ლევან გაჩეჩილაძემ და მიხეილ სააკაშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ლევან გაჩეჩილაძემ და მიხეილ სააკაშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთეს
ნანახია: 835

საქართველოს დაშლამდე ცოტაღა რჩება

ვაჟა ბერიძე

ლევან გაჩეჩილაძის მიერ ევროპაში ფულის საშოვნელად ვოიაჟს ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ამ ფაქტისა და პოლიტიკური ვითარების შეფასება ვთხოვეთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს.
მიხეილ სააკაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს ოპოზიციის ლიდერი უწოდა, როცა შავნაბადაზე ერთი ერთზე შეხვდა. ოპოზიციის სხვა ლიდერებს ეს არ გაუპროტესტებიათ, მაგრამ ხაზგასმით მოიხსენიებდნენ გაჩეჩილაძეს, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. მე ამ შემთხვევაში, სააკაშვილს ვეთანხმები და მივიჩნევ, რომ ოპოზიციის ლიდერი დღეს ლევან გაჩეჩილაძეა. მან მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში და მხოლოდ რაიონებში, გვარიანად საეჭვო არჩევნების შედეგების გამო, წააგო პირველივე ტურში მიხეილ სააკაშვილთან. დღეს, პროტესტანტებს ყველაზე მეტად მისი სჯერათ, ხოლო მისი ძმა - უცნობი - ხალხის საყვარელი წინამძღოლია.

როდის გადაკვეთეს წითელი ხაზი ლევან გაჩეჩილაძემ, მიხეილ სააკაშვილმა და დიპლომატიურმა კორპუსმა

