DataLife Engine > პოლიტიკა > გაფარჩაკებული ოპოზიცია და ხელისუფლების თუთიყუშები
გაფარჩაკებული ოპოზიცია და ხელისუფლების თუთიყუშები30 აპრილი 2010. : merabi |
|
"ირაკლი ალასანიას მთავარი როლი ენიჭება მიხეილ სააკაშვილის 2013 წლამდე პრეზიდენტის პოსტზე დარჩენის საქმეში"
ალასანია მარიონეტების ამ თეატრში მთავარ როლს ასრულებს. მისი პროგრამა - მაქსიმუმია 31 მაისს გიგი უგულავასთვის გამარჯვების მილოცვა - ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? - არ მიწყინოთ და არასერიოზული შეკითხვაა. თქვენ სადმე ხედავთ არჩევნებს? რეგიონებში, სადაც საინფორმაციო სივრცე დახშულია, "ნაციონალური მოძრაობა" დაიწერს 100%-იან შედეგს. იქნება ცალკეული გამონაკლისები სურათის შესალამაზებლად და გასაფერადებლად, ძირითადად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სასარგებლოდ, სადღაც ალიანსსაც გაამარჯვებინებენ დასავლეთელი დამკვირვებლებისთვის თავის მოსაწონებლად. "ძლიერნი ამა სოფლისანი" ფიქრობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში იმდენად გაბითურებულია, რომ უფრო მეტად ანგარიშის გაწევის ღირსი არ არის. რჩება თბილისი. გაფარჩაკებულ ოპოზიციას არ შეუძლია არჩევნების შედეგების დაცვა, ისევე როგორც ადრე, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისევე, როგორც ვერ შეძლო ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნის მიღწევა. განა შეიძლება ჩატარდეს სამართლიანი და ობიექტური არჩევნები იქ, სადაც ათი წამყვანი ტელევიზია ანუ, ფაქტობრივად, ყველა ტელეკომპანია კონტროლდება მთავრობის, იგივე მმართევლი პარტიის მიერ, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ბიზნესი კორუმპირებულია, სახელისუფლო კლანების ხელშია და ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ გაბედავს, რომელიმე სერიოზული ოპოზიციური პარტიის დაფინანსებას. იმ ქვეყანაში, სადაც არიან უკანონო და პოლიტიკური პატიმრები, სადაც არასამთავრობო სექტორი მთავრობასთან სიამტკბილობაში მყოფი უცხოური ფონდების მიერ იმართება. თქვენ ქართული საზოგადოება იდიოტების საკრებულო ხომ არ გგონიათ? განა ასეთ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია? აღარაფერს ვიტყვი საარჩევნო კოდექსზე, კომისიების დაკომპლექტების წესზე, იქ არსებულ ბაკქანალიაზე, მოსყიდვა-გადაბირებაზე, საარჩევნო სიებით ჟონგლიორობაზე, სახელისუფლო რესურსით ვაჭრობაზე, ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიქსევაზე საცხოვრებელ კორპუსებში, გაყალბების დახვეწილ მექანიზმებზე და სხვა. დიდ პატივს გცემ, ჩემო კარგო, მაგრამ ნუთუ ეს ძნელი მისახვედრია, აი, ბატონი გია ნოდია, გამოვა, მითური ეგზიტპოლის შედეგებს ჩამოარაკრაკებს, ამჯერად მინისტრის თუ არა, მთავარი სტრატეგიული მკვლევარის კვერთხსა და უზარმაზარ გრანტს გამოჰკრავს ხელს, ან როგორც ბატონი იონათამიშვილი, რომელიც `ახალი თაობა - ახალი ინიციატივის~ სახელით აკვირდებოდა წინა რამდენიმე არჩევნებს და ჯილდოდ მერიაში მაღალი თანამდებობა მიიღო, სხვებიც მათ მიბაძავენ და ასე მოიქცევიან. - ამ პირობებში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობაზე და ობიექტურობაზე მეკითხებით? - სახელისუფლო კანდიდატი ანუ უგულავა უკვე გამარჯვებულია, მეორე ადგილზე, ვფიქრობ, გავა გია ჭანტურია, მესამეზე ივანიშვილი, ალასანია უნდა გავიდეს მეოთხე ადგილზე. მისი ფუნქცია შემოიფარგლება არჩევნების შედეგების ცნობით და უგულავასთვის გამარჯვების მილოცვით. მაგრამ თუ ალასანია მეორე ადგილზე