ნანახია: 1116
რეიტინგმა რა ჰქმნა?!
დედაქალაქში ბოლო დროს ყველაზე პოპულარული პარტიის _ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელევიზიით გამოსვლისას ხელისუფლებას მოუწოდა, დასწრებოდნენ რეგიონებში ხალხთან მათ შეხვედრებს. ნაციონალებმა ოპოზიციასთან შეთანხმებული მოქმედების ბრწყინვალე მაგალითი აჩვენეს, საყოველთაო დიალოგის "ლოზუნგი" წამოაყენეს და ეროვნულ ფორუმს შეუერთდნენ. ნაპროტესტალი ელექტორატი თვალებს იფშვნეტდა, სიზმარში ვართო თუ ცხადში, როცა კახაბერ შარტავა და პავლე კუბლაშვილი ერთად ეჭუკჭუკებოდნენ ვარდების რევოლუციის აკვანს _ წალენჯიხას. კახა შარტავამ მეორე დღეს ვოიაჟი საჩხერეში განაგრძო. მაღალმთიან სოფელში მას მხარს უმშვენებდნენ ნაცმოძრაობის საჩხერელი ბელადები: მაჟორიტარი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე და გამგებელი ზურაბ ცერცვაძე.
"აი, დროშა აშორდია, აირევი ივერია". განათლებული და გონიერი კაცია გუბაზ სანიკიძე. კაი ქართველიც. გონიერი კაცია კახა შარტავა. გამჭრიახი და პრინციპული. მაგრამ ესენი პოლიტიკოსები არ არიან. ჯერ უამრავი ეჭვი გააჩინეს, როცა 25 მაისს ხალხს უგანეს და სტადიონზე არ მივალთო თქვეს. მერე გამოსვლების მუხტი დააგდეს და რაიონებისკენ გასწიეს. თბილისში მოთავებულიაო სააკაშვილის საქმე. ისემც რა ვუთხრა მაგათ მე. დღეს ყველაზე რეიტინგული პარტია და მისი ლიდერები ნაცმოძრაობის აქტივისტებად იქცნენ. ხელისუფლებას ეხმარებიან რეგიონებში არსებული პრობლემების მოძიებაში (თითქოს თავად ნაცმოძრაობამ არ იცოდეს რა ხდება იქ) და ალიანსის შესაკვრელად ემზადებიან, არა "ალიანსთან" ირაკლი ალასანიას, არამედ ნაცმოძრაობასთან. ჰაი გიდი, რა იქნა გუბაზ სანიკიძის, კახა შარტავას, ირაკლი მელაშვილის და რეზო შავიშვილის გოდება ნაცმოძრაობის მიერ დაქცეულ საქართველოზე. იფიცებოდნენ, ცოტა ხანი კიდევ თუ დარჩნენ ეგენი ხელისუფლებაში, საქართველო თავზე დაგვექცევაო. ჰოო, გუბაზ? დღეს კი რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ და გაუდგნენ ძალაუფლების მომავალი გაყოფისკენ მიმავალ გზასა.
