"კანონპროექტი "ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ" "თავისუფლების აქტის" ცუდი ვერსიაა"საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით `ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ~ კანონი დაამტკიცა, რომელიც `ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან~ გამომდინარე დოკუმენტია. `ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობების და ღირსების შესახებ~ კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტი `ეკონომიკური თავისუფლების აქტის~ ინიცირებიდან თითქმის 2 წლის თავზე შეუდგა. (აქტი 2009 წლის 6 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იქნა ინიცირებული). პრემიერ-მინისტრის განცხადებით, `ეკონომიკური თავისუფლების აქტი~ არის უმნიშვნელოვანესი კანონი ეკონომიკური თავისუფლებისთვის. მისი თქმით, ამ კანონზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც ჩართულნი იყვნენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე პარლამენტარები და ეკონომიკის ექსპერტები.
ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ, პრემიერ-მინისტრის დავალებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ეკონომიკური თავისუფლების აქტის ძირითადი პარამეტრები გააცნო. მისი თქმით, ახალი კანონი საქართველოს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველსა და საიმედოს გახდის. ეს კი ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდის შენარჩუნებას, ინვესტორების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. `ეკონომიკური თავისუფლების აქტი~ 2013 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. კანონპროექტი, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი შეუდგა, `ეკონომიკური თავისუფლების აქტის~ პრინციპების ნაწილობრივ სახეცვლილებას წარმოადგენს. პარამეტრები არსებითად იგივე დარჩა, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ გაჩნდა დათქმა, თუ მთავრობა ვერ ჩაჯდება დადგენილ პარამეტრებში, უნდა წარმოადგინოს ორწლიანი გეგმა, თუ როგორ აპირებს დაუბრუნდეს ამ პარამეტრებს.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ კანონპროექტი `ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ~ `თავისუფლების აქტის~ ცუდი ვერსიაა. `თავისუფლების აქტით~ მთავრობას უწესდებოდა შეზღუდვები, კანონპროექტის დათქმა კი აზრს უკარგავს მთელ ამ შეზღუდვებს. მაგალითად, ამ აქტით გათვალისწინებული იყო, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ იქნება 30 პროცენტზე მეტი; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან არ აღემატება 3 პროცენტს; მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან იქნებოდა არა უმეტეს 60 პროცენტისა. `ეს მოთხოვნები პირველ ვერსიაში - `თავისუფლების აქტში~ - იყო კატეგორიული, ანუ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ამას არ უნდა აღემატებოდეს. ეს გულისხმობს, რომ თუ ამ პარამეტრებს მთავრობა ვერ დააკმაყოფილებდა, ის მთავრობა, უბრალოდ, გადადგებოდა. დღევანდელ ვერსიაში, რაც მე ვნახე ახალ ამბებში, სამწუხაროდ, თვითონ პროექტი არ მინახავს, არსებითად იგივე პარამეტრები დარჩა, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ გაჩნდა დათქმა, რომ თუ ვერ ჩაჯდა, უნდა წარმოადგინოს ორწლიანი გეგმა, თუ როგორ აპირებს, რომ პარამეტრებს დაუბრუნდეს, რაც ჩემი აზრით, უკარგავს აზრს მთელ ამ შეზღუდვებს", - მიაჩნია ზურაბ ჯაფარიძეს.
ეკონომიკის ექსპერტის, ლადო პაპავას თქმით, ის, რაც ეკონომიკური `თავისუფლების აქტის~ შესახებ 2 წლის წინ გაჟღერდა, იყო ეკონომიკური პაროდია, რადგან არ შეიძლება გადასახადის გაზრდის ან ახალი გადასახადის შემოღების საკითხი რეფერენდუმით ხდებოდეს.
`საერთოდ, რა აზრი აქვს ისეთ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, რომელზე პასუხიც ცნობილია? ეს არის დამატებითი ხარჯი. მაგრამ, რადგან ეს ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა, მთავრობა ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში, რაღაც აუცილებლად უნდა მოეგონათ და მოიძებნა კიდეც ასეთი გამოსავალი. დოკუმენტის მიხედვით, არა უმეტეს 3 წლისა, ახალი გადასახადის შემოღებას რაფერენდუმი არ დასჭირდება. თითქოს და პრეზიდენტის იდეა არ გააუქმეს, მაგრამ ის შეარბილეს. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე პრეზიდენტის მიერ 2 წლის წინ გაჟღერებული ინიციატივა. ახალი დოკუმენტიდან მარეგულირებელი ინსტიტუტების შექმნის საკითხი ამოიღეს, რასაც მივესალმები, რადგან დოკუმენტში მისი ჩაწერა ნიშნავდა, რომ საქართველო ევროინტეგრაციაზე უარს ამბობდა. ჩვენი ხელისუფლებაც მიხვდა, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა", - მიაჩნია ლადო პაპავას.
გვანცა ჯანჯალაშვილი