ნანახია: 1007
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების თარიღად 5 ნოემბერი აირჩია. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ბარაკ ობამას დემოკრატიულ გამარჯვებაზე საუბრობდა, მედვედევი მსოფლიოს დემოკრატიის რუსული ვერსიით "მოძღვრავდა". ამერიკული არჩევნების პარალელურად რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა იმის დასტური იყო, რომ რუსეთის დღის წესრიგი ყურადღებას ისეთ "წვრილმანებზე” არ ამახვილებს, როგორიც თუნდაც ამერიკული არჩევნებია. 5 ნოემბერს, მსოფლიოს ახალი ამბების მაუწყებელი ტელევიზიები, მედვედევის გამოსვლას 45 წუთს უთმობდნენ, ხოლო ხუთიოდე წუთს ობამასთვის იტოვებდნენ. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, წლის ორი მთავარი მოვლენა რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიოს ფინანსური კრიზისია. ორივე მათგანის გამოწვევაში, მედვედევმა პასუხისმგებლობა ამერიკას დააკისრა. მისი განცხადებით, ომი და მსოფლიო კრიზისი ამერიკის მედიდური და ეგოისტური პოლიტიკის შედეგია. ამერიკამ უარყო რუსეთის არჩევნები, რითაც ბევრი ქვეყნის ეკონომიკას ძირი გამოუთხარა. პასუხად რუსეთი არც უარს იტყვის კავკასიაში თავის ინტერესებზე და ვერც მსოფლიო კრიზისი დააკლებს რამეს. ბატონ მედვვდევს თავის გამოსვლაში ობამას გამარჯვება არც კი უხსენებია, მოგვიანებით, მხოლოდ ტელეგრამით მიულოცა. პრეზიდენტმა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და თეთრ სახლს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. მანმადე კი რუსეთმა ნატოს შესაძლო გაფართოებასა და ჩეხეთსა და პოლონეთში ამერიკის რაკეტსაწინააღდეგო სისტემის განლაგებას ევროპის საზღვარზე, კალინინგრადში, ისკანდერებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამანადგურებელი რადიო-ელექტრონული მექანიზმის მოწყობით უპასუხა. რუსი სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრე გოლტსი ამბობს, რომ დასავლეთისთვის რუსეთის ეს ქმედება ცივი ომის მუქარის ტოლფასია. მუქარა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამ დროს ასეთი ქმედებები, ცოტათი ახირებულია. ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებიდან დაახლოებით 6 თვის გასვლას საბჭოთა "ქორებიც" კი ელოდებოდნენ და დროზე ადრე საკუთარი სამხედრო სტრატეგიის შესახებ "დიადი" განცხადებების კეთებას არ ჩქარობდნენ. მედვედევი თავის გამოსვლაში ამერიკაზე "თავდასხმას" რომ მორჩა, რუსული პოლიტიკის აღწერაზე გადავიდა. ალბათ, მისი საუბრის ლიბერალური ტონი რომელიმე "ოპოზიციონერი პოლიტიკოსის" ნასწავლი იყო. მედვედევმა რუსული ბიუროკრატია დაგმო და მთავრობა გააფრთხილა, ნაკლებად ჩაერიოს კერძო ბიზნესის საქმიანობაში. ჯერჯერობით, საკუთარ სიტყვებსა და ქცევებს შორის სხვაობა კრემლისთვის სავაჭრო ნიშანივითაა. მას ჰგონია, რომ ძალაუფლების სურვილს ლიბერალურ რიტორიკას მოარგებს. ბატონი მედვედევი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის მიხედვით რუსეთში საპრეზიდენტო მმართველობა ოთხიდან 6 წლამდე, ხოლო საპარლამენტო, ოთხიდან 5 წლამდე უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, იდეის ავტორი მედვედევი არ არის. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ იდეით შარშან გამოვიდა და ალბათ, საკუთარი მმართველობის გახანგრძლივებაზე ფიქრობდა. ცვლილებები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა განიხილოს. თუკი პუტინი, რუსეთის ნომერ პირველი "ბოსი", კლვავ პრეზიდენტობას მოინდომებს, 2012 წელს მედვედევის პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომავალი 12 წელი, ქვეყნის სათავეში, ალბათ, ისევ მას ვიხილავთ. საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, მედვედევი იმაზეც საუბრობს, რომ რუსეთის მთავრობა პარლამენტის წინაშე უფრო მეტად ანგარიშვალდებული უნდა გახდეს. ეს მაშინ, როცა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში, ყოფილი პრეზიდენტის, პუტინის პარტია "ერთიანი რუსეთი" დომინირებს. ასეთ შემთხვევაში, რაიმე სახის ანგარიშდამოკიდებულებაზე, საუბარიც კი ზედმეტია. ერთადაერთი, რაზეც მედვედევმა ყველაზე ცოტა ილაპრაკა, ეს რუსეთის ეკონომიკაა, რაზეც რუსები ახლა ყველაზე უფრო მეტად ღელავენ. მან მთავრობასა და კანონმდებლებს მოუწოდა, ყველანაირი ძალებით, ხელი შეუშალონ კრიზისის გაღრმავებას. მედვედევი, თავის ქვეყანაში არსებულ ფინანსურ კრიზისს, მოჭარბებული ანტიამერიკული გამოსვლებით პასუხობს, თუმცა ცხადია, ეს რუსეთის დემოკრატიასა და განვითარებას ბევრს ვერაფერს შემატებს.
|