ნანახია: 990
მან ნიგერიას 18 მლრდ აშშ დოლარის სესხი ჩამოაწერა და საქართველოს 7 მილიარდსაც ჩამოაწერს. იგი ამ საქმის ექსპერტია. ვიზიტმა ჩვენი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები კახა ბაინდურაშვილი და ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედებით აღავსო. 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე ნგოზი ოკონჯო-იველა ვაშინგტონში ბრუკლინის უნივერსიტეტის პროფესორია. მანამდე კი, სამი წლის განმავლობაში, მას ნიგერიის ფინანსთა მინისტრის და შემდგომში, ხანმოკლე ვადით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები ეკავა. ამავე პერიოდში იგი გაუძღვა მოლაპარაკებებს პარიზის კლუბის კრედიტორებთან, რის შედეგადაც ნიგერიას ეპატია 18 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ ქვეყნის საგარეო ვალის 60 პროცენტი. დოქტორი ნგოზი ოკონჯო-იველა მრავალი საბჭოსა და მრჩეველთა ჯგუფის წევრი ან თავმჯდომარეა, მათ შორის ONE ჩამპაიგნ, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის, როკფელერის ფონდის, აფრიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტისა და, აგრეთვე გლობალური განვითარების ცენტრის. იგი იყო კლინტონის გლობალური ინიციატივის მრჩეველთა საბჭოს წევრი და რამდენიმე საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მრჩეველი, რომლებიც განვითარებად ბაზრებზე მუშაობდნენ. იგი აფრიკის განვითარების საკითხების სპეციალისტია და ამ თემაზე ლექციებს კითხულობს მთელ მსოფლიოში. მისი ლექციები საქართველოს მთავრობასაც გამოადგება. ჩვენ ხომ აფრიკული ქვეყნების რიგში ჩავდექით კარგა ხანია. ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამჭვირვალობისა და კორუფციის საკითხებზე მომუშავე გლობალური ლიდერობის საბჭოს წევრია (World Economic Forum Global leadership council on transparancy and corruation . მან 21 წელი გაატარა მსოფლიო ბანკში, როგორც ეკონომისტმა, სადაც მას ვიცე-პრეზიდენტის და კორპორატიული მდივნის თანამდებობა ეკავა. მსოფლიო ბანკში მან ექვსი წელი (ორი ვადა) იმუშავა აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე; 1997-2000 წწ. აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, ხოლო 2000-2003 წწ. გახლდათ ამ რეგიონის დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე. 1995-1997 წწ. Dდოქტორი ოკონჯო-იველა ინსტიტუციონალური ცვლილებებისა და სტრატეგიის დირექტორი იყო. 1998 წლიდან 1991 წლამდე ის გახლდათ უფროსი ვიცე-პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე. ამ თანამდებობაზე მას საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო მაღალი დონის სტრატეგიის ფორმულირებასა და დისკუსიებში ისეთ განსხვავებულ ქვეყნებზე, როგორიცაა ჩინეთი თუ ბურკინა ფასო. ერთდღიანი ვიზიტი საქართველოში
დოქტორი ნგოზი ოკონჯო-იველა - მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტად მყოფი იმ პროექტებს გაეცნო, რომელიც დონორების მიერაა საქართველოში დაფინანსებული. მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა გამართა: `შეხვედრების შემდეგ ბევრის თქმა არ შემიძლია. ჩვენ კრიზისის დაძლევის ღონისძიებები განვიხილეთ. ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტები ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა ორიენტირებული, რათა მოსახლეობა დასაქმებულიყო და მათთვის დახმარება გაგვეწია. ჩვენი აზრით, საქართველოს კრიზისის დასაძლევად კარგი გზა აქვს არჩეული და ჩვენ მხარს დავუჭერთ კრიზისის დაძლევის ამ სტილს~. ოკანჯო-იველას შეფასებით, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" ეკონომიკას სტიმულს მისცემს და ეს ხედვა ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტ მოქნილობას შესძენს.
"მთავარია ისეთი ხედვა იყოს, რომელიც ქართველებისთვის კარგი ინება. ჩვენ მოვინახულეთ ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო ჩვენი დაფინანსებით ახორციელებს: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენებული ამბულატორია აღაიანში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და შიდა ქართლიდან დევნილთა ჩასახლების ადგილი ხურვალეთში. დევნილთა ჩასახლების ადგილების მშენებლობა მოკლე ვადებში განხორციელდა, თუმცა, აქ პირობების გაუმჯობესება საჭიროა". მისივე თქმით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს სხვადასხვა პროექტებისთვის სულ 1.3 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ბანკის 12 პროექტი ხორციელდება, რომელთა უმეტესობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. "მე კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით, ბევრი რამ გავიგე და საქართველოს მთავრობის მუშაობით კმაყოფილები ვართ. თუმცა ჩვენ პერსპექტივას სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში და სხვა დარგებშიც ვხედავთ. მართალია, პროექტების განხორციელებაში ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ხარვეზები მაინცაა. გასაუმჯობესებელია საგადასახადო სისტემა, ასევე სოფლის მეურნეობის დარგშიც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დანიშნული ჰქონდა და როგორც თავად განაცხადა, პრეზიდენტს "რთულ შეკითხვებს" დაუსვამდა. მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი ნგოზი ოკანჯო-ივეალა საქართველოში სომხეთში ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა. 20 ოქტომბერს კი ოკანჯო-ივეალა აზერბაიჯანს ეწვია. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის მიზანი ფინანსური კრიზისის შედეგების მიმოხილვა, კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიება და ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. დოქტორი ნგოზი ოკონჯო-იველას - მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის ვიზიტს საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დადებითად აფასებს: "ეს მსოფლიო ბანკი გენერალური მენეჯერის პირველი ვიზიტია საქართველოში, მან დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოები ბოლო წლების მანძილზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მმართველმა ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ მსოფლიო კრიზისი უკეთეს ფაზაში შედის. ანუ დადებითი იმპულსები შეიმჩნევა, რაც საქართველოსაც შეეხება. აქედან გამომდინარე, ის სიტუაცია, რაც დღეს საქართველოშია, სწრაფად გაუმჯობესდება. ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებულია ჩვენზე. მსოფლიო ბანკის მმართველის განცხადება - მსოფლიო ფინანსური კრიზისის დადებით ტენდენციებში გადასვლასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს იმედს აძლევს. იგი აცხადებს: "იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში იდეალურისგან ძალიან შორს არის. ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ არამარტო მეთერთმეტე ადგილზე ვიყოთ ბიზნესის კეთების მხრივ, არამედ სხვა პარამეტრებითაც განვვითარდეთ და უკეთეს მაჩვენებლებს მივაღწიოთ".
|