DataLife Engine > პოლიტიკა > ამერიკა საქართველოს გვერდის ავლით რუსეთს მსო-ში ეპატიჟება
ამერიკა საქართველოს გვერდის ავლით რუსეთს მსო-ში ეპატიჟება3 ივლისი 2010. : merabi |
|
"რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს. ეს ხელსაყრელია რუსეთისთვის, ეს ხელსაყრელია აშშ-სთვის, ეს ხელსაყრელია ყველასთვის", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ს სავაჭრო პალატაში სიტყვით გამოსვლისას. ამერიკის ასეთი ღია მხარდაჭერის შემდეგ, რუსეთი დარწმუნებულია, რომ სექტემბრის ბოლოს მსო-ს წევრი გახდება. ოფიციალური თბილისის პოზიცია კი უცვლელი რჩება, უფრო მეტიც, დღეს საქართველოს მოთხოვნები რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა - ემბარგოს მოხსნა, საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი კონტროლი, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ამ ყველაფერთან ერთად, ბოლო დროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან დამაფიქრებელი ინფორმაციები ჟონავს. დამაფიქრებელი კი იმიტომ არის, რომ ჩვენი "დასავლეთელი მეგობრები" კრემლის პროვოკაციულ გამოხტომებს ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ, თანაც ისე, თითოქსდა, ყველაფერში ეთანხმებიან. კრემლში აცხადებენ, რომ საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ხელს ვეღარ შეუშლის და იმასაც ღიად ამტკიცებენ, რომ საქართველოს ჩამოერთვა უფლება, რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტო დაადოს. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ მხოლოდ საქართველო გამოდის, მაგრამ როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, საქართველო აღარ შედის იმ სამუშაო ჯგუფში, რომელმაც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას უნდა დაუჭიროს მხარი. ამიტომაც მოსკოვში ეიმედებათ, რომ საქართველო ვეღარ შეძლებს თავისი პოზიციის დაცვას და რუსეთის კანდიდატურის დაბლოკვას. ოფიციალური მოსკოვისგან განსხვავებით, საქართველოს სამთავრობო და ექსპერტულ წრეებში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გარეშე ვერ გაწევრიანდება. ქართველი ექსპერტები კი ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი თქმით, შეიძლება მოხდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რაც იმას გულისხმობს, რომ არა საქართველოს გვერდის ავლით, არამედ საქართველოსთან მოლაპარაკების გზით ორგანიზაცია რუსეთის გაწევრიანებას შეეცადოს. "მართალია, რუსეთის ბაზარი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ამ ორგანიზაციაში წევრობა, მაგრამ საქართველოს გვერდის ავლით ეს არ მოხდება", - აცხადებენ ექსპერტები. დღეისათვის მსო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს. მოსკოვი კი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ნინო თამაზაშვილი |