"ამ ქვეყანაში არის ცენზურა" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : "ამ ქვეყანაში არის ცენზურა"
ნანახია: 1349

"ამ ქვეყანაში არის ცენზურა"

სიტყვის თავისუფლების პრობლემა საქართველოში მასობრივი მსჯელობის საგნად იქცა. განსაკუთრებულად აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული დემოკრატიული რეფორმის თემა. უმაღლესი კანონმდებლები აქტიურად განიხილავენ საკითხს, თუ რა უნდა გაშუქდეს პრესასა და ტელევიზიაში და რა ხანგრძლივობით. სიტყვის თავისუფლების დაცვა და განვითარება ერთ-ერთი უმთავრესია არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა მოთხოვნისა თუ ინიციატივისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად მოწმენი ვხდებით იმისა, თუ როგორ ქრებიან ერთ დროს პოპულარული ტელეგადაცემები ჩვენი ცისფერი ეკრანებიდან, რომლებიც სწორედ იმის მაჩვენებელნი იყვნენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია მაინც არსებობდა. სტუდია "მაესტროც" სწორედ იმ პრობლემის მსხვერპლია, რასაც დემოკრატიის ნაკლებობა ჰქვია. 30 სექტემბერი ეს ის თარიღი იყო, როდესაც "მაესტრო" საბოლოო განაჩენს ელოდა სასამართლოსგან. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ "მაესტროსთვის" გამოტანილი განაჩენით გაირკვეოდა, არის თუ არა საქართველო დემოკრატიის შუქურა და ქართული სიტყვა თავისუფალი და ხელშეუხებელი, თუ ყვარყვარესი არ იყოს, იქნებოდა ისევ ბნელი და უკუნი. გვესაუბრება სტუდია "მაესტრო" დირექტორი მამუკა ღლონტი.

- ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, როდესაც სტუდია "მაესტრომ" ანალიტიკური გადაცემები გაუშვა ეთერში, განსხვავებული აზრი რომ არ გამოგეხატათ, ეს გადაცემები მაინც დაიხურებოდა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ახლა არის დახურული?

- რა თქმა უნდა, ამ მიზეზით არ დაიხურებოდა. ეს ისევეა, როგორც ორჯერ ორი ოთხია. ჩვენ ერთხელ უკვე დავიხურეთ სხვა მიზეზით და შეიძლებოდა ისევ იმ მიზეზითაც დავეხურეთ. ეს არის თავხედობა, რაც ხდება სარეკლამო ბაზარზე და კანონის დარღვევების კუთხით ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის მიერ. დღეს საქართველოში სარეკლამო ბიზნესი იმათ ხელშია, ვინც ხელისუფლებასთანაა დაახლოებული. სხვადასხვა ტელეკომპანიის წილი ან მათია, ან მათთან დაახლოებული პირის და შესაბამისად მთელი სარეკლამო ბაზარი უმეტესად ამ ადამიანების მიერაა მონოპოლიზირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტელეკომპანიები, რომლებიც დღეს ხელისუფლების პირით საუბრობენ, მაინც წამგებიანი კომპანიებია და მათ აფინანსებენ იმისათვის, რომ გაატარონ კონკრეტული ადამიანებისთვის საჭირო პოლიტიკა.

რატომ დავიხურეთ და წამოვედით "ევრიკიდან", მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგებში, ასაკობრივ კატეგორიებს ვგულისხმობ, "რუსთავი 2"-ს ვჯობნიდით. იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ 35 წუთიანი სარეკლამო ბლოკები, როდესაც კანონი მოითხოვდა მაქსიმუმ 12 წუთს საათში. ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. შესაბამისად, ის რეკლამაზე ფასს უფრო დაბლა სწევდა, ვიდრე ეს ჩვენ შეგვეძლო. ფული მათ არ აინტერესებთ, ვინაიდან ყოველთვის ჰყავთ დამფინანსებელი, ყოველთვის ვიღაცაზე არიან დამოკიდებულები და შემდეგ პირნათლად ემსახურებიან მათ და აკეთებენ ყველაფერს, რაც შეიძლება ბევრმა სხვა ადამიანმა არ იკადროს.

- რა სახის ლიცენზია აქვს თქვენს ტელევიზიას? მართლა არ გაქვთ უფლება ანალიტიკური, შემეცნებითი გადაცემების მაუწყებლობის და მხოლოდ გასართობი პროგრამებით უნდა შემოიფარგლოთ?