გავიდა, ვთქვათ, არარეალური 30%-ით, ეს ხელისუფლებისთვის კატასტროფა იქნება, რადგან იგი შეინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური კანდიდატის და მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივის როლს, რომელზედაც ამერიკა და რუსეთი, მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, შეიძლება შეთანხმდნენ და სააკაშვილი ალასანიათი ჩაანაცვლონ. ამიტომ, სახელისუფლო მანქანა მთელ კონტროლირებად მედიასთან და სატელიტ-პოლიტიკურ ძალებთან ერთად მუშაობს, რათა ალასანია პოლიტიკურად დასამარდეს. ყველაფერი იქეთ მიდის, რომ გაფარჩაკებული ოპოზიცია და გაბითურებული ხელისუფლება ერთმანეთს შეჭამს, გარდუვალი პოლიტიკური დიფუზიის შემდეგ კი თბილისში თეთრ ცხენზე ამხედრებული "იმპერატორი" ალექსანდრე ებრალიძე შემოვა. საამისოდ ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს და ოპოზიციაც - მაინც როგორ განვითარდება მოვლენები? - მე წინასწარმეტყველად არ გამოვდგები, უბრალოდ, გეტყვით, რომ ერთადერთ რამეში ვეთანხმები ბატონ გია ნოდიას. ოპოზიცია მართლაც გაფარჩაკდა. ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა და ყველა რამდენადმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი იქცევა, როგორც მოსყიდული ხელისუფლების მიერ. მათი ყველა ნაბიჯი სააკაშვილის ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ სერიოზულად მივიღო მოარული ხმები საამისოდ დახარჯული მილიონების შესახებ, მაგრამ ეს ტოტალური იმბეცილია, რამაც ჩვენს პოლიტელიტას დარია ხელი, არ იძლევა სხვანაირად განსჯის საშუალებას. პრიმიტიული პრორუსული საფრთხობელა (ნოღაიდელი, ძიძიგური, დავითაშვილი) ხელისუფლებაში მოკალათებულ წურბელებს აფრთხობს, ლევან გაჩეჩილაძის მერყეობა ოპოზიციურ ელექტორატს ხლეჩს, ლევან გაჩეჩილაძის ყოყმანისა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მეორე დღეს სარბიელზე გია გაჩეჩილაძე - უცნობი ჩნდება და არჩევნების გაშარჟება - გატაკიმასხრების იდეის ქადაგებას იწყებს, რათა არჩევნებზე ხალხი არ მივიდეს. ეს კი ხელისუფლებისთვის და სააკაშვილისთვის არის ხელსაყრელი. ასი ათასობით ადამიანის კუმირმა ძმებმა პოლიტიკური კრახი განიცადეს. მათ არ ესმით, როცა ასი ათასობით ქართველი მოგყვება, შენ ბალამუტის და სეირის მოწყობის უფლება აღარ გაქვს. `ეროვნულმა ფორუმმა~, რომლის ავტორიტეტი ჯერ კიდევ მაღალია, მთავარი როლი შეასრულა 2009 წლის აპრილ-ივნისის საპროტესტო აქციების მუხტის დაგდებაში, მერე საზოგადოებას ვერ შესთავაზა პოლიტიკური ბრძოლის ვერანაირი გეგმა და არჩევნებისგან განზე გადგომით ხელისუფლებას აჩუქა ხმების 14-17 პროცენტი. გასაოცარი და დასანანია ისეთი ხალხისგან, როგორებიც გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა და ირაკლი მელაშვილი არიან. ხალხს უღალატა შალვა ნათელაშვილმაც. მისი ფეშქაში ხელისუფლებისთვის 7-10 პროცენტია ხმების. არტისტიზმი და გულზე მჯიღის მოჩვენებითი ბრაგუნი მთიულ შალვასაც კარგად გამოსდის. ასეთ ვითარებაში ხალხი იმედგაცრუებულია. ახალ ლიდერს ელის. ის კი არ ჩანს. ხელისუფლებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერი ახალი და სახიფათო კონკურენტის გამოჩენა არ დაუშვას სარბიელზე. მეთოდებიც მრავალფეროვანია - მოსყიდვა, მოქრთამვა, შანტაჟი და ა.