ნანახია: 384
ქართულ საზოგადოებას ამცნეს, რომ პატარკაციშვილების ოჯახს და ჩვენს ხელისუფლებას სადავო აღარაფერი აქვთ. ოჯახის განცხადებით, მათ დაუბრუნდათ ის, რაც დასაბრუნებელი იყო. ოჯახი აღარ აცხადებს პრეტენზიას ტელეკომპანია `იმედზე~ და მთაწმინდის პარკზე. პატარკაციშვილების დასაბრუნებელი ქონებიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მფლობელის შეცვლა გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ჯოზეფ ქეიმ (სოსო კაკიაშვილმა), ამის თაობაზე `სიამოვნებით~ ამცნო საზოგადოებას. ბიზნესი და ქონებრივი დავები რთული სფეროა. საქმეები ზოგჯერ თვეობით და წლების განმავლობაში ჭიანურდება. განსაკუთრებით ისეთი სკანდალური ისტორია, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ პატარკაციშვილის ოჯახს ხელისუფლებისადმი პრეტენზია აღარ აქვს, მაგრამ ქართული საზოგადოება იმსახურებს, რომ საქმის კურსში ჩააყენონ იმის თაობაზე, თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ვინ ვის და სად ელაპარაკებოდა და, თუნდაც ზოგადად, რა ქონებაზე, წილებზე და კაპიტალზე მიმდინარეობდა დავა. ვინ იყვნენ მოდავე მხარეები. არ მგონია, საქართველოს მთავრობას ჰქონოდა რაიმე კანონიერი პრეტენზია ბადრი პატარკაციშვილის რომელიმე საკუთრებაზე. მაშ, რაზე იყო დავა და საუბარი, რა ვაჭრობა შედგა და როგორია ამ შეთანხმებასთან მიმართებაში, აგრეთვე, დამდგარი შედეგის თაობაზე პატარკაციშვილის კომპანიონის, ბორის ბერეზოვსკის პოზიცია. მედიიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ მოარული ხმების თანახმად, ბატონი ბერეზოვსკი პატარკაციშვილის ქონების დიდ ნაწილზე აცხადებდა პრეტენზიას. მას ერგო რამე? იმედია, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, რითაც ქართული საზოგადოების კანონიერი მოთხოვნა - იცნობდეს ამ უცნაური გარიგების პერიპეტიებს, დაკმაყოფილდება. მითუმეტეს, ბადრი პატარკაციშვილს ქართული საზოგადოების უმეტესობა პატივს სცემდა და აფასებდა, ხოლო ბერეზოვსკის დღესაც აქვს საქართველოში გარკვეული ბიზნეს-ინტერესები. საინტერესოა, მონაწილეობდა თუ არა ბერეზოვსკი პატარკაციშვილების ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებებში და მიღწეულ გარიგებაში.
ლევან მარტაძე
|