DataLife Engine > პოლიტიკა > ქველმოქმედების პოლიტიკური ინტერპრეტაცია საქართველოში

ქველმოქმედების პოლიტიკური ინტერპრეტაცია საქართველოში


3 ივნისი 2010. : merabi
რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ექსპერიმენტალურ სკოლაში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას პროექტ "ალუმნიში" აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა. მან მიმართა ჩინოვნიკებს, პარლამენტარებსა და სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანებს დახმარებოდნენ თავიანთ სკოლებს.
"ალუმნის" ფარგლებში სკოლადამთავრებულ სახელმწიფო მოხელეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი სურვილისამებრ დაეხმარონ საკუთარ სკოლას. ვისაც ხელფასი 1000 ლარი აქვს, მას შეუძლია საკუთარ სკოლას 100, ხოლო 1000 ლარზე ნაკლები ხელფასის შემთხვევაში, საკუთარ სკოლას 50 ლარი გადაურიცხოს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში მხოლოდ ერთ თვეს გულისხმობდა. პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ სახელმწიფო და არასახელმწიფო მოხელეს აქვს უფლება სკოლას ნებისმიერი სახით დაეხმაროს.
პროექტი მალევე თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გახსნა. ის 52-ე სკოლაში, სადაც თერთმეტი წელი სწავლობდა, ახლადგარემონტებული კლასის გახსნას დაესწრო.
მოცემული პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულმა პროექტმა სხვა ინტერპრეტაცია შეიძინა და პოლიტიკური ელფერი მიიღო.
პრეზიდენტ სააკაშვილის ეს ინიციატივა განსჯის საგანი გახდა და არაერთგვაროვანი რეაქციებიც გამოიწვია. განათლების სამინისტრო და უმრავლესობის წარმომადგენლები, როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტს დადებითად შეხვდნენ. მათი აზრით, "ალუმნი" სკოლების კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი პროექტის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანეს და პრეზიდენტის გამოსვლა წინასაარჩევნო კამპანიად შეაფასეს. ეს უკანასკნელი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა, რადგან ამგვარი ინიციატივით გამოსვლა, როგორც წესი, პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის ხოლმე.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ, საერთოდ, პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ბრძანების სახეს ატარებს ხოლმე და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. და მართლაც, უკმაყოფილების ტალღა, საჯარო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, მალევე აგორდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობა მათ "ალუმნიში" ჩართვას და მათი ხელფასიდან გარკვეული თანხის გადარიცხვას აიძულებს. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო დაწესებულებებში ამ მხრივ სრული განუკითხაობაა. მსგავსი ძალადობრივი პოლიტიკა, ეთიკას რომ თავი დავანებოთ, მომსახურე პერსონალის შრომითი უფლებების დარღვევა და მათი ნების თავისუფლების შეზღუდვაა. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში სიტყვა "ქველმოქმედება" არასწორად ესმით. სიტუაცია იმითაც რთულდება, რომ გასაგებ მიზეზთა გამო, საჩივრის დაწერაზე სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე არცერთ ადამიანს უფიქრია. ძალით წართმეული 50 ლარის გამო, სამსახურის დაკარგვა არავის უღირს. ამავდროულად, არც თავიანთი სიმართლის სადმე დამტკიცების იმედი აქვთ.
განათლების სამინისტრო მათი მხრიდან საჯარო სამსახურის პირების დავალდებულების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს რომ პროექტში მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად ნებაყოფლობითია. სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, საკუთარი სურვილის გარეშე ხელფასს ვერავის დაუკავებენ. მათი ინფორმაციით, ხელფასიდან თანხის გადარიცხვამდე სახელმწიფო სამსახურში მომუშავე პიროვნება წერს განცხადებას, რომ მას სურვილი აქვს საკუთარ სკოლას დაეხმაროს. თანხა მის მიერ მითითებულ სკოლაში, მხოლოდ და მხოლოდ მისი განცხადების შემდეგ ირიცხება
სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ პროექტში მატერიალური კომპონენტი წამყვანი არ არის და რომ სკოლა ყველა ადამიანის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ დაბალ ხელფასებს, სრულიად გასაგები გახდება საჯარო სამსახურის პირთა უკმაყოფილება. ადამიანს, რომლის თვიური შემოსავალი სულ რაღაც 400 ლარით განისაზღვრება, სკოლისთვის 50 ლარის გადარიცხვის საშუალება არ აქვს. გარდა ამისა, აქ სანდოობის მომენტიც არ არსებობს. საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირებს ეჭვი აქვთ, რომ მათ მიერ გაღებული თანხა სწორ დანიშნულებამდე მიდის.
"ალუმნის" დადებით შედეგებზე განათლების სამინისტრო თამამად საუბრობს და მიაჩნია, რომ პროექტი წარმატებით შედგა. მათი ინფორმაციით, ყველაზე აქტიურები თბილისის #1 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეები აღმოჩდნენ, სადაც შეძლეს დაემონტაჟებინათ ოცამდე ვიდეო-თვალი და სკოლისთვის აუცილებელი სხვა ტექნიკა. პრეს-სამსახურის თქმით, პროგრამა თელავის #1 სკოლაშიც აქტიურად მოქმედებს, სადაც, ასევე, შესაძლებელი გახდა ღვაწლმოსილ მასწავლებელთათვის ფულადი პრემიების გადაცემა და ახალი ტექნიკის შეძენა.
ლელა გოგოლაძე