DataLife Engine > პოლიტიკა > ლხინი ჟამიანობისას
ლხინი ჟამიანობისას28 იანვარი 2010. : merabi |
|
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან
"იტალიური ოპერის მოყვარულები" "ქორთიარდ - მარიოტში" - ბატონო ვაჟა, რა მოვლენებს გამოარჩევდით ბოლო კვირის პერიპეტიებიდან? - ნუ ჩამითვლით სალაღობო განწყობილებად და ნურც თქვენი პიროვნებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებად, მაგრამ მე, პირადად, გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ ნავთობკომპანიების დაჯილდოება. ჯერ-ჯერობით "ქორთიარდ მარიოტში" "იტალიური ოპერის მოყვარულთა საზოგადოების" კონფერენცია არ გამართულა, მაგრამ კარტელმა პომპეზურად აღნიშნა ნავთობპორუქტებზე ახალი 10-15 თეთრიანი მატება, როცა მთელ მსოფლიოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იაფდება. ამ შეხვედრაზე, მადლობა ღმერთს, არც გრანდიოზული ტორტი შემოუტანიათ... - თქვენი ირონია გასაგებია, მაგრამ ნუთუ, არ ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული მოვლენები? - არა, როგორ არა, იყო. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა, როგორც წლის "გამჭვირვალობისადმი ერთგულების" ნომინაციაში გამარჯვებული. არ დაგავიწყდეს, მერაბ, რომ "ელიტ ელექტრონიქსი" დაყადაღებულ და პარალიზებულ იქნა გადასახადების დაფარვისთვის. არც ის დაგავიწყდეს, რომ IFC "მსოფლიო ბანკის" შვილობილი ორგანიზაციაა. ეს ჯილდო, მომიტეოს პიროვნულად ძალიან კარგმა კაცმა, ანზორ ქოქოლაძემ და მე მაინც უფრო მკვდარზე "ვენოკს" მაგონებს. "მაგთი სუფთაა" - სხვა რა იყო უფრო სერიოზული და უფრო მნიშვნელოვანი? - მერაბ, ამაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი, რაც გითხარი, რა გინდა. კარგი, იყო უფრო სერიოზულიც. "ჯეოსელს" საგადასახადო უწყებამ, მოგეხსენებათ, 100 მილიონი ლარი დაარიცხა. როგორც ამბობენ, იგივე უწყება "მაგთიშიც" იყო შესული. ბუნებრივია, ორი, ფაქტობრივად, თანაბარი სიძლიერის კომპანიის "მეტოქეობა" ამ კუთხითაც უნდა გაგრძელებულიყო. რახან ერთი სცოდავდა, არც მეორე უნდა ყოფილიყო ანგელოზთა დასის წევრი. მაგრამ, ნურას უკაცრავად, მაკონტროლებელი ვიღაცის უხილავი დირიჟორის ჯოხის აქნევით, კომპანიიდან უკან გამოიწვიეს, ხოლო ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ბიზნესმენებთან ჟურნალისტების გარეშე შეხვედრაზე, როგორც ამბობენ, განსაკუთრებით ხმამაღლა და გამოთქმით წარმოთქვა ორი მაგიური სიტყვა - "მაგთი სუფთაა". დიახ, ეს "მაგთია!" ამაზე სერიოზული რაღა გითხრათ, ბატონო მერაბ?! ქართული დესანტი უკრაინაში იანუკოვიჩს ეხმარება - თქვენ სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც არ დაგრჩებოდათ შეუმჩნეველი. - რახან მაინც სერიოზული საუბრისთვის განმაწყობ, რა გაეწყობა! ჩვენ, ქართველებმა, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს უნდა ვცეთ პატივი. იქნებ, ვინმემ აუხსნას საზოგადოებას, რა მიზანს ემსახურებოდა 2600 კაციანი დესანტის გადასხმა დონეცკში. ბატონი გივი თარგამაძე არის გონიერი და სერიოზული მოღვაწე, მაგრამ ის არ არის ჩე გევარა. რევოლუციების ეპოქა კარგა ხანია დამთავრდა. ახლა უფრო ფანატიზმის ერა დადგა, ფანატიზმი არც დემოკრატიის "ჯვაროსნებს" აკლიათ, ხოლო ფუნდამენტ-ფანატიკოსებს იგი ულევი გააჩნიათ. მაინც რა გვინდოდა დონეცკში? გათვლა ასეთი იყო – დარღვევების დაფიქსირება ამ ქალაქში არჩევნებისას, პროტესტის ექსპანსიურად და ქართულად გამოხატვა, შედეგების გაუქმების მიღწევა, ან პროცესის გაჭიმვა და თითქოს, ეს დემოკრატიის ბოლო ბასტიონის, რა თქმა უნდა, უკრაინაში, იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად კეთდებოდა. რეალურად კი ამასთან დაკავშირებულმა პროცესებმა იანუკოვიჩის წისქვილზე დაასხა წყალი. რომ არ ვიცოდე, რომ "კრემლს" იანუკოვიჩზე უფრო ტიმოშენკოს გაპრეზიდენტება აწყობს, ვიფიქრებდი, რომ ესაა ჩვენი სახელისუფლებო გუნდის ერთი ჯგუფისა და "კრემლის" ფარული ალიანსის კიდევ ერთი გამოვლინება, მიმართული იანუკოვიჩის მხარდაჭერისაკენ. