DataLife Engine > პოლიტიკა > კომპანიები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ში ლობირებენ
კომპანიები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ში ლობირებენ10 ივლისი 2010. : merabi |
|
მილიონობით დოლარი, რომელიც მხოლოდ აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების ლობირებისთვის იხარჯება
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე PR-ს და ლობირებას რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამაზე ბოლო წლებში ამ მიმართულებით დახარჯული თანხების ოდენობაც კარგად მიანიშნებს. 2004 წლიდან დღემდე ნაციონალების მიერ ამ მიმართულებით დახარჯული თანხების ოდენობა და დაქირავებული უცხოური ლობისტების რაოდენობა განსაკუთრებით 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის და სააკაშვილის ხელისუფლების იმიჯს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ" შეისწავლა საქართველოს და ამერიკულ ლობისტ ფირმებს შორის დადებული როგორც მოქმედი, ისე შეწყვეტილი ხელშეკრულებები, რომლებიც დარეგისტრირებულია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით და შეადგინა მონაცემთა ბაზა. გასულ წლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ლობისტი აშშ-ში იყო "ორიონ სოლუშონსი". საქართველოს მთავრობამ ამ კომპანიასთან 800 000 ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო. 2004 წლის 10 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ლობირებას უწევდა ამერიკაში დანიელ ედელმანი, რომლის გასამრჯელომაც 163 850 დოლარი შეადგინა. გაწეული თანხით მოხდა აშშ-ში მედია გაშუქების ხელშეწყობა; კომუნიკაციების გეგმის შემუშავება; გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის პერიოდში ინტერვიუების ორგანიზება; CBS-ის "60 წუთთან" კონტაქტი; სტრატეგიული კონსულტაციის გაწევა და მესიჯის შემუშავება. საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლის 10 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დანიელ ედელმანს 163 850 აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც მას აშშ-ში მედია გაშუქების ხელშეწყობა, კომუნიკაციების გეგმის შემუშავება, გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის პერიოდში ინტერვიუების ორგანიზება, სტრატეგიული კონსულტაციების გაწევა უნდა უზრუნველეყო. 2004 წლის 6 აპრილიდან 2008 წლის 11 მაისამდე საქართველოს მთავრობასა და საელჩოს ლობირებდა Orion Srtategies LLC, რაც 590 000$ დაჯდა. გაწეული თანხით დაფინანსდა კონსულტაციის გაწევა, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, PR, ადვოკატირება აშშ-ში და ევროპაში, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ხელშეწყობა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ინფორმირება. "გარდიანი"-ს ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელში დაფუძნებულმა სააგენტომ, "ასპექტ კონსალტინგმა" 2007 წელს 500 000 ევრო (დაახლოებით 690 000 დოლარი) მიიღო ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშესაწყობად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის პროპაგანდისტული ომი დაიწყო. 2008 წლის 22 აგვისტოდან 2008 წლის 25 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებდა Glover Park Group, LLC და მასზე გათვალისწინებული იყო 200 000$. აღნიშნული თანხა PR კონსულტაციაზე, კომუნიკაციებზე და აშშ-ს ფართო საზოგადოებაზე ორიენტირებულ მედიასტრატეგიაზე დაიხარჯა. 2008 წლის 6 ნოემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებას უწევდა Orion Strategies LLC და მასზე 200 000$ დაიხარჯა. ამ თანხით მოხდა კონსულტაციის გაწევა, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, PR, ადვოკატირება აშშ-ში და ევროპაში, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ხელშეწყობა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ინფორმირება. 2009 წლის 5 მარტიდან 2009 წლის 14 აგვისტომდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებდა Public Strategies Inc. მასზე 300 000$ იყო გამოყოფილი რომელიც მოხმარდა: მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობას, დასავლეთის მედიის საშუალებით საქართველოს მთავრობის რეპუტაციის განმტკიცებას. 2009 წლის 10 თებერვლიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებდა Maniatis, Gregory A. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 231 000$ გაიცა, რომლის ამოცანაც საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული კომუნიკაცია, მათ შორის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისთვის: გამოსვლების, ოპ-ედ-ების, სტატიების და შეფასებითი განცხადებების მომზადება იყო. 2009 წლის 23 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებდა Kunin, Daniel Lous. რაზეც 231 000$ გამოიყო. ეს პიროვნება სანაცვლოდ პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისთვის: გამოსვლების, ოპ-ედ-ების, სტატიების და შეფასებითი განცხადებების მომზადებას უზრუნველყოფდა. 2009 წლის 9 დეკემბრიდან 2010 წლის 18 იანვრამდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებდა Orion Strategies LLC. ეს კომპანია 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებას უწევდა კონსულტაციის, ახდენდა სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებას, PR-ს, ადვოკატირებას აშშ-ში და ევროპაში, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ხელშეწყობასა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ინფორმირებას. 2009 წლის 26 იანვრიდან 2010 წლის 26 იანვრამდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებდა Glover Park Group, LLC. რისთვისაც გამოყოფილი იყო 360 000$. აღნიშნული თანხით დაფინანსდა PR კონსულტაცია, კომუნიკაციები და აშშ-ს ფართო საზოგადოებაზე ორიენტირებული მედიასტრატეგია. 2009 წლის 17 აგვისტოდან 2010 წლის 26 იანვრამდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებას უწევდა Public Strategies, Inc. ლობირებისათვის გამოყოფილი იყო 237 000$. 2010 წლის 22 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობას ლობირებას უწევს Gephardt Group Govenment Affairs, LLC, ამისათვის განკუთვნილია თანხა 436 800$, რომელიც ლობირებასა და სამთავრობო ურთიერთობების კუთხით მომსახურების გაწევაზე დაიხარჯა. 2010 წლის 29 იანვრიდან 2010 წლის 31 იანვრამდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებას უწევს Maniatis, Gregory A./The Ithaca Group LLC გამოყოფილი თანხა 270 000$. 2010 წლის 12 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებს ასევე The Podesta Group . რისთვისაც გამოიყო 600 000$. იმ მომსახურებებს შორის რომელსაც "პოდესტა ჯგუფი" საქართველოს მთავრობისთვის ახორციელებს შედის ლობირება, მთავრობასთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და მედიამენეჯმენტი. ჩვეულებრივ სწორედ ამ სახის მომსახურებით უზრუნველყოფენ ლობისტური კომპანიები თავიანთ კლიენტებს, როდესაც მათ ინტერესებს წარადგენენ ამერიკის კონგრესის აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წინაშე. ჯგუფს უძღვებიან ჯონ ანდერსონი და მოლი მაკკიუ. მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დიკ გეფჰარდტის მიერ დაარსებული ამერიკული ლობისტი კომპანია "გეფჰარდტ გრუფ გოვერნმენტ ეფეარსი" აღნიშნულ ფირმასთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ღირებულება 436 000 აშშ დოლარს შეადგენს. გიორგი შუბლაძე |