ნანახია: 953
ვეფხვები ზამთარში
"არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო" - ვაჟა ბერიძე
IRI-ის ანუ ქართული კომპანია IPM-ის, აგრეთვე, იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევები რეალობას ზუსტად არ ასახავს
"ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL გამოკითხვა ჩაატარა. მისი შედეგების კომენტირება "ბ&ფ"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეს ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ. "უდაოდ კარგი საქმე გაკეთდა. როგორც ვიცი, გამოკითხვის ორგანიზატორების მიზანი იყო ამ ბოლო დროს ჩვენში ფრაგმენტულად გავრცელებადი კვლევების შედეგების გადამოწმება. ეს კი ნამდვილად საშური საქმეა. მე პირადად, არაერთხელ მივუთითე, როგორც სხვადასხვა საგაზეთო პუბლიკაციებსა და ინტერვიუებში, ისე ტელევიზიით გამოსვლებისას, რომ ქვეყანაში, წლების განმავლობაში, გრძელდებოდა არანორმალური სიტუაცია. არ წარმოებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ქართული კომპანიები ან უსახსრობის გამო, ან იმ მიზეზით, რომ ადრე შემჩნეულნი იყვნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და გამოკითხვების შედეგების ფალსიფიცირებაში, ამგვარ კვლევებს აღარ აწარმოებდნენ და აღარ აქვეყნებდნენ. მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული მომსახურე კომპანიები სწავლობდნენ ხალხის განწყობას, შედეგებს კი შიგადაშიგ, აქვეყნებდნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამებოდა მიღებული სურათი მათ პიარ-სტრატეგიას და ინტერესებს. საერთოდ, ერთობ ორიგინალურად იქცეოდა და იქცევა IRI, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელია მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ჯონ მაკკეინი. შეგახსენებთ, რომ ამავე ინსტიტუტში მუშაობდა დღევანდელი ხელისუფლებისთვის "მაშველ რგოლად" მოვლენილი, დემოკრატიის მორიგი ტალღის შემოქმედი დიმიტრი შაშკინი. IRI, მაგალითად, ბოლო კვლევას უკვეთავს "გელაპს", "გელაპი" "ბალტიკ სერვეის", "ბალტიკ სერვეი" ქართულ კომპანია IPM-ს. გამოდის, რომ IRI-ის მჟღერი აბრევიატურის ქვეშ არსებული კვლევის შედეგები, რომლითაც ხშირად მანიპულირებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და, სხვათაშორის, ოპოზიციონერებიც, ჩვენი IPM-ის კვლევაა. ერთობ საინტერესოა IRI-ის მიერ ამდაგვარი კვლევის შედეგების გამოყენების პრაქტიკა. ის, მთლიან კვლევას, როგორც წესი არ აქვეყნებს ხოლმე. რაღაც მონაკვეთებს აწვდის სხვადასხვა პარტიას, თანაც ერთი პირობით მათ ეს მონაცემები არ უნდა გამოაქვეყნონ. არადა, თუ ეს ხელსაყრელია, "ნაციონალებიც", "ალიანსიც" და სხვებიც ამ შედეგებს აქვეყნებენ ხოლმე. პრინციპში, ასეთი პრაქტიკა დაუშვებელი და მიუღებელია. ჩემი და სხვების არაერთი პროტესტი ვიღაცამ შეისმინა და "რეზონანსის", "კვირის პალიტრის", "ბანკები და ფინანსების" მარტივი მეთოდიკებით ჩატარებულ გამოკითხვებს, უფრო სრულყოფილი მეთოდიკებით შესრულებული და კარგად დაფინანსებული კვლევებიც მოჰყვა. ამას რა