ვინ გამოიყვანს ერთ მილიონ კაცს 7 აგვისტოს ქუჩებსა და შუკებში გახსოვთ, ალბათ, გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა გვპირდებოდნენ აი, ნახავთ რეგიონებში გავალთ, ხალხს ავამხედრებთ ხელისუფლების წინააღმდეგ, 7 აგვისტოს 1 მილიონ კაცს გამოვიყვანთ ქუჩაში და მაშინ კი ნამდვილად დავამთავრებთო სააკაშვილის რეჟიმს. იქნებ ეგონათ, სააკაშვილი და მისი გუნდი გულხელდაკრეფილი დაელოდებოდა 7 აგვისტოს და ბალდახინს. როგორც მიშა იტყვის ხოლმე, ნურას უკაცრავად! რამდენიმე დღის წინ პატრიოტი ახალგაზრდების ჯგუფმა შექმნა ორგანიზაცია _ "7 აგვისტო". ახალგაზრდების წინადადებით 7 აგვისტო ცხადდება ერთიანობის დღედ. ამ დღეს, ვინც გამოვა ქუჩებსა და შუკებში, ერთიანობის ლოზუნგებით უნდა დაირაზმოს არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ერთიანობაც კარგია, აგვისტოს მოვლენების გახსენებაც, ოკუპანტების წინააღმდეგ გაერთიანებაც, მაგრამ ეროვნული ფორუმის მიერ 7 აგვისტოს გამოყვანილი ერთი მილიონი კაცი თუ საზოგადოება "7 აგვისტოს" მიერ დაწესებულ ერთიანობის დღის აღსანიშნავად და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოვა, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ლაშქრობა უნდა მოხსნას დღის წესრიგიდან. ერთიანობის დღის აღნიშვნა და ქვეყნის მოქალაქეთა ერთ ნაწილთან _ სააკაშვილის მომხრეებთან დაპირისპირება, იმავდროულად, არ გამოვა. მითუმეტეს, სულ ახლახანს ხომ "ეროვნული ფორუმი" და ნაციონალური მოძრაობა დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზასა. და იმედი აქვთ, რომ ეს გზა ტაძართან მიიყვანთ.
სად წავიდა ერთი მილიარდი ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკის მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარი რამდენჯერმე ახსენა. ბაიდენი მომჭირნე კაცია და მოკრძალებულად ცხოვრობს, მაგრამ ძუნწი ნამდვილად არ არის. ვიმედოვნებ, არც იმად ირჯებოდა, რომ ქართველებისთვის შეეხსენებინა ამხელა დახმარება ჩემი დამსახურებაა რო მიიღეთო. უბრალოდ, კაცი შოკირებული იყო პრეზიდენტის სასახლის ბრწყინვალებით, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, 500-დან 700 მილიონამდე დაჯდა, მრავლის მომსწრე და მნახველი ჯო, დაბნეული რომ ათვალიერებდა პრეზიდენტის სასახლის გამჭვირვალე ჯავშნიანი გუმბათიდან თბილისს და ტკბებოდა მისი ძველი უბნების კოლორიტით, განცვიფრებული შეჰყურებდა უძვირფასესი თეთრი ტყავის ავეჯით გაწყობილ აპარტამენტებს და საყოველთაოდ ცნობილი, იტალიელი არქიტექტორის მიერ შექმნილ განუმეორებელ დიზაინს, იმ არქიტექტორის ნამუშევარს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადანაზღაურებადია თავის პროფესიულ გილდიაში, შეჰყურებდა და ალბათ, გულში ამბობდა _ ამათ ჩვენი დასახმარებელი რა სჭირდათ, ტყუილუბრალოდ მივეცით მილიარდი დოლარიო. ამიტომაც, გაგვახსენა ორჯერ ამ დახვეწილმა დიპლომატმა ჯერ _ ერთი, გახსოვდეთ ერთი მილიარდი რომ გაჩუქეთ ამ გაგანია კრიზისის პერიოდშიო, მეორე, თუ მოვიდა თქვენამდე და თუ დაგეტყოთო და მესამეც იქნებ იკითხოთ, რაში დაიხარჯა ეს ერთი მილიარდიო. ვინც ამ მილიარდის კვალს იპოვის, "ჩემი გულიც ალალ მისიო". ჯერ ეს მილიარდი არსად გაწერილი არ არის. ბიუჯეტის მონიტორინგის მწარმოებელი შინაური არასამთავრობოებისთვისაც კი. ამ ერთი მილიარდის კვალს რას მივაგნებთ, ევრობონდების სახით 7,5%-იანი სესხი რომ ავიღეთ, ის სად დაიხარჯა დღემდე არ ვიცით. ჯერ იყო და გაზსაცავს ვაშენებდით, მერე ელექტროგადამცემ ხაზებს თურქეთისკენ, მერე უცებ მომავლის და განვითარების ფონდებში "მოვათავსეთ", მაშინ, როცა ამ ფონდებში კანონის თანახმად, მხოლოდ პროფიციტული ბიუჯეტის ჭარბი თანხები მიიმართება. ვნახოთ, სად აჩვენებენ ბაიდენის მილიარდს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ძიება პრეზიდენტის სასახლესთან არ მიგვიყვანს და არც ზოგიერთი მაღალჩინოსანი აღმოჩნდება გალიაში, იგივე საკანში.
