ნანახია: 1221
ესტონეთს მოსახვევში გავუსწარით
მაინც ეს რეიტინგები
პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის პირველი ნახევარი სხვადასხვა მსოფლიო გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე და მათში საქართველოს პოზიციებზე ისაუბრა. ყველაზე დიდი აქცენტი კი `ფორბსის~ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით მე-11 ადგილზეა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, გასულ წელს ესტონეთი ამ რეიტინგში ჩვენზე წინ იყო, მაგრამ ფინანსური კრიზისის პირობებში ჩვენ მოსახვევში გავუსწარით და ახლა მთავარია სწორზეც იგივე ტემპი შევინარჩუნოთ. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სწორია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა. ერთი რამ კი ავიწყდება ბატონ მიხეილს, რომ ამ რეიტინგის შედგენისას კრიტერიუმად გამოყენებულ იქნა ბიზნესის დაწყებისას ქვეყანაში არსებული პროცედურების სირთულე, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მე-11-ა, როგორც ეს სააკაშვილმა განაცხადა. გარდა `ფორბსის~ რეიტინგისა, პრეზიდენტი კიდევ ერთ მსოფლიო ეკონომიკურ რეიტინგს შეეხო, რომლის მიხედვითაც საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით ჩვენზე წინ მხოლოდ სამი ქვეყანაა - კატარი, ემირატები და ჰონგ-კონგი. ამ რეიტინგში ჩვენზე უკან არის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია, გერმანია, შვეიცარია და ფინეთი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, მსოფლიო რეიტინგებში საქართველო რაც შეიძლება მოწინავე პოზიციებზე იყოს, იმას კი არავინ დარდობს, რამდენად აისახება ეს დაწინაურებები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მთავარი ის კი არ არის რეიტინგში რომელ ადგილზე ვართ, მე-11-ზე თუ 51-ზე, არამედ ის, რომ ხელისუფლების მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეალური შედეგები მოიტანოს და მან გავლენა უბრალო მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქონიოს. და თუ მაინც ჩვენი მიზანი მხოლოდ მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავებაა, მაშინ უბრალოდ შეგვიძლია ერთ მშვენიერ დღეს ყველანაირი გადასახადი გავაუქმოთ და მიზანიც მიღწეული იქნება.
ეკონომიკური თავისუფლების აქტი
ახალი მარეგულირებლების შექმნა კანონით იკრძალება
პრეზიდენტმა, პარლამენტს კონსტიტუციური კანონპროექტი წარუდგინა, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების აქტი თავადვე უწოდა. `იმისათვის, რომ შეუქცევადი გავხადოთ საქართველოს ლიბერალური კურსი და არც ჩვენ და არც ჩვენს შემდგომ მთავრობას არ შეეძლოს ამ კურსიდან გადახვევა, გთავაზობთ, რომ კონსტიტუციურად დავიცვათ ის ეკონომიკური ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ ბოლო წლების განმავლობაში~. ეკონომიკური თავისუფლების აქტი ითვალისწინებს შემდეგ ინიციატივებს: იგი, პირველ რიგში, კონსტიტუციურად დაიცავს მკაცრ და გამჭვირვალე წესებს, რომელიც შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას გადაუხვიოს ლიბერალურ ეკონომიკურ მმართველობას. ამასთან, ახალი ინიციატივით საბიუჯეტი ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან კონსტიტუციურად განისაზღვრება რომ არ იქნება 30%-ზე მეტი. გარდა ამისა, ამ აქტის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან კონსტიტუციურად დაფიქსირდეს, რომ იქნება არაუმეტეს 3%-სა, ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს 60%-სა. გარდა ამისა, თავისუფლების აქტით მოხდება უკვე დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობის გაზრდისა და ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვა. ასევე, მთავრობას ეკრძალება კომერციული ბანკების წილის ფლობა და ახალი გადასახადების შემოღებისა თუ მისი გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. თუკი მთავრობა მაინც მოინდომებს ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებას, მან ამისთვის რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მოდელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს, გარდა ამერიკის რამდენიმე შტატისა.
ევროპული დემოკრატია და აზიური ლიბერალიზმი
ევროპელებს ექსპერტებს ვუგზავნით, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციაში დავეხმაროთ
პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კრიზისის პირობებში ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უარი განაცხადა ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და სოციალისტური მიდგომებით დაიწყო ხელმძღვანელობა, რაც, მისი თქმით, არასწორია. `ჩვენს უცხო ქვეყნის ელჩები ხშირად გვაძლევენ რჩევებს, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეკონომიკა, ამ დროს კი ჩვენ მზად ვართ ზოგიერთ მათგანს ჩვენი ექსპერტები გავუგზავნოთ, მათი ეკონომიკის მეტად განსავითარებლად~, - განაცხადა პრეზიდენტმა. მართალია, ჯერ-ჯერობით უცნობია ამ შეთავაზებაზე ევროპელი დიპლომატების პასუხი, მაგრამ ფაქტი ერთია, ლიბერალური ეკონომიკის აშენება წარმოუდგენელია დემოკრატიის გარეშე, ამიტომ თუკი ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფალთ ლიბერალიზმს ვუწუნებთ და მას აზიელებისგან ვსწავლობთ, ევროპელებისგან დემოკრატიული ქვეყნის აშენება მაინც უნდა ვისწავლოთ, რადგან მის გარეშე ლიბერალურ ეკონომიკას ვერ შევქმნით.