სჯობს! კეთილი და პატიოსანი. ეს გამოკითხვები გაიხსნა ისევ IRI-ის კვლევით და ამჯერად, იაგო კაჭკაჭიშვილის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვით. იაგო კაჭკაჭიშვილს თბილისის ინტელექტუალურ წრეებში კარგი სპეციალისტის და ობიექტური პიროვნების რეპუტაცია აქვს. თუმცა მისმა გამოსვლამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში შემაშფოთა. მან განაცხადა, რომ თბილისში პოლიტიკურ პარტიებს შორის "ნაციონალები" ლიდერობენ. ეს კი რეალობას მოკლებულია და არაზუსტად, რბილად რომ ვთქვათ, ასახავს სინამდვილეს. ამიტომაც აქვს ფასი და მნიშვნელობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ გამოკითხვებს სხვა გამოკითხვების შედეგების გადასამოწმებლად. ამის საშუალებას ასეთი მეთოდიკით განხორციელებული კვლევისას დასაშვები ცდომილება იძლევა. მე არ მინდა ეჭვი შევიტანო ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილის, ისე როგორც ბატონ გოჩა ცქიტიშვილის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. იქნებ იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ გამოყენებული ინტერვიუერების ოჯახში შესვლით გამოკითხვის ჩატარება თბილისში არ იძლევა ადეკვატურ შედეგს. ამას წინათ, ჩემთანაც მოსულა "მკვლევარი", კითხვარით და ჩემი ოჯახის წევრისთვის უკითხავს, თუ ვის აძლევდა ხმას თბილისის მერის მომავალ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის ეს წევრი ხმას ირაკლი ალასანიას მისცემს, თუ ლევან გაჩეჩილაძემ არ დააყენა თავისი კანდიდატურა, ინტერვიუერს უთხრა, რომ ხმას გიგი უგულავას აძლევს. მე კი ეს ასე ამიხსნა – კორპუსებზე გამგეობას ხალხი ჰყავს მიმაგრებული და თითოეულის განწყობას აფიქსირებენ, არ მინდოდა შენთვის რაიმე პრობლემა შემექმნა, ამიტომ, ვუპასუხე ასეო. მერე მე ჩემს მეგობრებსა და ნათესავებში გადავამოწმე განწყობა და მართლაც, ოჯახში მისულ გამომკითხველ-მომკითხველებს გულწრფელად ბევრი არ პასუხობს. იქნებ ესეცაა IRI-ის ანუ IPM-ის და იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ჩატარებული კვლევების გარკვეული არაადეკვატურობის მიზეზი. გოჩა ცქიტიშვილი ამბობდა "კავკასიის" "ბარიერში" - ბოლო წლების განმავლობაში მოქალაქეთა კმაყოფილების ინდექსი 45%-იდან 15%-მდე ჩამოვიდა, ასე 3-ჯერ შემცირდაო. ჰოდა, თქვე დალოცვილებო თუ ქვეყანაში კმაყოფილი აღარავინ დარჩა, გიგი უგულავას რეიტინგი როგორ ავიდა 35%-მდე (IღI-IPM-ის კვლევა) და ნაციონალები, თუ მათით კმაყოფილი 15%-ზე მეტი არ არის (გოჩა ცქიტიშვილი) როგორ არიან თბილისში პირველ ადგილზე (იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევა). ან კი ბატონი იაგო, რატომ არ აქვეყნებს ამ კვლევის შედეგებს სრულად და რატომ არ ამხელს დაფინანსების წყაროს. მას ამის თაობაზე ტელეეთერში ნახევარსაათიანი საუბრისას, არაფერი უთქვამს. ახლა "ბ&ფ"-ს და IPL-ის გამოკითხვის თაობაზე. ირაკლი ალასანია ისევ ერთპიროვნული ლიდერია. თუმცა დამაფიქრებელია მისი 13,6%, როგორც ყველაზე სანდო პოლიტიკოსისა. დაიწია ლევა გაჩეჩილაძის რეიტინგმა – 7,6%. გიგი უგულავას 6% ურიგო მაჩვენებელი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხულებს მათთვის ყველაზე სანდო ერთი პოლიტიკოსი უნდა დაესახელებინათ. ცოტაა გუბაზ სანიკიძის 4,7%, არაუშავს გიორგი თარგამაძის 4,6%-ს, არც ნინო ბურჯანაძის 3,1%-ია ცოტა, თუ გავითვალისწინებ იმ პროპაგანდისტული მანქანის ძალას, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობს. მერობის ახალი კანდიდატი გოგი თოფაძე ამ შემთხვევაში 3%-ით შემოიფარგლა. ცოტაა ზურაბ ნოღაიდელის 1,5%, დავით ბაქრაძის 0,6%, დამაფიქრებელია კონსტანტინე გამსახურდიას 1%, კატასტროფულია სარბიელიდან გამქრალი გია მაისაშვილის 0,6%. ჩანს პერიოდული ვიზიტები სამშობლოში პოპულარობის სტაბილურ დონეზე (თუნდაც 7-10%-ის დონეზე) შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. პარტიებში ისევ "ალიანსი" ლიდერობს. 3%-იანი უპირატესობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ძალიან დიდია. "დაიცავი საქართველოს" 10,6% ლევან გაჩეჩილაძის ბოლოდროინდელი უმოქმედობის გათვალისწინებით, ბევრიც კია. ნათელაშვილს თავისი სტაბილური 8% ისევ ერთგულებს. ძალიან ცოტაა "ეროვნული ფორუმის" 6,3% იმ მასობრივი მხარდაჭერის ფონზე, რაც მათ `9 აპრილის~ აქციების დასაწყისისთვის ჰქონდათ. რამ გამოიწვია ელექტორატის განხიბლვა "ფორუმით" ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით მაინც არათანმიმდევრულობამ. "ქრისტიან-დემოკრატების" 5% ნორმალურია, ოქრუაშვილ-ბესელიას 4,7% - ბევრი. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" სულ 3-4% ექნება, ვიდრე ეს პარტია მხოლოდ გოგი თოფაძის ომახიანი შეძახილის იმედზე იქნება და მხოლოდ მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თოფაძის ბიზნესებს დაარეკეტებენ. 2%-ს ქვევით, რომ არიან ამ პარტიებმა, სერიოზულად უნდა იფიქრონ სტატუსის შეცვლაზე. მერობის კანდიდატების ლიდერი გიგი უგულავაა. მაგრამ მისი 23,4%-მა მმართველი პარტია სერიოზულად უნდა შეაშფოთოს. მეორე ტურის შემთხვევაში, რაც არამარტო ჰიპოთეტურადაა დასაშვები ფაქტობრივად მოკავშირე არ ჰყავს, ვისი ხმებიც უგულავაზე გადავა. თან გასათვალისწინებელია, რომ იმავე ჯგუფის მიერ (ბ&ფ _ IPL) 26-27 ოქტომბერს თბილისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იმავე მეთოდით, გიგი უგულავას 25,8% უჭერდა მხარს, ანუ სახეზეა არა მხარდამჭერთა რიცხვის მატება, არამედ მცირეოდენი კლება. ლევან გაჩეჩილაძის 13,2%, რომელმაც მერის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საჯაროდ განაცხადა, ცხადია უგულავას არ მიემატება, ეს ხმები ძირითადად ალასანიასკენ, აგრეთვე თოფაძე _ ჭანტურიასკენ წავა. თუმცა, გადაჭარბებული მგონია მმართველი გუნდის ოპტიმიზმი, რომ მერობისთვის მარათონში გოგი თოფაძის და გია ჭანტურიას ჩართვა ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა რაოდენობას შეამცირებს და ისინი ალასანიას მომხრეებს თავისკენ გადაქაჩავენ. თბილისური ელექტორატი საკმაოდ სტაბილური და მყარია. ოქტომბერ-დეკემბერში