DataLife Engine > პოლიტიკა > მილსადენი, შესაძლოა, სომხურმა კომპანიამ იყიდოს

მილსადენი, შესაძლოა, სომხურმა კომპანიამ იყიდოს


8 ივლისი 2010. : merabi
ჰილარი კლინტონმა საქართველოს მთავრობას მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის უფლება არ მისცა

მილსადენი, შესაძლოა, სომხურმა კომპანიამ იყიდოს, რომლის უმსხვილესი მოწილე "გაზპრომია"

კანონპროექტი, სადაც ჩამოთვლილია ის ობიექტები, რომლებიც გაყიდვას(პრივატიზებას) არ ექვემდებარება მაგისტრალური გაზსადენი ამოღებულია. მის გაყიდვაზე კონკრეტული საუბრები მიმდინარეობდა. დასახელდა სომხური კომპანია, რომლის საკონტროლო პაკეტსაც "გაზპრომი" ფლობს. სათანადო განცხადება გააკეტა "ყაზმუნაიგაზმაც". აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ, მეორე დღესვე გაკეთდა განცხადება, რომ მაგისტრალური გაზსადენის საკონტროლო პაკეტი საქართველოს ხელისუფლების ხელში დარჩება. ბუნებრივია, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ არ მისცა ამ სტრატეგიული ობიექტის გაყიდვის უფლება.

"უნამუსობა" - ასე უწოდა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა მაგისტრალური გაზსადენის იმ ობიექტთა ჩამონათვალიდან ამოღებას, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება.
იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ერთ–ერთი მთავარი საკითხი სწორედ პრივატიზების ნუსხიდან მაგისტრალური გაზსადენის ამოღებაა.
ინიციატივის თანახმად, მიღებული უნდა იყოს სრულიად ახალი კანონი "სახელმწიფო ქონების" შესახებ, რომელიც ერთად მოუყრის თავს ყველა იმ ნორმას, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვას შეეხება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მაგისტრალური გაზსადენების მართვას და ექსპლუატაციას სახელმწიფოზე უკეთესად კერძო კომპანია უზრუნველყოფს. მაგრამ შეიძლება ბოლოს ისე გამოვიდეს, რომ საქართველოს მართვა ჩვენ მთავრობაზე უკეთ რომელიმე კერძო კომპანიამ შეძლოს.
ყველაფერი ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო. 2005 წელს "აგრესიული პრივატიზების" წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ გაზსადენის მიყიდვის თაობაზე მოლაპარაკება რუსულ ენერგეტიკულ გიგანტთან - "გაზპრომთან" მიმდინარეობდა. "გაზპრომი" გაზსადენში 300 მილიონი დოლარის გადახდასაც კი აპირებდა. მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე, რომელიც ამ წამოწყების იდეოლოგი იყო ამბობდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია დიდ თანხას საჭიროებდა, რისი გაღებაც საქართველოს მწირ ბიუჯეტს არ შეეძლო და სწორედ ეს იყო მისი გაყიდვის მთავარი მიზეზი. მთავრობას აფრთხილებდნენ სტივენ მანი, კონდოლიზა რაისი, თუმცა ჯორჯ ბუშის ჩამოსვლა გახდა საჭირო, რათა მათ ეს საკითხი გადაეფიქრებინათ. რეაბილიტაციისთვის ბუშმა ხელისუფლებას მილიონები აჩუქა და ამით გააჩუმა, ანუ მაგისტრალის გაყიდვა რამდენიმე წლით გადაიდო.
მართალია, კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის წევრი აღარ არის, მაგრამ მის "უკვდავ იდეებს", როგორც არაერთხელ აღმოჩნდა, არც ამჟამინდელი ხელისუფლება ღალატობს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დღის წესრიგში დგას მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხი, რომელსაც ერთადერთი მყიდველი ისევ და ისევ რუსული "გაზპრომი" ჰყავს. თუმცა ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ პრივატიზებისას "გაზპრომი" საერთოდ არ გამოჩნდეს და ინტერესი სომხებმა გამოთქვან, თუმცა სომხეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ასევე რუსეთი აკონტროლებს, რადგან ის "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა. საბოლოოდ კი მაგისტრალური გაზსადენი მაინც რუსეთის ხელში აღმოჩნდება, მითუმეტეს, რომ ამ ობიექტის ყიდვის კომერციული ინტერესი არ არსებობს და მისი ყიდვის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს.
"ვიცნობ რა ამ ობიექტს ანუ მაგისტრალურ გაზსადენს, კომერციული სტრუქტურა, რომელიც ბიზნესზეა ორიენტირებული, გამორიცხულია ამ ობიექტით დაინტერესდეს, თუ იქ არ არის პოლიტიკური ინტერესი, ამ ობიექტის მენეჯმენტი რომ იყოს მომგებიანი, უბრალოდ შეუძლებელია. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ შეგნებულად ისინი მიდიან ზარალზე, სხვა შემთხვევაში აქ პოლიტიკური ინტერესია", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
კანონპროექტის ავტორები კი ამტკიცებენ, რომ გაყიდული მაგისტრალის მოვლა უფრო მარტივი იქნება. "დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი საწარმო, რომელსაც სახელმწიფო უკეთ მართავს, ვიდრე კერძო სექტორი. გამონაკლისები აქ არ არსებობს, რაც უნდა მასშტაბური იყოს ესა თუ ის საწარმო. შესაბამისად, ყველაფერი რაც უკავშირდება კერძო სექტორს, რაც უკავშირდება ბიზნესს, რაც უკავშირდება თუნდაც გაზით მომარაგებას, შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, კანონი ამ ნაწილში არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებდეს", - აცხადებს "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონპროექტის მთავარი ავტორი პავლე კუბლაშვილი.
ექსპერტების განცხადებით კი გაზსადენისა და "ენგურჰესის" გასხვისებით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება საბოლოოდ დასამარდება. კერძოდ, ენერგეტიკა საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკაა და უახლოესი ათწლეულები ასე დარჩება, ამიტომ საქართველოს მხრიდან ენერგეტიკული ბერკეტების ხელიდან გაშვება მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.
`გაზსადენის გაყიდვა ეს არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თემა. თუ ჰგონიათ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ღილაკზე ხელის მიჭერა და შუქის ანთებაა, ძალიან ცდებიან. თუ არა რუსეთისათვის ხარკის გადახდა, სხვანაირად წარმოუდგენელია, რატომ დგება ეს საკითხები პერმანენტულად. ჩვენი ხელისუფლება, ერთის მხრივ, რიტორიკულ განცხადებებს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ და თან მას ქვეყანას ნაწილ-ნაწილ აბარებს. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას "ენგურჰესზე", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის გაზსადენი, არის ბერკეტი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. არადა არსებობს საშიშროება, ეს მაგისტრალი რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალების შემოსაყვანადაც კი გამოიყენოს, იმ მოტივით, რომ იგი საკუთარ ობიექტს იცავს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ახლახანს მიღებული კანონის მიხედვით, მას შეუძლია იარაღის გამოყენებით დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და საკუთრება დედამიწის ნებისმიერ წერტილში. გაზსადენი კი კვეთს საქართველოს მთელ ტერიტორიას, ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ის რუსეთის მფლობელობაში გადავა.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას ამჯერადაც დააფიქრებენ, მორიგ გადაწყვეტილებაზე მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით, რადგან მაგისტრალური გაზსადენის გარეშე რეგიონში რუსეთის გავლენა სუსტდება, შესაბამისად, მისი დასაკუთრება კრემლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნინო თამაზაშვილი