როცა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ევროპაში ფულის საშოვნელად წავიდა, ვიღაცეებს სადღაც შეხვდა და შეპირებული მიიღო, რა გამოდის? ოპოზიციის ლიდერი იღებს ხელისუფლების და კერძოდ, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თამაშის წესებს და როცა უნდა და სადაც უნდა იქ მიდის, ხვდება "ვიღაცეებს" და "ფულს შოულობს", ოღონდ კარგი საქმისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და დემოკრატიული ამოცანების დასაფინანსებლად. არა! ქართული ოპოზიციის ლიდერი, როცა ქვეყნიდან გადის რამდენიმე დღით, ის ან მისი პრეს-სამსახური უნდა აცხადებდეს სად მიდის, რა დროით, როგორია მისი პროგრამა, ვის უნდა შეხვდეს და ასე შემდეგ. ქართული ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის ალტერნატიული ხელისუფალია, საჯარო პირია და მას არ აქვს უფლება გაურკვეველ, უცნობ სუბიექტებთან შეხვედრები ან მოლაპარაკებები მართოს.
ლევან გაჩეჩილაძემ გადაკვეთა წითელი ხაზი, როცა განაცხადა, რომ "ფული იშოვა", ოღონდ არ იტყვის, ვისია ეს ფული ანუ რა წარმოშობისაა, ვინ დგას მის უკან. მისი დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, არავის აქვს საამისო ინდულგენცია. განა რას აპროტესტებს სხვას ქართული საზოგადოება? ნუთუ იმიტომ ცდილობს დღევანდელი ხელისუფლების შეცვლას, რომ მომავალმა მთავრობამ ქვეყნის სასიკეთო საქმეების მომიზეზებით საიდუმლო შეხვედრები მართოს ევროპაში, როგორც დღევანდელები ეკურკურებიან ხან კორუმპირებულ ყაზახებს, შეიხ ფულის ქისებს თუ რუს ოლიგარქებს, ისევ გააგრძელოს?
დიახ! წითელი ხაზი ლევან გაჩეჩილაძემ გადალახა. თუმცა ამის წინაპირობა იყო ისიც, რომ იგი კოლეგებთან მოურიდებლად, "დღის წესრიგის გარეშე", შეხვდა შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილს და ვერანაირი სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ შედგა ეს შეხვედრა, ვერ წარმოადგინა. არ გახმაურებულა არც ერთი ინიციატივა არც გაჩეჩილაძეებისა და არც სააკაშვილის მხრიდან. პროგრამა იგივე იყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გამართული ორმხრივი დიალოგისა. მაშ, რა აზრი ჰქონდა ამ შეხვედრას, რა ითქვა და რა არ გახმაურდა? ლევან გაჩეჩილაძემ ეჭვიანობა თავის მომხრეებს აუკრძალა. დღეს უკრძალავს ეჭვიანობას, ხვალ აუკრძალავს ფიქრსა და კითხვების დასმის უფლებასაც კი. ეს ოპოზიციის დემოკრატიულ ლიდერს არ შეეფერება. ეს წითელი ხაზის გადაკვეთაა.
რა თქმა უნდა, გაჩეჩილაძეს ამის უფლებას, ალბათ, ის აძლევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს ხაზი უკვე კარგა ხანია გადაკვეთა. 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევითა და პლასტმასის თუ რეზინის, ჩვენი კანონმდებლობით აკრძალული, ტყვიების გამოყენებით, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების გაყალბებით, (როგორც ამას მიიჩნევს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი), 9 აპრილის აქციების მონაწილეებზე თავდასხმების, მათი ცემით და ამ საქმეების გამოუძიებლობითა და გაუხსნელობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების დარბევით და, რაც მთავარია, ამის ამსახველი კადრების გამოუქვეყნებლობით, მარბიელებად ე.წ. "ზონდერ-ბრიგადების" გამოყენებით. ასე ადრეც ხდებოდა, სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანები, როგორც ამბობენ, ნაცმოძრაობის აქტივისტები, მონაწილეობას იღებენ ცემა-ტყეპაში, ძალადობაში, რაც უეჭველად დანაშაულია, რადგან კანონით ეკრძალება ხელისუფლებას სამოქალაქო პირების, ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორის წინააღმდეგ წაქეზება და შეტაკების ინსპირირება. ეს მცირედი ჩამონათვალია იმ დარბევების, რაც ქვეყნის პირველი პირის მიერ წითელი ხაზის გადაკვეთას მოწმობს.
ჩანს, ლევან გაჩეჩილაძემ ჩათვალა, რომ თუ სააკაშვილი იოლად გადადის ამ ხაზს, მისთვის ეს რატომ არ შეიძლება, მასაც ხომ აქვს ხალხის მანდატი. თუ სააკაშვილი ყოველგვარი განცხადებებისა და საზოგადოების ინფორმირების გარეშე, დედამიწის ხან ერთ დასალიერში აღმოჩნდება და ხან მეორეში, სადაც რატომ მიდის, საქართველოში არავინ იცის და ძირითადად მისი ასეთი ვიზიტების შესახებ, ისიც ყოველთვის არა, ხალხი მოგვიანებით იგებს ხოლმე, თანაც "დღის წესრიგისა" და იმ სტრუქტურების გარეშე, ვისაც იქ იგი ხვდება, გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ მასაც აქვს ასე მოქცევის უფლება.
არა, ასეთი პოლიტიკური ეთიკა ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია და მაგალითი პირველმა ოპოზიციურმა ლიდერებმა უნდა აჩვენონ.
ძნელია ცდუნებას გაუძლო, როცა დიპლომატიური კორპუსი თავად გადავიდა "წითელ ხაზს". მათ არ მოახდინეს რეაგირება 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე და თვითონ მთავრობებს მცდარი და არასრული ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც აშშ-მ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა ზეოპერატიულად ცნეს არჩევნების შედეგები. ამ ბოლო დროს, თვალი დახუჭეს დარღვევებზე ოფიციოზის მხრიდან, ხოლო კვერცხების სროლას "დემოკრატიის შეურაცხყოფა" (ფურნიე) და "წითელი ხაზის გადაკვეთა" (ჯ. ტეფტი) უწოდეს. თან აქვე მოქმედებენ ზეოპერატიულად და ერთი ციცქნა ეჭვიც კი არ გააჩნიათ, რომ ქვის სროლის დაწყება შეიძლება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის შედეგი შეიძლება ყოფილიყო. გაგრძელებამაც არ დააყოვნა - სულ მალე ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი მომიტინგე ახალგაზრდები და ჟურნალისტები სასტიკად სცემეს. აქ კი მათგან რეაგირება საერთოდ არ ყოფილა. ჩეხეთის ელჩი საერთოდ დუმდა. პარადოქსია, რომ ჰაველის ქვეყანას ასეთი არათანამიმდევრული და არაობიექტური კაცი წარმოადგენს, რომელმაც ჩანს თავისი ქვეყნის ისტორიაც კი არ იცის, თუ როგორ გაუმასპინძლდნენ სლოვაკეთში ჩასულ ჰაველის "კვერცხების წვიმით" და ამის შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღო ჰაველმა, როგორც დიდმა ჰუმანისტმა და პოლიტიკოსმა.
დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, ბრიტანეთის ელჩმა შალვა ნათელაშვილს ვიზაზე უარი უთხრა, თუმცა არ განუმარტავს, რატომ. ეს ამბავიც მიჩუმდა და ჩაიფარცხა. არავის განუმარტავს მიზეზი. არც მთავრობა, რომელსაც, წესით, უნდა აინტერესებდეს, რატომ იქნა დისკრიმინირებული პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ტეფტის, ფურნიეს და სხვათა მოქმედებაში ანგარების ელემენტები დავინახო, მაგრამ დამტვრეული ქართულით თავმოწონების ნაცვლად, მათ სჯობდა გაეგოთ, ამდენ ხანს აქ მუშაობის შემდეგ, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და თუ ჩვენს ზოგიერთ მეზობელს საამისო მოთხოვნილება არა აქვს, ქართველობა კატეგორიულად მოითხოვს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით "წითელხაზგადამკვეთ" ელჩებს კი შევახსენებ მათი საქართველოში მოღვაწეობის მთავარ შედეგს:

