DataLife Engine > პოლიტიკა > პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა
პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა25 ოქტომბერი 2008. : tamuna |
|
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მკაცრად გააკრიტიკა და მთავრობას დაუბრუნა. მელიქიშვილის არგუმენტები ლოგიკური და დასაბუთებული იყო, თუმცა დაფიქსირებული ხარვეზები არც მთლად ნიკა გილაურის ცუდი მუშაობის შედეგია. ექსტრემალურ ვითარებაში შედგენილი ბიუჯეტი, ბუნებრივია, სერიოზული კონცეპტუალური ხასიათის ხარვეზებით ხასიათდება. ბიუჯეტი, ზურაბ მელიქიშვილის აზრით, ორიენტირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე და ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, რაც თითქმის იგნორირებულია. მთავრობა ვალდებულია გაითვალისწინოს ხანდაზმულობის პენსიის ზრდა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარებების ოდენობა. იგნორირებულია `იაფი კრედიტის~ გაცემის საკითხიც. ზურაბ მელიქიშვილმა ნიკა გილაურს პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენა 1 ნოემბრამდე მოსთხოვა.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ასე მოკლე დროში მოახერხოს ბიუჯეტის პროექტის თვისებრივი შეცვლა. ამჟამად წარმოდგენილ ვარიანტში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4%-ითაა ნავარაუდევი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 5,383 მლრდ. ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის პროექტში ხარვეზები არის, მაგრამ მთავარი მოტივი მაინც დონორთა 22 ოქტომბრის შეხვედრაა, სადაც საქართველოსადმი დახმარების მოცულობები გაირკვევა. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნა გურგენიძის მთავრობის დათხოვნის საბაბად იქცეს. თუ პარლამენტმა ბიუჯეტი არ დაამტკიცა, პრეზიდენტმა ან მთავრობა უნდა დაითხოვნოს, ან პარლამენტი. მაგრამ ეს ფანტაზიის სფერო უფროა, მთავრობის შესაცვლელად პრეზიდენტ სააკაშვილის ასეთი პროცედურული მანევრების ჩატარება არ სჭირდება. პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულია და არანაირ პრობლემებს არ ქმნის. მთავრობის დათხოვნას კი, აბა, რაღა უნდა - თინეიჯერთა ახალი პერსპექტიული გუნდი. ბექა სავანელი |