ბატონმა ბელიმ, საქართველოს მიმდინარე საინვესტიციო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, მოკრძალებულად შეაფასა. ეკონომიკის რეალური სექტორის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების წახალისების აუცილებლობაზე ქართველი ექსპერტებიც ხშირად მიუთითებდნენ. როგორ შეაფასებთ ბოლო წლების საინვესტიციო პოლიტიკას და მისაღებია თუ არა თქვენთვის ეს შენიშვნა?
- მე, საზოგადოდ, არ მჩვევია წარსულში ყურება. ვიყურები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვხედავ, რომ იყო რაღაც შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწორო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემი დანიშვნის შემდეგ ვმუშაობ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გაფართოების მაქსიმალურად ხელშესაწყობად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალური სექტორის განვითარება ვერ მოხდება. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა, ჩვენ ვერ გავხდებით სხვა ქვეყნებში წარმოებული საქონლის კონკურენტუნარიანი, გინდა ეს იყოს სოფლის მეურნეობის, გინდა სხვა სექტორში წარმოებულის. ამიტომ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების წასახალისებლად. სამინისტროში შექმნილია ექსპორტისა და წარმოების ხელშემწყობი დეპარტამენტი და ის საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში მოიზიდიოს ინვესტიციები სწორედ ისეთ დარგებში, რომელიც შემდგომ ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ გადამხდელუნარიანი ბაზარი, როგორიც, ჩვენი ხედვით, დღესდღეობით არის ევროკავშირი. ამ ბაზრის მოსაპოვებლად კი მთელი რიგი ნაბიჯები თანმიმდევრულადაა გადასადგმელი. მოსაპოვებელია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობები. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ იგი კიდევ უფრო გახანგრძლივდება, თუ დროულად არ დავიწყებთ იმ პირობების შესრულებას, რაც დეტალურადაა გაწერილი. სწორედ ეს გახლავთ დღეს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ ვაპირებ წარსულში ყურებას. მე მოვედი აქ გარკვეული პოლიტიკით და ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით უამრავ ექსპერტთან მქონდა კონსულტაცია. ძირითადში ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა და უმთავრესი სწორედ ის არის, რომ რეალურ სექტორშია ინვესტიციები მოსაზიდი. მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ, რა არის ეს რეალური სექტორები.
ყველაზე დიდი სექტორი ეს სოფლის მეურნეობაა. სექტორი, რომელიც დღეს არ არის მომგებიანი, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ასეთად იქცეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის თითქმის 56% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და 2008 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ამ სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 3 % -იანი წილი ჰქონდა. მე არ ვამბობ, რომ სოფლის მეურნეობა გადაგვარჩენს. არა, ეს ფრაზა დემაგოგიური იქნებოდა. მაგრამ, დღეს ჩვენ შეგვიძლია, რომ ტექნოლოგიების, ანუ გადამამუშავებელ ტექნოლოგიების მოზიდვით, რაც უკვე თავისთავად ინვესტიცია იქნება, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში გაცილებით გავზარდოთ. თუ ჩვენ გადამამუშავებელი ტექნოლოგიები არ გვექნა, თანამედროვე ინოვაციები თუ არ დავნერგეთ, არამხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში, არამედ ეკონომიკის ნებისმიერ დარგში, ის დარგი მუდამ ჩამორჩენილი იქნება. პირველი რაც გავაკეთეთ, "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში გამოვყავით ორი მიმართულება: თანამედროვე სასაკლაოებისა შექმნა და თანამედროვე სამაცივრო ინფრასტრუქურის შექმნა. სასაკლაოებზე დაცული უნდა იყოს უკლებლივ ყველა სანიტარული თუ ტექნოლოგიური მოთხოვნა, ხოლო მაცივრები უნდა აღიჭურვოს ისეთი მაღალტექნოლოგიური მაშოკირებელი აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს ხილისა და ბოსტნეულის არამარტო რაღაც პერიოდით შენახვას, არამედ მათი გემოვნებითი თვისებების შენარჩუნებას. ეს ინფრასტრუქტურა მეხილეობისა და მებოსტნეობის მაღალრენტაბელობას უზრუნველყოფს. ჩვენი გლეხობა აღარ იქნება იძულებული მიზერულ ფასად, ფაქტობრივად, მოიშოროს მოსავალი. ჩვენ შევძლებთ ჩვენივე ბაზრის ადგილობრივი პროდუქციით გაცილებით დიდხანს, თუ მთელი წლის განმავლობაში არა, უზრუნველყოფას. შესაბამისად, ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული ძვირადღირებულ და იმპორტულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. დღესდღეობით ჩვენს დეფიციტს, სწორედ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული იმპორტი ავსებს, იმ ქვეყნებიდან, სადაც აქვთ თანამედროვე და გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასათბურე მეურნეობები.