დაკარგულია საქართველოს ტერიტორიების 20%
დაკარგული და გაჩანაგებულია ეკონომიკა
ქვეყნის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილურია

სხვა რა იყო მათი აქ მოღვაწეობის მიზანი? ვინ, თუ არა მათ, უნდა უზრუნველყონ უზარმაზარი დასავლური დახმარების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენება და მთავარი:

სამართლიანი არჩევნების ჩატარება


საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. საზოგადოებას კი აჩვევენ აზრს, რომ ხალხმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, პოპულისტების დემაგოგიას აჰყვეს და, ვთქვათ, პრორუსული ორიენტაციის (რიღათი ბენდუქიძეზე და სხვებზე აღმატებული?) პოლიტიკოსები მოიყვანოს ხელისუფლებაში. ამიტომ, ჩვენს მაგივრად არჩევანს სხვები გააკეთებენ - დიპკორპუსის წარმომადგენლები, ანდა სულაც ვაშინგტონში, ბრიუსელში ან მოსკოვში. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე, თბილისს მერის არჩევის უფლებაც კი არ მისცეს. აღარაფერს ვამბობ, ქუთაისზე, ბათუმზე, თელავზე და ა. შ.
ამაზე დიპკორპუსი, ვაშინგტონი, ბრიუსელი და, რა თქმა უნდა, მოსკოვიც დუმან.
მათ საყურადღებოდ ვიტყვი, თუ დემოკრატიული ინსტიტუტები გამართულად იმუშავებენ, საქართველოში ვერც პრორუსული პოლიტიკოსები იბოგინებენ, ვერც პროთურქული და ვერც პროსომხური და პროაზერბაიჯანული. ვერც ცრუმაგიერი პირები შეიძენენ საქართველოს მთა-ბარს ყაზახების, რუსების თუ არაბების ნიღბებით. ქართული მენტალობა პროდასავლური და პროამერიკულია. მხოლოდ ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის ელემენტების მომძლავრებას შეუძლია დასავლეთის ორბიტიდან საქართველოს გადაგდება.

თუ ოპოზიციისა და რუსები აზრი ემთხვევა, ისინი შეკრულები არიან?
თუ ჩვენი ხელისუფლება და რუსები უნისონში მოქმედებენ, ისინიც შეკრულები არიან?


ზოგჯერ პოლიტიკოსებიც სცდებიან და მოიკოჭლებენ ლოგიკაში. ნაცები ამტკიცებენ, რომ რახან რუსები ამბობენ, საქართველოში ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, თუნდაც არჩევნების გზითო, ხოლო ოპოზიციის ნაწილი, ოფიციოზის მიერ მოხდენილად-რადიკალურად მონათლული, ასევე არჩევნებს მოითხოვს, ისინი უეჭველად შეკრულები არიან, ჩვენი ოპოზიცია კი რუსების მოსყიდულიო. თუმცა, აგერ გუშინ ჟირინოვსკის ძმაკაცმა - მიტროფანოვმა დაბეჯითებით განაცხადა - 2013 წლამდე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნებაო. ამ ლოგიკით რუსების მოსყიდული ვინ გამოდის?