შ. საქართველოში, მის პოლიტიკურ ელიტაში ფეხი ღრმად მოიკიდა ვაჭრობამ. ამ ვაჭრობაში მონაწილეობენ არა მარტო შიდა ძალები. ამ ქვეყანაზე თვალი დასავლეთსაც უჭირავს და ჩრდილოეთსაც, არც ჩვენი მეზობლები - სომხები და აზერბაიჯანელები სხედან გულხელდაკრეფილნი. ჩვენი თურქი მეზობლებიც ფხიზლად ადევნებენ თვალს დიდ ვაჭრობას საქართველოში და საქართველოს გარშემო. აბა, თურქეთში ბევრია განა ჩვენი ტყეების, წყალ-ჭალის და ნაკრძალების დარი ტერიტორიები? ამ წალკოტზე უარს ვინ იტყვის, არაბი და ყამარი შეიხები განა თავიანთ წილს არ მიიღებენ ტორტის უგემრიელესი ნაჭრიდან, რასაც საქართველო ჰქვია. ჰოდა, დაჭამენ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს, გარიგდებიან რუსები და ამერიკელები და როცა ყველასთვის გარდუვალი გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამ პერსპექტივას ქართველი ხალხიც დაუჩოქებს. მაშინ კი ასრულდება ნაციონალების და მათ მიერ მოსყიდული ოპოზიციის ოცნება, როცა თბილისში თეთრ ცხენზე ამხედრებული იმპერატორად თვითწოდებული ალექსანდრე ებრალიძე შემოვა. ხელისუფლების თუთიყუშები - თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ვერ ამჩნევს ამდაგვარ საფრთხეს? თუ მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა დანგრევისა და ჩიხისკენ? - მე ვერ გეტყვით, რაა ხელისუფლების საქმიანობაში გააზრებული და რაა უბრალოდ, უგუნურების შედეგი. ჩვენ, ფაქტობრივად, მოკლებულნი ვართ ხელისუფლების პირველ პირებთან დიალოგის საშუალებას. თავისუფალი ჟურნალისტები მათ ვერ ხვდებიან, ვერც პრეს-კონფერენციებზე და მითუმეტეს, ჩვენი მედიის წარმომადგენლები მათგან ვერ იღებენ ექსკლუზიურ ინტერვიუებს. ბუნებრივია, მე არ ვგულისხმობ მედიად წოდებულ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ჟურნალისტების მიერ, წინასწარ შეთანხმებული შეკითხვებით გაკეთებულ მასალებს. აი, ხანდახან ამერიკული, ევროპული ან რუსული პრესიდან თუ გადმობეჭდავენ ჩვენი გაზეთები ან აჩვენებენ ტელევიზიები ჩვენი ლიდერების ინტერვიუებს, რომლებიც, ძირითადად პოლიტიკური დატვირთვისაა და სააკაშვილის, უგულავას ან მერაბიშვილის მესიჯებია ამერიკული ან რუსული საზოგადოებისთვის თუ ამ ქვეყნების პოლიტელიტისთვის. მე უბრალოდ, ვიცი, რომ ამ ხელისუფლებაში რამდენიმე ნიჭიერი ადამიანია. ასეთებად მივიჩნევ, მაგალითად გიგა ბოკერიას, ზურა ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, სხვებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არის ამ ნიჭიერი ადამიანების გუნდის მმართველობის შედეგი ასეთი სავალალო ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, მედიას არ შეუძლია მათგან საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღება. მაშინ, იქნებ ჩვენ გადაგვერჩინა ამ ნიჭიერი ადამიანების რეპუტაციაც და ქვეყნის მომავალიც. ჩვენ უნდა დავჯერდეთ იმათ მონათხრობს, ვისი მეშვეობითაც ჩვენი ქვეყნის ლიდერები ჩვენ გველაპარაკებიან. მათ მე თუთიყუშებს დავარქმევდი. ისინი არ აკეთებენ დამოუკიდებელ ანალიზსს. სხვა შემთხვევაში, როგორ იტყოდა იმას ალექსანდრე რონდელი, რასაც ხშირად ამბობს, ის ხომ მაღალი რანგის ინტელექტუალია, ან როგორ იტყოდა დავით ნინიძე, ეს გონიერი ინტელექტუალი, და ისტორიკოსი, რომ სვეტიცხოველთან პლაჟის გაკეთება გონივრული იდეაა. მე ამათგან გამკვირვებია, თორემ თუთიყუშები ყველა ხელისუფლებას ჰყავს, განსაკუთრებით ავტორიტარულ რეჟიმებს. მე ეს ორი ადამიანი გავიხსენე, რადგან მათ არ ვთვლი თუთიყუშებად. სხვებს არ დავასახელებ, არ დავაკონკრეტებ, თუმცა მათ თავს უფლება არ უნდა მისცენ ყოველთა საკითხთა ექსპერტების როლში ყოველდღე ამუნათონ საზოგადოება და ლამის გაიჭედონ ტელეეკრანებზე. მიუღებელია ბოლო დროს დაფიქსირებული