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ გაუგებარია, 500-მდე დამკვირვებლის კანდიდატი, რატომ რჩება დღემდე უკრაინაში, რა მიზანი აქვთ, ვინ აფინანსებს მათ იქ ყოფნას. ბოლოს და ბოლოს ეს ქვეყანა სახელმწიფოა თუ ავატარი. ქართულ ფეხბურთში კი აფერისტების დოღი გრძელდება - კიდევ რას მიაპყრობდით მკითხველის ყურადღებას? - იმას, რაც ყველას უყვარს. ეს ფეხბურთია. ჩვენთან ისევ თამაშობენ ფეხბურთს, ოღონდ ამ ეტაპზე უკვე ფეხბურთის მესვეურები და ამ სახეობას ჰქვია "ფეხბურთი უბურთოდ". ორშაბათს, გვიან საღამოს, პრეზიდენტის პროტეჟე და ფეხბურთის ფედერაციის ახალი თავკაცი, ბატონი სიჭინავა, "რუსთავი 2"-ის ეთერში ოლიმპიური სიმშვიდით და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით, ვითარებას შეგუებული კაცის პოზით, გვიამბობდა, როგორ შეჭამეს წინა ხელმძღვანელებმა ფედერაციის დიდი ფული, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოყო საქართველოში 4 სტადიონისა და ბაზის მოსაწესრიგებლად. ესენია – რუსთავის სტადიონი, დიღმის ბაზა, საგურამოს ბაზა და მცხეთის სტადიონი. ახლანდელ "ყოჩაღ ბიჭებს" ჩვენი ფედერაციის იქაური დიდმოხელის, თუ არ ვცდები, გვარად პასკალისთვის, ნეტარხსენებულ ფიზიკოსში არ აგერიოთ, დიდმოხელე კაცია, აჯა უახლებიათ - "ექსტრა" პროგრამით - ერთი ათამდე სტადიონის კეთილმოწყობის ფული მოგვეციო. საქართველოში მოუწვევიათ ეს დიადი მოღვაწე და მონიშნული სტადიონების მარშუტი – ნუსხაც გაუგზავნიათ. თელავით იწყებდნენ და ბათუმ-ქობულეთით ამთავრებდნენ. მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – ის პასკალია თუ ვიღაცა, ამათზე შებერტყილი აღმოჩნდა. ჯერაო, ის სტადიონები მაჩვენეთ, უზარმაზარი ფული რომ მოგეცით, იმათ გასაკეთებლად – რუსთავი, დიღმის ბაზა, საგურამოს ბაზა და მცხეთა. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. ახლა სიჭინავა და ნაცმოძრაობის მეგობარი ვეტერანი ფეხბურთელები საგონებელში არიან. 2009 წლის 16 ოქტომბერს ეს ობიექტები სპეციალურ კომისიას უნდა ჩაებარებინა და თითოეული მათგანისთვის "2 ვარსკვლავიც" მიენიჭებინა. არადა არცერთი ობიექტი დამთავრებული არ არის, ზოგს კი დაწყებისაც არაფერი ეტყობა. მე ვერ დავიჩემებ, რომ ის ფული მაინცდამაინც უმცროსმა ახალკაცმა "შეჭამა", მაგრამ რომ "შეჭამა", ეს ხომ ფაქტია. თუმცა განმკითხავი არის ვინმე? ხელოვნურსაფარიან მოედნებს რომ ვამრავლებთ, ის გვავიწყდება, რომ მომავალმა დიდმა ფეხბურთელმა ბალახისსაფარიან მინდორზეც უნდა ივარჯიშოს. სხვანაირად დიდ ფეხბურთელად ვერ გაიზრდება. ჩვენ კი ის გვიხარია, თუ უმწიფარი მოზარდი, რომელიმე ცნობილი საფეხბურთო კლუბის ბავშვთა გუნდში მიიღეს. აბა, ერთი იკითხეთ, ადრეულ ასაკში თუ აგზავნიან ევროპული კლუბების მოზარდთა გუნდებში თავისიანებს ბრაზილიელები, არგენტინელები, გნებავთ, პარაგვაელები და ურუგვაელები. კაკა და რონალდინიო ბრაზილიაში გაიზარდნენ. ანანიძეს კი უკვე მოსკოვის "სპარტაკი" ყიდის. იმავე პატარა ქობულეთიდან ერთი 15 წლის მოზარდი სანკ-პეტერბურგის "ზენიტმა" წაიყვანა, მეორე ოდესის გუნდმა. იქნებ, ამ ჩვენმა უმაქნისმა საქმოსნებმა, ფეხბურთს თუ ვერ უშველიან, ფეხბურთში ფულის კეთება მაინც ისწავლონ. 