DataLife Engine > პოლიტიკა > ვინ მიაწოდა "იმედს" ჯოზეფ ბაიდენისა და ოპოზიციის შეხვედრის დეტალები
ვინ მიაწოდა "იმედს" ჯოზეფ ბაიდენისა და ოპოზიციის შეხვედრის დეტალები29 ივლისი 2009. : merabi |
|
ინფორმაციის ანონიმურმა წყარომ, რატომღაც, ტელეკომპანია "იმედი" შეარჩია. "იმედმაც" იმედი არ გაუცრუა მავენს და ვრცელი სენსაციური სიუჟეტი მიუძღვნა შეხვედრას. სიუჟეტიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მკაცრი და კრიტიკული იყო ქართული ოპოზიციის ლიდერების მიმართ. მან დატუქსა ისინი და ჭკუაც დაარიგა. ასეთია, ამ ისტორიის ფაქტობრივი მხარე.
ცხადია, ეს არ არის მთავარი. ჩნდება კითხვა: ვის აძლევდა ხელს ამ შეხვედრის დეტალების გახმაურება, შეხვედრისა, რომლის დეტალებიც მხარეთა შეთანხმებით არ უნდა გახმაურებულიყო. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას. "იმედის" ვერსიის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებას უნდა გაეკეთებინა დასკვნა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია და ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერენ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მთავრობას. მთავარი მაინც სხვა კითხვაა: ვინ მიაწოდა ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედს". ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი არც ჩვეულებრივი მოკვდავია და არც ერთი რიგითი პოლიტიკოსი. მისი დახურული შეხვედრის დეტალების გამჟღავნება არ არის იოლი. ეს მხოლოდ უპასუხისმგებლო პიროვნებას ან თავზეხელაღებულ ავანტიურისტს შეუძლია გააკეთოს. სიტყვა, რომელიც დიალოგის დასაწყისში ითქვა მედიასთან დეტალების გაუხმაურებლობის თაობაზე, ერთი შეხედვით, ჯენტლმენური შეთანხმება იყო, მაგრამ სერიოზული პოლიტიკოსებისთვის ეს შეთანხმება აკრძალვაზე მეტს ნიშნავს. ბუნებრივია, "იმედს" ინფორმაციას ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და ელჩი ტეფტი არ მიაწვდიდნენ. შეხვედრის ქართველი მონაწილეებიდან ყველა უარყოფს "იმედისთვის" ონფორმაციის მიწოდების ფაქტს. რომელიმე მათგანი ცრუობს, თუ ინფორმაცია სხვა გზით მოხვდა ჟურნალისტებთან? სავარაუდოა, რომ ასეთი ოფიციალური შეხვედრებისას კეთდება პროტოკოლური, სტენოგრაფიული ან აუდიო ჩანაწერი. მასთან შეხება პირთა კარგად შემოწმებულ ვიწრო წრეს უნდა ჰქონდეს. ამ შეხვედრის, ისე როგორც ბაიდენის მთელი ვიზიტის უსაფრთხოებას, როგორც არაერთხელ გაიჟღერა, ამერიკული სპეცსამსახური უზრუნველყოფდა, სავარაუდოა, ქართველ კოლეგებთან ერთად. ფარული ჩანაწერის გაკეთება გამორიცხულია. ამდენად, ამ მხრიდან ინფორმციის გაჟონვის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. რჩება შეხვედრის ქართველ მონაწილეთა მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ან ამის გარეშე, ტელეკომპანიისთვის მასალის გადაცემის შესაძლებლობა. საინტერესოა, გრძნობენ თუ არა უხერხულად თავს შეხვედრის ქართველი მონაწილეები. ადგილი აქვს თუ არა რომელიმე მათგანის მხრიდან პოლიტიკურ შეცდომას ან ეთიკურ გადაცდომას? რატომ არ გააკეთა არანაირი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ იგი ადასტურებს შეხვედრის ქართველი მინაწილეებისა და ბატონ ბაიდენის იმ გამონათქვამებისა და ფრაზების სრულ სიზუსტეს, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა. ჩვენთვის უცნობია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების რომელი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ შეხვედრას. დასახელდა მხოლოდ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი, რომელმაც ერთ-ერთ არხზე კომენტარიც გააკეთა. დანარჩენები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩნენ. ითქვა, რომ შეხვედრის მონაწილეები აშშ-ს საელჩომ შეარჩია, მაგრამ არასამთავრობოების წარმომადგენელთა ვინაობა არ დასახელებულა. არც ის აღნიშნულა, რომ შეხვედრაზე ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილიც იყო მიწვეული და მან, როგორც თავად განაცხადა, ეს მიწვევა არ მიიღო. არავის გაუმახვილებია ყურადღება, რომ გასაჯაროებული დიალოგი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც თავისი უმწიკვლო რეპუტაციით და მაღალი ინტელექტით არის ცნობილი. როცა გავრცელებული ვერსიით, ის საუბრობს ბუშისა და ელგორის საარჩევნო ბატალიების შედეგებზე, თითქოს ამბობს, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, "ჩვენ არ დავეთანხმეთ ამ გადაწყვეტილებას და არ გავედით ქუჩაში". ეს პარალელი საქართველოს ვითარებასთან არათანაბარზომადია. ჩვენი ბოლო ორი არჩევნების შემდეგ სასამართლომ ვიდეოთვალის გამოყენება აკრძალა, ხოლო ამერიკაში სადავო ფლორიდის შტატში ბიულეტენები სულ საგულდაგულოდ გადათვალეს. დამაჯერებლად არ გამოიყურება ეს უაღრესად პატივსაცემი პიროვნება მაშინაც, როცა გავრცელებული ვერსიით ეუბნება გაჩეჩილაძეს და ბურჯანაძეს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში თქვენს გარდა ეჭვი არავის ეპარებაო, ამ დროს, თბილისში დამარცხებული პრეზიდენტის მიერ ნაჩვენებ შედეგებში საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ ნახევარზე მეტს ეჭვი ეპარება და ამას ნებისმიერი გამოკითხვა ადასტურებს. საოცარი იყო შეხვედრის ქართველი მონაწილეების კომენტარი "იმედის" სიუჟეტზე. ზოგმა "ძირიადად" დაადასტურა ციტატების სისწორე, ზოგმა ნაწილობრივ. ამ დროს, ყველა მათგანს დაავიწყდა, რომ შეხვედრა დახურული იყო და ისინი ჯოზეფ ბაიდენთან შეთანხმდნენ დეტალებზე საჯაროდ არ ესაუბრათ. ერთადერთი ვინც ნამდვილი პოლიტიკოსივით და ჯენტლმენივით მოიქცა, ირაკლი ალასანია იყო. მან თქვა, რომ არ დაარღვევს შეთანხმებას და დეტალებზე არ ისაუბრებს. ფაქტი ერთია და ფაქტი ჯიუტია: ბაიდენს თბილისში "უსმენდნენ", თუმცა ვინ და რატომ, ეს რატომღაც არავის აღელვებს. იმედია, ამ ისტორიას ნათელი მოეფინება და საზოგადოება გაიგებს, ვინ დაარღვია პირობა, ვინ მიაწოდა ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედს". ბექა სავანელი |