DataLife Engine > პოლიტიკა > ათი "შავი საქმე"
ათი "შავი საქმე"5 აგვისტო 2010. : merabi |
|
საქართველოს სახელმწიფოს ნგრევის პროცესი ზაფხულში უფრო ინტენსიურად გრძელდება
"ბ&ფ"-მა მიმდინარე კვირის ათი ყველაზე სკანდალური პოლიტ-ეკონომიკური მოვლენის დასახელებისა და შეფასების თხოვნით პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს მიმართა. ის ამჯერადაც თავაზიანად დაგვთანხმდა კომენტარის გაკეთებაზე "საქართველოში ცნებებს - სენსაცია და სკანდალი დიდი ხანია ყავლი გაუვიდა. თითქმის ყველაფერი აქ "ექსტრემის" რეჟიმში ხდება, ყველაფერი სკანდალური და სენსაციურია. ამ რეჟიმის არქიტექტირი ქვეყნის პირველი პირია, რომელიც თავისი აულაგმავი ტემპერამენტით კარნახობს ქვეყანას საზოგადო ცხოვრების რიტმს. რამდენად სწორად და ეფექტიანად მიედინება მოვლენები იმ ბობოქარი მდინარის კალაპოტში, რომელსაც საქართველო ერქვა, ძნელი სათქმელია. მხოლოდ ბრძენმა ჰერაკლიტემ თუ იცის პასუხი ამ კითხვაზე. თუმცა დღევანდელ საქართველოში რომ მოხვედრილიყო, ბევრს არაფერს იტყოდა, შესაძლოა, მხოლოდ თავისი ორსიტყვიანი რეფრენი ამოელუღლუღებინა - "პანტა რეი"(ყველაფერი მიედინება). მეც ბევრს არ გავაგრძელებ. თქვენი თხოვნის პასუხად, კვირის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სკანდალისა და სენსაციის ნაცვლად, შემოგთავაზებთ ათი "შავი საქმის" ჩამონათვალს და მათ მოკლე შეფასებას, იმ საქმეებისა, რომლებსაც ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული კლანები ცდილობენ ზაფხულში მოასწრონ, რათა პაპანაქება სიცხისგან გათანგულმა ადამიანებმა შესაბამისი რეაგირება ვერ მოასწრონ. იმ ვითარებაში, როცა მთელი ქართული ოპოზიცია გაფარჩაკებული და დისკრედიტებული, ან მოსყიდულია, ამა თუ იმ გაუგონარ უკანონობაზე მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი თუ შეიძლება დაფიქსირდეს, რაც ზაფხულში ფაქტობრივად გამორიცხულია. ჩვენ, როგორც არამკითხე ჟამთააღმწერლებმა, მაინც გავაკეთოთ ჩვენი საქმე და თქვენს მკითხველს ვუთხრათ, რამდენი `შავი საქმე~ ხდება ამ დღეებში. ქუჩიდან მოვაჭრეების აყრა თბილისის მერს დაავიწყდა თავისი წინასაარჩევნო დაპირება და ქუჩის მოვაჭრეების აყრა გადაწყვიტა. უამრავი ოჯახი დარჩება ლუკმა-პურის გარეშე. ამ საწყალობელ ადამიანებს არავინ ჰპირდება სანაცვლოდ სოციალურ დაცვას, სამუშაო ადგილებს და ა.შ. დასაღუპავად განწირულები უნდა დაეყარონ თავიანთ მონჯღრეულ ბინებში და დროდადრო რომელიმე ხელისუფალს შეჰღაღადონ - Ave Cezar, morituri te salutant! (გაგიმარჯოს კეისარო! სასიკვდილოდ მიმავალნი მოგესალმებიან შენ!) ბარაქ ობამა ამერიკელებს შეჰპირდა, ერაყიდან ჯარებს გამოვიყვანო და განაცხადა კიდეც ამ დღეებში თავისი გადაწყვეტილების შესრულების დაწყების შესახებ. თუმცა, შესაძლოა, არც მთლად ჯარების გამოსაყვანად ჰქონდეთ ამერიკელებს ერაყში საქმე. მაგრამ რახან წინასაარჩევნოდ ხალხს დაჰპირდა, სასწორზე აგდებს თავის პოლიტიკურ იმიჯს და დანაპირებს ასრულებს. უგულავა და ძმანი მისნი კი ათას რამეს დაჰპირდნენ ხალხს და არც არაფერი. დამშეულ ადამიანებს, რომლებიც დღეში 3-4 ლარს თუ აკეთებენ შიმშილეთში და მოუსავლეთში მიერეკებიან, აღარაფერს ვამბობ დევნილების პერიოდულ დაწიოკებაზე. აი, ეს არის პოლიტიკური კულტურის უდაბლესი დონე, უფრო მეტიც, მისი არარასებობა. აი, ეს განსხვავებაა დემოკრატიულ ქვეყანასა და ავტორიტარულ რეჟიმს შორის. ესეც ხელისუფლების პირველი "შავი საქმე". კონსტიტუციის მიღება ფარულად ის, რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხდება, არ ხდება მუგაბეს ზიმბაბვეში და კასტროს კუბაშიც