ტენდენციაც, როცა "ვანო ჯავახიშვილის შოუ" და "შუა ქალაქში" იუმორისტულ-პროპაგანდისტულ გადაცემებად იქცა. აღარაფერს ვამბობ მოსყიდულ და დაქირავებულ შოუმენებზე, რომლებიც ხელისუფლების მორჩილ ლაქიებად იქცნენ. მოდელირებული ქრონიკა - რაში ხედავთ გამოსავალს, აქვს თუ არა საქართველოს შანსი გახდეს დემოკრატიული ქვეყანა? - აქვს შანსი და გახდება კიდეც, ოღონდ ეს ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუ ისევე ჩუმად შევხვდებით საზოგადოების დატერორების ყველა რეციდივს, როგორც ტელეკომპანია "იმედის" "მოდელირებულ ქრონიკას" შევხვდით, ყველაფერი ახი იქნება ჩვენზე. ეს ზანტი და გაზულიქებული ქართველი მაინცდამაინც მაშინ უნდა აბობოქრდეს, როცა სუფრასთან დედას შეაგინებს ვინმე? მოხდა ისე, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ერთმა გადაცემამ ქვეყანას სულში ჩააფურთხა. გამოვიდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი და თქვა: "ეს გადაცემა უპასუხისმგებლო იყო და არ შეესაბამებოდა ჟურნალისტურ სტანდარტებს". თქვა და მერე რა, შეიბერტყა ვინმემ ყური? გამოვიდა ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილი რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი და განაცხადა: "ამაზრზენი ჟურნალისტური ნამუშევარია. არაფერია აქ სალაპარაკო". ამას მოჰყვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა: "მოდელირებულ ქრონიკას" სიტუაციის დესტაბილიზაცია შეეძლო. მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემებს ადმინისტრაციულ საზღვრებთან სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის პოტენციალი აქვს და შესაძლებელი იყო, სახიფათო ინციდენტები მომხდარიყო". აღშფოთდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ გადაცემას ამალგამა და უხეში მონტაჟი უწოდა. რამდენიმე ადამიანი ამ გადაცემის შედეგად გარდაიცვალა, უამრავმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო. მერე და რა? ფეხებზე არ ჰკიდიათ პასუხისმგებელ პირებს ეს ყველაფერი. პასუხიც კი არ აგო მომხდარისთვის არავინ. ესაა ქვეყანა?! სკოლაში პოლიცია შევიდა. იქ წესრიგის დამყარების სხვა გზა ხელისუფლებამ ვერ იპოვა. ამ პოლიციელებს, ცერბერებივით რომ ადგანან ბავშვებს თავზე, მოფერებით მანდატურებს ეძახიან. თქვენ რა, ლათინოამერიკელი "გორილების" ქვეყანას აშენებთ? მას შემდეგ, რაც ტალეირანმა თქვა, ენა ადამიანებს იმიტომ აქვთ, რომ საკუთარი აზრები დაფარონო, საზოგადოებას სჯერა არა პოლიტიკოსების სიტყვის, არამედ საქმის - მეტისმეტად მუქ ფერებში ხომ არ წარმოაჩენთ ვითარებას? - მე რას წარმოვაჩენ! მიიხედ-მოიხედეთ გარშემო, რა სახის დიქტატურა შენდება ამ ქვეყანაში? გაუთავებელი ლაპარაკი დემოკრატიაზე მხოლოდ შირმაა. სინამდვილეში ტიპური პოლიციური დიქტატურა შენდება. სუსტი სამოქალაქო საზოგადოებით და პოლიტიზებული არასამთავრობო სექტორით. როგორ, თქვენ გგონიათ, თეორიული ან თუნდაც მიზერული შანსი არსებობს, რომ საქართველოში არსებულმა არადემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიძლება დემოკრატიული ქვეყანა ააშენონ? შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი პარტია, სადაც არსებობს შიდა პარტიული დემოკრატია, თუ არ ჩავთვლით ახალ მემარჯვენეებს, რესპუბლიკელებს, სადაც არის შინაპარტიულ ცხოვრებაში დემოკრატიის ელემენტები და ახლახან სარბიელზე გამოსულ "სახალხო დემოკრატებს", რომლებიც დაპირდნენ საზოგადოებას, რომ შიდაპარტიულ ცხოვრებას დემოკრატიულად მოაწყობენ. ჩვენ გვყავს