რეფერენდუმი - პოლიტიკური ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი

სრულფასოვანი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა. არც მოლაპარაკებები, რასაც პოლიტიკოსთა ნაწილი ითხოვდა. ამასობაში სააკაშვილი ინიციატივას დაეუფლა და ოპოზიციის გახლეჩა მოახერხა. შემდეგ იგი შეეცადა მათთვის ან ცალ-ცალკე გაესწორებინა ანგარიში, ან გადაებირებინა. აკი განაცხადა კიდეც - მე არა მარტო ლევან გაჩეჩილაძეს შევხვდი, ყველა მათგანს შევხვდიო. სხვათაშორის, ესეც ორივე მხრიდან "წითელი ხაზის" გადაკვეთის სწორედ ერთი მაგალითია. საზოგადოების ზურგს უკან გარიგებები მხოლოდ არადემოკრატიულ ქვეყანაშია შესაძლებელი, თორემ საფრანგეთში (ფურნიეს საყურადღებოდ) პრეზიდენტი პრემიერს რომ ხვდება, ესეც მასმედიით შუქდება ხოლმე. ასე რომ, დიალოგი და მოლაპარაკებები არ შედგება.
რაა ამის მიზეზი? უწინარეს ყოვლისა, ლეგიტიმურობის პრობლემა. ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო 2008 წლის იანვარსა და მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენელ ლიდერებში, რომელთა რეალური რეიტინგი 5%-ს არ აღემატებოდა, ასეთ ვითარებაში დიალოგი წარმოუდგენელია.
ამდენად, აუცილებელია პოლიტიკური პროცესის რეაგირება. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი შესაძლოა გახდეს რეფერენდუმი შეკითხვით - თანახმა ხართ თუ არა, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან, აღნიშნულ რეფერენდუმს, წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო კოდექსის შეცვლა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება, მთავრობის მიერ კონტროლირებადი ხუთი საერთოეროვნული ტელევიზიის კერძო ხელში გადასვლა, სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.
თუ ხალხი იტყვის, რომ არ არის თანახმა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მხოლოდ სააკაშვილი მიიღებს ნდობის ვოტუმს, საერთოსახალხო მანდატს და გააგრძელებს პრეზიდენტობას 2013 წლამდე. სხვა შემთხვევაში, მას ძალიან გაუჭირდება პროცესების რეგულირება.
ეს იქნება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალიც, რეფერენდუმს, ყველა შემთხვევაში, მოჰყვება მთლიანი საპარლამენტო არჩევნები, სადაც საზოგადოების განწყობა რეალურად აისახება. ამით უმძიმესი ეტაპი საქართველოს უარეს ისტორიაში და გამოირიცხება ქვეყნის პროდასავლური და დემოკრატიის კურსიდან გადასვლის თეორიული შესაძლებლობაც კი.

