"პრეზიდენტმა ქართული მედია ვერც დაპატიმრებით, ვერც შანტაჟით, ვერც დაშინებით, ვერც მუქარით დაიმორჩილა, ამიტომ, მის ასალაგმად კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა შეიმუშავა"სატელეკომუნიკაციო ანძის ახალი მმართველი კომპანია `გოლდენ კომი~ გახდა. თბილისის ანძას 4 ივლისამდე შპს `ტელერადიოცენტრი~ მართავდა, რომელსაც 4 ივლისს `ალფაკომი~ ეწოდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კომპანიის დებიტორული დავალიანება - 6 988 202, ხოლო კრედიტორული - 2 917 158.59 ლარს შეადგენს.
`ელექტრონულმა აუქციონმა შპს `ალფა-კომის~ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის ახალ მმართველად გამოავლინა კომპანია `გოლდენ კომი~. ახალმა ინვესტორმა `ალფა-კომს~ პროფილი უნდა შეუნარჩუნოს. `ალფა-კომის~ მართვის უფლება 110 000 ლარად გაიყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, ახალი ინვესტორი `ალფა-კომში~ უახლოესი 4 წლის მანძილზე 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება დღეს არარსებული, ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული. აუქციონის შედეგად თბილისის სატელევიზიო ანძა არ გაყიდულა. შპს `ალფა-კომი~, რომლის ერთ-ერთი აქტივიც თბილისის სატელევიზიო ანძაა, კომპანია `გოდენ კომს~ ხოლოდ 4 წლით გადაეცა მართვაში~, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი `გოლდენ კომის~ რეგისტრაციის ადგილის ან სხვა მონაცემების შესახებ.
ანძის ახალი მმართველი კომპანია `გოლდენ კომი~ სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაცია განხორციელდა 1 სამუშაო დღეში, რაშიც გადახდილია 105 ლარი.
სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი ვასილ ბოლაშვილმა გააკეთა. კომპანიის სარეგისტრაციო მისამართი სამეწარმეო რეესტრის ვებ-გვერდზე მითითებული არ არის. ერთადერთი მისამართი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტშია დაფიქსრებული - მცხეთა, აღმაშენებლის #158-ია.
კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც ვასილ ბოლაშვილის სახელი ფიგურირებს ნაციონალური მოძრაობისთვის გადარიცხული შეწირულობების ნუსხაა. 2011 წლის 10 თებერვალს, ნაციონალურმა მოძრაობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2010 წლის „წლიური ანგარიში~ წარადგინა, სადაც დასახელებულია ის იურიდიული და ფიზიკური პირები, ვინც ნაციონალურ მოძრაობას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის თანხა ჩაურიცხა.
ამ სიაში სასტუმრო „ფიროსმანის~ მფლობელი ვასილ ბოლაშვილიც მოხვდა. სიაში მოცემული მისი პირადი ნომერი ემთხვევა საჯარო რეესტრში მოცემული „გოლდენ კომის~ მფლობელი ვასილ ბოლაშვილის პირად ნომერს. ვასილ ბოლაშვილმა 2010 წლის 4 მარტს, ნაციონალურ მოძრაობას წინა საარჩევნო კამპანიისთვის 2000 ლარი გადაურიცხა.
ახალი ინვესტორი ვალდებულია `ალფა-კომს~ პროფილი შეუნარჩუნოს. მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული.
ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანის იოსებ შატბერაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული მედია ვერც დაპატიმრებით, ვერც შანტაჟით, ვერც დაშინებით, ვერც მუქარით დაიმორჩილა, ამიტომ, მის ასალაგმად კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა შეიმუშავა.
არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ კომუნიკაციების კომისიაშიც თვლიან, რომ გამოცხადებული ტენდერი და მისი პირობები გაუმართავი იყო. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი არ გამორიცხავს, რომ ანძის სხვა კომპანიისათვის გადაცემით მაუწყებლებს მომსახურების ტარიფები გაეზარდოთ.
`გამორიცხული არ არის, რომ ანძის ახალმა მმართველმა დაიწყოს იმ დავალიანების ამოგება სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან, რომლებიც იყენებენ ანძას. ამან შეიძლება მაუწყებლებს პრობლემები შეუქმნას, განსაკუთრებით პატარა მაუწყებლებს, რომლებსაც არ აქვთ იმხელა ფინანსური შესაძლებლობები, როგორც ნაციონალურ არხებს,~ - აღნიშნა ირაკლი მოსეშვილმა.
ამ მოვლენის ირგვლივ, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იკვეთება, კომპანია `გოლდენ კომი~, შპს `ალფა-კომის~ ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის დეტალურ შესწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის პრესპიკერმა გიორგი კალანდაძემ განუცხადა.
`გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კომპანიის მართვა განხორციელდება მაუწყებლობის შესახებ კანონთან სრულ შესაბამისობაში, რაც გულისხმობს აბსოლუტურად ყველა მაუწყებლისთვის, იქნება ეს ტელე, რადიო თუ სხვა, მომსახურების მიწოდებას არა დისკრიმინაციულ და არა შერჩევის საფუძველზე. მომსახურების ტარიფები იქნება სამართლიანი და გონივრული, რაც ასევე კანონით დადგენილი მოთხოვნაა~, - აღნიშნა კალანდაძემ.
საინტერესოა, რატომ მოხდა, რომ კომპანიამ ჯერ იყიდა აღნიშნული ობიექტი და მისი ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას მხოლოდ ახლა იწყებს ანუ გამოდის რომ ფული რაში გადაიხადეს წინასწარ არ იცოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ანზა 1955 წელს აშენდა და ხალხის, ანუ სახელმწიფოს საკუთრება იყო. ეს სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და მის შემადგენლობაში 36 გადამცემი ხაზი და 91 შენობა-ნაგებობაა. მათ შორის თბილისის ტელეანძა. ობიექტში ჩართულია 35 სატელევიზიო და 34 რადიოარხი.
გვანცა ჯანჯალაშვილი
აკაკი ჩაგელიშვილი