ნანახია: 855
აშშ კვლავ მსოფლიოს ლიდერია. დაუსრულებელი და უსასრულო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ერაყისა და ავღანეთის არცთუ წარმატებული სამხედრო კამპანიები, მსოფლიოს საფინანსო კრიზისი, ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის უპირობო ლიდერობას, როგორც პოლიტიკის, ისე მსოფლიო საფინანსო სივრცეში. ამ დროს, ქვეყანამ გამონახა გრანდიოზული რეზერვი თავისი დემოკრატიის ულევი საგანძურიდან. შავკანიანი პრეზიდენტი ის იმპულსია, რომლითაც ამერიკამ უნდა დაძლიოს მის წინაშე მდგომი გამოწვევები. და ეს მოხდა ერთხელ ამერიკაში. ხუთი ათეული წლის წინ, როცა მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა - მე მაქვს ოცნება, - და იგი მოკლეს. ეს მოხდა ამერიკაში, სადაც რასობრივი სეგრეცია ლამის მეოცე საუკუნის ბოლომდე არსებობდა, ზანგებს რესტორნების უმეტესობაში არ უშვებდნენ, ავტობუსებში წინა სკამებზე დასხდომას უკრძალავდნენ. ეს ამერიკა დღეს ირჩევს შავკანიან პრეზიდენტს, უაღრესად თავისებური ბიოგრაფიის მქონე პიროვნებას. ობამას შავკანიანი მამა კენიის ერთ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ამერიკაში სასწავლებლად ჩავიდა და ცოლად შეირთო მონათფლობელთა შთამომავალი თეთრკანიანი ქალბატონი. თავის მხრივ, ეს ქალბატონი, ერთ დროს ამერიკის კომპარტიის წევრი გახლდათ. მუსლიმი კენიელი მალე სამშობლოში დაბრუნდა იქ წლების შემდეგ ავტოავარიაში დაიღუპა. ობამას დედა მეორედ გათხოვდა. ამჯერად, მუსლიმან ინდონეზიელზე და ბარაქიც მათთან ერთად საცხოვრებლად ინდონეზიაში გაემგზავრა. გამოხდა ხანი და დედამ ობამა ამერიკაში გაგზავნა თავის მშობლებთან, რომლებმაც მას კარგი განათლება მისცეს. დედა მეორე მეუღლეს გაეყარა, ამერიკაში დაბრუნდა და 1995 წელს გარდაიცვალა. ბარაქის მეუღლეც შავკანიანია, იურისტი და განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული. ობამებს ორი პატარა ქალიშვილი ჰყავთ. ასეთია ამერიკის ახალი პრეზიდენტის ბიოგრაფიის არაორდინალური შტრიხები. ის წარმოუდგენელი რევოლუციის გმირიცაა და შემოქმედიც და ყოველგვარი ზედმეტი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მან ახალი ერა დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში, ამერიკაში კი დამთავრდა ნავთობმაგნატებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფავორიტების - ბუშისა და ჩეინის ეპოქა. 25 დოლარი ბარელი ნავთობით დაიწყო ეს ეპოქა და 147 დოლარით დამთავრდა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ნავთობის ფასის ბოლოდროინდელ ვარდნას. ობამა - კომუნისტი დედის, მუსლიმანი მამისა და მამინაცვლის და მონათმფლობელთა ჩამომოვალი ამერიკის სათავეში, რომელსაც პრაქტიკულად მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს.
