DataLife Engine > პოლიტიკა > "ბლუმბერგი" სკანდალში გაეხვა

"ბლუმბერგი" სკანდალში გაეხვა


27 მაი 2009. : merabi
კვლევა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგის აწევას მოწმობს, ბუნებაში არ არსებობს


ინფორმაცია სამთავრობო ტელევიზიებით გავრცელდა. კვლევა "ბლუმბერგის" მიერ ჩატარებულად გამოცხადდა. მასალის ავტორია ჰელენა ბედველი, იგივე თათია ნიკოლეიშვილი. წერილი მალე საიტზე - Georgian daily-ში გამოჩნდა სათაურით: "სააკაშვილის პოპულარობა საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე იზრდება, როგორც გამოკითხვამ აჩვენა". ჰელენა ბედველის გვარის გასწვრივ მოჩანს ლოგო - Bloomberg.com. ნახევარი საქართველო და მათ შორის საინფორმაციო ვებ-გვერდი Commersant.ge თავგამოდებული ეძებდნენ "ბლუმბერგის" მითითებულ მისამართზე ამ წერილს ან ინფორმაციას კვლევის შესახებ, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს.
ამ მცდელობათა შედეგად გაირკვა, რომ ჰელენა ბედველის წერილი, რომელიც საქართველოში "ბლუმბერგის" კორესპოდენტს ეკუთვნის, PR-კომპანია "გრინბერგის" საიტზე დევს. უცებ "ბლუმბერგის" გამოკითხვა "გრინბერგის" გამოკითხვად იქცა. თურმე გამოკითხვა 1-9 მაისს ჩატარდა საქართველოში და გამოიკითხა 1200 ადამიანი.
Commersant.ge-ს ინფორმაციით Greenberg Quenlan Rosner (GQR)-ი სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისას ეხმარებოდა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული კომპანია პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის იმიჯზე დღესაც მუშაობს. "კომერსანტს" უთხრეს, რომ აღნიშნული დასკვნა "გრინბერგმა" მათ თავად მიაწოდა, თუმცა პუბლიკაციის ავტორმა ბედველმა აღიარა, რომ თავად კვლევის შედეგები საიდუმლოა და მას არ უნახავს, გაეცნო მხოლოდ "გრინბერგის" დასკვნას. მან ვერც ის განმარტა, თუ რატომ არ არის ჯერ "ბლუმბერგის" კვლევად გამოცხადებული და მერე "გრინბერგის" გაკეთებულად აღიარებული კვლევის შედეგებზე დაწერილი წერილი თავად "ბლუმბერგის" ვებ-გვერდზე.
წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის პოპულარობის რეიტინგი აპრილის საპროტესტო აქციების შემდეგ 2%-ით გაიზარდა და 65% შეადგინა. გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გადადგომით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდება, ხოლო 29%-ს მიაჩნია, რომ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება.
ყველაფერი ყველასთვის ცხადია მოტანილი ფაქტების შემდეგ. თუმცა, მთელი ამ ისტორიის ავტორებს ლოგიკაც ღალატობთ. თუ მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა 65%-ია, გამოკითხულთა მხოლოდ 45% რატომ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გადადგომით ქვეყანაში მდგომარეობა გართულდება (?!).
ხელისუფლების მომსახურე კომპანია "გრინბერგი" მსოფლიოში საკმაოდ ძვირადღირებული სერვისის მქონე კომპანიად ითვლება. მის მომსახურებაზე, თავის დროზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომაც კი თქვა უარი.
ხელისუფლების მომხრეებს და ნაციონალ პოლიტიკოსებს ეს სკანდალი მაინცდამაინც არ აწუხებთ. მათ სჯერათ გამოკითხვის შედეგების და არ მიაჩნიათ სკანდალად "ბლუმბერგის" - ამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და ავტორიტეტული მედიაიმპერიის სახელის არცთუ კორექტული გამოყენება, უხერხულობას ვერ იმაში ხედავენ, რომ გამოკითხვა საბოლოოდ პრეზიდენტის მომსახურე კომპანიის - "გრინბერგის" მიერ აღმოჩნდა ჩატარებული. ყველაზე ურწმუნონი კი საერთოდ გამორიცხავენ ასეთი კვლევის ჩატარების ფაქტის რეალურობას და მიუთითებენ სხვა სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებადი კომპანიებისა და ჯგუფების, მედია საშუალებების რეიტინგებზე, რომლებიც არსებითად განსხვავდება "გრინბერგის" შედეგებისაგან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები (თინა ხიდაშელი, სალომე ზურაბიშვილი) მოცემულ რეიტინგს არასერიოზულად და არარეალურად მიიჩნევენ.
ქართული მედია გამოკითხვების შედეგებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს. განვითარებული სკანდალის შემდეგ ჰელენა ბედველის მასალა უკომენტაროდ მხოლოდ Pრესა.გე-მ გამოაქვეყნა.

ზურაბ კუკულაძე