გვახსოვდეს ლანჩხუთის გურიის გამოცდილება
ანუ ყველანი ტოტალიტარული ეკონომიკის მიმდევრები ვხდებით
პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას, ქართველ ხალხსაც მიმართა და მათ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების და საერთოდ ლიბერალიზმის შესისხლხორცებისკენ მოუწოდა. `ალბათ, კარგად გახსოვთ ლანჩხუთის გურია, რომელიც რამდენჯერმე შევარდნაძის დამსახურებით აღზევდა უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ იქ არაფერი გამოუვიდა, რადგან იმ თამაშს გუნდი ვერ უწყობდა ფეხს. იმისთვის, რომ ჩვენ იგივე არ შეგვემთხვას, ამიტომ საქართველომ კარგად უნდა გაითავისოს ლიბერალიზმის არსი და ერთად უნდა წავიდეთ საერთო მიზნისკენ.~ ამით პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკის `ლიბერალიზაციის~ მომხრეები მარტო ბენდუქიძე, მე და ჩვენი გუნდი ვიქნებით, არაფერი გამოგვივაო. ასე რომ, ახლა არჩევანი ქართველ ხალხზეა: ან გაჰყვეს სააკაშვილისა და ბენდუქიძის მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამით გახდეს მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე ქვეყნის მოქალაქე, ან ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
საქართველო ლიბერალური იდეოლოგიის ფლაგმანი
იმ დროს, როცა პრეზიდენტი საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის ფლაგმანად გადაქცევას უპირებს, აქტიურად მიდის საუბარი ქვეყანაში ფინანსური პოლიციის აღდგენაზე. ამ მიზნით პარლამენტი უკვე შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამ უწყებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეწოდება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით საგამოძიებო სამსახურს ეყოლება სპეცდანიშნულების რაზმი და მის თანამშრომლებს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ექნებათ ფიზიკური იძულებისა და სპეცსაშუალებების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება. პროექტში აღნიშნულია, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემნის შემთხვევაში, პირების დაკავებისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს უფლება ექნება დაუბრკოლებლად შევიდეს ბინებსა და ორგანიზაციების ოფისებში. რა თქმა უნდა, თავად ფინანსური პოლიციის არსებობა არ მოდის ლიბერალიზმთან წინააღმდეგობაში, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა, ეს სამსახური ჯერ კიდევ გაუქმებამდე გამოირჩეოდა უკანონი ქმედებებით და ახლა მისი უფლებების გაზრდის შედეგად ფინანსური პოლიციის საქმიანობის სტილი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება. ფინანსური პოლიცია, ჯერ კიდევ, 2007 წელს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო სამსახურს შეუერთდა. ალბათ, კარგად ახსოვს ყველას ამ სამსახურის მიერ 4 წლის განმავლობაში ჩადენილი საქმენი საგმირონი, როცა მის მიერ დაწიოკებული იყო ბიზნესი და ტელევიზიები ყოველდღე ახალ შოუებს გვაჩვენებდნენ, მათ მიერ დადგმულს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ფინანსური პოლიცია აღდგება და მას უფლება-მოსილებაც მნიშვნელოვნად გაეზრდება. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, მთავრობამ ეს ინიციატივა ბიუჯეტის უკეთესად შესავსებად წამოაყენა და მისი რეალურად განხორციელების შემთხვევაში, ბიზნესის დატერორების ფაქტები გაიზრდება, არადა პრეზიდენტი ამ ქვეყანას მსოფლიოში ლიბერალური იდეოლოგიის ფლაგმანად გადაქცევას უპირებდა.
სააკაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ
საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური არასდროს ეღირსება
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რასაც ეკონომიკური თავისუფლების აქტი შეიცავს, ეს ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის კანონით აკრძალვაა. იმ დროს, როცა ქვეყანაში თითქმის ყველა ბაზარი მონოპოლისტების ხელშია და ეკონომისტები ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას სასწრაფოდ მიიჩნევენ, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყანაში ამ სამსახურის მომავალში შექმნის პერსპექტივაც კი ქრება. რასაც პრეზიდენტი ისევ და ისევ ლიბერალური პოლიტიკით ხსნის. ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და უცნაური მაინც ის არის, რომ პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა დეპუტატებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ აცნობა. პრეზიდენტი ამ განცხადებით საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გაკეთებული განცხადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე პირობა და მოთხოვნა დაგვიყენა. ამ მოთხოვნებს შორისაა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაც. მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებით იკრძალება ყოველგვარი მარეგულირებლის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაც, საინტერესოა, როგორ აპირებს სააკაშვილის ხელისუფლება ამ ხელშეკრულების გაფორმებას, თუკი პირობას არ შეასრულებს და არ შექმნის ანტიმონოპოლიურ სამსახურს.
შოთა ბუჩუკური
|