ბენდუქიძემ ლარი გაგვიბახა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა ლარის ახალი გაწონასწორებული ნიშნული დააფიქსირა და ეროვნული ვალუტის მყისიერი ვარდნის არგუმენტებიც მოიტანა. ქართველმა ექსპერტებმა ის ანათემას გადასცეს, მაგრამ ეჭვი რავის შეჰპარვია, რომ გაწონასწორებული და განათლებული ახალგაზრდა კაცი, დავით ამაღლობელი არც ამ აქციის ავტორი იყო და არც მოტანილი არგუმენტების შემოქმედი. აქცია იმდენად აბსურდულია, ვოლუნტარისტული და ავანტიურისტული, რომ საეჭვოა, მის უკან პრეზიდენტის რომელიმე უცხოელი მრჩეველი იდგეს. სავარაუდოა, რომ ეს ავანტიურა საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრის და რუსი ოლიგარქის კახა ბენდუქიძის შემოქმედებაა, რომლისთვისაც სახელმწიფო კანცელარიის უფროსობა მხოლოდ შირმაა. ბენდუქიძემ, ფაქტობრივად, დაანგრია და გააუქმა ეროვნული ბანკი, დაუქვემდებარა იგი აღმასრულებელ ხელისუფლებას, ფიქციად აქცია მისი დამოუკიდებლობა. ასეთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი საბჭო, ასეთი ეროვნული ბანკი ვერ წარმართავს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ვერც კურსის აწევა-დაწევის თუ მკვეთრი ცვლილებების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. ასეთ საკითხებში, ისე, როგორც უმსხვილესი ობიექტების რუსებზე, ყაზახებზე (ასევე, რუსებთან შეკრულ ყაზახებზე), აგრეთვე არაბებზე მიყიდვის საკითხებს პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, მხოლოდ ბენდუქიძის რჩევების შესაბამისად წყვეტს. ბენდუქიძე იყო ნახევარმილიარდიანი ძვირი ევროპული კრედიტის აღების იდეის ავტორიც, რომელიც დღესაც უქმად დევს სადღაც. ბენდუქიძემ გააუქმა ანტიმონოპოლიური სამსახური. ბენდუქიძემ მიჰყიდა ნახევარი საქართველო ოფშორულ კომპანიებს. პრემიერ-მინისტრმა ბენდუქიძემ, ამჯერად, ლართან დაკავშირებული ავანტიურა შემოგვთავაზა. აქეთ რუსეთმა დაიპყო ნახევარი საქართველო, იქით რუსი ოლიგარქი ექსპერიმენტებს გვიტარებს. ქვეყანა საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. რუსეთთან კონფლიქტის შედეგების რეაბილიტაცია უმოკლეს დროში უნდა მოხდეს, ქმედითი დახმარება სჭირდებათ ბანკებს. საჭიროა, არა ლაყბობა დასაქმებაზე, არამედ ბიზნეს სტრუქტურებისადმი რეალური დახმარება, რომელთაგან ნაწილმა თანამშრომელთა დახოვნა ან ხელფასების განახევრება დაიწყო. სოფლის მეურნეობა ჩამკვდარია. საგლეხო ფუძე ფეოდალიზმის ეპოქაში დაბრუნდა და თვითკმარი ხასიათი მიიღო ანუ ოჯახები, რასაც აწარმოებენ, თავადვე მოიხმარენ. საჭიროა მთავრობის გაბედული მოქმედება, სწრაფი და გადამჭრელი ზომების მიღება. ამ დროს მთავრობა, როგორც კაბინეტი, გნებავთ, როგორც ასეთი, არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობენ სახელმწიფო ტელევიზიები და მათი ეკონომიკური თუ საინფორმაციო გადაცემები, რომელთაც აქვთ დავალება - ყველა გადაცემაში აჩვენონ და გაახმოვანონ მინიმუმ 10 პოზიტიური ეკონომიკური ინფორმაცია. თუ ასეთები არ იქნება, გამოიგონონ, თუნდაც - როგორ მოკრიფა ჟუჟუნა ოდიკაძემ ტყეში ერთი კალათა მაყვალი, ან როგორ დაწნა ხუთი კალათი გლახუნა ჭახრაკიამ და ასე შემდეგ. აი, ეს არის სულ ყველაფერი. აი, ეს არის სულ.
|