DataLife Engine > პოლიტიკა > ვაშალომიძემ გილაური დაამარცხა

ვაშალომიძემ გილაური დაამარცხა


22 აპრილი 2010. : merabi
წინასაარჩევნო ზღაპარი სახელისუფლებო ტელევიზიებს, - "აჭარაში დემოკრატია ყვავის"

აჭარის მთავრობის ერთწლიანი მცდელობის შემდეგ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები შეისმინა. ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი 2009 წლის ივლისიდან უგზავნის წერილებს საქართველოს მთავრობას. წერილებში ბათუმი ელემენტარული უფლებების დელეგირებას ითხოვს. მაგალითისთვის, როგორიცაა სკოლის დირექტორის დანიშვნის უფლების გადაცემა რეგიონისთვის. თუმცა, დღემდე მისი პრეტენზიებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ბოლოს აღშფოთებულმა ვარშალომიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრი მისი მოთხოვნების სრულ იგნორირებაში დაადანაშაულა.
ამ ამბის ტელევიზიებით გახმაურების შემდეგ პრემიერ-მინისტრის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვარშალომიძეს თბილისში მოიწვევდნენ. პრესკონფერენციაზე, რომელიც გილაურის პრეს-სამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა გამართა, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთობლივი თათბირი გაიმართებოდა აჭარის მთავრობასა და მინისტრთა კაბინეტს შორის.
განაწყენებული აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობა თბილისს ეწვია. შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა, რომელსაც მთავრობიდან გოგა ხაჩიძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი, ალექსანდრე ხეთაგური, ბაკურ კვეზერელი, კახა ბაინდურაშვილი ესწრებოდნენ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აჭარის ავტონომიას შესაბამისი უფლებებით აღჭურვავენ და ამას საკანონმდებლო ბაზითაც გაამყარებენ. ჩემი მოთხოვნები 100 პროცენტით დაკმაყოფილდა. დღევანდელი დღიდან აჭარის მოსახლეობას და მეწარმეებს გარკვეულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ბიუროკრატიული პროცედურები გაუმარტივდებათ და მის გასაფორმებლად თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ. შეთანხმებას ყველა მინისტრთან მივაღწიეთ. მაგალითისთვის, მივაღწიეთ შეთანხმებას სერტიფიცირებასთან დაკავშირებით. ასევე მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ აჭარისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პერმანენტულად, ყოველკვარტალურად გაიმართება. მზად ვარ, ყველა ამ შეხვედრაში პირადად მივიღო მონაწილეობა", -განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ვარშალომიძემ.
ყველა კმაყოფილი დარჩა. გილაურმა ასეთი დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელს მთელი რიგი უფლებების დელეგირების პირობა მისცა. მაგალითად, ამიერიდან ბათუმში თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას სკოლაში საშტატო ერთეულების განსაზღვრის შესახებ, აჭარაში მცხოვრები ბიზნესმენებს კი შესაბამისი დოკუმენტაციების მისაღებად თბილისში სირბილი არ მოუწევთ და ადგილზე მიიღებენ მას. აი, ასე დასრულდა ეს ამბავი და კმაყოფილი "ფეოდალიც" გამარჯვებული დაუბრუნდა აჭარას.
თუმცა, ვარშალომიძისგან განსხვავებით ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ დათმობების არ სჯერათ და ამას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ. "ძალიან მარტივი რამეა, ახლა არის ადგილობრივი არჩევნები და თუკი აჭარაში არიან განაწყენებულები იმის გამო, რომ თბილისიდან ინიშნებიან ჩინოვნიკები, ამ პრობლემის წამოყენების ხელსაყრელი დრო არის სწორედ ახლა. თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ გააქტიურდა და რამე პრობლემები არ წამოაყენა, არჩევნებს ვერ მოიგებს", – განაცხადა ჩვენთან საუბარში პარლამენტარმა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, ნებისმიერ გუბერნატორს უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს, ვიდრე ავტონომიის მთავრობას. "ყველა ჩინოვნიკი თბილისიდან ინიშნება. საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობის ნებისმიერი დონე უფრო მაღალია, ვიდრე თვითონ ავტონომიის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავარკვიეთ, რა კონფიდენციები შეიძლება იყოს ერთობლივი, დელიგირებული ან ექსკლუზიური და ასე შემდეგ. ნებისმიერი ჩინოვნიკი ინიშნება თბილისიდან. ეს იწვევს სრულიად გაურკვევლობას, აღშფოთებას ადგილობრივ მოსახლეობაში იმიტომ, რომ ადგილზე არიან შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ადამიანები და ხედავენ, რომ ვიღაცა ინიშნება თბილისიდან. ეს არის მთავარი პრობლემა ავტონომიასთან მიმართებაში", _ აცხადებს ლევან ვეფხვაძე. მისი აზრით, ეს ცვლილებები ფიქტიური იქნება და არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ აჭარაში რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებას ხელმოწერის უფლებას მისცემენ.

სანამ ვარშალომიძეს თბილისში მოიწვევდნენ და მასთან დათმობებზე წავიდოდნენ, ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის ურთიერთობებს არეგულირებს კანონი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო კანონად არის მიჩნეული ევროპელი ექსპერტების მიერ. საინტერესოა, თუ ეს კანონი ასეთი იდეალური იყო, რატომ გახდა საჭირო მასში ცვლილებები შეეტანათ? ან ევროპელმა ექსპერტებმა როგორ მოიწონეს კანონი, რომელიც ვერ არეგულირებდა ისეთ ელემენტარულ პროცედურებს, როგორიცაა ადგილზე გამოფენის ჩატარება ცენტრიდან ნებართვის გარეშე? ვარშალომიძემ თავად განაცხადა, რომ "დღეიდან მხატვარს არ მოუწევს თბილისში წასვლა იმისთვის, რომ ნებართვა აიღოს გამოფენაზე ნახატის წასაღებად. აქამდე მას ამისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა", _ ლევან ვარშალომიძე.
ვარშალომიძის ამ გალაშქრებას ბევრი ხელისუფლების მიერ გილაურის წინააღმდეგ დაწყებულ ანტიკამპანიას უკავშირებს. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ გილაური სასწავლებლად უნდა გაგზავნონ, ასეთ შემთხვევებს კი მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.

დაკო შონია