"ახალი ინიციატივა უშუალოდ კონკრეტული მაღალჩინოსნების ინტერესების ლობირებისთვის მომზადდა, რადგან ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობის სტატუსი ძალიან მარტივად შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ მადისაღმძვრელ ადგილას მდებარე შენობას""ნაციონალური მოძრაობა" და უნებართო დემონტაჟი, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განუყრელ ცნებებად იქცა. ალბათ, ყველას კარგად ახსოვს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებული კორპუსის უკანონო დემონტაჟი. როგორც შემდეგში გაირკვა, კორპუსი ხელს უშლიდა დღევანდელ `რედისონის~ პარკინგის მოწყობაში. სამწუხაროდ, თაბუკაშვილის ბინა ერთადერთი უნებართო დემონტაჟის შემთხვევა არ იყო. სულ ცოტა ხნის შემდეგ, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რუსთაველის მეტროსთან მდებარე კაფე დაანგრია. ცხადია, ამ ყველაფერს, თავის დროზე, საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. თავის მხრივ, ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს ამ ყველაფერს სამართლებრივი სახე მისცეს და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მშენებლობის შესახებ ორი კანონი მიიღო. პირველი ეხება ცვლილებებს საქართველოს კანონში `სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ~ და მეორე `საქართველოს კანონში ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ `სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში~ ცვლილება ქალაქის იერსახის დაცვითა და ერთიანი არქიტექტურის შენარჩუნებით იყო განპირობებული.
`აქ რამდენიმე ვარიანტი უნდა განვიხილოთ, პირველი - როდესაც არსებობს ფართი, რომელიც არ აღემატება საერთო საკუთრების 5%-ს, ასეთ შემთხვევაში, მიდის მერიის შესაბამისი სამსახური, არემონტებს ამ ფართს, რომელიც მესაკუთრის საკუთრებაში რჩება. თუ კონკრეტული ფართი 5%-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში, ფართის შეკეთებაზე საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით, მესაკუთრე და მერიის წარმომადგენელი უნდა შეთანხმდნენ. თუ ეს არის ამხანაგობა, მაშინ მერია და ამხანაგობა შეთანხმდება~, - განაცხადა ხუროშვილმა.
სამწუხაროდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც მესაკუთრე თანხმა არ ყოფილა და ვიდრე შეთანხმების პროცესი დასრულდებოდა, ან სახლი ჩამონგრეულა, ან აივანი.
გია ხუროშვილის თქმით, როდესაც ასეთი კატეგორიის ავარიული შენობა-ნაგებობა იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მერია იტოვებს უფლებას, განახორციელოს სახლის დემონტაჟი. ძველი და ავარიული სახლის ნაცვლად, აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა ააშენოს ახალი. ბუნებრივია, კანონში წერია, რომ ახლად აშენებული სახლის ღირებულება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე იმ ძველისა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ეს გადადის კვლავ იმ ძველი მესაკუთრის მფლობელობაში და ეს კანონში პირდაპირაა მითითებული. თითქოსდა სასწაულია, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ ურჩევნიათ იცხოვრონ ავარიულ შენობებში და დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან.
როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებას და ნამდვილად არ პირებს ამ მხრივ აღებული გეზის შეცვლას. ამ კანონს ერთ-ერთი პირველი, პარტია `ჩვენ თვითონ~ გამოეხმაურა. გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის ეს ინიციატივა კერძო საკუთრების ხელყოფის დაკანონებას ნიშნავს, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და საერთაშორისო სამართლის ძირეულ დებულებებს.
`ეს არის უსირცხვილო დემაგოგია და ცინიზმი, დამისახელეთ თუნდაც ერთი საღ გონებაზე მყოფი ადამიანი, რომელიც მთავრობას საკუთარი ავარიული შენობის გამაგრებაზე უარს ეტყვის. ეს ინიციატივა უშუალოდ კონკრეტული პიროვნებების (მაღალჩინოსნების) ინტერესების ლობირებისთვის მომზადდა, რადგან ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობის სტატუსი ძალიან მარტივად შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ მადისაღმძვრელ ადგილას მდებარე შენობას~, - აცხადებს პარტიის წევრი ლიკა ნაღებაშვილი.
თუ ერთ მშვენიერ დღეს, მერიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ თქვენი ლამაზი სახლი ავარიულია, მაშინ სულაც არ შეგეკითხებიან, ისე გამოგასახლებენ და დაგინგრევენ მას. ყველაზე პარადოქსული აქ ის არის, რომ ამ ყველაფერს თქვენივე უსაფრთხოებით ახსნიან.
გაგა კუპატაძე