18-20 წლამდე მოუაროთ ახალგაზრდებს და მერე გავყიდოთ. მაშინ ისინი სამშობლოსაც გამოადგებიან და საკუთარ თავსაც. მანმადე კი, პასკალი პასუხს ელის. "თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას" - და მაინც, რამდენად ცივილიზებული გარემოა დღეს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, რამდენად ევროპული და ცივილეზებული ნორმები მკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში? - მე ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, რამდენადაც არ მიყვარს შეკითხვები, რომლის ავტორმა პასუხი თვითონ იცის. რეგიონებისთვის ალტერნატიული ინფორმაცია ხელმისაწვდომია? საინფორმაციო სივრცე რეგიონებში და თუნდაც დედაქალაქში გაიხსნა? გამოჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებენ? ვიდეოთვალის საკითხი საარჩევნო უბნებზე გადაწყდა? დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევების კომპანიები აქვეყნებენ საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგის შედეგებს? შევთანხმდით უკვე, რომ არანაირი IRI-ს და NDI-ის კვლევები არ არსებობს და ისინი ქართული კომპანიების - IPM-ის და ACT-ის კვლევებია? რატომ გვატყუებენ, რა დგას ამის მიღმა? არჩევნებში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალები - "ალიანსი", "ნაციონალები", "ეროვნული ფორუმი" და "ლეიბორისტები" მონაწილეობენ? ამ კითხვებზე პასუხი არის პასუხი კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ როგორ შეიძლება იმ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ქალაქი აჭრელებულია წარწერებით - "თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას". საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არ იცის რაში ედება ბრალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, რა მოიმოქმედა, როგორია საქმის დეტალები. ჩვენ ვიცით, რომ ვისაც, თითქოს, ცოტნე გამსახურდიამ ესროლა, ის მას ხელს არ ადებს. პრესის მიხედვით მთელი ბრალდება ეფუძნება ერთი ქალბატონის, ფაქტობრივად, არადამაჯერებელ ჩვენებას. ცოტნე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას ვაჟიც რომ არ იყოს, ეს რეზონანსული საქმეა, ამიტომ საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ცოტნე ან დამნაშავეა და იმის მიხედვით არის დაკავებული სამართლიანად, რაც ჩაიდინა, ხოლო თუ სამხილები არ არსებობს ან დამაჯერებელი არ არის, ის უნდა იქნას დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. რა ვქნათ ახლა? როდემდე ვიჭორაოთ ამ ამბავზე, ვინ და რატომ იძიებს შურს გამსახურდიების ოჯახზე, ვიჩურჩულოთ ცოტნე გამსახურდიას "რუსეთის აგენტობაზე", მის ფიცხ ხასიათზე, წარსულის შემთხვევებზე და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ეს ქართველების ქვეყანაა თუ პაპუა-გვინეა. რატომ დუმს გიორგი გამსახურდია, რომელიც ბოლო დრომდე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და ახლა, ვგონებ, საზოგადოებრვი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობს თუ იწყებს მუშაობას. რატომ არაფერს ამბობს კონსტანტინე გამსახურდიაზე, როგორ გაარკვევს ის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ამბავს და იმას, მოკლეს თუ თავი მოიკლა ზვიად გამსახურდიამ, როცა თავისი ძმის ბრალეულობის საკითხი ვერ გაურკვევია და ძმა ვერ დაუცავს. რატომ დუმან ოპოზიციური პარტიები, რატომ დუმს ქალაქის მერი ბატონი უგულავა, რომელიც ისევ აპირებს მერობას. მე არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცამ უდანაშაულოდ ან დამნაშავედ გამოაცხადოს ცოტნე გამსახურდია. მე მოვუწოდებ ყველას, მძიმე შიმშილობის შედეგად ცუდ დღეში ჩავარდნილი ცოტნე გამსახურდია გათავისუფლებულ იქნას საპატიმროდან და მერე მშვიდად, საზოგადოებასთან ერთად გაარკვიონ შესაბამისმა კომპეტენტურმა სტრუქტურებმა მისი ბრალეულობის საკითხი. ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია მოწოდების არსებობა - "თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას". ასეთი ლოზუნგის არსებობა საქართველოს ცივილიზებულობას ეჭვქვეშ აყენებს, თუნდაც ასეთ პროტესტს ათი ადამიანი გამოთქვამდეს და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას თანაუგრძნობდეს. ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი |