ნანახია: 749
3 ნოემბერს "თბილისი-მარიოტში" ახალი პარტია დაფუძნდა. პარტიას "სოციალ – დემოკრატია საქართველოს განვითარებისთვის" ჰქვია. "მარიოტში" უაღრესად პატივსაცემი საზოგადოება შეიკრიბა, ახალ პარტიას სოლიდური ადამიანებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენდა. მათ შორის, ცნობილი პოლიტოლოგი და მოღვაწე გია ჟორჟოლიანი, პროფესორი თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი ელგუჯა მექვაბიშვილი, სხვები. ამბობენ, რომ ამ პარტიაში გაწევრიანებას აპირებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც პრეზენტაციას არ დასწრებია. ეს ერთი ჩვეულებრივი მოვლენა მე მაინც არაორდინალური მეჩვენა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ პორტუგალიაში, სადაც სულ ახლახანს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პირველ სამ ადგილზე დიდი უპირატესობით გავიდნენ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტები და სოციალ-რეფორმისტები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, მართალია, ხმათა მცირე რაოდენობით, მაგრამ საპატიო მეხუთე ადგილი პორტუგალიელმა კომუნისტებმა დაიკავეს, ცხადი გახდება იქაური ელექტორატის განწყობა. იმ ქვეყანაში ჩვენს, უფრო სწორად, ჩვენსა და რუსების კახა ბენდუქიძეს, რომ ეცხოვრა, თავისი ნეოლიბერტანიალური ოცნებებით გულიც გაუსკდებოდა. ჩვენ კი გია ჟორჟოლიანი და მისი თანამოაზრეები სიმამაცისთვის უნდა შევაქოთ. სიტყვათშეთანხმება: სოციალ-დემოკრატია, ქართველების ყურს და გულს მაინც და მაინც არ ესალბუნება. მოდის უსიამო ასოციაციები ილიას მკვლელობასთან მათ მიმართებაზე, არცთუ წარმატებულ ნოე ჟორდანიას მთავრობასა და მენშევიკებზე, ბოლშევიკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამას ისიც ემატება, რომ არსებობენ ამ იდეოლოგიის ფუნქციონირება-შეჩერებული პარტიები - ასე ვთქვათ, გურამ მუჩაიძის სოციალ-დემოკრატიული პარტია და ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალისტური პარტია. ამას ისიც ემატება, რომ შალვა ნათელაშვილის და ძმათა მისთა შრომის (ლეიბორისტული) პარტია იდეოლოგიურად და სტრატეგია-ტაქტიკის თვალსაზრისით სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციაა. მისთვის კონკურენციის გაწევაც არ იქნება იოლი. ამადაც ვაქებ ახალი სოცდეკების გაბედულებას. რაც შეეხება დევიზს - `მოძრაობა ყველაფერია, საბოლოო მიზანი- არაფერი~, იგი ევროპული სოციალ-დემოკრატის მამას, ბერშტეინს ეკუთვნის. რა ვიცი, ევროპულმა სოციალ-დემოკრატიამ ამ კონტინენტის აყვავებაში თავისი, სერიოზული წვლილი შეიტანა, მიუხედავად, ერთი შეხედვით ბუნდოვანი ლოზუნგისა, გნებავთ დევიზისა და თუ უფრო გეამებათ, მესიჯისა. როცა "ახალმა მემარჯვენეებმა" პარტია შექმნეს, "დილის გაზეთში" წერილი გამოვაქვეყნე ამავე სათაურით. ჩემს მეგობარ "ახლებს" ეწყინათ. თუმცა ბერშტეინის წინასწარმეტყველება ახდა - ისინი დღემდე მოძრაობენ და მიზანს – ხელისუფლებაში მოსვლა - ერთხელაც ვერ მიაღწიეს. თავად ბერშტეინის ევროპელმა მიმდევრებმა კი თავიანთ ქვეყნებში მრავალჯერ დალაშქრეს სახელისუფლო ოლიმპი. იმავეს ვუსურვებ როგორც "ახლებს", ისე "სოციალ-დემოკრატიულ" მოძრაობას საქართველოს განვითარებისთვის და ღირსეული წვლილის შეტანას ქვეყნის აყვავებაში. მითუმეტეს, მათ, ჩემი აზრით, საინტერესო და საფუძვლიანი ეკონომიკური პროგრამა აქვთ.