რატომ გადამალეს ვაშაძე რუსეთის მოქალაქემ, ნინო ანანიაშვილის მეუღლემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი დიპლომატიური კარიერა ჰილარი კლინტონისთვის ხელის ჩამორთმევით და მასთან რამდენიმე წუთიანი საუბრით დაასრულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნამუშევარი ვაშაძე საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთ საკმაოდ დახურულ სამეცნიერო სტრუქტურაში მუშაობდა. ეტყობა ამერიკელებს ეს არ ეამათ და ბაიდენის ვიზიტისთვის ვაშაძე გადამალეს, ოფიციალურად შვებულებაში გაუშვეს, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის შეითხზა მითი, რომ იგი მეუღლეს ახლავს საკონცერტო ტურნეში. ცხადია, ეს კოჭლი ტყუილია, იტალიიდან მომღერლები ჩამოვლალეთ და ჩვენი ნანი-ნანატრი მინისტრი შვებულებაში გავუშვით? ჩანს მალე ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გვეყოლება დღევანდელი დე-ფაქტო და ხვალინდელი დე-იურე, ანუ გიგა ბოკერია. კაცი, ნომერი 3 ჩვენს ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის შემდეგ. ის, ვისაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეები გორდონი და შტეინბერგი თბილისის აეროპორტში ნახევარი საათით ჩამოფრენილები შეხვდნენ.
პარლამენტი ქუთაისში, აპარატი ხონში აფსურდის თეატრი გრძელდება. პარლამენტი გადააქვთ ქუთაისში, ამ ქალაქის მნიშვნელობის ასამაღლებლად რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის ახალი პოლიტიკის კონტექსტში და თბილისის განსატვირთად. ერთი შეხედვით, არაფერია განსაკუთრებული. ნურსულტან ნაზარბაევმაც ერთ მშვენიერ დღეს დედაქალაქის ალმაატიდან ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში გადატანა გადაწყვიტა და ასტანა ააგო. ნურსულტანი მდიდარია, თავისი წიაღისეულიდან ამოღებული მილიარდები ჩააფინა ამ საქმეში. ჩვენ კი პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში რა ფულით უნდა ავაგოთ, ბაიდენის მოცემული მილიარდიდან მონარჩენით, თუ სავალუტო ფონდიდან რომ ველით, მილიარდ 200 ათასს ბიუჯეტის შესავსებად, იმ ფულით? პარლამენტი მხოლოდ სესია არ არის. პარლამენტი აპარატია, მრჩევლები, ურთიერთობა ინტელექტუალებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან არასამთავრობოებთან. მთელი ეს ინფრასტრუქტურა ქუთაისს, იმერეთს და დასავლეთ საქართველოს რამდენ ხანში აეწყობა? მთავრობამაც რეგულარულად უნდა იაროს პარლამენტში და კომიტეტებში. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ამბობენ, რომ პერსპექტივაში, საერთოდ დედაქალაქი უნდა გადავიდეს ქუთაისში. ამბობენ, პარლამენტს მაინც დავით აღმაშენებლის ძეგლი ჩაასწრებსო ქუთაისში. უკვე დაიძრაო დიღმიდან ქუთაისისკენ. ერთი ოღონდ, ორ "დავით აღმაშენებელს" რა უნდა მოუხერხონ ქუთაისელებმა, თორემ ერთ პარლამენტს მოუხერხებენ რამეს. და ერთსაც გთხოვთ, არ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ გადმოიტანა დავით აღმაშენებელმა ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ქუთაისიდან თბილისში. თუმცა ამაზე დაფიქრება აღარც ღირს.
ლევან მზიანიშვილი
|