მიკლუხო-მაკლაი პაპუასებთან?
ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიის გამოცდილება. ჩვენ რუსეთის იმპერიიდან და საბჭოთა ტოტალიტარიზმიდან მოვდივართ. ჩვენ გვჯერა, რომ უნდა ვისწავლოთ ამერიკელებისგან, ფრანგებისგან, ბრიტანელებისგან, გერმანელებისგან, ავსტრიელებისგან, ესპანელებისგან, იტალიელებისგან რა არის დემოკრატია. მათი ელჩები კი საქართველოში ამაში სულ გვეხმარებიან, მოყოლებული 1991 წლიდან.
ბოლო დროს ზოგიერთმა ელჩმა ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი განცხადებების გაკეთება დაიწყო. ამ განცხადებებს უდაოდ ესაჭიროება განმარტება. რამდენიმე მათგანს არაინფორმირებულობის კვალი ეტყობა, ზოგს უფრო საეჭვო კონიუქტურისა და ქვეტექსტისაც კი.
ბატონმა ელჩებმა არა მარტო საკუთარ კარიერასა და კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ, არამედ ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის იმიჯის გადარჩენაზე. დასავლური ღირებულებები ჩვენი მტკიცე არჩევანია, თუმცა ამ არჩევანს შემდგომი გამყარება სჭირდება და ბევრი საფრთხეც ელის, ჩვენი სამშობლოს და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
ყველა ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ და მათმა ელჩებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არ არის ჯუნგლებში ჩაკარგული, რომელიღაც ბანტუსტანი.
და ეს ასე რომ არ არის, კეთილი ინებონ და დაადასტურონ თავიანთი განსაკუთრებული მოხსენებების განმარტებით.
გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც საფრანგეთის ელჩს, ბ-ნ ფურნიეს ბოლო დროინდელმა განცხადებებმა დაბადა და რომლებსაც ბ-ნმა ფურნიემ ვერ უპასუხა (‘ვერ მოიცალა დაკავებულობის გამო")
ბატონო ფურნიე!1. რის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა, რომ"ოპოზიციამ დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენა"? კვერცხების სროლა, სირცხვილის დერეფნები და პიკეტები, ხომ დასავლური (ფრანგული) დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია?
2. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ბევრი ექსპერტის აზრით გაყალბებული ორი არჩევნები (საპრეზიდენტო და საპარლამენტო), მთავრობის მიერ კონტროლირებადი ხუთი საერთოეროვნული ტელევიზია, მართვადი სასამართლო არის თუ არა დემოკრატიის შეურაცხყოფა?
3. უცნობი ნიღბიანი სუბიექტების მიერ მომიტინგეთა ცემა (80-ზე მეტი შემთხვევა), რაზეც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ჟურნალისტები მიუთითებენ, არის თუ არა დემოკრატიის შეურაცხყოფა?
4. პარლამენტთან 12 ივნისის შემთხვევისას, სამთავრობო დაცვის გვერდით"იბრძოდნენ" უფორმო ადამიანთა ბრიგადები. როგორც ოპოზიცია და მათ შორის საფრანგეთში გაზრდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, სწორედ ამ ბრიგადებმა დაიწყეს ქვების სროლა. ეს ჩანს ტელეკომპანია"მაესტროს" და"კავკასიის" ვიდეომასალებშიც. რატომ გაუკეთეთ ამ ფაქტებს იგნორირება, თუ არ ბრძანდებოდით სათანადოდ ინფორმირებული? რას იტყვით ჟურნალისტებისთვის ტელეკამერების წართმევაზე, გადაღებული მასალის წაშლაზე, მათ ცემაზე 16 ივნისის ინციდენტისას, როცა ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან პიკეტის მონაწილეები დაარბიეს და დააკავეს. საერთოდ, რას იტყოდით ამ აქციაზე და მის გაუშუქებლობაზე სამთავრობო ტელევიზიების მიერ. ანუ გაშუქებაზე მხოლოდ არასრული ინფორმაციის სათანადო ვიდეომასალის გარეშე?
5. იქნებ გაავლოთ პარალელი სულ ახლახან საფრანგეთში მასობრივ გამოსვლებს, გადამწვარ მანქანებს და დამტვრეულ ობიექტებსა და მშვიდ წყნარ ორთვიან ქართულ საპროტესტო აქციებს შორის. ამდაგვარი მიდგომით და უსაფუძვლო ხომ არ უწევთ საქართველოს მთავრობას"დათვურ სამსახურს"?
6. იქნებ გაიხსენოთ გენერალ დე გოლის, ამ დიდი ფრანგი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლების პერიპეტიები. იყო თუ არა ის გამოსვლები დემოკრატიის შეურაცხყოფა?
7. აგვისტოს ომის დროს შუამავლობის როლი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბატონმა სარკოზიმ იკისრა. შედეგი სახეზეა - არ შესრულდა მიღწეული 6 პუნქტიანი შეთანხმება, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსების მიერ, რაზედაც ბატონი სარკოზი დუმს. ის თურმე ამბობს, რომ რუკაზე საქართველო რომ არის, ჩემი დამსახურებააო. საქართველო 25 საუკუნეა რუკაზეა, ეს ჯერ კიდევ მანამდე იყო, ვიდრე ხლოდვიგი, კარლოს დიდი და სხვები ფრანკთა სამეფოს შექმნიდნენ. გრძნობს თუ არა თავის პასუხისმგებლობას საფრანგეთი 6 პუნქტიანი ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო?