ნანახია: 714
"მთავრობაში ენას ძვალი არა აქვს "
ეროსი კიწმარიშვილის დროებით საპარლამენტო კომისიაზე სკანდალური დაკითხვის შემდეგ, ამ პიროვნების მიმართ საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება გაჩნდა. ზოგი მის ძველ საქმიანობასა და წარსულში ჩადენილ შეცდომებზე მიუთითებს, ზოგიც მის წარსულს საერთოდ ვერ ხედავს და სიმპატიითაა განწყობილი კიწმარიშვილის მიმართ. ამ ბოლოს კიდევ ერთი აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, ოღონდ ეს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ კომპანია "აზერენერჯის" ვიცე-პრეზიდენტს შორის არსებული განსხვავებული მოსაზრებებია. ამ საკითხებზე ბ&ფ-მა კომენტარი ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა. - ბატონო გია, თქვენ გაზეთ "ახალ თაობაში" აღნიშნეთ, რომ რკინიგზიდან კინწმარიშვილის გამო წამოხვედით. თუ შეიძლება დაგვისახელოთ ის კონკრეტული მიზეზები, რამაც ამ გადაწყვეტილებისაკენ გიბიძგათ? - ეს ისეთი თემაა, რომ ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა, ნაადრევია. რკინიგზიდან კიწმარიშვილის გამო ნამდვილად არ წამოვსულვარ, უბრალოდ, რის გამოც მე წამოვედი იმ საკითხთან კიწმარიშვილს ჰქონდა შეხება. ამ საკითხის დეტალების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, გააჩნია მომავალში მოვლენები, როგორ განვითარდება. როგორც ჩემთვის მაშინ გახდა ცნობილი, იქ ლაგდებოდა ზოგადი სქემა, რომელიც რკინიგზის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა და ანგრევდა მას, როგორც კომერციულ დაწესებულებას. ამაზე პროტესტი გამოვთქვი და პროტესტის ნიშნად რკინიგზიდან წამოვედი. რამდენადაც ვიცი ამ ყველაფერთან გარკვეული შეხება კიწმარიშვილს ჰქონდა, რა დონის და როგორი ეს ცალკე საკითხია და დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებდი. - "აზერენერჯის" ვიცე-პრეზიდენტმა მარლენ ასკეროვმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანს "ენგურჰესის" პრივატიზაცია შესთავაზა. ამის საპასუხოდ მარიამ ვალიშვილმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს "ენგურჰესის" პრივატიზაციაზე მოლაპარაკებები არცერთი ქვეყნის მთავრობასთან არ უწარმოებია. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა? - აქ არის შინაარსობრივი და სუბიექტური ნაწილი. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, მოგეხსენებათ, რომ "ენგურჰესი" საკმაოდ სპეციფიური სტატუსის მქონე ობიექტია და მისი პრივატიზება არსებულ ვითარებაში შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ რასაც ვერ აკონტროლებ, როგორ შეიძლება ის ობიექტი, რომ გაყიდო. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელმა, სადმე რაღაცა უაზროდ წამოაყრანტალა. სერიოზული ადამიანები კი შეჩვეულნი არიან, რომ როცა ვიღაცას რაიმე სტატუსი აქვს, მაშინ მის საუბრებს რეალური საფუძველი გააჩნია. არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანული მხარე უბრალოდ შეცდომაში იქნა შეყვანილი, ვიღაცის უაზრო ლაპარაკის გამო. აზერბაიჯანელმა კი სერიოზულად ჩათვალა ეს ყველაფერი და შესაბამისი კომენტარიც გააკეთა. აზებაიჯანელები არ არიან ვალდებულნი იცოდნენ, რეალური სტატუსი ამა თუ იმ ობეიქტის. ჩვენ მთავრობაში კი ენას ძვალი არა აქვს პრინციპით, შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მთვარეზე ნაკვეთებიც შესთავაზონ ან იუპიტერის, რომელიმე თანამგზავრი მიჰყიდონ.
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი
|