სასათბურე ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის გააქტიურებაც დიდ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. საქართველო განებივრებულია მრავალფეროვანი კლიმატური პირობებით. მათ შორის, გვაქვს უდაბნოც, რომელსაც ყურადღება საერთოდ არ ექცევა. ამ მიმართულებას თქვენთან საუბარში პირველად ვააქტუალურებ. - უდაბნო, ეს არის ადგილი, რომელიც იდეალურია სასათბურე მეურნეობების იაფად მოსაწყობად. იქ საამისოდ ნაკლები ენერგორესურსია საჭირო, გარდა ამისა, საქართველოში არის ბევრი ადგილი, სადაც ბუნებრივი ცხელი წყლებია, რომლის გამოყენებაც ასევე წარმატებითაა შესაძლებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სასწაულების მოხდენაა შესაძლებელი.
დღეს ჩვენი პროდუქცია არც ფასით და არც ხარისხობრივად არ არის კონკურენტუნარიანი იმპორტულ პროდუქციასთან მიმართებაში. კი ბატონო, ევროპასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, იაპონიასთან, კანადასთან და აშშ-სთან ჩვენ ვსარგებლობთ GSP+ სტანდარტით, რაც ამ ბაზრებზე 7200 დასახელების ნედლეულისა და პროდუქტის მთელი რიგი პრეფერენციებით შეტანის უფლებას გვაძლევს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ 27 დასახელების გატანა ხერხდება. და ეს იმიტომ, რომ ამ ბაზრებისთვის ხარისხობრივად მიუღებელია ჩვენი პროდუქცია. ამას უნდა მიხედვა და შველა და სწორედ ეს იქნება ექსპორტის რეალური წახალისება და ხელშეწყობა.
სამინისტროში ფუნქციონირებს ექსპორტის ხელშემწყობი დეპარტამენტი, მალე გვექნება ექსპორტის ხელშემწყობი ბიუროც, რომელიც იქნება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული, თუმცა დამოუკიდებელი. ამ დამოუკიდებლობას ის უპირატესობა აქვს, რომ ეს ინსტიტუტი დაკომპლექტდება როგორც სახელმწიფო მოხელეებისგან, ისე კერძო მეწარმეებისგან. ანუ თავად მეწარმეებს შეეძლებათ ბიუროს მუშაობის წარმართვა და საქმიანობის კონტროლი. ამას გარკვეული რესურსი და დიდი ძალისხმევა სჭირდება და სანამ ამას მივაღწევთ, მანამდე თავისი სიტყვის თქმას სამინისტროს ექსპორტის ხელშემწყობი დეპარტამენტი შეეცდება.
მინდა მრეწველობაზეც გავამახვილო ყურადღება. მე არ ვამბობ, რომ უეცრად ვიღაცამ საქართველოში საავტომობილო ქარხანა უნდა ააშენოს, მაგრამ ჩვენთან არის ძალიან ბევრი სამშენებლო მასალა, რომელიც მშენებლობაში ყოველდღიურად გამოიყენება, მაგრამ დღეს ხდება მისი იმპორტი. არადა, შეიძლება რომ ეს მასალები საქართველოსი გაცილებით იაფად იწარმოებოდეს. ამის კარგი მაგალითია კომპანია `კნაუფის~ მიერ განხორციელებული 5 მლნ. ევროზე მეტის ინვესტიცია, რომლის შედეგადაც სრულდება ქარხნის მშენებლობა, რომელიც უკვე ადგილზე გამოუშვებს მუყაო-თაბაშირის პროდუქციას. თუნდაც იგივე `საქკაბელის~ მაგალითი, რომელმაც შეძლო და ტექნოლოგიური გადაიარაღების შედეგად ადგილზე აწარმოებს მაღალხარისხიან ფართო ასორტიმენტის პროდუქციას. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი სერიოზული დამკვეთი გახდება სწორედ კომპანია "ფრეში", რომელიც პირველ ეტაპზე ელექტროსაქონლის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. თავად განსაჯეთ - საჭირო კაბელის შეძენას `ფრეში~ ქუთაისში ზესტაფონში მდებარე "საქკაბელისგან" შეძლებს. დიდი პერსპექტივა აქვს მუყაოს წარმოებასაც, რამდენადაც ერთიორად გაიზრდება შესაფუთი მასალის აუცილებლობა. იგივე შეიძლება ითქვას მინის წარმოებაზეც. საქართველოში არ უნდა ხდებოდეს მინის ნაწარმის ტოტალური იმპორტი. ასეთი სექტორები ბევრია და სწორედ ეს გახლავთ რეალური ეკონომიკა, რომელმაც უნდა შექმნას საექსპორტო პროდუქცია.
სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მიმაჩნია სექტორალური კვლევები, რაც პოტენციურ ინვესტორს სრულ და მასშტაბურ ინფორმაციას აწვდის ამა თუ იმ სექტორში არსებული ვითარებისა და პოტენციალის შესახებ. განხორციელებულია ტრანსპორტის ბაზრის კვლევა, ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის ბაზრის კვლევები. უახლოეს დღეებში ეს დოკუმენტები ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდება და ეს იქნება კარი მათთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკის ნებისმიერი სფეროთი.
ახლო მომავალში გამოვაცხადებთ ერთგვარ საპილოტო პროექტს ტელეკომუნიკაციების სფეროში. ჩვენ თუ არ დავიწყებთ მომავალი თაობის კომპიუტერებით უზრუნველყოფას, რამდენიმე წელიწადში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება თანამედროვე ბიზნეს და არა მარტო ბიზნეს უნარ-ჩვევების თვალსაზრისით.
ჩვენ ახლა ვიწყებთ ინტერნეტ- პროვაიდერებთან მუშაობას და მოლაპარაკებებს, ასევე ბანკებთან, რომ მათ თავისივე პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით შემოიტანონ კომპიუტერები, რომლის მიყიდვა შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხის საშუალებით განვადებით მოხდება. თითოეულ ადამიანს მოუხდება დაახლოებით 20 დოლარის გადახდა ყოველთვიურად. თავის მხრივ, ინტერნეტ-პროვაიდერები ბრუნვას გაზრდიან. საჭირო გახდება ასევე კომპიუტერის ცოდნის კვალიფიციური კურსების შექმნა, სადაც ადამიანები დამატებით დასაქმდებიან. ჩვენი ვარაუდით, 15-20 ათასამდე ადამიანი ახალ კომპიუტერს მიიღებს, აქედან 7-8 ათასი შეისწავლის კომპიუტერს კურსების მეშვეობით. 7-8 ათასი ადამიანი კი უკვე ძალიან კარგი ბაზარია. არა მხოლოდ საქართველოში ტელეკომუნიკაციების სწრაფი განვითარებისთვის, არამედ ინფორმაციულობისთვის და ეს უკვე ყველაფერს მოიცავს. ეს არის ახალი გზის გაჭრა განვითარებული სამყაროსკენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარების მომხრეები არ არიან. თუ შეგიძლიათ, დაგვისახელეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა არგუმენტები გააჩნიათ მათ ამისთვის. თქვენი აზრით, როდის იქნება შესაძლებელი ამ ხელშეკრულების რეალურად გაფორმება?
- არც დრო მაქვს და არ ხალისი იმისათვის, რომ პიროვნებებს დავუწყო ძებნა. აქ საუბარია საქმის სწრაფად გაკეთებაზე და მე ვგრძნობ, რომ ჩვენ თუ ეფექტურად და სწრაფად გადავდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რაც საამისოდაა საჭირო, ყველაფერი გამოვა. პირველი, ეს გახლავთ სასურსათო უვნებლობის უზრუნველყოფა. სასურსათო უვნებლობა მარტო ევროკავშირისთვის ხომ არ გვინდა?1 საკუთარი მოსახლეობის წინაშე ხომ გვაქვს პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, ჩვენი შიდა ვაჭრობის 75%-ს მოიცავს ე.წ. "ბაზრობა", ანუ ეს არის ის სივრცე, რომელიც სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით პრაქტიკულად დაუცველია. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, რას ყიდულობს და რა მიაქვს თავისი შვილებისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. შესაბამისი პასუხისმგებლობის არსებობაა აუცილებლობაა. ყველა სახელმწიფოში ეს ასეა. ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. სასურსათო უვნებლობის საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაჭრა და მისი რეალურ ცხოვრებაში დანერგვა ერთ-ერთ უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.

- ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული პრიორიტეტი თავიდანვე ტურიზმი გახლავთ. მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, ომგადატანილ ქვეყანაში დღეს სწორედ ამ დარგს უჭირს ყველაზე მეტად. როგორ შეაფასებთ ტურისტულ ინდუსტრიაში შექმნილ მდგომარეობას და რა ხედვა გაქვთ ამ დარგის ასაღორძინებლად?
- ეს ხედვა დღეს არ ჩამოყალიბებულა, და იგი რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. შევთანხმდეთ, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი პატარა და ენერგო რესურსების არმქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს არის პირდაპირი ინვესტიციები. ეს არის ისეთი კატეგორია ხალხისა, რომელიც არის მსყიდველუნარიანი, ეს არის ხალხი, რომელთაგან თითოეული სულ მცირე 1000 დოლარს ხარჯავს რამდენიმე დღეში. ტურიზმი არის წამალი, რომელსაც რომ გადაყლაპავ, სხეულის ყველა ნაწილს მალამოდ ედება. ტურიზმს შეუძლია უამრავი ადამიანის დასაქმება, ეს არის გლეხისთვის საქონლის გასაღება, ეს არის ქიმწმენდების განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან, სექტემბრიდან, გამოცხადდეს ტურიზმის წელი. ვმუშაობთ, რომ შეღავათები დაუწესდეს ტურიზმის სფეროში დაკავებულ ნებისმიერი მიმართულების ბიზნესს, მათ შორის, ვფიქრობთ სასტუმროების დღგ-სგან გათავისუფლებას.
ტურიზმი, ეს ქვეყნის რებრენდინგიცაა, ტურისტს ვერ მოიპოვებ, თუ ინფორმაცია არ იქნა მისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ პროგრამას ვახორციელებთ და ეს პროგრამები კარგად მუშაობს. აქ იგულისხმება არა მარტო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სარეკლამო რგოლები, არამედ ტურიზმის სფეროზე მწერალი ჟურნალისტებისთვის სპეცტურების მოწყობა. ჩვენ გასულ კვირას დავასრულეთ მოლაპარაკება "ბაზ თივისთან", ეს არის ბრიტანული კომპანია, რომელიც საქართველოს შესახებ 6-8 კვირის განმავლობაში გადაიღებს ფილმს ქვეყანაში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ. ფილმი რამდენიმე წამყვანი ტელეკომპანიით გავა.
ასევე ვმუშაობთ მუდმივმოქმედი გამოფენების არეალის გაფართოებაზე, როგორიც იყო მაისის თვეში სტამბულის აეროპორტში მოწყობილი გამოფენა, რომელმაც შემდგომ ანკარაში გადაინაცვლა.

- ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად ანალიტიკოსები ასახელებენ მცირე და საშუალო სექტორისადმი მთავრობის მიდგომებს. მცირე და საშუალო ბიზნესის სოციალურ როლს, მის მნიშვნელობას დასაქმების პრობლემის აღმოფხვრაში მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნებიც აღიარებენ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო უამრავ ფულს ხარჯავს ეკონომიკის ამ სექტორის დასახმარებლად, საქართველოში კი ბიზნესის ეს სექტორი არა თუ წახალისებული, არამედ ოფიციალურ დონეზე დეფინიცირებულიც კი არ არის. როგორია თქვენი, როგორც მინისტრის ხედვა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა თქვენი მინისტრობის პერიოდში ამ სექტორის წასახალისებლად და რა შედეგები გვაქვს დღეს?