კი. მიჭრილ-მოჭრილი და შეკოწიწებული კონსტიტუცია, რომელიც "ნაციონალების" სამომავლო გეგმებზეა მორგებული ფართხა-ფურთხით განიხილება. ზაფხულის ხვატში იგი საზოგადოებამ, "მშრომელთა კოლექტივებმა" უნდა განიხილონ. შეთქმული ოპოზიცია გახურებულ შუბლებს კოჯორ-საგურამოში იგრილებს, ქვეყნის მთავარ ოპოზიციონერად დანიშნული ბატონი ალასანია საერთოდ გაქრა სარბიელიდან და 2012 წლის არჩევნებამდე გამოჩენას არც აპირებს. თუ "ნაციონალურმა" პარლამენტმა თავს უფლება მისცა და ახალი კონსტიტუცია მიიღო, ეს იქნება ხელისუფლების უზურპაციის თვალსაჩინო მაგალითი. არადემოკრატიულ ქვეყანაში არასამართლიანი საარჩევნო გარემოში არჩეულმა პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუცია საქართველოში უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის გზით, ალტერნატიული მიდგომების თავისუფალი განხილვის შემდეგ, საინფორმაციო სივრცის გახსნის მერე, განსაკუთრებით რეგიონებში. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება რამდენიმე კაცის ნებაზე და თარგზე აწყობილი ქვეყნის ძირითადი კანონი. მე ავთო დემეტრაშვილის გამკვირვებია, თორემ ვის არ უნდა მეფესთან ერთად ნავში ჯდომა და ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა, მითუმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც თინეიჯერები პროფესიონალებს თავზე ასხედან და ამ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ. შენც გოგა? პრინციპული, შეუპოვარი და ბოლომდე მიმწოლი კაცის სახელით იარა გოგა ხაინდრავამ ბოლო წლები თავის ქვეყანაში. მერე იმედგაცრუებულმა თბილისელებს სულ ჩაჯ...ები ეძახა. ეტყობა, მასაც მობეზრდა. მოიძებნა ლიტველი სპონსორი, რომელიც ხაინდრავას ფილმის გადაღებას დააფინანსებს. ბუნებრივია, იგულისხმება, რომ ეს ლიტველი სპონსორი არც ჩვენს ხელისუფლებას წაუქეზებია და არც ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებს დაუმუნათებიათ. ფაქტი ერთია და ჯიუტია: გოგა ხაინდრავაც წავიდა პოლიტიკიდან. პრეზიდენტი კოლუმბიას ეწვევა მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას. შესაძლოა იქ მან იმ საქმის დეტალებიც მოიკითხოს, რომლის თანახმადაც კოლუმბიიდან და პანამიდან "კეთილი ადამიანები" საქართველოში, კერძოდ ფოთში აგზავნიდნენ ჯართს, რომელშიც კოხტად იყო შეფუთულ-შენახული ნარკოტიკები, რომელიც შემდეგ ნარკომოვაჭრეებს სარფის საბაჟოს გავლით თურქეთში გადაჰქონდათ, იქედან კი, სავარაუდოა, "ბებერ ქალბატონს" აბრუებდნენ ბანგით. საქართველოში, განსაკუთრებით ფოთში, ისეთი გულუბრყვილო ხალხი ცხოვრობს, რომ ვიდრე საქართველოში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი არ ჩამოვიდა, არავინ იეჭვა, ვინ აგზავნიდა და რატომ პანამიდან და კოლუმბიიდან ფოთში ჯართს. იყიდება ტყეები და საძოვრები ეს ნიშნავს, რომ სატყეო ფონდი ნახევრდება, ხოლო რეკრეაციული ზონა ჩანაგდება. უცებ, ახალ კანონში, რომელიც ამ მიმართებით ხელ-ფეხს უხსნის გამყიდველებს, ჩნდება აბსურდული ცნება - "საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების ტყეები". თუმცა ეს ტყეები, უკვე "ჩაბარდა პატრონს", ახლა მიმდინარეობს საკუთრების უფლების ლეგალიზება, ან გადაყიდვა-ლეგალიზება. ყველამ იცის, ვისია კოჯრისა და მანგლისის ტყეები, მცხეთასთან ხეივანი და ა.