- ეს ძალიან სადაო საკითხია. რა გაფრთხილებაც მოგვცეს ჩვენ, ევროპაში ანალოგიურ სიტუაციაში უეჭველად მოვიგებდით. იმიტომ, რომ ჩვენს ლიცენზიაში ნათქვამია - შეგვიძლია გავაკეთოთ შემეცნებით-გასართობი ხასიათის გადაცემა. გადაცემა, რომელშიც რაიმე აზრი გამოიკითხება შემეცნებითია თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური? რომ ვილაპარაკო არქიტექტურაზე და ვაჩვენო პარლამენტის შენობა - შემეცნებითი იქნება თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური? შეიძლება ამაზე შემომედაონ. თავისთავად, როდესაც კანონში ასეთი სადაო საკითხები არსებობს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყანას არ სურს თავისუფალი სიტყვის მოსმენა, თორემ კანონში ასეთი რამ არ ეწერებოდა.

მე მაინტერესებს, საერთოდ რატომ არეგულირებს სიხშირეების მარეგულირებელი კომისია კომპანიას, რომელიც გადის კაბელით და არ სჭირდება სიხშირე? ავიღოთ გაზეთის მაგალითი, ხომ არ ეუბნები მას, ეს დაწერე ეს - არა. ეს უკვე ცენზურა და სიტყვის თავისუფლების აღკვეთა იქნება. რითი განსხვავდება გაზეთისგან საკაბელო ტელევიზია. გარდა იმისა, რომ ის ქაღალდზეა და ეს ელექტრონული ვერსიაა. აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ ამ ქვეყანაში არის ცენზურა, რომ ადამიანთა ძალიან მცირე, რამდენიმე ათეულისგან შემდგარ ჯგუფს სურს იბატონოს მთელ ქვეყანაზე. ეს არ გამოუვიდა არავის მსოფლიოში, ქართველებზე ბატონობა და არც არავის გამოუვა. იმიტომ, რომ პირადად მე, ვერ ავიტან ვერავის ბატონობას ისევე, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ყმები. ამ ადამიანთა ჯგუფს, არც მე და არც `მაესტროს~ რომელიმე თანამშრომელი არასდროს არ უყმობს. მათ ერთხელ უნდოდათ გასართობი გადაცემის ნახვა ჩვენს ეთერში და სამი დღე გადაბმულად იხილეს უცნობის კლიპი და უარესს იხილავენ. ძალიან ბევრი მასალა დევს ინტერნეტში გასართობი ხასიათის და მათ უკვე ტელეეკრანზე ნახავენ.
ჯერჯერობით, ამჟამად რა ბადითაც გავდივართ ეთერში, ისევ ისე გავალთ. სურვილი გვაქვს ერთი გადაცემა დავამატოთ, რომელსაც ადრეც ვაკეთებდით - "ერთი დღე ცნობილ ადამიანთან", იგი შაბათ-კვირას გავა. ვიფიქრეთ, ახალი რეალური შოუ ხომ არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყანა იმის ხასიათზე, რომ ასეთ გადაცემას უყუროს. ეს არ იქნება დროსა და სიტუაციასთან კარგად შეფარდებული, ამიტომ ასეთი დიდი პროექტებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ.

- თქვენ ახსენეთ, რომ პრესაში იბეჭდება ყველაფერი, თუნდაც განსხვავებული და ოპოზიციური აზრი, მაგრამ ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს. თქვენი აზრით, რატომ არის მხოლოდ ტელევიზიებზე ასეთი დიდი წნეხი?

- იმიტომ, რომ გაზეთს ცოტა ადამიანი კითხულობს, ტელევიზიას კი გაცილებით მეტი უყურებს. მათთვის გაზეთი საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც ჩანს. რეგიონებში ხალხი ნაკლებად კითხულობს გაზეთებს.

- გამოეხმაურა თუ არა ხელისუფლებისგან ვინმე თქვენს საკმაოდ ორიგინალურ აქციას, როდესაც ეთერში მიდიოდა გადაცემა კლასიკური მუსიკის ფონზე და საუბარი არ ისმოდა?
- არა, მაგრამ ამაზე კომენტარი გააკეთა ბევრმა უცხოურმა ტელევიზიამ და მე მართალი გითხრათ, ამით ამაყი არ ვარ. ჩემთვის ეს იყო სამარცხვინო, ვინაიდან არ შეიძლება შენს ოჯახზე ცუდს ლაპარაკობდნენ და შენ ეს გიხაროდეს. ძალიან მრცხვენოდა, რომ ასეთი სიუჟეტები გადიოდა, მაგრამ ზემოქმედების სხვა საშუალება ამ "ცეხავიკების" წინააღმდეგ არ არსებობს. ადამიანების, რომლებმაც საქართველო საკუთარ ბიზნესად აქციეს. აჩვენებდნენ და დაგვცინოდნენ, რომ ასეთი რამ ხდებოდა - ეთერში კლასიკური მუსიკა, რადიოში კი ხმა გადიოდა.