ბელადების, ერთის ან რამდენიმე ბელადის პარტიები, გამონაკლისები არ არსებობენ მათ შორის ავტორიტარულობით გამოირჩევა მმართველი "ნაციონალური პარტია", რომლის რაიონულ რგოლებს ფაქტობრივად გამგეობები წარმოადგენენ, ხოლო ამ პარტიის გენერალური მდივანი - ზურა მელიქიშვილი, მართლა წესიერი, პატიოსანი და გონიერი კაცი, გავლენით და წონით ალბათ ნაციონალების მეოთხე ათეულში თუ მოხვდება. ასე გვინდა ჩვენ ევროპული ტიპის დემოკრატიის აშენება? ხელისუფლება ხელიდან უშვებს ბოლო შანსს და არ აპირებს თბილისის მერის პოსტისა და საკრებულოში უმრავლესობის დათმობას - თქვენ რომ ამ ხელისუფლების მრჩეველი იყოთ, რას ურჩევდით? - მე ვერ ვიქნები ამ ხელისუფლების მრჩეველი, მე არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას და არც მაქვს ჯერ-ჯერობით არანაირი მსგავსი სურვილი, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ამ ხელისუფლებას გააცოცხლონ მათ მიერ დასამარებული პოლიტიკური პროცესი, შეწყვიტონ ოპოზიციის მოსყიდვა და მარგინალიზაცია, გაათავისუფლონ ელექტრონული მედია, შეწყვიტონ უცხოურ ფონდებთან თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორის გაკონტროლების მიზნით, გაათავისუფლონ კორუმპირებული ბიზნესი ხელისუფლებასთან შეზრდილი მაფიური კლანების პარპაშისგან, მისცენ საშუალება სოციოლოგიური კვლევების კომპანიებს აწარმოონ საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევა და, რაც მთავარია, მოხსნან გიგი უგულავას კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე, დაუთმონ თბილისის მერის პოსტი და დედაქალაქის საკრებულო იმათ, ვისაც ხალხი მხარს დაუჭერს, არ აწარმოონ თავიანთი სატელიტი პოლიტიკური ძალების ფარული ლობირება, ანუ მოახდინონ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის რეანიმირება. ეს შეკრავს ერს და ქვეყანას და გაჩნდება შანსი, როგორც დაკარგული ტერიოტრიების დაბრუნების, ისე ეკონომიკის აღორძინების. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ქვეყნის ნგრევისა და დაშლის პროცესი გაგრძელდება, მიგრაცია ქვეყნიდან კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწევს, საქართველოს დექართველიზაცია დასრულდება მკვიდრი მოსახლეობის 5-10 პროცენტამდე შემცირებით და ყველაფერ ამაზე ანუ საქართველოს ფაქტობრივ გაქრობაზე პასუხისმგებლობა დღევანდელ მმართველ ჯგუფს დაეკისრება. ჩვენ არ ვართ არც ერთი ერის და ეროვნების, არც ერთი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების წინააღმდეგნი, ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა ქვეყნის ნახევარ მილიონიანი აზერბაიჯანული და ნახევარ მილიონიანი სომხური თემები. ჩვენ მათთან ერთად ერთი სამშობლო გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთი მილიონი ჩინელის და ერთი მილიონი ინდოელის მოპატიჟება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, იქნებ, არ იყოს სასურველი და მიზანშეწონილი, რაც ლამის რეალობას გვიქციეს ბენდუქიძემ და ძმათა მისთა. თბილისის მერის არჩევნები ნაციონალური ხელისუფლების ბოლო შანსია. თუ არა, მერე იქნება მათი ახდენილი ოცნება - თბილისში თეთრ ცხენზე ამხედრებული "იმპერატორი" ალექსანდრე ებრალიძე შემოვა, ან კიდევ უარესი - მტკვრის გაღმა რუსული მიგები იფრენენ, გამოღმა ამერიკული "იროკეზები", გადარჩენილი ქართველები კი შუშის ხიდზე შეიყუჟებიან ან ხელოვნურ ახალ მადათოვზე და ქვეყანაში შემოხეტებულ ტურისტებს ქართული ეთნოგრაფიული სამხეცით მოხიბლავენ. ესაუბრა დიმა ლელაძე |