ნანახია: 700
9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში და განსაკუთრებით კი დედაქალაქში ვითარება ნელ-ნელა იძაბება. საზოგადოება გულისყურით აკვირდება მოვლენებს და ელოდება, თუ რა შედეგებით დასრულდება ეს აქციები. 7 ნოემბრის გამოცდილების შემდეგ ამ მოლოდინს კიდევ ერთი კითხვა დაემატა – დაარბევს თუ არა ხელისუფლება აქციას. ეს კითხვა, დამეთანხმებით, ძალიან აქტუალურია, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ახლა აქციების გამართვა ქვეყნის ინტერესებში არ შედის და ამასთან, მთავრობა 2013 წლამდე არსად წასვლას არ აპირებს. მიუხედავად ამ განწყობისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი აქცია მაინც მოეწყობა და იქამდე არ დაიშლება, ვიდრე საბოლოო მიზანი არ იქნება მიღწეული. ოპოზიცია აქტიურად მუშაობს, რათა დანიშნულ დროს პარლამენტის შენობასთან რაც შეიძლება მეტი მომხრე გამოიყვანონ. თუმცა არც ხელისუფლების წარმომადგენლები სხედან გულხელდაკრეფილები. მთავრობა სულ უფრო მეტად ცდილობს იმის ჩვენებას, რომ საზოგადოების პრობლემებით არის დაინტერესებული. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ამისთვის ძალებს არ იშურებენ და ხან სად მრთავენ შეხვედრებს, ხან სად. მათ სხვადასხვა სახის სოციალური და გასართობი პროექტების განხორცილება უკვე დაიწყეს. პოლიტოლოგთა და ოპოზიციონერთა შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი 9 აპრილის აქციიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანაა. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ თებერვალში დაგეგმილი პატიმრების შეწყალების ვადამ, პრეზიდენტის ბრძანებით, აპრილამდე გადმოიწია. აპრილში 400-600 მსჯავრდებულის შეწყალება მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დაიწყო და აპრილშიც გაგრძელდება რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისთვის სასუქის უსასყიდლოდ დარიგება. კომპლექსურად ჩასახლებულ დევნილებს, რომლებსაც უკვე გადაეცათ მიწის ნაკვეთები, ამ ნაკვეთების დამუშავებისთვის გადაეცემათ ბოსტნეულის სათესლე მასალა. აპრილის პირველ რიცხვებში იგეგმება ასევე ბადრო პატარკაციშვილის მიერ გაკეთებული მთაწმინდის პარკის გახსნაც, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შესვლა და ატრაქციონებზე დაჯდომა უფასო იქნება. ამ თეთრი პიარის პარალელურად ხელისუფლებამ უკვე დაიწყო შავი პიარის განხორციელება, რომელიც ოპოციზიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამაზე მიუთითებს 9 აპრილის აქციასთან საინფორმაციო საშუალებების მიერ იგორ გიორგაძისა და თენგიზ კიტოვანის პირდაპირი დაკავშირება. ოპოცოზიაში მოელოდნენ, რომ აპრილში ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად იქნებოდა განცხადებები ოპოზიციაში რუსული კვალის აღმოჩენის შესახებ. და, აი, ტელეეთერში უკვე გამოჩნდა შსს-ს მიერ გავრცელებული მასალები, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებს "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" წევრებს იარაღის ჟღარუნში და მათ კავშირს უცხო ძალებთან, რამაც საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა და შიში გამოიწვია. რა არის ეს? შეთხზული, დამონტაჟებული მასალა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მიმართული, თუ დღეს კიდევ არსებობენ რეალურად ის პიროვნებები, რომლებმაც დაწერეს 90-იანი წლების სისხლიანი ისტორია?! საინტერესოა, ვინ აღმოჩნდება ორჯონიკიძის სახელობის ისტორიის სანაგვეზე?!. . . ფარული ჩანაწერების სერია გრძელდება. რაც უფრო მეტი მასალა ქვეყნდება, მით უფრო მეტად იზაფრება მოსახლეობა. თუმცა განცდა ჯერ კიდევ არის იმისა, რომ ამ ყველაფერს კულმინაციამდე არ მიუღწევია. რა შეიძლება იყოს კულმინაცია, ამის თქმა ჯერ კიდევ ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებულ აქციამდე სულ ცოტა დრო რჩება. საინტერესოა, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, დაირბევა თუ არა 9 აპრილის აქცია და რა ბედი ელით მათ ორგანიზატორებს. საინტერესოა, რატომ გააქტიურდა ხელისუფლება საზოგადოებასთან კონტაქტის თვალსაზრისით და რას ელოდება ის ამ აქციებისგან? აშკარაა, რომ ის დიდი ძალისხმევით ცდილობს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 7 გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდა. ანუ საქართველოს მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრინციპით – ახალი გზა და წყლისა და კანალიზაციის გამართული სისტემა ყველა ქალაქსა და რაიონში. აღნიშნული კონტრაქტით საქართველოს მთავრობა არა მარტო კონტრაქტით გათვალისწინებული ობიექტების სრულ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, არამედ დაეხმარება კერძო ბიზნესს და ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის. დაახლოებით 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ქალაქ: რუსთავში, თელავში, საგარეჯოში, კასპში, წყალტუბოში, დაბა ფასანაურში და მარტვილში. ასევე გააქტიურდა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ასანიძეც, ის გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დეპუტატმა ამომრჩევლებს პრეზიდენტის ის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართების დევნილებისთვის დაკანონებას ეხება.Aამ ინიციატივის საფუძველზე მათ საცხოვრებელი ადგილები საკუთრებაში გადაეცემათ, რის შემდეგაც მფლობელს მისი სურვილისამებრ განკარგვა შეეძლება. იგეგმება ასევე ამ ობიექტების გაზიფიცირება, ელექტროფიკაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გლდანის რაიონში სულ 22 ობიექტია, სადაც დევნილები ცხოვრობენ. აღნიშნული პროექტები აქ ეტაპობრივად განხორციელდება. ჯიპას სტუდენტებს ხვდებოდა პრემიერი ნიკა გილაურიც, რომელმაც სტუდენტებს მთავრობის ახალი ინიციატივა წარუდგინა. გულახდილი საუბრები ჰქონდა დავით ბაქრაძეს ქვეყნის ინტელიგენციასთან. კაფე "ქიმერინში" პარლამენტის თავმჯდომარე ელიტურ საზოგადოებას შეხვდა, სადაც ის დიდხანს საუბრობდა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებზე, უსაფრთხოებაზე, ეკონომიკასა და შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე. მწერალთა კავშირის წევრებს კულტურის სამინისტროსგან სიტყვიერი დაპირება ბევრჯერ ჰქონდათ მიღებული. იმასაც ჰპირდებოდნენ, რომ ახალი წლიდან შევიდოდნენ კუთვნილ შენობაში, თანაც გარემონტებულში. მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ეს ის ხალხია, რომელსაც არამარტო შენობა უნდა დაუბრუნო, არამედ ბოდიშიც უნდა მოუხადო. ეს ის ინტელიგენცია და ის მწერლები არიან, რომლებსაც ხელისუფლებამ ჩარეცხილები უწოდა. თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა, ახლა ხომ 9 აპრილი ახლოვდება და ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა, დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით, აქტიური ღონისძიებების გატარება დაიწყონ. ცალკე საკითხია, ეს მათ ახლა რამდენად უშველის. საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრი კი 9 აპრილის მოახლოებასთან ერთად დაბეჯითებით აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. აქციების მოლოდინი საქართველოს უკვე უქმნის პრობლემებს, ინვესტორები ინვესტიციების ჩადებაზე აპრილის ბოლომდე უარს აცხადებენ, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებაზე და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე მოქმედებს. სტაბილურობის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად ბიზნესმენების ნაწილიც სიმშვიდეს ასახელებს. საქართველოში საბიუჯეტო კრიზისის დაწყებასაც ვარაუდობენ. Eეს შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით სტაბილური მდგომარეობა არ იქნება მიღწეული. ქართველი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კრიზისიცაა. ამის ნათელი მაგალითი კი პროცესების ესკალაციისა და რადიკალიზაციის სახიფათო ტენდენციაა. გაუაზრებელმა ნაბიჯმა შესაძლოა მთლიანად ამოგვაგდოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან და უმართავი პროცესები გამოიწვიოს. სამწუხაროდ, შიდა და გარე საფრთხეების რისკი საკმაოდ დიდია. ასეთ ვითარებაში როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციურ ძალებს მაღალი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. შექმნილ სიტუაციაში მათთვის, ისევე როგორც ყველა პატრიოტისთვის, მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა. ხელისუფლებასა და ოპოზოციას შორის ძალადობის თავიდან ასაცილებლად ურთიერთობა უნდა დამყარდეს. პარლამენტის თავმჯდომარე დიალოგის აუცილებლობაზე ამჯერად ვაშინგტონიდან საუბრობს. არსებული მდგომარებიდან გამოსვლას ის სწორედ ამაში ხედავს, მაგრამ საინტერესოა, რატომ მაინცადამაინც ახლა, როცა ვითარება უკიდურესად არის დაძაბული. დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება. დღეს მოსახლეობის წინაშე დგას არაერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც, პირველ რიგში, არსებულ ფინანსურ კრიზის უკავშირდება. ყველა ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება, რომელიც მინიმალური დანაკარგით უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას. ჩვენი ხელისუფლების თქმით, ისინიც მზად არიან 9 აპრილამდეც, 9 აპრილსაც და 9 აპრილის შემდეგაც გავიდნენ ხალხთან და გაიზიარონ მათი პრობლემები. ფაქტი ერთია - ქვეყანა დღესდღეობით უაღრესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, დაკარგული ტერიტორიით, ჩამოშლილი ბიზნესით და უკვე აღარ არსებული ეკონომიკით. დღეს კი 9 აპრილის მოახლოებასთან ერთად ჰაერში დენთის სუნი მატულობს, რომელსაც ვინ იცის, ვინმე აკმევს თუ ბუნებრივი მიზეზები აქვს.
თათია ჩაფიჩაძე
|