შ. რაც შეეხება საძოვრების განკერძოებას, რომელიც მთლიანი სავარგულების ნახევარზე მეტს შეადგენს, აქ უკვე არამხოლოდ ამწუთიერი პრობლემის - ბიუჯეტის დეფიციტის შევსების სურვილი ჩანს, არამედ სოფლის მეურნეობასთან საერთოდ, კონკრეტულად კი მესაქონლეობა-მეცხოველეობასთან და საქართველოში მის პერსპექტივებთან ხელისუფლების დამოკიდებულება, არსადაა დაფიქსირებული, რომ ახალმა მესაკუთრემ მიწას ფუნქცია უნდა შეუნარჩუნოს, ან რაიმე შეზღუდვას დაექვემდებაროს მიწათსარგებლობის კუთხით. ქართულ სკოლებს მისიონერები შეესიენ ამ დაქცეულ საქართველოში ყველაფერი ამწამიერ ხუშტურებს ექვემდებარება. სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც არავინ იცის, როგორ, ვინ, სად და რატომ შეარჩია, მოემართებიან კიმერიელებივით და სარმატებივით საქართველოსკენ, რათა ჩვენს ბავშვებს ინგლისური ასწავლონ. აქვთ კი მათ სათანადო კვალიფიკაცია? აქვთ ლიცენზია, მასწავლებლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, არიან თუ არა გაწონასწორებულნი ფსიქიკის თვალსაზრისით? ეს არავინ იცის. ბატონ შაშკინის საყურადღებოდ, ამ მართლაც მშრომელი და ენერგიული, ვფიქრობ, გონიერი კაცის. დედიშენის შვილი ხარ, (იმედია ამ იდიომატურ გამოთქმას საკუთარ თავზე არ მიიღებთ, რამეთუ ქართულს შესანიშნავად ფლობთ), დედიშენის შვილი ხარ და ჩადი ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, შედი სკოლაში და დაიწყე მასწავლებლად, თუ გინდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა. კინწისკვრით გამოგაგდებენ სკოლიდან, მადლობა თქვი, თუ "საპარადო" შესასვლელიდან გამოგაგდეს! რა გჭირთ ხალხო! თქვენ ძირძველი და ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფალნი ხართ, თქვენი ხალხი, მართლა და მართლა "ზანგები" ხომ არ გგონიათ?! ერთი ჩაბრძანდით აფრიკაში, და ნახეთ, იქაურ ნორმალურ ქვეყნებში, არაბები, გნებავთ, შავკანიანები, თავიანთი ბავშვების უცხო ენაში გასაწვრთნელად გადამთიელებს თუ მიუსევენ. ის მაინც გვითხარით, ვინ არის ეს ხალხი? რა განათლება აქვთ? რა შრომითი ბიოგრაფია აქვთ? ნორმალურები არიან თუ არა? ვინმე აძლევს მათ რეკომენდაციას სკოლაში სამუშაოდ? დადეთ რა, მათი მონაცემები, CV-ები ვებგვერდზე. ეს რა კალიების შემოსევა მოგვიწყვეთ? მანდატური სკოლის "მაყურებელი" ხდება სკოლაში მეტი წესრიგი აუცილებელია. ბავშვებთან, გარდა მასწავლებლისა და მშობლისა, ვიღაცამ კიდევ შეიძლება იმუშაოს, თუნდაც მანდატურმა. მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ მკაფიო ფუნქციები და ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ ვიღაცის წინაშე. ისინი კი, მოქმედი დებულებიდან გამომდინარე, არც სკოლის დირექტორს ემორჩილებიან, არც მზრუნველთა საბჭოს, არც განათლების და მეცნიერების სამინისტროს და არც პოლიციას. ამ მანდატურებს კი ყველაფრის უფლება აქვთ ბავშვებთან მიმართებში, "სპეციალური საშუალებების" გამოყენებისაც კი. ვთქვათ, ცელქმა ბავშვმა გააბრაზა მანდატური, მანდატურმა გამოიყენა "სპეციალური საშუალება", ზომაზე მეტი მოუვიდა, ან გადააჭარბა უფლებამოსილებას. ვის დაუჯერებენ? რ ათქმ აუნდა, მანდატურს. კომუნისტებმა მთელი ქვეყანა აქციეს ყაზარმად, მაგრამ სკოლაში მილიციელის შეყვანას მოერიდნენ. შემოიღეს ორგანიზატორის - სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობა აღმზრდელობით დარგში. ამაზე შორს ისინიც კი ვერ წავიდნენ. ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, პოლიციელი შევიყვანეთ სკოლაში განუსაზღვრელი უფლებებით. კეთილი ინებეთ, ბატონო მთავრობის წევრებო და ზუსტად განსაზღვრეთ ამ ადამიანების სტატუსი, კომპეტენცია, მოამზადეთ ისინი ბავშვებთან სამუშაოდ, საერთოდაც, გირჩევთ, ამ თანამდებობაზე აკრძალოთ იმ პირთა მუშაობა, ვისაც არ აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება. მოგიწოდებთ და მოვითხოვ, მკაფიოდ განსაზღვრეთ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული სკოლის მანდატური. მოგიწოდებთ სერიოზულად მოეკიდეთ სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს. იზოტოპები - პერმანენტული საფრთხე თბილისში იზოტოპების ინსტიტუტში რადიოაქტიური ნივთიერებების გარკვეული ოდენობა აღმოუჩენიათ. აღმოუჩენიათ და აღმოუჩენიათ. ვითომც არაფერი! არავინ იცის თბილისის ცენტრში მდებარე ამ ინსტიტუტში, სამეცნიოერო-კვლევით თუ საწარმო ობიექტში, რას აკეთებენ საერთოდ! ამბობენ, რომ იქ რომელიღაც უცხოური სახელმწიფოს დაკვეთით საკმაოდ რთული კვლევები მიმდინარეობს. რა, რამდენად სახიფათო, პერიოდულად რა სუნი გამოდის ამ შენობიდან, რატომ ხდება სახიფათო სკანდალები და საგანგებო შემთხვევები ამ ინსტიტუტში, არავინ არაფერი უწყის. იქნებ კეთილი ინებონ ამ ინსტიტუტის მესვეურებმა და საქმის ვითარება გააცნონ თბილისის მოსახლეობას, ან რომელიმე სახელმწიფო უწყებამ აიღოს თავზე და მისცეს გარანტია თბილისელებს, რომ იზოტოპების ინსტიტუტი არ უქმნის საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობა დაიწყო ეს ნიშნავს, რომ კატასტროფა გარდაუვალია. დერინერის კაშხალის აგების შემდეგ თურქეთში, ჭოროხმა ზღვაში ნატანის შეტანა შეწყვიტა და ზღვა ბევრგან მნიშვნელოვნად წამოვიდა წინ. თუ აჭარისწყალზე ჰესები აიგება, რაზეც ნებართვა უკვე გაცემულია, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო დუმს და არ ითხოვს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ექსპერტიზას, თუ ეს ჰესები აშენდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდა, აჭარისწყლის ნატანიც აღარ შევა ზღვაში, შესაბამისად, ზღვა კიდევ უფრო წინ წამოვა, დიდ ტერიტორიებს დაფარავს უახლოეს 5-10 წელიწადში. რაღად გინდათ ის ყველაზე გრძელი ბულვარი, რომელსაც შავი ზღვა უეჭველად დაფარავს? თუ დღევანდელი დღით ცხოვრობთ მხოლოდ? ეს კითხვა ჩემგან, როგორც ერთი მოქალაქისგან, როგორც ხელისუფლებას, ისე გამქრალ, ბაქიბუქა ოპოზიციასაც ეხება. ბაგრატის ტაძარი იკარგება რა გვინდა ჩვენ - იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, რომელიც რესტავრირებული იქნება შესაბამისი ნორმების დაცვით, თუ ამ ტაძრის ფრაგმენტებზე აშენებული, XXI საუკუნის ეკლესია? ჩვენთვის, როგორც ზოგიერთი სხვა ერისთვის, ძველი ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების დეკორაციად ქცევა, ან თუნდაც მისი არქიტექტურის მნიშვნელოვანი სახეცვლილება არ არის დამახასიათებელი. ასე შეგვიძლია მთელი კულტურული მემკვიდრეობა ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებად ვაქციოთ. საზოგადოება პასუხს ელის კითხვაზე, რატომ არ შეათანხმეს ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ამ სფეროს მესვეურებმა თავიანთი გეგმები იუნესკოსთან. ვინ დაისჯება კულტურული მემკვიდრეობისადმი ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულებისა და საზოგადოებრივი აზრის იგნორირების გამო. აი, ამ ათ ფაქტსა და მოვლენას გამოვარჩევდი მე ცხელი ზაფხულის სავალალო ქრონიკიდან. მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი დიდი ზიანისა და ხიფათის შემცველია ქვეყნის პერსპექტივის თვალსაზრისით და თუ ისინი არ გასწორდა, არ გაასწორა ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მოქმედების მთავარმა გარანტმა - პრეზიდენტმა, საქართველოს სახელმწიფოს დეზინტეგრაციისა და ნგრევის პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მაშინ კი გინდა ყველაზე გრძელი ბულვარი მოგირთავს და მოგიკაზმავს ბათუმში, ჭაობისა და ნაგავსაყრელის ადგილას და გინდა ცათამბრჯენი აგიშენებია ფოთში". ესაუბრა ლევან მარტაძე |