DataLife Engine > პოლიტიკა > ვაჟა ბერიძე: "სენსაციური აღიარება"
ვაჟა ბერიძე: "სენსაციური აღიარება"10 ივნისი 2010. : merabi |
|
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდგომ, "ეროვნულმა ფორუმმა” და ლეიბორისტებმა საზოგადოებისათვის ხელისუფლების მიერ მათთვის შეთავაზებული გარიგებების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადეს. საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია ტელეკომპანია "მაესტროს” ეთერში "ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებამაც იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შუამავლების მეშვეობით მას დიდი ოდენობით თანხას სთავაზობდა. საინფორმაციო სააგენტო მედიანიუსმა” არშემდგარი ფარული-გარიგებების შესახებ კომენტარი პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს სთხოვა.
- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ "ეროვნული ფორუმისა” და ლეიბორისტების არჩევნების შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს შსს-ის შეთავაზებებთან დაკავშირებით? - შეიძლება ქვეყანაში ვერ ხერხდებოდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ამას რუსული საფრთხის არსებობით ხსნიდნენ. ცივილიზებული ქვეყნისთვის მიუღებელი ასეთი ნონსენსიც კი დასაშვებია საქართველოში, მაგრამ როცა ქართული პოლიტიკური კლასის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი – გუბაზ სანიკიძე სენსაციურ განცხადებას აკეთებს და ამის თაობაზე დუმს როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დასრულდა. მე არ შევეხები მოცემული განცხადების ფაქტობრივ მხარეს. შეგახსენებთ, რომ ასეთივე შინაარსის განცხადება ადრე გააკეთა შალვა ნათელაშვილმაც. მან ამცნო საზოგადოებას, რომ ჰქონდა შეთავაზება ხელისუფლებისგან, მიეღო მონაწილეობა არჩევნებში და ამის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ ~ციურ მანანას, რძის მდინარეებს და ოქროს ნაპირებს”. ეს განცხადებაც თითქოსდა შეუმჩნეველი დარჩა. გამოხდა ხანი და უკვე გუბაზ სანიკიძე კიდევ უფრო კონკრეტულ განცხადებას აკეთებს, თითქოსდა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შუამავლების მეშვეობით, მას დიდი თანხა შესთავაზა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ. ეს ორივე განცხადება ჯერ-ჯერობით მხოლოდ საზოგადოების ერთი, მცირე ნაწილის შეშფოთებასა და აღშფოთებას იწვევს. ჯერ ერთი, გაუგებარია და აუხსნელი, ამ განცხადებების გაკეთებისთანავე, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა რატომ არ დაიწყეს გამოძიება. ქვეყნის ერთ-ერთ პირველ პირს უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი და ამას აკეთებს არა რომელიმე რიგითი მოქალაქე, არამედ ქართული პოლიტელიტის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მეორე მხრივ, გაუგებარია, ასეთი განცხადებები გამოცდილი პოლიტიკოსების მხრიდან, რატომ არ გაკეთდა ასეთი შეთავაზების მიღებისთანავე. გასაგებია, რომ მსგავსი შეთავაზება, თუ მას ჰქონდა ადგილი, გაკეთდებოდა ამ პოლიტიკოსების უახლოესი ადამიანების მეშვეობით. მათი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენებას კი ადამიანური თვალსაზრისით, ბუნებრივია, მოერიდებოდნენ, როგორც ბატონი შალვა ნათელაშვილი, ისე ბატონი გუბაზ სანიკიძე. მაშინ სად არის გამოსავალი? ვანო მერაბიშვილს, შეუძლია, როგორც ამას ორი ავტორიტეტული პოლიტიკოსი ამტკიცებს, შესთავაზოს უკანონო გარიგება ამ ლიდერებს, ხოლო ნათელაშვილს და სანიკიძეს შეუძლიათ ეს დანაშაულებრივი ქმედება დაფარონ? ეს არის უპასუხისმგებლობის აპოთეოზი და მკაფიო გამოვლინება, როგორც სახელისუფლო სტრუქტურების, ისე ჩვენი პოლიტიკური ელიტის მხრიდან. - შალვა ნათელაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პასუხიმგებლოაბზე საუბრობთ? - ამ გზით თუ ვიარეთ, ჩვენ არათუ სამართლიან არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, არამედ საერთოდ საქართველოს მომავალს დავაყენებთ ეჭვქვეშ. ყველაფერი, რაც ითქვა საინფორმაციო საშუალებებში, რომ დავუშვათ და მივიღოთ უტყუარ ინფორმაციად, არ შეიძლება ერთი სერიოზული შეუსაბამობა არ შევნიშნოთ – ყველა ლოგიკით, ადამიანურითაც, რაციონალურითაც და ირაციონალურითაც, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს ფული გუბაზ სანიკიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის უნდა შეეთავაზებინა არა არჩევნებში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებისთვის. თუ მათი პარტიები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, ხელისუფლებას და მის სატელიტ პარტიებს არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმების მინიმუმ 20 % დაააკლდებოდა (~ეროვნული ფორუმის” მომხრეები – 10-13%; ლეიბორისტების მხარდამჭერები _ 7-10%). ამ ლიდერების და მათი პარტიების მონაწილეობა არჩევნებში კი სახელისუფლო კანდიდატის – გიგი უგულავას მიერ 30-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას აყენებდა ეჭვქვეშ. ესეც ამ ისტორიის უცნაური პასაჟია. იმედია, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ არ დარჩება შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული და ჩვენი პოლიტიკოსების ამ სენსაციურ განცხადებებზე მივიღებთ კონკრეტულ და დასაბუთებულ პასუხს. |