საქართველო შეიძლება დაიშალოს


სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, ჩვენ გვქონდა გეოპოლიტიკური სიტუაცია, სადაც რეგიონში მოთამაშე ყველა სუბიექტს ხელს აძლევდა ერთიანი და ძლიერი საქართველოს არსებობა, სხვა შემთხვევაში, იმპერიული სუსტი "დიდი თურანის" იდეით გულმოცემული თურქეთი, ზერბაიჯანი, შუა აზია და ჩრდილოეთ კავკასია, "დიდი სომხეთის" იდეით გამსჭვალული სომხები, "დიდ აზერბაიჯანსა" და ირანის აზერბაიჯანთან გაერთიანებაზე მეოცნებე აზერები, "ძველი ლომი" ირანი, გაერთიანებით აღტაცებული "ბებერი ქალბატონი", ტერორიზმთან და ფუნდამენტალიზმთან მებრძოლი აშშ - თავიანთ ზრახვებს ვერანაირად ვერ აისრულებდნენ, ხოლო და თუ ვერ აისრულებდნენ, აგრესიულ ფენომენად გადაიქცეოდნენ, რისი საპირწონეც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობისმყოფელი საქციელი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ზოგიერთ მოთამაშეს (განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ს) თავი ისე ეჭირათ, თითქოს, რაც კავკასიაში ხდებოდა, მათ არ ეხებოდათ.
საქართველოს ერთიანობა და ძლიერება ამ ძალებს უნდა უზრუნველეყოთ, მაგრამ პოლიტიკოსთა ძველი თაობის ნაცვლად, (დემირელი, რაფსანჯავი, ალიევი, ტერ-პეტროსიანი, შევარდნაძე, ელცინი, კლინტონი, კოლი, ბეიკერი, გენშერი, ტეტჩერი და სხვა) რომლისთვისაც მთავარი იყო ბალანსი, ურთიერთობის საერთაშორისო გარანტიები, მოვიდნენ სხვები, უფრო ახალგაზრდები, რომელთაც ძველი თუ ახალი მითების ხორცშესასხმელად ძალოვანი ნაბიჯების გადადგმა გაიხადეს მთავარ საშუალებად. ამის ნათელი მაგალითი ჯორჯ-ბუშ უმცროსის მიერ ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ძალით მოთვინიერების სტრატეგია იყო. ყინჩად უჭირავთ თავი რუსებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს, თურქებს, ზოგიც ენერგეტიკული გეოსტრატეგიით ნიღბავს რეალურ ზრახვებს.
საქართველო ასეთ ვითარებაში ყველას მიავიწყდა. ყველამაც იქნებ "წაჰკრას თითი ყიშტი". აქ მთავარი მოთამაშე რუსეთია. მისი ნებით, ან, უკიდურეს შემთხვევაში, თანხმობით, იცვლებიან ხელისუფალნი. მან დაინახა რომ ჩრდილოეთ ოსეთში სიტუაციის დალაგება შეუძლებელი იქნება, თუ მისი პოზიციები საქართველოში ისეთივე სუსტი იქნება, როგორც დღესაა. "მურა დათვმა" არც აცია არც აცხელა და ჩვენი ხელისუფლების პროვოკაციების შედეგად შემოიჭრა. ჩვენი სეპარატისტული რეგიონები აღიარა და ფაქტობრივი ოკუპაცია მოახდინა. მაგრამ მისთვის სხვა რამე იყო მთავარი – რუსული სამხედრო ძალების ჩაყენება აფხაზეთსა და ოსეთის რეგიონებში. ამან რუსებს ამერიკელებთან ახალი ვაჭრობის დასაწყებად კარგი სასტარტო პოზიციები მისცა. თუ რუსებისა და ამერიკელების ვაჭრობა უშედეგოდ დასრულდა, ჩვენი მეზობლები და მეგობრები დაყვებიან რუსეთის ნებას და განახორციელებენ საქართველოს დაშლის გეგმას, რომელიც ჩვენს ზოგიერთ ხარბ მეზობელს თავისთვის სასარგებლო და ხელსაყრელი ჰგონია.
მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად პრობლემები შეგვექმნება აჭარაში, ჯავახეთში ("სამცხე-ჯავახეთში", როგორც ჩვენი ზოგიერთი მეზობლის "იდეოლოგები" ოცნებობენ) ქვემო ქართლში, რაჭაში, სამეგრელოში.
რუსები შეეცდებიან ბოლომდე იძიონ შური და დამოუკიდებელი საქართველო იმდენ პოლიტიკურ ერთეულად იქცეს, რამდენიც ცალ-ცალკე მიიერთა რუსეთის იმპერიად. ამას ისინი გვპირდებიან იმ დროიდან, როცა ქართველმა ერმა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობის სურვილის შესახებ განაცხადა.
თუ ასე მოხდება, ეს იქნება რუსებისთვის "ლხინი ჟამიანობისას". რუსეთი, რომელიც ადრე თუ გვიან, ასეთი პოლიტიკის შედეგად დაიშლება - მონღოლების ბედი ეწევა. სახიფათო თურქების, აგრეთვე, სომხებისა და აზერბაიჯანელების, რომლებიც ზღვის სანაპიროს და პორტებს, სატრანსპორტო მაგისტრალებს კია არ მიიღებენ ჩვენი ტერიტორიების სახით, არამედ კრიმინალურ ანკლავებს და "შავ ხვრელს", რომელშიც ბევრი მათი ოცნება სამუდამოდ გაქრება და ჩაიძირება.
რა უნდა ვქნათ ჩვენ? ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს, ვიდრე ჩვენი მტერ-მოყვარე მეზობელ-მეგობრები გამოფხიზლდებიან და ისევ საქართველოს ერთიანობის და ძლიერების მეომრები გახდებიან, გონს გვიან, მაგრამ მაინც მოეგებიან.
ჩვენ უნდა აღვადგინოთ სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი, გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, შევქმნათ რეგულარულად ფუნქციონირებადი, გამართული ეკონომიკა.
სადღეისოდ, არც ხელისუფლება და არც პოზიცია ამისთვის მზად არ არის.