- თუ გაქვთ პირადი კონტაქტი უცხოელ ჟურნალისტებთან, როგორ აფასებდნენ ისინი ამ ფაქტს?

- თავიდან ამერიკელებს არ სჯეროდათ. მე, მაგალითად ეუთოს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ასეთი რაღაც მკითხა - თქვენ რომ მიმართეთ მარეგულირებელ კომისიას ამ საკითხზე, რა პასუხი გაგცესო? ვუთხარი, რომ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს. უცებ მომიბრუნდა და მეკითხება: - თქვენ გაქვთ ამის დამადასტურებელი საბუთი? ისინი ცოტა სხვანაირად აზროვნებენ. იმდენად წარმოუდგენელია მათთვის ასეთი რამ, რომ ვერ ხვდებიან, თუ შესაძლებელია ასეთი რამ საერთოდ მოხდეს, ან იმ პერიოდში ეს ჩვენი მიხეილი სჭირდებოდათ. ერთმაც და მეორე მიდგომამაც, მიშიკოს ფეტიშიზაციამ რაც მოიტანა, ყველამ კარგად ვნახეთ. ამ ადამიანზე ლექციებს კითხულობენ საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში, თუ რამდენად დემოკრატია იგი. როგორც დემოკრატი, ეს ადამიანი აბსოლუტური ნულია!

- რა აზრის ხართ დემოკრატიის ახალ ტალღაზე?

- ცოტა ხნის წინ, გამოვიდა ჩვენი სახელოვანი მთავარსარდალი და პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც მას სხეფერი და სხვა ევროპული ორგანიზაციები და პიროვნებები გაესაუბრნენ და დაგვპირდა დემოკრატიის ახალ ტალღას. თავისთავად ის, რომ პარლამენტში უნდა განიხილონ, თუ რამდენი საათი და რა რეგულარობით უნდა გავიდეს საზოგადოებრივ არხზე დებატები, ეს ხდება ან ზოოპარკში ან აფრიკის ქვეყნებში, ან შეიძლება მოხდეს რუსეთში. ამ თემაზე, როცა მიდის საუბარი, მე ახალ დემოკრატიას და ახალ ტალღას არ ველი, მითუმეტეს, რომ ძველიც არ მინახავს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი რაღა უნდა მჯეროდეს სააკაშვილის?

- რას მოიმოქმედებს `მაესტრო~ მას შემდეგ, რაც სასამართლომ თქვენთვის არასასურველი განაჩენი გამოიტანა?
- ძალიან გამკვეთრდება და გაძლიერდება ჩვენი ბრძოლა. იქნება საპროტესტო აქციები. ეს იქნება ცივილიზებული, კანონიერი ბრძოლის ფორმა. ვიბრძოლებ სანამ პირში სული მიდგას. იმიტომ, რომ საუბარია ჩემი და ჩემი ქვეყნის ღირსებაზე. სარჩელს შემდეგ ინსტანციებში შევიტანთ, სავარაუდოდ, არც იქ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, შემდეგ კი ევროპის სასამართლოში ვუჩივლებთ.
აუცილებლად შევკრებ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს, აქ არის არამხოლოდ "მაესტროს" საკითხი, არამედ რადიო `ჰერეთისაც~ - იგი მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე დღით ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობის გამო დააჯარიმა, მაშინ, როდესაც ტელეკომპანია `ალანია~ ორი წელი ულიცენზიოდ მაუწყებლობდა და დაჯარიმების ნაცვლად ლიცენზია მისცეს. ეს ორმაგი სტანდარტები და ის, რომ კანონი ყველასთვის ერთი არ არის, უკვე კარგად დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში და ამის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. კონკრეტულად რა ზომებს მივიღებთ და რას გავაკეთებთ, რამდენიმე დღეში გადაწყდება, მას შემდეგ, რაც ჩვენი საბჭო შეიკრიბება.



თამთა დადეშელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48