DataLife Engine > პოლიტიკა > არჩეული მერის 120 დღიანი გეგმა
არჩეული მერის 120 დღიანი გეგმა25 ივნისი 2010. : merabi |
|
ხიდომანია - ასლანს რაღაცას დასცინოდით
18 ივნისს თბილისის საკრებულოში ახლადარჩეული დეპუტატები შეიკრიბნენ და პირველი სხდომაც გამართეს. საკრებულოს პირველ სხდომას დედაქალაქის ახლადარჩეული მერიც დაესწრო. ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე გიგი უგულავამ სამომავლო პრიორიტეტები წარმოადგინა. მის მიერ საკრებულოს წევრებისთვის შეთავაზებული გეგმა მართლაც ძალიან მასშტაბური და შორსმიმავალი მიზნებს შეიცავს. "უახლოესი 120 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და თბილისელების დასაქმება. ხელისუფლება უმწეოთა დახმარების პარალელურად ვალდებულია შექმნას ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, დაეხმაროს ადამიანებს შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენაში. სწორედ ამიტომ უახლოესი 120 დღის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლების პროგრამა. 120 დღის განმავლობაში ჩვენ უნდა დავდოთ გეგმა, თუ როგორ გვესახება, რომ თბილისის მერია, გამგეობები და მუნიციპალიტეტები გადავაქციოთ დასაქმების ბიუროდ. ჩვენ უნდა შევქმნათ უმუშევარ თბილისელთა მონაცემთა ბაზაც და სხვადასხვა პროგრამებით მათი დასაქმების ლობისტებად ვიქცეთ. მე ვაპირებ გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რომელიც მაქვს, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს", - განაცხადა უგულავამ. ახლადარჩეულმა მერმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოესი 120 დღის განმავლობაში თბილისის მერიამ და საკრებულომ დევნილების მიმართ გაცემული დაპირებების შესრულება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, უნდა დაჩქარდეს დევნილების გაზიფიცირების ინდივიდუალური გამრიცხველიანების და საცხოვრებელი ფართების დაკანონების, აგრეთვე, კორპუსის ამხანაგობებში მათი ჩართვის პროგრამები. თბილისის პირველი არჩეული მერის მიერ წარმოდგენილი 120 დღიანი გეგმა მართლაც რომ მასშტაბურია. შეიძლება ითქვას, იგი 120 დღის განმავლობაში იმაზე მეტის გაკეთებას გულისხმობს, რაც დედაქალაქში ბოლო 6 წელიწადში გაკეთდა. საინტერესოა, როგორ აპირებს ამ ყველაფრის მოსწრებას უგულავა 4 თვეში (მაშინ, როცა დედაქალაქში უმუშევრობის პრობლემა 6 წელიწადში ვერ გადაიჭრა, 4 თვეში როგორ უნდა დავძლიოთ?), თუმცა, ფაქტია, რომ კაცმა პირობა მოგვცა და შეასრულებს თუ არა, ეს 120 დღეში გამოჩნდება. და, რა თქმა უნდა, ბოლოს გიგიმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. უახლოეს 120 დღის პრიორიტეტებში რკინიგზის დედაქალაქიდან გარეუბანში გადატანაც შევიდა, რომელიც 3 ათას მუშა მოსამსახურეს საჭიროებს. "საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დედაქალაქში დაიწყება კიდევ უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. "აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მოხდება სხვადასხვა პროექტების განხორციელება. კერძოდ, "ვეფხვისა და მოყმის" ძეგლთან იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი გვირაბი მარჯვენა სანაპიროზე, ხიდი მტკვარზე, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" დასრულება, თბილისის ზღვის მიმართულებით დამატებითი დასასვენებელი და რეკრეაციული ზონების შექმნა. ორ წელიწადში შესაძლებელია მეორე კატეგორიის – შიდა კვარტალური გზებისა და კორპუსის ეზოების მოასფალტებაც", - მიიჩნევს უგულავა. გიორგი შუბლაძე |