- საქართველოში დღეს მცირე საწარმოებში უფრო მეტია დასაქმებული, ვიდრე მსხვილ საწარმოებში. ჯერ ერთი, მსხვილი საწარმოები ისედაც ხელზე ჩამოსათვლელია. ევროკავშირის მოთხოვნაცაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკა უნდა იყოს გამოკვეთილი. ექსპორტის ხელშემწყობი დეპარტამენტის მსგავსად გვინდა უახლოეს ხანში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი დეპარტამენტიც ჩამოვაყალიბოთ. მასვე მიეცემა მრეწველობის ხელშემწყობი დეპარტამენტის ფუნქციაც, რომელიც პოლიტიკის შემუშავებაზე იმუშავებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმეს ჩარჩოებში ჩასმა გვინდა და ლიბერალიზაციის, თავისუფალი ბაზრის პრინციპებს გვერდს ვუვლით. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ორგანო, რომელიც იკვლევს პრობლემებს, რაც ამა თუ იმ სფეროს განვითარებას ეღობება წინ. ორგანოსი, რომელიც ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრობს და მსჯელობს საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ ესტონელ ექსპერტებთან ერთად და ეს სტრატეგიაც მალე დაიდება. მათ ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფად განვითარების მიმართულებით.

- ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში სტატისტიკის დეპარტამენტის არსებობა, როდესაც სტატისტიკის სამსახურის მთავარი ფუნქცია, სწორედ მთავრობისა და მათ შორის, თქვენი სამინისტროს საქმიანობის შეფასებაა, თქვენი აზრით, არის თუ არა ინსტიტუციური შეუთანხმებლობა და დარღვევა; როგორია თქვენი ხედვა სტატისტიკის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და როგორ ხართ ჩართული იმ ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც ამ სამსახურის რეფორმას ამზადებს? და აქვე, რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს, - თქვენ მისი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის აუცილებლობის შესახებ, მინისტრობის პირველ დღეებში დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. თუმცა, ამას მოჰყვა პრეზიდენტის ერთმნიშვნელოვანი განცხადება, რომ ჩვენს ბიზნესს არ სჭირდება ზედმეტი რეგულირების სამსახური, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური არ აღდგება. იმოქმედა თუ არა თქვენს ხედვაზე პრეზიდენტის არგუმენტმა და როგორ ხედავთ ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციას და როლს შექმნილ რეალობაში, როდესაც ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში ამა თუ იმ კომპანიის მონოპოლისტური მდგომარეობა მოსახლეობას გაუსაძლის ტვირთად აწვება?
- პირველი და მთავარი მესიჯი ჩემგან: როგორც სტატისტიკის დეპარტამენტი ისე ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებლები. ისინი არ უნდა იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. ამის შესახებ მე დანიშვნისთანავე გავაკეთე განცხადება. სტატისტიკის დეპარტმენტს უნდა ჰქონდეს სტატისტიკის წარმოების სწორი მეთოდოლოგია შერჩეული. დღეს კვარტლის შედეგი რომ დამიდოს სტატისტიკის დეპარტამენტმა, მას სჭირდება დაახლოებით 60-70 დღე, ანუ მეორე კვარტლის დასასრულამდე, რაც სრული კატასტროფაა. მეთოდოლოგია დასახვეწია, ისევე როგორც სტანდარტები. სტატისტიკის მომხმარებელი უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და მთლიანად მთავრობა. ამდენად, ვფიქრობ, ეს სამსახური არათუ მთავრობის ერთ-ერთ სამინისტროზე დაქვემდებარებული, არამედ მთავრობაზეც კი არ უნდა იყოს დაქვემდებარებული.
რაც შეეხება ჩემს ჩართულობას რეფორმის პროცესში, გეტყვით, რომ გეგა მგალობლიშვილის პრემიერობის პერიოდში მე ვიყავი ჩართული ამაში, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფში ჩართული არ არის. მაგრამ ეს უფრო ტექნიკური საკითხია, რამდენადაც თავის დროზე იქ სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი კოვზირიძე სხვა სამუშაოზე გადავიდა, თუმცა ჯგუფის წევრად დარჩა. ვფიქრობ, ინსტიტუციონალური კუთხით იქ აუცილებლად უნდა იყოს სამინისტროს წარმომადგენელი ჩართული და დარწმუნებული ვარ, ეს ხარვეზი მალევე გამოსწორდება. ანტიმონოპოლიურს რაც შეეხება – იმ ფუნქციებით მისი აღდგენა, რაც მას ადრე ჰქონდა, დაუშვებ