მიუხედავად ყოველივესი, გია თორთლაძეს არ აქვს უფლება ილაპარაკოს ოპოზიციის ფინანსებზე

არც ნაციონალებს!


მათ ჯერ იმაზე უნდა ისაუბრონ, რა სახსრებით მოხდა ''ვარდების რევოლუცია", სოროსის ფულზე, ბადრი პატარკაციშვილის ფულზე, რომლითაც პირდაპირ ან ირიბად ფინანსდებოდნენ ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფი და მისი წევრები, მათი აქციები, არასამთავრობოები და ასე შემდეგ. ბატონმა გია თორთლაძემ, რომელიც "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" ლიდერია, რომლის რეიტინგიც 0.5%-ს არც ერთი გამოკითხვით არ აღემატება, ჯერ უნდა გვითხრას სიმართლე ნაციონალების ფინანსებზე, ვარდების რევოლუციის წინ, მისი მიმდინარეობისას და შემდეგ, დღესაც. საბიუჯეტო სახსრების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების უამრავი შემთხვევისა და პრაქტიკის თაობაზე, იმაზე, რომ ბოლო დროს ბიზნესმენები და ქართული კომპანიები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ (იხილეთ ოფიციალური ცნობა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ ქართული პოლიტიკის გერებზე - სხვა პარტიებზე.
ყინჩი საუბარი არც ბ-ნ თორთლაძეს ეპატიება, რომელიც მენტორის ტონით ამუნათებს დანარჩენ საქართველოს და იცავს ხელისუფლებას, რატომღაც სულ ყოველთვის და ავიწყდება, რომ სულ ახლახანს იგი ოპოზიციური მიტინგების მთავარი ტრუბადური გახლდათ, ისე როგორც არ ეპატიება ყინჩი და რიხი ბ-ნ ხაინდრავას, როცა "ტუქსავს" "რეზონანსის" რედაქტორს ბ-ნ ტუღუშს, - ნუ გიჭირავს კომფორტული პოზიცია და ნუ აკრიტიკებ ერთად ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაცო. რატომ? თუ ბ-ნ ტუღუში ასე ფიქრობს? ეს ბატონმა ხაინდრავამ უნდა განსაზღვროს, ვინ და რა უნდა თქვას და ვინ აკრიტიკოს?
როგორც იტყვის ხოლმე სააკაშვილი - ნურას უკაცრავად.
თავის თავად წითელ ხაზს იქით გადასულმა ნაციონალებმა ჯერ მოინანიონ მათ მიერ დახარჯული სოროსის, პატარკაციშვილის, ივანიშვილის და სხვათა მილიონები, აგვიხსნან, მხოლოდ მათ რატომ აფინანსებს ღიად და ფარულად ქართული ბიზნესი, რამდენი აქვთ და საიდან მიღებული სატელიტი არასამთავრობოების მეშვეობით. სად წავიდა აქსიონენკოს ნაჩუქარი ნახევარი მილიონი, ჟვანია-სააკაშვილის ალიანსის სხვა ფინანსური წყაროები გაშიფრონ, მერე დღეს "გრინბერგისთვის", "ფაბლიკ სტრატეგისა" და "გლობეთ პარლ გრუპისთვის" ბიუჯეტიდან ოფიციალურად გადარიცხული მილიონზე მეტი დოლარი რაში იხარჯება ის ახსნან, რა სახის Pღ-სა ლობირებაში. მერე რა, რომ ეს სამი კომპანია ქვეყნის შიგნით და გარეთ პრეზიდენტის იმიჯზე მუშაობს, პრეზიდენტი სააკაშვილი ხომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერიცაა?! ე.ი. ეს სამი კომპანია ნაცმოძრაობაზეც მუშაობს, ანუ ბიუჯეტის სახსრები აქაც მათზე იხარჯება.
მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის, საზოგადოებისთვის მისაღები პასუხების შემდეგ, ექნება ნაციონალურ მოძრაობას და მის აქტივისტებს უფლება გამოხატონ შეშფოთება ოპოზიციის ჯერ არ არსებული ფინანსური შემოწირულობების გამო.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48