ნანახია: 858
საქართველოში კიდევ ერთი ინვესტიცია განხორციელდა. მართალია "სახალხო ბანკი" ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ლადო გურგენიძემ შეიძინა, თუმცა, ეს ჩვეულებრივი და ქართულ რეალობაში საკმაოდ მიღებული ინვესტიციაა. ყოფილმა პრემიერმა და რუმინელმა მილიარდერმა დინუ პატრიჩიუმ საქართველოში შემოსვლა კომპანია LIberty Capital LLC -ის დაფუძნებით გადაწყვიტეს. მფლობელებმა ამ კომპანიის პრიორიტეტებიც ამცნეს საზოგადოებას და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. "მოხარული ვარ, რომ ლადო გურგენიძესთან ერთობლივი საქმიანობა საქართველოში საინტერესო პროექტით დავიწყე. მომდევნო წლების განმავლობაში Liberty-თვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვას, ყოველ წელს ერთი, ან ორი ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ. ჩვენი საინვესტიციო ფილოსოფია მარტივია, - ისეთ მზარდ ბაზრებზე, სადაც ეკონომიკური რეფორმები ხორციელდება, ფინანსური მომსახურების კომპანიებს მოგებაზე გასვლა მოკლევადიან პერიოდში შეუძლია. მეც და ლადოსაც საჯარო კომპანიების მართვის წარმატებული გამოცდილება გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსოფლიოს რომელიმე ძირითადად საფონდო ბირჟაზე Liberty-ის პირველ საჯარო შეთავაზებას ვფიქრობთ", - განუცხადა ჟურნალისტებს რუმინელმა ბიზნესმენმა დინუ პატრიჩიუმ. ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ კომპანია არ არის ორიენტირებული მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებზე, საქმიანობისთვის მიმზიდველია ყველა ის ქვეყანა, სადაც არის ლიბერალური ეკონომიკა, დაბალი გადასახადები, თავისუფალი ვაჭრობა, მინიმალური რეგულირება. კომპანიის Liberty Capital-ის დამფუძნებლები, რომლებიც ახლახან "სახალხო ბანკის" აქციათა 91,2%-ის მფლობელები გახდნენ, ბიზნესს აფრიკის კონტინენტზე და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გააფართოვებენ. გურგენიძის განმარტებით, წარსულში მისი საბანკო საქმიანობის გამოცდილების გათვალისწინებით, Liberty-ის ბიზნეს-მოდელი ყველაზე ოპტიმალურია, რადგან ეკონომიკური რეფორმების განვითარების სტადიაში მყოფ ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის მთავარი ბენეფიციარი საბანკო სექტორია. გურგენიძის განცხადებით, სწორედ ამ საინვესტიციო თეზისზე დაფუძნებით ჩაიდო პირველი ინვესტიცია "სახალხო ბანკში" და Liberty-ის საქმიანობა ყოველ წელს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაფართოვდება. დიდი ეკონომიკის ქვეყნები კომპანიისთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან იქაური მასშტაბისათვის პატარა ბანკს პერსპექტივა არ გააჩნია. გურეგენიძის განცხადებით, ახლადდაარსებული საინვესტიციო კომპანიის Liberty-ი მიზანი მზარდ ბაზრებზე ფინანსურ სექტორში ინვესტირებაა. პირველი პროექტია "სახალხო ბანკი", პარალელურად მიმდინარეობს რუმინული საბროკერო კომპანიის Fairwind Securities აქციათა 60%-ის შესყიდვის პროცედურა. ერთი სიტყვით, გურგენიძეს და მის რუმინელ პარტნიორს სერიოზული გეგმები აქვთ. სხვა საკითხია, რამდენად სერიოზულად შეძლებენ ისინი განვითარებადი ქვეყნების საბანკო სისტემების დაპყრობას, თუმცა მათ კომენტარებში, რამდენიმე ძალიან საინტერესო მომენტის გამოყოფა ნამდვილად შეიძლება. კომპანიის საქმიანობისთვის მიმზიდველია ყველა ის ქვეყანა, სადაც არის ლიბერალური ეკონომიკა, დაბალი გადასახადები, თავისუფალი ვაჭრობა, მინიმალური რეგულირება, - ეს არის გურგენიძის თეზისი. თითქოს ყველაფერი სწორი და მისაღებია. მაგრამ, გურგენიძე აქვე აკონკრეტებს, რომ Liberty Capital დიდი ეკონომიკის ქვეყნებს მოერიდება და მოკლევადიან ეფექტებზე იქნება ორიენტირებული. საინვესტიციო კომპანიის მფლობელების აზრით, ასეთი ქვეყნები აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში უნდა მოიძიონ. Liberty Capital-ის დამფუძნებლებს. მათ უნდათ ბევრი ფული სწრაფად. ძალიან კარგი, მაგრამ, ბევრი ფულის სწრაფად შოვნა ადვილი არ არის, მით უმეტეს ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებზე დაფუძნებულ გარემოში. ისიც ფაქტია, რომ პატარა ეკონომიკაში სწრაფად შეიძლება წარმატების მოპოვება, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეიძლება იქ იმაზე მეტი ფულის შოვნა, რამდენიც დიდი ეკონომიკის და შესაბამისად, მეტი შესაძლებლობების ეკონომიკაში. რაც ყველაზე საინტერესოა, სად იპოვა ლადო გურგენიძემ ლიბერალური ეკონომიკასა და თავისუფალი ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყანა აფრიკაში. და უფრო საგულისხმო ისაა, რომ გურგენიძემ ამ განცხადებებით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ აფრიკის ქვეყნები და საქართველო ერთი რიგში დგანან. და თუ ისევ Liberty Capital-ის დამფუძნებლების ლოგიკას გავყვებით, რომლებიც პატარა ეკონომიკებში მოკლევადიან პერიოდში აპირებენ ფულის შოვნას, გამოჩნდება, რომ ისინი ერიდებიან დემოკრატიულ რეჟიმებს. უკვე ბავშმაც კი იცის, რომ ლიბერალური ეკონომიკა ავტომატურად არ გულისხმობს დემოკრატიას. თუ დემოკრატია, არ იქნება Liberty Capital-ის მოთხოვნა, მაშინ მისი დამფუძნებლების მოლოდინები სრულიად რეალურია. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, დინუ პატრისიუზე და მისი ბიზნესის წარმატების საიდუმლოზე, თუმცა გურგენიძის ბიზნესწარმატება, რომ ხშირად პოლიტიკური ძალების ინტერესის თანხვედრი გახლდათ, ამას ბევრი დავა არ სჭირდება. იმ ქვეყნებში სადაც დემოკრატია არ არის, ძალიან მარტივად შეიძლება პოლიტიკური ინტერესები და ბიზნესინტერსებს დაემთხვეს. ამის გამოცდილება გურგენიძეს უკვე აქვს. მეტიც, მას წარმატებული გამოცდილება აქვს, ანუ თუ გურგენიძე რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში ფულს ჩადებს, მას წარმატება, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს. ქართველებს, ალბათ, არ ეწყინებათ, თუ Liberty Capital აფრიკაში წარმატებული კომპანია იქნება, მაგრამ ქართველებს ის არ მოეწონებათ, რომ საქართველოც აფრიკასავით მისაღებია გარკვეული კატეგორიის კაპიტალისთვის.
|