მისი განწყობა ფაქტობრივად არ შეცვლილა: ირაკლი ალასანია _ 21% დეკემბერში, 20,6% ოქტომბერში. შალვა ნათელაშვილი _ 10,7% დეკემბერში, 11,6% ოქტომბერში. არც ნათელაშვილის ხმები წავა უგულავასკენ. ლეიბორისტული ელექტორატი არც გია ჭანტურიას რესპექტაბელურობით მოიხიბლება და არც გოგი თოფაძის ვაჟკაცური მოძახილით. ეს ხმებიც, უფრორე ალასანიასკენ გადავა. აი, გუბაზ სანიკიძის მხარდამჭერები კი დაიბნევიან. მათ გაუჭირდებათ არჩევანის გაკეთება და უმეტესობა, ალბათ, არც მივა საარჩევნო ურნებთან. ეს ყველაფერი კი ნაციონალების სტაბილური მდგრადობიდან გამომდინარეობს. პარტია 16,8%-სა და 15,9%-ს შორის მერყეობდა ოქტომბერ-დეკემბერში, მიხეილ სააკაშვილის ნდობის რეიტინგი კი ასევე სტაბილურად რჩებოდა 9,8-9,4%-ს დონეზე. ირაკლი ალასანიას ხმებს მხოლოდ გია ჭანტურია და ახლახანს მერობის კანდიდატად დასახელებული ნიკა ივანიშვილი თუ წაართმევს, რადგან ორივე ნამდვილი თბილისური და პროვინციულ-ქართული წრეების მხარდაჭერით ისარგებლებს. ასე წოდებული საბჭოთა ინტელიგენცია და თინეიჯერების მიერ სანაგვეზე მოსროლილ-ჩარეცხილი შუახნის თაობა ირაკლი ალასანიას მხოლოდ გია ჭანტურიას და ნიკა ივანიშვილის ხათრით თუ შეელევა. თუმცა, ამ გამოკითხვის ფონზე, 2 რამ არის მთავარი და ეს ჩვენი პოლიტიკური ავანსცენის ყველა აქტიორმა კარგად გაიაზროს და გაითავისოს. პირველი _ უგულავას დამარცხების ყოველმა მოსურნემ უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის ხელისუფლებასთან ღია ან ფარულ ალიანსში მყოფი. უკლებლივ ყველამ. და მეორე _ გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება. მხოლოდ 24,7% ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბდება ანუ სამართლიანი იქნება. ამდენად, ამ არჩევნებს, ისე როგორც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს საქართველოში, მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ ის იქნება ობიექტური და სამართლიანი და არ გაყალბდება. სხვა შემთხვევაში, არც ხელისუფლებისთვის და არც ნებისმიერი ყაიდის ოპოზიციისთვის, არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. რამდენადაც რეგიონებში საინფორმაციო სივრცე დახშულია და მხოლოდ სახელისუფლო პროპაგანდითაა შევსებული იქ არსებული ვაკუუმი, რეგიონებში არჩევნები ყოველგვარ აზრს მოკლებულია და უეჭველად დამთავრდება ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტური წარმატებით. მხოლოდ რამდენიმე საკრებულოს დათმობენ ნაციონალები ვითარების შესალამაზებლად. თუ ისინი თბილისშიც გამოიდებენ თავს და აქაც სახელისუფლო რესურსის გამოყენებით რეალური, ხალხის მიერ მხარდაჭერილი ძალა და პიროვნება არ გაიმარჯვებს, პოლიტიკური პროცესი ისევ დარჩება ჩაკეტილ წრეში რაც ადრე თუ გვიან ისევ ააფეთქებს ვითარებას, ამჯერად უკვე უმართავი პროცესების თანხლებით და მართლაც სერიოზულად დააფრთხობს როგორც ამერიკელებს და ევროპელებს, ისე რუსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს და ამ ჩვენს ვითომ "არაბებსაც” კი.
პოლიტიკოსების ნდობის, თბილისის მერობის კანდიდატების და პოლიტიკური პარტიების (გაერთიანებების) რეიტინგი გამოკითხვა ჩატარდა ქ. თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 25-27 დეკემბერს. გამოიკითხა 480 რესპოდენტი
1. რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად? (პოლიტიკოსები მოცემული იყო სიაში გვარის ანბანური რიგით)
1. 13,6% ირაკლი ალასანია 2. 9,4% მიხეილ სააკაშვილი 3. 7,6% ლევან გაჩეჩილაძე 4. 6,7% შალვა ნათელაშვილი 5. 6,0% გიგი უგულავა 6. 4,7% გუბაზ სანიკიძე 7. 4,6% გიორგი თარგამაძე 8. 4,3% სოზარ სუბარი 9. 3.9% კახა შარტავა 10. 3,5% ირაკლი ოქრუაშვილი 11. 3,1% ნინო ბურჯანაძე 12. 3,0% გოგი თოფაძე 13. 2,9% დავით გამყრელიძე 14. 2,8% დავით უსუფაშვილი 15. 2,6% სალომე ზურაბიშვილი 16. 1,9% ზვიად ძიძიგური 17. 1,7% ნიკა გილაური 18. 1,5% ზურაბ ნოღაიდელი 19. 1,0% კონსტანტინე გამსახურდია 20. 1,0% დიმიტრი შაშკინი 21. 0,8% კობა დავითაშვილი 22. 0,6% დავით ბაქრაძე 23. 0,6% ჯონდი ბაღათურია 24. 0,6% გია მაისაშვილი 25. 0,2% გიგა ბოკერია 26. 0,4% სხვა (დაუკონკრეტებლად) 27. 11,0% არცერთს
2. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, რომელ პარტიას (გაერთიანებას, მოძრაობას) მისცემდით ხმას? (პარტიები, გაერთიანებები, მოძრაობანი მოცემული იყო მათი დასახელების პირველი სიტყვის ანბანური რიგის მიხედვით)
1. 19,1% "ალიანსი საქართველოსთვის" (ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე) 2. 15,9% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (მიხეილ სააკაშვილი) 3. 10,6% "დაიცავი საქართველო" (ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე - "უცნობი") 4. 7,8% "ლეიბორისტული პარტია" (შალვა ნათელაშვილი) 5. 6,3% "ეროვნული ფორუმი" (გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა, ირაკლი მელაშვილი) 6. 4,9% "ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობა" (გიორგი თარგამაძე) 7. 4,7% "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" (ირაკლი ოქრუაშვილი, ეკა ბესელია) 8. 3,7% "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" (გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე) 9. 3,0% "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" (ნინო ბურჯანაძე) 10. 2,2% "კონსერვატიული პარტია" (ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა) 11. 1,8% "საქართველოს გზა" (სალომე ზურაბიშვილი) 12. 1,8% "ქალთა პარტია" (გუგული მაღრაძე) 13. 1,8% "ხალხის პარტია" (კობა დავითაშვილი) 14. 1,7% "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" (ზურაბ ნოღაიდელი) 15. 1,2% "ტრადიციონალისტთა კავშირი" (აკაკი ასათიანი) 16. 0,8% "ქართული დასი" (ჯონდი ბაღათურია) 17. 0,6% "თავისუფლება" (კონსტანტინე გამსახურდია, სანდრო ბრეგაძე) 18. 0,4% "მომავლის პარტია" (გია მაისაშვილი) 19. 0,4% "პოლიტიკური მოძრაობა" ჩვენ თვითონ" (პაატა დავითაია) 20. 0,4% "საქართველოს დემოკრატიული პარტია" (გია თორთლაძე) 21. 0,2% "საქართველოს მწვანეთა პარტია" (გიორგი გაჩეჩილაძე) 22. 0,2% "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" (ბაჩუკი ქარდავა) 23. 10,5% არცერთს
3. დღეს რომ თბილისის მერის არჩევნების დღე იყოს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? (კანდიდატები კითხვარში მოცემული იყო გვარის ანბანური რიგის მიხედვით)
1. 23,4% გიგი უგულავა 2. 21,0% ირაკლი ალასანია 3. 13,2% ლევან გაჩეჩილაძე 4. 10,7% შალვა ნათელაშვილი 5. 7,4% გუბაზ სანიკიძე 6. 4,3% გოგი თოფაძე 7. 3,1% ზვიად ძიძიგური 8. 2,7% კობა დავითაშვილი 9. 2,1% გია ჭანტურია 10. 4,7% სხვა (3,2% - გიორგი თარგამაძე; 1,5% - ზურაბ ნოღაიდელი) 11. 7,4% არცერთს
4. მიიჩნევთ თუ არა, რომ თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება? (შემოხაზეთ ერთი ვარიანტი)
1. 57,0% დიახ 2. 24,7% არა 3. 18,9% არ ვიცი გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიური ჯგუფი, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი IPL
|