ვაჟა ბერიძე, პოლიტოლოგი
"ჩემთვის მისაღები იქნებოა ისეთი ეკონომიკურ მოდელი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული, მაგრამ ეყრდნობა ძლიერ ეროვნულ ფესვებს", - ელგუჯა მექვაბიშვილი
რა პრინციპების და აქცენტების შემოტანას და დანერგვას შეეცდება ახალი პარტია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვიტარებაში, ამასთან დაკავშირებით, თემაზე B"ბ&ფ“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ელგუჯა მექვაბიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ელგუჯა, როგორც ცნობილი გახდა, თქვენ პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, წლების განმავლობაში ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი, ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, ხდებით ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ხომ არ მოასწავებს ეს იმას, რომ კიდევ ერთი მაღალი რანგის ეკონომისტი პოლიტიკოსი ხდება? - მე მართალი გითხრათ, ამ ეტაპზე პოლიტიკაში წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ ჩემმა მეგობრებმა, თანამოაზრეებმა მთხოვეს, რომ მიმეღო მონაწილეობა ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ პარტიას. ჩვენ ზაფხულიდან მოყოლებული ვმუშაობთ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული გარკვეული შედეგები და აქედან დაიბადა მოსაზრება იმისა, რომ მიგვეცა ამისთვის რაღაც პოლიტიკური მოძრაობის სახე. ჩვენ გვინდოდა, რომ თუ ამას გავაკეთებდით, ეს ყოფილიყო ევროპული სოციალურ- დემოკრატიული ტიპის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ევროპაში საკმაოდ პოპულარულია. მთელ რიგ ქვეყნებში ისინი ხელისუფლების სათავეშიც არიან და მთლიანობაში ჩვენთვის მისაღებია სოციალური სამართლიანობის იდეა, სოციალური დაცულობის მაღალი დონე და სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეა, რომელიც ამ პროგრამაშია ჩადებული. აქედან გამომდინარე, მე როგორც პროფესიონალი ეკონომისტი, მონაწილეობას ვღებულობდი ამ პროგრამების შემუშავებაში და შეიძლება ითქვას, ძალაუნებულად აღმოვჩნდი ამ პოლიტიკურ ძალაში. - რატომ გაჩნდა ასეთი პარტიის შექმნის სურვილი, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ადეკვატურად არ ასახავს ხალხის, მოქალაქეთა განწყობილებებსა და ინტერესებს? - მოქალაქეთა ინტერესებს პარტიები, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად ასახავენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომა. ჩვენ ჩვენ თავს წარმოვიდგენთ მემარცხენე ძალად. ოღონდ არა უკიდურეს მემარცხენედ, ეს უკვე კომუნიზმია, რომელზეც ჩვენ უარი კარგა ხნის წინ ვთქვით. ჩვენ ვართ მემარცხენე ცენტრისტული მიმართულების მქონე პარტია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ საყოველთაო ლიბერალიზაციის ფონზე, შოკური თერაპიის პერიოდში შეიძლება ჩვენ გამოვცადოთ ის ეკონომიკური ნოვაციები, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს გაცილებით ადრე, 90-იანი წლებიდან დაიწყო. ჩვენ ვფიქრობთ სოციალური თანასწორობა საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე და ამ მემარცხენე ფლანგს გაძლიერება სჭირდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი სამუშაოა. მართალია არსებობს ლეიბორისტური პარტია, მაგრამ ჩვენ, ალბათ, იმით ვიქნებით მათგან განსხვავებული, რომ ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, მთავარი იქნება კონსტიტუციური საქმიანობა, ანუ იმ მიმართულებების ასახვა, რა მოდელიც ჩვენი აზრით საქართველოში უნდა დამყარდეს, რათა ჩვენი ეკონომიკით, ჩვენი სოციალური უსაფრთხოების სისტემით მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ ქვეყნებს. - ხომ არ ფიქრობთ, რომ კლიშე – სოციალური დემოკრატია საქართველოში კარგად ვერ იმუშავებს? ჩვენთან სოციალ-დემოკრატია მაინც ბოლშევიზმთან ასოცირდება, 1921 წლის ოკუპაციასთან და არც თუ ისე ეფექტურ ნოე ჟორდანიას მთავრობასთან. ამ ნეგატიური დანაწევრების განეიტრალება ქართველების ფსიქოლოგიაში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? - აქ ორი მომენტი არსებობს; პირველ მომენტთან ასოცირდება ცნობილი ფაქტი, რომელიც საქართველოში 1918-1921 წლებში იყო. ეს იყო პერიოდი, როცა პირველად განხორციელება სცადა სოც.დემოკრატიამ, რომელმაც იმჟამად ვერ გაამართლა. ეს არის ის გამოცდილება, რომელსაც არა მარტო ჩვენ ვსწავლობთ, არამედ სწავლობენ ევროპაშიც. რაც შეეხება ნოე ჟორდანიას მთავრობას, ჩვენ არ ვაკეთებთ ასოცირებას კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან, ის რომ მისი მთავრობა იყო ანტიეროვნული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომელიც კომუნისტების ეპოქაში შეიქმნა. ჩემი პირადი აზრია, რომ მიუხედავად იმ დიდი შეცდომებისა, გაუბედავი ნაბიჯებისა, რაც სოც.დემოკრატებს გააჩნდათ, სოც.დემოკრატები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დემოკრატიული სოციალისტური იდეების გატარება რეალურ სინამდვილეში პირველად სცადეს. ჩვენ უნდა გავიხედოთ არა მხოლოდ წარსულისკენ, არამედ მომავლისკენაც. რაც შეეხება ხალხს, მის ფსიქოლოგიას, ხალხი, რომელიც აზროვნებს და უნდა დასკვნების სწორედ გამოტანა, ის ხალხი უნდა გაეცნოს ამ დებულებებს, პროგრამას, იდეებს, მიმართულებებს და აქედან გამომდინარე, თავად გამოიტანოს დასკვნები, რამდენად პროგრესულია ეს მიმართულება საქართველოსთვის. - ხომ არ ელით, რომ სოციალ-დემოკრატიული მიმართულების პარტიის ჩამოყალიბებას ხელისუფლება და სხვა პოლიტიკური ძალები ამ ყაიდის სხვა პარტიების რეაბილიტაციით უპასუხებენ? კერძოდ, გურამ მუჩაიძის სოც. დემოკრატიული პარტიის და ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალური პარტიით? - ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენ ვართ განსაზღვრული იდეოლოგიის ხალხი, სოციალური სამართლიანობა და სოციალური საბაზრო ეკონომიკა ჩვენთვის არის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი, აქედან გამომდინარე, თუ ვინმე აღდგენას მოახდეს თავისი პარტიისას, ეს უკვე მათი საქმეა. საერთო ფუნდამეტური იდეოლგიებიდან გამომდინარე კი ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ იმ ადამიანთან და ძალასთან რომლისთვისაც ეს მისაღები და ფასეულია. - ლეიბორისტული პარტია ვახსენეთ, რომელიც გარკვეულწილად ასახავს სოციალურ-დემოკრატიულ პრინციპებს. თქვენ რას შესთავაზებთ საზოგადოებას მათგან განსხვავებულს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც? - მე მართალი გითხრათ შრომის პარტიის ფუნდამენტურ იდეებს არ ვიცნობ. მე ვიცნობ უფრო მათ პრაქტიკულ საქმიანობას, რომელიც საკმაოდ აქტიურია და რომელიც ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს ადამიანებისთვის. ჩვენ ვიდრე პრაქტიკულ საქმიანობას შევუდგებოდეთ, უმთავრესი და უპირველესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ ძლიერი იდეოლოგიური და თეორიული საფუძველი და გამოვხატოთ ის სეგმენტი, რომელსაც თამაშობს ეს ძალა ცხოვრებაში. სამწუხაროდ, საქართველოში წინა პლანზე იდეოლოგიების, პროგრამების წამოწევა არ არსებობს, არის გარკვეული ეპიზოდური მომენტები, მაგრამ მწყობრი სისტემური იდეოლოგია არ არსებობს და ჩვენ ზუსტად ამას ვაყალიბებთ. ჩვენ გვინდა სისტემური ანალიზი მთელი იმ პერიოდისა, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის შემდგომ მოხდა საქართველოს როგორც ეკონომიკაში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შემდგომ გვინდა ჩვენი იდეების და შეხედულებების ჩამოყალიბება და ბოლოს, რა თქმა უნდა, მცდელობა ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარებისა. საბოლოო ფორმას, ჩამოყალიბებულ სახეს პარტია, ალბათ, ახალი წლის დასაწყისში მიიღებს. - რაც შეეხება ეკონომიკური თავისუფლების აქტს, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მის ძირითად პრინციპებზე იყო საუბარი, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დოკუმენტის რეალურ მნიშვნელობას? - ეკონომიკური თავისუფლება ეკონომიკურ არათავისუფლებაზე კარგია ყოველთვის. ჩვენ ყველანი ეკონომიკური თავისუფლებისკენ ვისწრაფვით, მაგრამ ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საქართველოში საჭიროზე მეტად მაღალია ლიბერალიზაციის ხარისხი და აქედან გამომდინარე, ახალი ძიება არ არის საჭირო. ჩემი აზრით საჭიროა რაც გვაქვს, იმის პრაქტიკაში განხორციელება. და მეორე - თუ ჩვენ გავითვალისწინებთ გლობალურ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, პარადიგმა იცვლება საერთოდ ამ კრიზისის პერიოდში თვითონ ეკონომიკური მიდგომებისა.Aანუ სულ უფრო და უფრო მეტ დონეზე აქცენტები კეთდება რეგულირების ასპექტებზე. აშშ-იც კი ახალი ადმინისტრაციული მმართველობა ახორციელებს ღონისძიებებს, რომელიც გულისხმობს საფინანსო სფეროს რეგულაციას. ვინაიდან დღეს უკვე აშკარაა, რომ კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზი გახდა ზედმეტი ლიბერალიზაცია და სათანადო რეგულირების მექანიზმების არქონა. ამიტომ დღეს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებაზე საუბარი, ვფიქრობ, ამოვარდნილია მსოფლიოში ამჟამად შემუშავებული მექანიზმიდან. ჩვენ ახლა უნდა ვფიქრობდეთ, როგორი მექანიზმი შევიმუშავოთ რეგულირებისა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხეები, რაც კრიზისისგან არის გამოწვეული. - თქვენი აზრით, როდის დამთავრდება კრიზისი საქართველოში? კონკრეტულად როგორ შეფასებას მისცემდით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საბანკო და სამშენებლო სექტორის დასახმარებლად? - ჩემი აზრით, საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია. ჩვენ თუ ამას თეორიულ ინსტრუქციაში მოვაქცევთ, გამოვა, რომ ეს არის ლიბერალიზაციის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც მოთხოვნის სტიმულირებას გულისხმობს. ერთად მოქმედება აქ განიხილება კრიზისიდან გამოსვლის გზად. ამიტომ ეს ღონისძიება თავისთავად სწორედ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მას გარკვეული კონტროლი სჭირდება იმისათვის, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დაიხარჯოს მაქსიმალური ეფექტიანობით, უზრუნველყოს დასაქმება და აღდგეს დაკარგული წონასწორობა. - თუ ფლობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურად და სწორედ ხდება ევროპული ოთხ მილიარდ ნახევრიანია და აშშ-ს მილიარდიანი დახმარების გამოყენება? - ეს იყო უდიდესი და უპრეცედენტო დახმარება და რომ არა ეს დახმარება, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღესაც არ არის სახარბიელო, იქნებოდა უმძიმესი. ეს იყო ერთგვარად მაშველი რგოლი ჩვენი ქვეყნისთვის გაჭირვების ჟამს. რაც შეეხება მის ეფექტურად ხარჯვას, ახლა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რაში იქნა ეს თანხა დახარჯული და ამიტომ ამაზე ამომწურავ პასუხს ვერ მოგაწვდით. იმედი ვიქონიოთ, სწორად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ იქნება ის გამოყენებული. - როგორია თქვენი აზრი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სინგაპურიზაციის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კურსზე? - ვფიქრობ, სინგაპურიზაციის საქართველოს რეალურ სინამდვილეში გადმოტანა შეიძლება მთლად ეფექტიანი არ იყოს, რადგანაც ეს ქვეყანა ზედმეტად სპეციფიკურია. ჩვენ გვჭირდება ის, რაც გაითვალისწინებს ასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციებს, გენოტიპს და მის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უზარმაზარ გამოცდილებას. ამ შემთხვევაში ჩემთვის მისაბაძი იქნებოდა არა სინგაპური, არამედ თუ გამოცდილების გაზიარებაზე იქნებოდა საუბარი, უფრო მისაღები იქნებოდა ირლანდიის ან ფინეთის გამოცდილება, რომელმაც მეცნიერებისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის წინა პლანზე წამოწევით შეძლო უზარმაზარი წარმატების მიღწევა. ჩემთვის ეს გამოცდილება უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე ზემოთაღნიშნული. ანუ ისეთი ეკონომიკურ მოდელი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული, მაგრამ ეყრდნობა ძლიერ ეროვნულ ფესვებს.ეს არის ხსნა და გადარჩენა ისეთი ქვეყნისა, როგორიც არის საქართველო.
თათია ჩაფიჩაძე
|